"ჩემი გადარჩენის სამი პროცენტიც არ არსებობდა" - რა ჯოჯოხეთი გამოიარა თამუნა ქორქიამ და როგორ გადაურჩა სასიკვდილო დიაგნოზს

თამუნა ქორქიამ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ არის, ეს ამპლუა შესანიშნავად მოირგო და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში,” ჩიკას სკანდალური სადაქალოს ერთ-ერთი წევრი გახდა. როგორც ამბობს, ძალიან უხარია, რომ საყვარელი სერიალის ნაწილი გახდა და დადებით შეფასებებს იღებს.

თამუნა მიხეილ ქორქიას – ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის შვილია, რითაც ძალიან ამაყობს. მის ცხოვრებაში, ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობის შემდეგ, იყო ასევე, ძალიან რთული წლები, რომლის შესახებაც თავად მოგიყვებათ.

თამუნა ქორქია: მე და ზუზუ ერთად ვიყავით, ჩვენს მეგობარ ნუცი კირცხალიასთან, როცა მას ეკა მჟავანაძემ დაურეკა და უთხრა: გეხვეწები, ზუზუ მოვიდეს ქასთინგზეო. ზუზუმ მე არა, თამუნა წავიდესო. მე ზუზუს გარეშე კი არა, საერთოდ თუ წავიდოდი, მართლა არ მეგონა. ეს სერიალი ძალიან მომწონს, ხუთი წელი ვენაში ვცხოვრობდი და რასაც ჰქვია, ვიჯექი „ჩემი ცოლის დაქალებზე”. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსახიობობა გამომივიდოდა. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ გამომივიდა, მაგრამ უარყოფითი რეაქცია არავისგან მიგრძვნია და ამით უკვე კმაყოფილი ვარ.

ჩემი თავი პირველად ეკრანზე რომ ვნახე, ძალიან ვინერვიულე. იმდენად მეუცხოება ის გოგო, ვისაც ვთამაშობ, მიჭირს მასთან შეგუება. მეგონა, ყველაფერი ძალიან ხელოვნურად გამომდიოდა, მაგრამ ყველამ დამამშვიდა, ასე არ არისო. მეუბნებიან, რომ ჩემგან ძალიან გაუკვირდათ ასეთი რამ და ცოტა მეწყინა კიდეც, რატომ ჰქონდათ ჩემზე ასეთი წარმოდგენა.

ვისი შეფასება იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– ძალიან მაგარი მსახიობის, მერაბ ნინიძის. ინგა ცაგარელია ჩემი და მერაბის საერთო მეგობარი ავსტრიაში. მისთვის უთქვამს, აღფრთოვანებული ვარ თამუნათი, ძალიან მაგრად გაართვა თავი როლს და აუცილებლად გადაეციო.

მერაბს კი ვიცნობ, მაგრამ ისე ახლოსაც არ ვართ, მხოლოდ ნაცნობობის გამო ეთქვა მსგავსი რამ. ამიტომ, სასწაულად გამიხარდა. დიდი მადლობები მივწერე და კიდევ გამიმეორა, ძალიან მომეწონეო. ძალიან გახარებული ვიყავი, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის მისი შეფასებები „ოსკარის” აღების ტოლფასია. ნამდვილი დღესასწაული მქონდა.

მას შემდეგ ცოტა თავდაჯერებულობა მომემატა. ახლობლები ხომ იცით, მაინც არ გეტყვიან ცუდს, რამე რომც არ მოეწონოთ.

მითხარი, რამდენიმე წელი ავსტრიაში ვცხოვრობდიო, რასთან დაკავშირებით?

– ავსტრიაში ვმკურნალობდი. იქ, ფაქტობრივად, ახლიდან დავიბადე და ყველაფერს რომ მოვრჩი, უკან დავბრუნდი. ერთდროულად თირკმელი და პანკრიასი გადავინერგე. 14 წლიდან დიაბეტი მქონდა, მერე თირკმელზე შემექმნა პრობლემები და „გარდაცვალება” ჰქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც მე ვიყავი. კრიტიკული სიტუაცია იყო, ჩემი გადარჩენის სამი პროცენტიც არ არსებობდა. რომ ვიწექი, ექიმების საუბარი მესმოდა: ამის უცხოეთში წაყვანას აზრი არ აქვსო.

