სქემა, რომლითაც ტრანსნაციონალური კომპანიები მოქმედებენ ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ
ეკონომიკა

სქემა, რომლითაც ტრანსნაციონალური კომპანიები მოქმედებენ ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ

სქემა, რომლითაც ტრანსნაციონალური კომპანიები მოქმედებენ ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ
მარიამ თოდაძე

2018-11-08 15:13:40

დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება, რომელსაც საზოგადოება დიდი იმედით ელოდა, ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა გახლდათ. მართლაც, განხორციელდა სხვადასხვა პროექტები, მაგრამ როგორც ექსპერტულ წრეებში აღნიშნავენ, ამას უფრო საჩვენებელი სახე ჰქონდა და მასშტაბები ვერ შეიძინა.

საქართველოში არც ისე ბევრი წარმოებაა, რომელსაც განვითარების პერსპექტივები გააჩნია, მაგრამ დრო და დრო საგადასახადო ცვლილებების წყალობით ეს ბიზნესები ისეთი წნეხის ქვეშ ექცევა, რომ მასშტაბების გაზრდის კი არა, ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე დგება.

ბოლო წლებში თამბაქოს პროდუქციაზე რამდენჯერმე გაზრდილმა აქციზის გადასახადმა ბიუჯეტისთვის მოკლევადანი ფისკალური ეფექტი იქონია, მაგრამ მომხმარებლები და მათ შორის, მწარმოებლებიც დააზარალა. როგორც თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, გადასახადის გაზრდის ტვირთი მათი კომპანიების საქმიანობაზეც აისახა და თუ რაღაც არ შეიცვალა, ადგილობრივ წარმოებას გარკვეული შეღავათები არ დაუწესდა, შესაძლოა, ქართული კომპანიები გაკოტრების პირას აღმოჩნდნენ.

ქართულ ბაზარზე ადგილობრივი მოთამაშეების გარდა რამდენიმე ტრანსნაციონალური კომპანიაა წარმოდგენილი - ესენია Philip Morris International  (პარლამენტი, მარლბორო, ფილიპ მორისი, ჩესტერ ფილდი, ბონდი…); American Tobacco (კენტი, როტმანსი, პალმალი, ვაისროი, ვოგი…) იმპორტიორია; Japan Tobacco International (სობრანიე, ვინსტონი, ქემელი, მაგნა…) Imperial-Tobacco (დავიდოვი, ვესტი, გალუაზი...).

ზოგიერთ ტრანსნაციონალურ კომპანიას ბიუჯეტი ბევრ ქვეყანაზე მეტი აქვს, შესაბამისად, მათ ძლიერი გავლენა აქვთ საერთაშორისო ურთიერთობებზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე. ტრანსნაციონალური კომპანიების მოქმედების სქემა მთელს მსოფლიოში თითქმის იდენტურია - განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნების ბაზარზე, სადაც დემპინგური ფასებით შედიან და ადგილობრივ კონკურენტებს ბაზრიდან ადვილად აძევებენ. რა თქმა უნდა, ანალოგიური სქემა მოქმედებს საქართველოშიც.

როგორც ცნობილია, ქართულ ბაზარზე ეს კომპანიები ზემოგებას ძვირადღირებული სიგარეტებიდან იღებენ, რომელიც მაღალშემოსავლიან საზოგადოებრივ ფენაზეა გათვლილი - „პარლამენტი“, „კენტი“, „მარლბორო“, „სობრანია“ - ეს პროდუქცია თვითღირებულებაზე ბევრად უფრო ძვირად იყიდება, თუმცა ნაკლებად საღდება დაბალშემოსავლიან სოციალურ ფენაზე გათვლილი სიგარეტები, როგორიცაა „ბონდი“, „მაგნა“ და ა.შ. ამ სეგმენტში მათ კონკურენციას უწევს ადგილობრივი წარმოების სიგარეტი.

2014 წლიდან ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა ქართულ ბაზარზე მიიტანეს იერიში და მათი კამპანია ბევრად უფრო აგრესიული გახდა. კომპანიებმა დაიწყეს დემპინგური ფასებით მოქმედება და ეს დაეტყო კიდეც როგორც ქართული სიგარეტის მწარმოებლებს, ისე ქვეყნის ბიუჯეტს.

