ვინ შეაფურთხა რექტორ ბუღაძეს?

ვინ შეაფურთხა რექტორ ბუღაძეს?

მიდიან მისი მეხოტბენი. ან უშვებენ. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ გაღიზიანებას სახელები იწვევენო, ანუ - პიროვნებები. ვითვალისწინებ მათ შენიშვნას და ვიჩქარი, გაცნობოთ “ინტერპრესნიუსის” გავრცელებული ჭორ-მართალი: სამხატვრო აკადემიის რექტორის შეცვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება გამართლდეს. აკადემიის რექტორი გია ბუღაძეა.

ამ დღეებში იტალიიდან დაბრუნებულმა ბუღაძემ, სადაც “სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდა... და დაათვალიერეს იქ არსებული კლასიკური ხელოვნების ნიმუშები, გამართეს მასტერკლასები და ვორკშოფები”, განაცხადა: ჭორია, მაგრამ, “თუ სახელმწიფოს ამის სურვილი აქვს, ალბათ, მოახდენს”.

“მოახდენს” ცვლილებებს სახელოვნებო სამ უმაღლეს სასწავლებელში.  მოახდენს და წინ რომელი ბუღაძე აღუდგება - მამა თუ შვილი?! გინდა მასტერკლასი ჰქონდეს ჩატარებული, გინდა “ვორკშოფი”, რაც კვალიფიკაციის ამაღლებას უნდა ნიშნავდეს. რასა და როგორს?

თუნდაც უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის სტუდენტთა შემოქმედებითი აღზრდის ნოვატორულ მეთოდს, რომელიც ურთიერთშეფურთხების სიახლეებზეა დაფუძნებული.

კარავაჯოსა და ტინტორენტოს მოწაფეები აფურთხებდნენ თურმე საღებავებს, უკეთ გასახსნელად.

ან - არ აფურთხებდნენ, და პირველობა - ბუღაძისაა. ყოველ შემთხვევაში, მის მიერაა რეფორმირებულ-გადამუშავებული და სტუდენტების მხატვრული ალღოს სტიმულირების ისეთ მუხტს შეიცავს, როგორც ქვის სროლაში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად დურუ ხუნჭუას ხუთსართულიანი დედის გინების აკრძალული დოპინგი.

აქლემს რას ემართლები: მხოლოდ მაშინ იფურთხება, როცა გააღიზიანებენ. ჭკვიანი და ყაირათიანი ცხოველია აქლემი, სანამ უდაბნოს თეთრი მზის გზას დაადგება, წინასწარ იმარაგებს წყალს, რომელსაც არავინ უთვლის, ენერგომომსახურება არ სჭირდება და ნაგვის ფულიც არ ეწერება.

აკადემიის დამჯერ სტუდენტებს საჯაროდ იმდენი აფურთხებინეს ერთმანეთისთვის, იმდენჯერ აძახებინეს - ეს რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო, რომ წვეთ-წვეთობით ისეთი ღვარცოფი აგორდა, ჩვენ ყველას გაზაფხულის უამინდობა გვეგონა.

წამოვიდა და ნაფოტივით აიტაცა რექტორი, რომელიც ამ ბოლო დრომდე რაჭველი მესტვირესავით შაირ-სიტყვით აქებ-ადიდებდა მიხეილ სააკაშვილს.

რამდენი ასეთი ალვის ხის ჩამონათალი ჩამოუტანია წყალს! სტვირის მონოტონურობამ, ლექსი თუ არ შეცვალე, მობეზრება იცის. არ შეცვლი და წყალს გაგატანენ.

ფუი ეშმაკს, მაგრამ, როცა მეფის მაქებარნი მიდიან, ეს (კიდევ - ფუი ეშმაკს!) იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერყევა ტახტი მას ზედა მჯდომარეს და ის დროა, ორივე ხელით ჩაეჭიდოს რბილსაჯდომიან სიმყარეს.