„იმედია, ნაციონალები ისე არ მოიქცევიან, როგორც მოიქცა ნიკა მელია“

„იმედია, ნაციონალები ისე არ მოიქცევიან, როგორც მოიქცა ნიკა მელია“

თელავის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმის შეცვლას არ აპირებს და როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ბოტკოველი აცხადებს,

თელავის მერისგან ყოვლად არაარგუმენტირებული განმარტება მიიღეს, თითქოს ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად.

როგორც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, ერეკლე მეორის ძეგლმიმდებარედ არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას გამართავენ. ამასთან, პოლიციას მიმართავენ მათი უსაფრთხოება დაიცვან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცების მიუხედავად, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას სწორედ პროვოკაცია აქვს დაგეგმილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ აქციის ჩატარების ლოკაცია არის იქ, სადაც ტარდება ინაუგურაციის დამხმარე ღონისძიებები.

„ეს არის ადგილი, საიდანაც ძალიან მარტივად შეიძლება პროვოკაციის მოწყობა, რომელიც დარწმუნებული ვარ დაგეგმილი აქვთ, მაგისთვის მოდიან, რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. რა თქმა უნდა, სამართლდამცავები ამას აღკვეთენ. თუ უნდოდათ ინაუგურაციის ფაქტის გაპროტესტება, თბილისში გააპროტესტებდნენ. პროვოკაციებით ეცდებიან საზეიმო ღონისძიების ჩატარებას“ - განაცხადა ზოიძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კვირას, 16 დეკემბერს, 09:00 საათზე, შეიკრიბებიან აეროპორტის ტრასაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან და ყველა ერთად, ორგანიზებულად, გაემგზავრება თელავში.

„ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას და გავაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას“,- აცხადებს ვაშაძე.

მისივე განმარტებით, კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეებს არანაირი უფლება არ აქვთ რამე აუკრძალონ ან დაუშვან.

„აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას“, - აცხადებს ვაშაძე.

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბიშვილის პრეზიდენტობას არ აღიარებს, საქართველოში არავის აკვირვებს და სწორედ ასეთი მოლოდინი არსებობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებოდა, რაც შეიძლება, მეტი დაძაბულობა შეექმნა საზოგადოებაში. ამის მიუხედავად საიდუმლო არ არის, რომ ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის პროტესტის ძირითადი სამიზნე ჯგუფი ის დიპლომატიური კორპუსია, რომელიც ინაუგურაციის დღეს საქართველოს ესტუმრება.

თუმცა ოპოზიცია მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, ზურაბიშვილის პრეზიდენტობასთან ერთად არც იმ სტუმრებს აღიარებს, რომლებიც ინაუგურაციას დაესწრებიან.

ვაშაძის შეფასებით, ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების სია ადასტურებს კითხვის ნიშნებს დასავლელ პარტნიორებში.

„სტუმრების შემადგენლობა ძალიან კარგად აჩვენებს, რამდენად ბევრი კითხვის ნიშანი არის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში არჩევნებთან დაკავშირებით. მაგალითად, აშშ-დან ჩამოდის USAID-ის ვიღაც წარმომადგენელი“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის დისკრედიტირებას და როგორც აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან.

„განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც „ინაუგურაციაზე“ ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება და გაიმართება ისე, როგორც არის გათვალისწინებული.

 „რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც მოიქცა ნიკა მელია. ეს არ იქნება ნამდვილად პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.