ქართველი ავტომფლობელების გასაჭირი და „ხელოსნების ენა“
რეტრომედია

ქართველი ავტომფლობელების გასაჭირი და „ხელოსნების ენა“

ქართველი ავტომფლობელების გასაჭირი და „ხელოსნების ენა“
„რეზონანსი“, 30 ივნისი, 2010 წელი

2018-11-07 16:22:56

"არც იმდენად მდიდარი ვარ, იაფფასიანი მანქანა შევიძინო", - ეს გამონათქვამი უთუოდ გამართლებულია, თუმცა ყოველთვის არა. როგორც წესი, მეორად, ნახმარ ავტომობილს საკმაო ოდენობის თანხის დახარჯება ესაჭიროება, "ჭკუაზე რომ მოიყვანო". ინტერნეტსივრცეშიც და ავტომანქანების ბაზრობაზე იაფფასიანი, მეორადი ავტოს გამყიდველი იმდენ დეტალს ჩამოგითვლით, შეკეთება რომ ესაჭიროება, თუ ძრავის ხელოსანი, მეთუნუქე ან სავალი ნაწილების შემკეთებელი არ ბრძანდებით, მის შეძენაზე ნამდვილად იტყვით უარს. როგორც წესი, მეორად ავტოებს უმეტესწილად ან ხელოსნები, ანდაც მანქანის დეტალებში კარგად გარკვეული ადამიანები ეტანებიან.

თუ ინტერნეტბაზრობას, ანდაც თბილისი-რუსთავის გზაზე განთავსებულ ავტობაზრობას ცალ თვალს მაინც გადავავლებთ, შევამჩნევთ, რომ აქ პრაქტიკულად ან ძვირფასი, 2008 წელს ზევით გამოშვებული მანქანებია - ბოლო კლასის "მერსედესები", "ბეემვეები", "იაგუარები" თუ "აუდები" გვხვდება, ანდაც დაფახფახებული, ადამისდროინდელი "ჟიგულები", "პეჟოები", "ოპელ-კადეტები" და ასე შემდეგ, გეომეტრიული პროგრესიით ფასჩამოწერილი მანქანები. საშუალო ფასის ავტომანქანას, პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად ნახავთ. მიზეზი მარტივია - საქართველოში ან უკიდურესად გაჭირვებული ფენა ცხოვრობს (ძველი მოდელის მუშტრები და მაძიებელნი) ანდაც პრესტიჟულ სამსახურებში მომუშავე თუ გვარიანად ჯიბესქელი ბიზნესმენები.

წინამდებარე მასალის მომზადებისას "რეზონანსი" სხვადასხვა ავტო ინტერნეტ-გვერდებს ეწვია და მათი მიმოხილვისას ერთობ იმედგაცრუებულიც დარჩა. აღმოჩნდა, რომ სტატიის შესავალში ნახსენები ფრაზა, ძვირადღირებულ, ცინცხალ ავტოებს პრობლემები სულაც არ აწუხებთო, წმინდა წყლის სიცრუე გამოდგა.

მაგალითისათვის რამდენიმე ფაქტს მოვიყვანთ: ჯერ კიდევ 2009 წლისათვის მსხვილმა იაპონურმა ფირმამ "ტოიოტამ" თებერვალ-აგვისტოს თვეში გამოშვებული ავტოები, პრაქტიკულად, უკან გაითხოვა. აღმოჩნდა, რომ დროის ამ მონაკვეთში გამოშვებული ავტომანქანების თითქმის 98 პროცენტს ტექნიკური წუნი ჰქონდა. კერძოდ კი, გამართულად არ მუშაობდა საჭის მექანიზმი და მუხრუჭი. ამ ამბავს საქართველოშიც კაი გვარიანი სკანდალი მოჰყვა.

ასევე გარკვეული პრობლემები შექმნია ამერიკული წარმოების "კრაისლერსაც". ამ მარკის მექანიკურ გადაცემათა კოლოფს საკმაოდ სერიოზული პრობლემები აღმოუჩინეს. ბუნებრივია, როცა საქმე იმგვარ ქვეყნებთან აქვს მომხმარებელს, როგორებიც ამერიკა და იაპონიაა, მომხმარებელი დაზარალებული არასოდეს დარჩება. პრაქტიკულად, ხსენებული წუნდადებული მანქანები კომპანიებმა მყიდველებს მთლად უფასოდ შეუკეთეს ან ცინცხალ მანქანებში გაუცვალეს.

