ფოჩიანი კანფეტების მომლოდინე საზოგადოებას, უკეთესი მომავალი არასოდეს ეღირსება

ფოჩიანი კანფეტების მომლოდინე საზოგადოებას, უკეთესი მომავალი არასოდეს ეღირსება

მერკანტილურ და მშიშარა საზოგადოებას, რომელიც თავის ყოველი ნაბიჯისთვის ფოჩიან კანფეტს ელოდება, არასდროს ეღირსება ცვლილება და უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია წერს, რომელიც უკვე მეორე დღეა, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად, მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობს.

"მეგობრები, გულშემატკივრები, უბრალოდ დაინტერესებულები, მეკითხებიან: რის იმედი გაქვთ, რას შეცვლით? ამათ ნამუსი არა აქვთ, რას აიძულებთ შიმშილობით? - ამ ყველაფერზე ჩემი წლების წინ დაწერილი ტექსტი გამახსენდა. როგორც იქნა, მოვძებნე და გაგიზიარებთ. ჩვენ აქ არც სტიმულს ველოდებით, არც ჯილდოებს და პრემიებს, და უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც სწორად მიგვაჩნია... მერკანტილურ და მშიშარა საზოგადოებას, რომელიც თავის ყოველი ნაბიჯისთვის ფოჩიან კანფეტს ელოდება, არასდროს ეღირსება ცვლილება და უკეთესი მომავალი... აი, ეს ტექსტიც: "ბრძოლის ჩემეულ მოკრძალებულ რეცეპტს დაგიწერთ, გამოგადგებათ სამოქალაქო აქტივისტებს, უფლებადამცველებს, პოლიტიკური  გაუმჯობესებისათვის მებრძოლებს. ერთი შეხედვით, შეიძლება გაუგებრად, უცნაურად მოგეჩვენოთ. ამ სიტყვების ავტორს ერთ და უცილობელ ჭეშმარიტებაზე არც ჰქონია პრეტენზია. სამყარო, რეალობა, უზენაესი - იმდენად მრავალფეროვანია, მისი შემეცნების იმდენი გზა არსებობს, რომ არ გამოვრიცხავ, სხვას სხვა გამოცდილება ჰქონდეს. და მაინც, მიმაჩნია, რომ რაღაც კონკრეტული, აქსიომატური პრინციპები არსებობენ: არასდროს გქონდეს იმედი. ის შენი ეგოისტური, შეზღუდული ხედვის პროექციაა სამყაროზე. რატომ უნდა მოხდეს მაინცდამაინც ისე, როგორც შენ გინდა? იმედს ყოველთვის თან ახლავს შიში: რომ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ ფიქრობ. ეს ათასგვარ აღქმის დამახინჯებას, აბერაციებს იწვევს. ვერ გაიმარჯვებ, სანამ გამარჯვება შენთვის სულერთი არ გახდება. არასდროს იფიქრო შედეგზე - ის მაინც არ არის შენ ხელში. მასზე შეიძლება ძალზე მიახლოებითი წარმოდგენა გქონდეს. სწორედ ისე, როგორც მშვილდოსანს: შენ აქ ყველაფერი სწორად გააკეთე და ისარი თავისით ხვდება მიზანში. ვინც სროლა იცით, გამიგებთ. ცხოვრებაშიც ასეა, პრინციპი უნივერსალურია.იყავი, ეცადე იყო ერთი... სამყაროსთან. ჩაახშე შენი სურვილები, აზრები, წარმოდგენები. იგი, ვინც სამყაროს უდრის, დაუმარცხებელია. ვინც არ ეთანხმებით, კარგად იყავით. უკაცრავად, აქ პოლემიკას ვერ მივიღებ. იმდენად სისხლხორცეულია ყოველი ნათქვამი სიტყვა. ალბათ არც უნდა დამეწერა, მაგრამ იყოს, რა იცი, ვინმეს გამოადგეს..."- წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა - ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა გუშინ, 14 დეკემბერს  პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას მოითხოვენ, რადგან ორ კვირაში, 31 დეკემბერს იწურება ხანდაზმულობის ვადა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე იხურება.