მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს თელავში საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს თელავში საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

მხარდამჭერებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოჰპარა, რასაც მოქალაქეებმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცენ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, დღეს ქვეყანაში ყველაფერი ივანიშვილის სურვილის მიხედვით იმართება და მის წინააღმდეგ არავინ არაფერს აკეთებს, რაც უნდა შეიცვალოს.

„ქართული სახელმწიფო რეალურად აღმოჩნდა განადგურების საფრთხის წინაშე და ახლა ხშირად ამბობენ, აი, რადიკალიზმის დრო არ არის... არის პერიოდი, როცა რადიკალურ გამოწვევებზე საჭირო არის რადიკალური კონსოლიდაცია და რა თქმა უნდა, ეს პერიოდი საქართველოს ახლა დაუდგა. არჩევნები არის მოპარული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს დაწერა თავის დასკვნებში. ნახეთ, რა უბადრუკი წარმომადგენლობა ჩამოდის ამ ინაუგურაციაზე. ეს ხომ მაჩვენებელია იმის, რომ მთელი მსოფლიო გეუბნება, აჰა, ჩვენი დასკვნები, აჰა, პრაქტიკულად ჩვენ ძალით ნუ გვაღიარებინებთ იმას, რის აღიარებაც არ შეიძლება, მაგრამ თქვენც გამოიჩინეთ ფხა, თქვენც გაანძრიეთ ხელი და აქ უკვე აღარ არის საკითხი იმაზე, რომ ქოცი, შუაშისტი, ნაციონალი, აქ არის ერთი მხრივ - ივანიშვილი და მეორე მხრივ - დანარჩენი საქართველო.

„ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ჩაიდოს ჯიბეში და მეორე მხრივ, ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა, რომელმაც უნდა დაიბრუნოს თავის ქვეყანა, რომლის ახევასაც ცდილობს ეს ხარბი ოლიგარქი. როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან, არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლაც არ უნდა იყოს სიძულვილის ენა, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, რომ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს, უნდა გვქონდეს თუ არა პუტინის სიძულვილი? უნდა გვქონდეს პუტინის სიძულვილი იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. უნდა გვქონდეს თუ არა იმ ადამიანის სიძულვილი, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და სპობს, მათ შორის, პუტინის დავალებით და ასეთი ადამიანი არის ივანიშვილი და მე ვამბობ, დიახ, ჩვენ უნდა გვქონდეს საქართველოს მტრის, ივანიშვილის სიძულვილი მანამ, სანამ ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ამაში უცნაური არაფერი არ არის. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, სახელმწიფო, მომავალი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან საერთო ენა და ჩვენ უნდა გვძულდეს საქართველოს მტერი და ამ შემთხვევაში საქართველოს მტერი არის ეს კაცი - ივანიშვილი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.