პირისპირ დგომა ცხენისწყალზე
რეტრომედია

პირისპირ დგომა ცხენისწყალზე

პირისპირ დგომა ცხენისწყალზე
„ივერია-ექსპრესი“, 21 სექტემბერი, 1993 წელი

2018-11-07 16:10:48

გასული კვირა  იმდენად დატვირთული იყო მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომ ერთი რომელიმეს გამოყოფა ძნელია. ფონი უეჭველად შეიქმნა ამ ტრაგიკულმა „პირისპირ დგომამ“, რომელიც კვლავ გრძელდება ცხენისწყლის ნაპირზე. ამ მდინარეს ქართულ ეთნოფსიქოლოგიაში არასოდეს ჰქონია ის დატვირთვა, რომელიც ჰქონდა და აქვს მდინარე ფსოუს, ღალიძგას ან ენგურს. ღმერთმა ნუ ქნას, ცხენისწყალმა ოდესმე რიონზე ან ძირულაზე მეტი მნიშვნელობა შეიძინოს.

ამ პრობლემასთან შედარებით ნებისმიერი „კრატია“, „იზმი“ თუ „მოდელი“ თავსმოხვეულ სისულელედ მოჩანს. ყოვლად დაუშვებელია, რაიმე სოციალურ თუ პოლიტიკურ სქემას ქართველთა მრავალათასწლოვანი ღვთაებრივი ერთობა შეეწიროს.

სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი ყველაზე მეტად სწორედ პასუხისმგებლობის დეფიციტს განიცდის, ოღონდ აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკოსთა ესოდენ თვალში საცემი უპასუხისმგებლობა ჩვენს ეროვნულ ხასიათს, ნაკლსა თუ უბედურებას ეყრდნობა. ძირითადი ნაკლი კი, რომელიც ყველაზე მეტად გვიშლის ხელს გავთავისუფლდეთ, შევქმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო, არის ის, რომ ქართველებს საოცრად შესუსტებული გვაქვს სახელმწიფოებრივი ინსტიქტი, ანუ გრძნობა (უმრავლეს შემთხვევაში გაუცნობიერებელი - ქვეცნობიერი), რომელიც ნებისმიერ პიროვნებას თუ პიროვნებათა ჯგუფს უმალ შეახსენებს, აგრძნობინებს, სად მთავრდება მისი პიროვნული თუ ჯგუფური ინტერესის თანხვედრა საერთო-ეროვნულ ინტერესებთან და სად იწყება სახელმწიფოებრივი, ზოგადეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეგნებული თუ შეუგნებელი ქმედება.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. პოლიტიკოსთა ამგვარი უზნეობა ახალი ხილი არ არის კაცობრიობისათვის, მაგრამ გაცილებით უფრო საშიში და საოცარი ის გახლავთ, რომ თვით საზოგადოების, ერის უდიდეს ნაწილს აღარ შერჩა ეს ინსტიქტი - იგი ვერა და ვერ ახერხებს ამა თუ იმ პიროვნების თუ ადამიანთა ჯგუფის რიტორიკის მიღმა ამოიცნოს ქვენა, ობიექტურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივს დაპირისპირებული პირადი (კერძო) ინტერესი.

სწორედ ამ ინსტიქტის არქონა გახდა იმის მიზეზი, რომ ნაციონალისტური თუ დემოკრატიული ფრაზებით შენიღბულმა პოლიტიკანებმა საქართველო ძმათა სასაკლაოდ, თავიანთი პირადი ვნებების დამაკმაყოფილებელ პოლიგონად აქციეს.

დღეს საქართველოში საზოგადოება აშკარად ორადაა გახლეჩილი. დაპირისპირება კვლავ გრძელდება და ამ დაპირისპირებაში თუ სამოქალაქო ომში მორალურად (თუნდაც არა ფიზიკურად) გაიმარჯვებს ის მხარე, ანუ ის მხარე გამართლდება ისტორიის უსასტიკესი სამსჯავროს მიერ, რომელსაც უფრო მეტად შერჩა ეს სახელმწიფოებრივი ინსტიქტი და რომელიც შეძლებს, ამაღლდეს საკუთარ ვნებებზე ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ისტორიას არასოდეს არაფერი გამოეპარება: მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის ამა თუ იმ ქმედების მოტივაციას, რაკი სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს ზნეობრიობას.

ამის დასტურია თუნდაც, რომ ძალიან ბევრი მოღვაწე, რომელსაც თითქოსდა ეროვნული ან დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულება ამოძრავებდა, დღეს ვეღარ მალავს, ძალაუნებურად ააშკარავებს, რომ სინამდვილეში არაფერი ამოძრავებდა ბოღმის, პირადი ინტერესის, ქვენა ანგარების გარდა.

