უმრავლესობა, უმრავლესობის წინააღმდეგ

უმრავლესობა, უმრავლესობის წინააღმდეგ

გუნდში მსჯელობის შედეგად, მმართველმა გუნდმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ პირადად მისი პოზიცია უარყოფითია და მხარს არ უჭერს.

კახიანის მსგავად, კანონპროექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის არა ერთ წევრს. მმართველ გუნდში ამ თემაზე კონსენსუსი არ არსებობს. გიორგი კახიანის განცხადებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა იმ რეფორმასა და პრინციპებს ეწინააღდეგება, რომელიც თავის დროზე საჯარო სამსახურში განახორციელეს.

„ჩვენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ძალიან კარგი კანონმდებლობა მივიღეთ. ეს კანონი პროფესიული მოხელეების მიმართ მთელ რიგ გარანტიებს ადგენს. ეს ის რეფორმაა, რომელიც მოწონებული იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ამ კანონის მიღებასთან მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის საკითხი. არ უნდა მივიღოთ არც ერთი ისეთი ცვლილება, რომელიც შეიძლება უკან დახეულ ნაბიჯად იქნას აღქმული. პარლამენტში ინიცირებულ კანონროექტთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვები არსებობს“, – აცხადებს გიორგი კახიანი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი. კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეულია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეორგანიზაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაინც განხორციელდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონში ცვლილების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება, რადგან ბიუჯეტის კანონის თანახმად იცვლება შტატების რაოდენობა.

„იყო გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის კანონის თანახმად, იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაბამისად. ადამიანი, რომლებიც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ კანონპროექტის გაწვევის მიზეზი, საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებული არაერთგვაროვანი პოზიცია გახდა. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში საკმაოდ ძლიერი არგუმენტები ჰქონდათ.

„ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტი მარგველაშვილი თვლის, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ გამოდის ინკვიზიციური აქტი. მისი თქმით, ასეთი შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მას.

„ადმინისტრაციის თანამშრომლები მუშაობენ საჯარო სამსახურის სტანდარტებიდან გამომდინარე და არ აქვთ შეხება პოლიტიკურ პრეფერენციებთან. ამის განმარტება, რომ მიხდება ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. ეს ის თემებია, რომელსაც 90–იან წლებში გავდიოდით, რომ სამინისტროს თანამშრომლები არ უნდა იცვლებოდნენ თუ მინისტრები იცვლებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, ვინც დაიწყეს მუშაობა გამსახურდიას დროს და ასეთი ადამიანები საამაყო არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ერთ–ერთი ყველაზე სამაგალითო უწყებაა ყველა მიმართულებით. ძნელია ამ ადამიანებისთვის ამის ახსნა, მაგრამ ეს შეურაცხყოფელია სახელმწიფოსთვის. ეს არც ერთ პოლიტიკურ თეორიასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რაც სახალხო დამცველის განცხადებით, მიუღებელია. ნინო ლომჯარიას შეფასებით, არის მცდელობა კანონის გვერდის ავლით მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამშრომლების გათავისუფლება ან დასაქმება, რაც არაკონსტიტუციურია.

„საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა სწორედ იმის გამო, რომ პოლიტიკურ ცვლილებებს არ მოჰყოლოდა პროფესიული საჯარო მოხელეების ცვლილება საჯარო სამსახურში. ჩემი აზრით, აღნიშნული ინიციატივა არის მცდელობა იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არის როგორც არაკონსტიტუციური, ასევე წინააღმდეგობაში მთელ იმ რეფორმის სულისკვეთებასთან, რაც პოზიტიურად იყო შეფასებული“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

უმრაველესობის წევრების, გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის მიერ მომზადებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამ სახით მიღება, როდესაც შესაბამისი არგუმენტები არ არსებობს, მიუღებელია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთვის, რომლის შეფასებით, მმართველი გუნდა უნდა იძლეოდეს დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას, რაც სამწუხაროდ ყველა ნაწილში უჭირს მმართველ გუნდს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ ზოგადი პოლიტიკა იყო, რომ შევიწროებულიყო მისი მოქმედების არეალი, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესურსის მხრივ. იყო ეს პოლიტიკა თუ არა, ეს მაინც უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, ვის რა ფუნქციები ექნება. ეტყობა ამ ფუნქციების გადააგარიშებამ დააყენა ეს საკითხი. ლაპარაკი იმაზე, რომ ისევ ავიწროებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, არ არის ადექვატური“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, თუკი მარგველაშვილთან პიროვნული დაპირისპირება იყო, ამჟამად პიროვნული დაპირისპირება არა თუ არ არის, არამედ, „ქართული ოცნების“ ინტერესი უნდა იყოს, რაც შეიძლება შედეგიანი იყოს ზურაბიშვილის პრეზიდენტობა.

„ამდენად, შესაძლებლობების ეს შეკვეცა, მე მგონია, რომ არის არა დამოკიდებულებების შედეგი, არამედ ფუნქციების გადანაწილების შედეგი. იმის შედეგი, რომ გააზრებული იქნა გამოცდილებაც, რაში დაიხარჯა სახსრები, რა საქმიანობას ეწეოდა საშტატო შემადგენლობა, სამწუხაროდ, ამ დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ვთვლი, რომ ეს არის ძირითადი შეცდომა ამ სტრატეგიის ავტორების, ანუ მმართველი გუნდის.

მათ უნდა გვიჩვენონ რა მოტივით დგამენ ამ ნაბიჯს, რომ შეგვეძლოს იმის თქმა, ეს წინ გადადგმუმლი ნაბიჯია თუ არა. მმართველი გუნდა უნდა იძლეოდეს დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას, რაც სამწუხაროდ ყველა ნაწილში უჭირს მმართველ გუნდს. ამდენად, ეს ქართული ოცნების ზოგადად ავადმყოფობად შეიძლება ჩაითვალოს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.