მაგალითისთვის, „თბილისის თამბაქოს“ 2014 წელს ბიუჯეტში გადახდილი ჰქონდა 44,5 მლნ ლარი, 2015 წელს ეს თანხა შემცირდა 39,5 მლნ ლარამდე, 2016 წელს კი 36.1 მლნ ლარამდე. როგორც დინამიკა აჩვენებს, ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა, რომელთაც, რატომღაც ინვესტორად მოიხსენიებენ (ამაზე ქვევით ვისაუბრებთ), თანდათან დაიწყეს ქსრთული წარმოების შევიწროება.  

2016 წლიდან „თბილისის თამბაქომ“  ახალი კომერციული სტრატეგია აირჩია და გაზარდა უფილტრო სიგარეტის წარმოება, რითაც შეეცადა, წარმოება განადგურებისგან ეხსნა და  გამოუშვა უფილტრო სიგარეტი - გაყიდვაში გამოვიდა ცალკე ფილტრიც. ვინაიდან ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტები დაბეგვრის სხვადასხვა რეჟიმშია მოქცეული (უფილტრო თითქმის 3-ჯერ ნაკლებად იბეგრება) ქარხანას ამან ამოსუნთქვის საშუალება მისცა, წარმოება გაიზარდა და იმავე წელს ბიუჯეტში უკვე 58.3 მლნ ლარი შეიტანა. 2018 წელს სექტემბრის ჩათვლით კი, შეტანილია 51.5 მლნ ლარი.

როგორს ეკონომისტი, ლევან კალანდაძე განმარტავს, ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოსაპოვებლად სხვადასხვანაირი ტექნიკა არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ხერხთაგანი სწორედ დემპინგია, რაც პროდუქციის მომხმარებლისთვის საბაზრო ფასზე ნაკლებად ფასად გაყიდვას, ან შეთავაზებას და ამით კონკურენტებისთვის კლიენტების წართმევას ნიშნავს.

„შეიძლება, დაისვას მარტივი შეკითხვა: მომხმარებელს პროდუქციას, ან მომსახურებას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რატომ აწვდი? იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ძლიერი ფინანსური ზურგი და, გრძელვადიან პერსპექტივაში, გარკვეულ ფინანსურ დანაკარგებზე წასვლის შესაძლებლობა აქვს, ურჩევნია, მოკლევადიან პერსპექტივაში წააგოს და ფინანსები დაკარგოს, ამით კონკურენტები „მოკლას“ და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა მოიპოვოს, შემდეგ კი, კონკურენციის არარსებობის პირობებში, ფასის აწევაში ხელს აღარავინ შეუშლის და აქედან გამომდინარე, მოკლევადიან ზარალს გრძელვადიანი მოგებით ჩაანაცვლებს. ეს, თავისთავად, გარკვეული საბაზრო წესების დარღვევაა“,- მიიჩნევს ლევან კალანდაძე.

ამ დარღვევის გამო, Philip Morris International-ს ადგილობრივ მწარმოებლებთან სასამართლო გარჩევებიც კი ჰქონდათ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ კვირიკაშვილის მთავრობის პერიოდში ყველაზე მსხვილი ადგილობრივი წარმოებები მუდმივ შევიწროებას განიცდიდნენ. მსხვილ „ზვიგენებს“ მაშინდელი პრემიერი და მისი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლობირებდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა სამთავრობო კულუარებში განხილვის საგანი. მართალია, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი (ამ უკანასკნელის საქმიანობის მიმართ ძალოვნებს დღემდე აქვთ კითხვები) მთავრობაში აღარ არიან, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება დღემდე არ შეცვლილა, ტრანსნაციონალურ კომპნიებს ლობისტები დღემდე შემორჩათ მთავრობაში. მედიაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვა თემის, რომ ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი ფილტრიანი სიგარეტის დაბეგვრის რეჟიმში მოექცეს და საამისოდ საგადასახადო კოდექსში სპეციალური ცვლილება შევიდეს. თემამ უკვე მიიღო კამპანიის სახე, რომლის უკან აშკარად იგრძნობა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ხელი. სიგარეტის ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა არასამთავრობო სექტორი.

როგორც ეკონომისტი, გიორგი ვარდოსანიძე აცხადებს, ქვეყნები, რომლის პრიორიტეტშიც ადგილობრივი წარმოების განვითარება შედის, სპეციალურ შეღავათებს უწესებენ საკუთარ წარმოებას და სხვა ქვეყნის ბაზრების ათვისებაშიც ეხმარებიან.