საქმე ისაა, როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ავტომოყვარული, რომელიც მეორადი წარმოების ავტოს იძენს ბაზრობაზე თუ ინტერნეტის საშუალებით. რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ნახმარი ავტოს შეძენისას, ამის გასარკვევად "რეზონანსმა" თბილისში არსებულ რამდენიმე ავტოშემკეთებელ სახელოსნოს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა, მეორადი ავტოს შეძენისას პირველ რიგში ყურადღება ძრავსა და გადაცემათა კოლოფს უნდა მიექცეს. ხელოსნების მოსაზრებით, ყველაზე ძვირი მანქანის სწორედ ამ დეტალების შეძენა-შეკეთებას სჭირდება. მაგალითისათვის მარტივი ლოგიკაც საკმარისია - როდესაც ინტერნეტის საშუალებით 2005 წლის "რენო" სულ რაღაც ჩალის ფასად იყიდება (2600 აშშ დოლარი), ბუნებრივია, მისი ნახვით მრავალი ავტომოყვარული დაინტერესდება. შესაბამისად, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ხსენებული "რენო" სულ რაღაც ორი ათასამდე მსურველს მოუნახულებია, მაგრამ ავტო ჯერაც არ გაყიდულა. მიზეზი იქვეა მითითებული - დაზიანებული აქვს ძრავი!

ავტოხელოსნების აზრით, "მეორად ავტოს მთავარია ძრავი ჰქონდეს კარგი, "არ ჭამდეს" ზეთს, დამჯდარი არ ჰქონდეს დგუშის გარსამაგრები ("პორშინის კოლიციოები") და ასე შემდეგ. "სხვა დანარჩენს, "პერედოკს" (წინარა), "სალნიკებს" (შუასაფენებს) "ჟეშტსა თუ ხადავოის" (თუნუქსა და სავალ ნაწილებს) იოლად მოევლება. გახვალ ბოლო-ბოლო "ელიავაზე", სადაც ავტოების სასაფლაოა, იმავე მოდელის ნახმარ ნაწილს შეარჩევ ან სულაც სხვა მოდელისას მოარგებ, როგორმე გადააკეთებ, დააყენებ და იმუშავებს".

რაც შეეხება სამამულო წარმოების "ჟიგულებს", გაირკვა, რომ ჩვენს გზებზე შესანახად და მოსავლელად ყველაზე უფრო მოხერხებული და იაფი მარკებია. ჯერ ერთი, არსებობს ცნობილი გამოთქმა: "ისეთი რა უნდა მოუვიდეს ჟიგულს, სახლამდე რომ ვერ მიგიყვანოსო" და მეორეც, იგივე ელიავას ბაზრობაზე "ჟიგულის" მთელი წინარას ("პერედოკის") მთლიანად შეკეთება სულ რაღაც 50-70 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ, მაშინ როცა "მერსედესის" ან "ბმვ"-ს სავალი ნაწილის მხოლოდ თითო ნაწილის ღირებულებამ, შესაძლოა, 50 ლარს გადააჭარბოს კიდეც.

უცხოური მანქანებიდან ავტოშემკეთებლების მოსაზრებით ყველაზე უკეთესად, გამძლედ და იაფად მაინც "ოპელის" მარკის ავტომანქანები ითვლება. ერთი, რომ სახედარივით გამძლეა, ჩვენებურ გზებს მშვენივრად იტანს, მეორეც, თბილისში, პრაქტიკულად, "ოპელის" მარკის ავტოების ბუმია. მისი ნაწილებიც ელიავას ბაზრობაზე ოხრადაა და, შესაბამისად, ნებისმიერი მოდელის ნაწილის შოვნაც იაფად და იოლადაა შესაძლებელი.