ერის, საზოგადოების ერთადერთი იარაღი ამ შემთხვევაში მკაცრი და მიუკერძოებელი ყურადღებაა, ჩვენ უნდა გავაღვიძოთ ჩვენს თავში ის მივიწყებული ინსტიქტი და სწორედ მისი დახმარებით, მისი მეშვეობით ავწონოთ პოლიტიკოსთა თითოეული სიტყვა, თითოეული ნაბიჯი თუ განზრახვა. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ქვეყნის ბედი მართლაც ბეწვზე ჰკიდია.

ქობულეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. საფიქრებელია, რომ ორივე დაპირისპირებულ მხარეს ეს მოლაპარაკება უფრო თავიანთი „კეთილი ნების“ დემონსტრირებისა და დაფიქსირებისათვის სჭირდებოდა, ვიდრე რეალური შედეგის მისაღწევად.

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ შეურიგებელი ძალები, რომელთა შერიგებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ არათუ შერიგება, არამედ რაიმე მორიგებაც (ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე) შეუძლებელი ხდება. და რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ამ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტად ერთვება სამეგრელოს ფაქტორი, რომელიც უმჭიდროესადაა დაკავშირებული ეროვნული სხეულის მთლიანობის უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტურ პრობლემასთან.

შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ყველა ვინც „ზვიადიზმს“ ებრძვის საქართველოში, ვალდებულია, დღენიადაგ ამტკიცებდეს: „ზვიადიზმი“ არის სრულიად საქართველოს პრობლემა, რადგან თუ ეს პრობლემა სამეგრელოს ფაქტორამდე იქნა დაყვანილი - ქვეყანას უეჭველად დაღუპვა ელის.

რაც შეეხება ე.წ. „მესამე ძალის“ წინადადებას - საქართველოში არსებული დაპირისპირების ახალი არჩევნების გზით გადაწყვეტის შესახებ, - ეს არის აბსოლუტურად განუხორციელებელი იდეა და აი რატომ: დღეს, ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა ხელისუფლება ორ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ კონცეფციას წარმოადგენს.

„არჩევნების“ იდეის ავტორები ვერ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ამ  ორი დოქტრინის ერთ ხელისუფლებაში „შერწყმა“ აბსოლუტურად შეუძლებელია (მიუხედავად უმრავლესობა-უმცირესობის განსაზღვრისა), რადგან შედეგად, ორხელისუფლებიანობასთან ერთად ორძალაუფლებიანობასაც მივიღებთ.

წარმოუდგენელია ორი კატეგორიულად დაპირისპირებული პოზიციის შერწყმა ერთ ძალაუფლებაში, რადგან ამგვარი შერწყმა, მიუხედავად მომავალ პარლამენტში ძალთა განლაგებისა, უეჭველად მიგვიყვანს ახალ, მკვეთრ დაპირისპირებამდე და სამოქალაქო სისხლისღვრის მორიგ აფეთქებას გამოიწვევს.

ამ ურთულესი ვითარებიდან არსებობს ორი გამოსავალი. პირველი: ერთ-ერთმა ძალამ სამუდამოდ უნდა დატოვოს პოლიტიკური ასპარეზი. ოღონდ ეს უნდა მოხდეს არა სამოქალაქო ომის შედეგად (ამ ომში ვერც ერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს), არამედ რეფერენდუმის გზით. შესაძლებელია, განვიხილოთ შემდეგი მოდელიც: ორივე ბანაკმა ცალ-ცალკე შეიმუშაოს კონსტიტუცია და ქვეყნის ძირითადი კანონის ორი პროექტი გამოიტანოს ხალხის სამსჯავროზე. ახალი არჩევნები კი ჩატარდეს იმ პროექტის, ანუ იმ ძალის ეგიდით, რომელიც ამ რეფერენდუმში ხალხის მხარდაჭერას მიიღებს.

მეორე გამოსავალი გაცილებით უფრო მარტივია, მაგრამ, დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალთა ფანატიზმსა და ურთიერთსიძულვილს თუ გავითვალისწინებთ, ასევე ძნელად განხორციელებული: ერთ-ერთმა მხარემ უნდა აღიაროს თავისი საპირისპირო პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის უპირატესობა და ახალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა როგორც ფუნდამენტალისტურმა ოპოზიციამ, არამედ როგორც ოპოზიციამ მხოლოდ ტაქტიკურ საკითხებში.

მარტივად რომ ვთქვათ, ერთ-ერთმა მხარემ უნდა აღიაროს „ძირითადში სწორად“ ის სტრატეგიული კურსი, რომელსაც მეორე ატარებდა ან ატარებს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტურ პრობლემებთან მიმართებაში და საკუთარი აზრის უფლება დაიტოვოს ოდენ ამ სტრატეგიული კურსის განხორციელებისათვის აუცილებელი ტაქტიკის საკითხებში, - მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება აზრი პარლამენტარიზმის შესაძლებლობების ამოქმედებას და ახალი პარლამენტის არჩევას.

უზენაესი მსაჯული კი უნდა იყოს ერი და მისი მაცოცხლებელი, სახელმწიფოებრივი ინსტიქტი.

 

 

 

 

ნანახი?- 73

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80