„საქართველოს ჯერ არ ჰყოლია მთავრობა, რომლის პრიორიტეტიც ადგილობრივი წარმოების განვითარებაა - რომ გადახედო მათ სამოქმედო გეგმებს, ადგილობრივი წარმოება პრიოტიტეტების სიაში პირველია, მაგრამ როგორც კი შეხედავენ, რომ დარგი განვითარებას იწყებს, საგადასახადო ცვლილებებით მაშინვე კლავენ ყველანაირ პერსპექტივას. როგორც ჩანს, ხელისუფლებებს ეშინიათ დამოუკიდებელი ბიზნესის - მათთვის უფრო ხელსაყრელია მუჭში ჰყავდეს მოქცეული ეს სეგმენტი და ადვილად აკონტროლოს“,- აცხადებს ვარდოსანიძე.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის რეკომენდაციებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემუშავება უკვე დაწყებულია საქრთველოში, თუმცა რომელი მთავრობის ინტერესში შევა მისი მიღება და ამოქმედება, ბუნდოვანია.

როგორც ლევან კალანდაძე განმარტავს, მართალია, სახელმწიფო ფასთწარმოქმნაში არ ერევა, მაგრამ როცა რომელიმე კომპანია პროდუქციას საბაზროზე ნაკლებ ფასად ყიდის, ეს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეების შეზღუდვაა და, შესაბამისად, ძალიან ბევრ ქვეყანაში დემპინგი სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშაა.

არსებული ინფორმაციით, მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე კვირიკაშვილს ქართული წარმოების განვითარება დიდად არ აინტერესებდა. ბიზნესწრეებში ამიტომაც საუბრობენ აქტიურად, რომ სწორედ მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აგვარებდა ტრანსნაციონალური კომპანიების „პრობლემებს“.

საგულისხმოა, რომ მათ მხარს ღიად უჭერდა რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიაზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, რომელმაც ბაზარზე დემპინგური პროდუქციის გასაღების გამო ქართული კომპანიის სასარგებლოდ დაჯარიმებულ ტრანსნაციონალურ კომპანიას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა და სასამართლოს გადაწყვეტილება საჯაროდ გააპროტესტა.

რამდენადაც ცნობილია, ეს თემა რამდენჯერმე გახდა კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის უკმაყოფილების მიზეზი, თუმცა ამ საკითხში კვირიკაშვილის მთავრობა პრინციპულობას იჩენდა.

რას მოიმოქმედებს მთავრობა უცნობია, მაგრამ კანონის შეცვლა ნიშნავს, რომ ქარხანა, სადაც 1500 ადამიანია დასაქმებული დაიხურება და 1500 ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩება; ამ ადამიანების უმეტესობა ისევ და ისევ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად; თავის მხრივ ბიუჯეტს 60 მლნ ლარიც დააკლდება; რაც შეეხება ბაზარს - როგორც კი მწეველებისთვის ხელმისაწვდომი სიგარეტი გაქრება, ტრანსნაციონალური კომპანიები მაშინვე გაზრდიან ფასებს; იაფი ლეგალური პროდუქციის ადგილს კი კონტრაბანდა დაიკავებს. სწორედ ეს არის იმ სქემის ფინალი, რომლითაც ბაზრის მსხვილი მოთამაშეები მოქმედებენ.

როგორც გიორგი ვარდოსანიძე განმარტავს, ნებისმიერ გაძვირებას აუცილებლად ახლავს ეკონომიკის იმ სეგმენტის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩრდილში გადასვლა.

„თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, ასეთ სეგმენტებში პროდუქციის მოხმარება არ მცირდება, თუმცა საბიუჯეტო შემოსავლებზე მნიშვნელოვნად აისახება. აუცილებლად იზრდება კონტრაბანდა, შესაბამისად, კლებულობს საბიუჯეტო შემოსავლები და საბოლოოდ, ისევ სახელმწიფო ზარალდება“,- აცხადებს ვარდოსანიძე.

მისივე განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში, დემპინგი შესაძლოა, მომხმარებლისთვის სახეიროც იყოს, რადგან ხარჯი უმცირდება, თუმცა, ამ პოლიტიკას აქვს კონკრეტული მიზანი - კონკურენტების „დახოცვა“ და შემდეგ საკუთარი ფასის დაწესება.

ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოში თამბაქოს მოხმარების თითქმის 20%-იანი შემცირების ფონზე, ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები რეკორდულად გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები 20-ჯერ.

დასავლურ მედიაში ღიად საუბრობენ, რომ კონკრეტულ ტრანსნაციონალურ კომპანიებს დემპინგში სახელმწიფო ჩინოვნიკები ეხმარებიან, ანუ დემპინგი კორუფციულ გარიგებამდე მიდის.

რაც შეეხება საქართველოს, რატომღაც ასეთ მსხვილ მოთამაშეებს, ინვესტორებთან ათანაბრებენ, იმის მიუხედავად, რომ მათ ინვესტიციები ჩადებული აქვთ უკრაინაში, სადაც ქარხნები ააშენეს, უკრაინელი ხალხი დაასაქმეს და შესაბამისად, უკრაინის ბიუჯეტში შეაქვთ ფული.

როგორც ექსპერტი, დემურ გიორხელიძე აცხადებს, ერთიანი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს არ ჰქონდა, მაგრამ შესანიშნავად ლობირებდა დიდ ბიზნესებს, რომელიც ყველაზე დიდი შემაფერხებელია საქართველოში, რადგან ეს „დიდი“ ბიზნესები ყოველთვის ხელისუფლებებით იკვებებოდა.

„როდესაც შენ, ხელისუფლება ლობირებას უწევ იმპორტიორებს, ქვეყნის ეკონომიკის 80% ჩამოკიდებუილია იმპორტზე, ამ დროს იგნორირებული გყავს შენი ბიზნესი, რას მიიღებ შედეგად? ის, რაც გაკეთდა, „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. ეპიზოდური პროექტებია - ან ხედვა არ გაჩნდათ, ან შეგნებულად გაუწიეს იმპორტს ლობირება და ამიტომ მივიღეთ ასეთი სიტუაცია“,- აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ექსპერტის შეფასებით, მმართველობის პრობლემამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რადგან როდესაც სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არ არის შემუშავებული, ეს საბოლოოდ, ხელისუფლებასაც შეიწირავს.

„საქართველოში ფანტასტიკური რაღაცეების გაკეთებაა შესაძლებელი და 28 წელია, ქვეყანაში მოდის ხელისუფლება, რომელიც ამ რესურსს არ იყენებს“, - აცხადებს გიორხელიძე.

ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის შეფასებით, შეიძლება ვისაუბროთ ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირებაზეც, მაგრამ გასათვალისწინებელია არსებული რეალობაც - საერთაშორისო ეკონომიკების კონიუქტურა, რომელიც რეგიონშია. ვაჟა ბერიძის განმარტებით, საქართველო მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ ეკონომიკებთან და ამდენად, შეუძლებელია დამოუკიდებელი ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა.

„თამბაქოს წარმოებას რაც შეეხება, აქ ძალიან ძნელია ტრანსნაციონალურ კომპნიებთან ბრძოლა, მათ შეუძლიათ დემპინგის მეშვეობით ნებისმიერი ადგილობრივი კომპანია გააკოტრონ და შემდეგ ამოიღონ მოგების დანაკარგი.

ამას ვხედავთ კიდეც - სხვათა შორის, არაჩვეულებრივი პროექტი იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით და ინიციატივით, საქართველოში თამბაქოს წარმოების განვითარებისთვის უნდა ჩაეყარა საფუძველი და, რომელიც, სამწუხაროდ, ოქუაშვილის სახელთან დაკავშირებულ სკანდალს შეეწირა. როდესაც ამ გზით უპირისპირდები ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ძალიან ძნელია წარმატების მოპოვება და ასე ხდება არა მხოლოდ თამბაქოს, არამედ წარმოების სხვა მიმართულებებშიც“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ექსპერტის აზრით, ასეთ ვითარებაში სხვადასხვა გზები არსებობს საკუთარი ეკონომიკის დაცვისთვის, იგივე, WTO-ში წევრობაც შეგვეძლო უფრო ეფექტურად გამოგვეყენებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენს მთავრობებს სხვა ორიენტირები აქვთ.

ნანახი?- 485

ფარაონი

2018-11-08 19:52:15

ლარი მიშას მიჰქონდა და თურმე, ბიძოსაც მიაქვს და პეტრეც წაიღებს.
მოკ.ლედ დაგვენძრა.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80