ჩემმა მეგობარმა ლელა კილაძემ ვირტუალურად, ერთ დღეში მოახერხა ყველაფერი. ჩემებს უთხრა, რომ აუცილებლად უნდა წავეყვანე. ეს მათაც უნდოდათ, მაგრამ იმ სიტუაციაში დაბნეულები იყვნენ და ლელამ მოაბა თავი ყველაფერს. ოჯახმა მართლა არ იცოდა, რა ექნა.

ექიმები ეუბნებოდნენ, ტრანსპორტირებას ვერ გაუძლებსო, მაგრამ ყველაფერს ლელამ გაუკეთა ორგანიზება. მესმოდა, რომ ჩემი საშველი აღარ იყო და ჩემს დას ვეუბნებოდი: ნუ მაწვალებთ, გამიშვით-მეთქი. ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ გადავრჩებოდი. წავედი, ორი წელი დიალიზზე ვიყავი. შემდეგ დონორი გამოჩნდა და ორივე ორგანო გადავინერგე. ისეთი სასწაული მოხდა, როგორზედაც ვერც ვიოცნებებდი – ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. ჩემს ექიმს რომ ვკითხე, რა არ შეიძლება ჩემთვის-მეთქი? მიპასუხა: თუ გინდა, მოგატყუებ, მაგრამ არაფერი არ გეკრძალება, ყველაფერი შეგიძლიაო.

დიდი ხანი ვერ მივხვდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. ეს საოცარი ბედნიერების განცდაა. მთელი ცხოვრება პროტესტი მქონდა ჩემი დაავადების მიმართ და ძალიან ბევრი წელი საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ბოლო ათი წელი კი ვუვლიდი, მაგრამ იმ წლებმა თავის შედეგი გამოიღო. კონკრეტულად, ვინმეს სახელისა და გვარის ხსენება არ მინდა, მაგრამ ასეთი შედეგი ექიმის გულგრილობის ბრალიც იყო. თუმცა, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპს არ ვნანობ.

პირიქით, დღეს საოცარ შინაგან ბედნიერებას ვგრძნობ და ზუსტად იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გადატანის შემდეგ, ბევრი რამის დაფასება ვისწავლე. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, შვილი არ ჰყავს, რაღაც ისე არ არის და რა აბედნიერებსო, მაგრამ ჩემთვის ყოველი დღე მართლა დღესასწაულია. მყავს ყველაზე მაგარი ოჯახი: და, დედა. მყავდა ყველაზე მაგარი მამა და მყავს უმაგრესი მეგობრები. ბევრს უცნაურად შემოუხედავს, ხომ არ გაგიჟდაო, ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო. მაგრამ, რაც გაქვს, იმის გამო ასეთი მადლიერება რომ იგრძნო, ალბათ, უნდა მოკვდე და გაცოცხლდე. მე მოვკვდი და გავცოცხლდი. ამიტომ, ღმერთის ძალიან მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს. შეიძლება, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრებულყო, რომ ამ ყველაფრის შეგრძნება ვერ მომესწრო.

როგორი იყო ცხოვრების თავიდან დაწყება?

– ციხეში არ ვმჯდარვარ, მაგრამ წარმოდგენის დონეზე, თავს დაახლოებით იმ ადამიანივით ვგრძნობდი, ვინც მთელი ცხოვრება პატიმარია და ბოლოს და ბოლოს, გარეთ გამოვა. ბედნიერების, თავისუფლების, მადლიერების საოცარი შეგრძნება მქონდა უფლისა და იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სითბო და მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერი იყო. ყველა მირეკავდა და მამხნევებდა. მეუბნებოდნენ, რომ სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ.

ეს ჩემთვის სასწაული იყო, ყველაზე მეტად მაძლიერებდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე, არც მეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ ამ ადამიანებმა დანებების უფლება არ მომცეს. არ შეიძლება, დედაჩემზე არაფერი ვთქვა, რომელსაც, არ ვიცი, რისი გადატანა მოუხდა და როგორ შეძლო ის ყველაფერი, რაც ჩემთვის გააკეთა.

ბოლოს უკვე თვითონაც ძალიან ცუდად გახდა და ამ დროს მამიდა დამიდგა გვერდით. რომ არა ეს ადამიანები, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ასეთები ყველას გვერდით არიან, უბრალოდ დანახვა და დაფასება უნდა შეგვეძლოს. საწუწუნო არაფერი გვაქვს. პოლიტიკითა და ეკონომიკით თუ ევროპის შუაგულს შეედრები, კი ბატონო, მაგრამ იმწუთას შეგიძლია, სომალიც გაიხსენო. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია. მთავარია, კარგის დანახვა შეძლო, თორემ ცუდი ყველგანაა.