ავტომობილების პროპორციულად ქალაქში მომრავლდა "ვულკანიზაციები" და იმავე მიზეზით, რაზეც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, მანქანის ხელოსნობაც მეტად საჭირო პროფესია გახდა. სულ რაღაც 12-15 წლის წინათ, როდესაც უცხოური მანქანები პირველად შემოვიდა საქართველოში, საბჭოური წარმოების ავტომობილებზე მომუშავე ხელოსნებს საკმაოდ გაუჭირდათ გერმანული თუ იაპონური ძრავის თუ "პერედოკის" ენის გაგება. თუმცა, ქართულმა უნიკალურმა ხასიათმა აქაც იჩინა თავი და დღეს ფეიქრების ქუჩაზე ყველა მარკის და მოდელის ავტომობილის შემკეთებელს შეხვდებით, რომელთაც უკვე ისე აუთვისებიათ იაპონურიც და გერმანულიც, რომ ავტომობილს ნაწილებად დაგიშლიან კიდეც და პირიქით, ნაწილებისგანაც ააწყობენ. ოღონდ ეგ არის, "მაზდა"-ს შეკეთებაში გაწაფულებმა, შესაძლოა, "მერსედესის" "სატკივარი" ვერ გაიგოს. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ამაში დასაძრახი ნამდვილად არაფერია, პირიქით, კარგიც არის.

„შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება შეძლოს ხელოსანმა. ყველა ავტომობილი ერთმანეთისგან უამრავი დეტალით განსხვავდება, ამიტომ კარგია, რომ ბევრი ხელოსანი მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე მუშაობს. ასე მძღოლიც უფრო დაზღვეულია და ხელოსანიც. პატიოსანი ხელოსანი ხელს არ მოკიდებს იმას, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებს და თვითონვე მიგასწავლის ვინ მოგიგვარებს პრობლემას", - აღნიშნა დიტო ახვლედიანმა, რომელიც ის-ის იყო მაშინ გაჩერდა "ვულკანიზაციაში" საბურავის შესაკეთებლად, როდესაც "რეზონანსი" ავტოშემკეთებელს ესაუბრებოდა.

ავტომობილის მფლობელებისთვის კი ხელოსნის პატიოსნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ ექსტრემალურ სიტაუაციაში არ აღმოჩნდნენ, ყოველთვის ცდილობენ ნაცნობ ხელოსანს მიაკითხონ. ზოგი იმასაც ამბობს, რაც არ უნდა კარგი ნაცნობი და ახლობელი იყოს, ატომობილის ძრავში თავწარგულ თუ ჩამძვრალ ხელოსანს თვალი მაინც არ უნდა მოაცილო.

გარდა ამისა, ხელოსნების ენაც უნდა იცოდეთ, რომ კარგად გაიგოთ და გააგებინოთ რა აქვს მანქანას დაზიანებული. თავს ნუ შეიწუხებთ მაინცდამაინც დახვეწილი ქართულით ესაუბროთ, თორემ შეიძლება მან ვერ გაიგოს და თქვენს დახმარებაზე უარი თქვას: არა გენაცვალე, მეთუნუქე არა, "ჟეშტიანჩიკი" ვარ, მეთუნუქე ჩვენ არ გვყავსო (შეწუხებულმა გვითხრა შუახნის მამაკაცმა ვულკანიზაციაში მისულებს).

მეთუნუქეზე გამახსენდა, ალბათ, გახსოვთ რამდენიმე წლის წინათ პრეზიდენტის სამთვიანი დასაქმების პროგრამა რომ განხორციელდა. ათასობით ადამიანი დილიდან დაღამებამდე რიგში რომ იდგა და პროფესიის შესწავლაზე მეტად ის 600 ლარი იზიდავდა, რასაც სახელმწიფო ვითომდა გაწეული სამსახურის ასანაზღაურებლად იხდიდა. ამ რიგში ერთი ჩემი მეგობარიც ჩადგა, როცა მისი ჯერი მოვიდა, თითქმის ყველა ადგილი დაკავებული აღმოჩნდა და იმ რამდენიმე ათასეული ვაკანსიიდან მხოლოდ ასფალტის დამსხმელისა და მეთუნუქის ადგილები აღმოჩნდა ვაკანტური.

ჩემმა მეგობარმა ამდენ ხანს რიგში ტყუილად ხომ არ ვიდექიო და მეთუნუქეობა აირჩია. როდესაც განაცხადში მითითებულ ობიექტზე მივიდა და ვულკანიზაციაში აღმოჩნდა გაოცებული დარჩა ისიც და ვულკანიზაციის მფლობელიც: ასეთ სიმპატიურ გოგონას დასაქმებაზე უარს როგორ გეტყოდით, მაგრამ "ჟეშტიანჩიკობას" ნამდვილად ვერ შეძლებო. ასეთ უხერხულ სიტუაციაში ჩემი მეგობარი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, მარკშრეიდერის არ იყოს, არ იცოდა მეთუნუქეობა რას ნიშნავდა.

 

 

 

 

 

 

 

ნანახი?- 101

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80