„თუ უნდათ, რომ პროცესი შეაჩერონ, ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყონ საუბარი“
საზოგადოება

„თუ უნდათ, რომ პროცესი შეაჩერონ, ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყონ საუბარი“

„თუ უნდათ, რომ პროცესი შეაჩერონ, ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყონ საუბარი“
ლალი ზირაქიშვილი

2018-11-07 15:30:24

კიდევ ერთი არჩევნები და კიდევ ერთი დაპირება შეცდომების და მდგომარეობის გამოსწორებისა - მმართველი პოლიტიკური ძალა ქართველი ხალხისგან კიდევ ერთ შანსს ითხოვს, საიმისოდ, რომ მართვის სადავეები ხელიდან არ გაექცეს. პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ეს ერთი შანსი მოიპოვოს, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: უმჯობესია, ივანიშვილი ასეთი გამოსვლით არჩევნებასმდე გამოსულიყო, მაგრამ რაკი ასე არჩია, ესეც საქმეა. მაინც მგონია, რომ „ოცნებამ“ უნდა უთხრას ხალხს, კონკრეტულად რას აპირებს და არა შიშველი დაპირებით მიმართოს, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს გამოასწორებს.

საქმე ისაა, რომ პროცესი არჩევნების დასრულებით არ მთავრდება. ის, რაც რჩევნებამდე დაიწყო, არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. ის შედეგი კი რაც არჩევბნებზე დაიდო სწორედ ამ პროცესის გამოძახილია და ის ისევ გრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ არჩევნების შედეგზე უნდა იფიქროს, არამედ იმ პროცესის შემოტრიალებაზეც რომელიც მისთვის მაინც და მაინც ხელსაყრელი არ არის.

არჩევნები რომ მოიგოს კიდეც „ქართულმა ოცნებამ“ ეს იქნება ერთჯერადი ამოვარდნა იმ კანონზომიერებიდან, რომელსაც პოლიტიკური პროცესი ჰქვია.

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა იმაზე უნდა იფიქრონ, თუ როგორ შეძლებენ ამ პროცესის შეჩერებას და შემდეგ მის შემობრუნებას. ერთი წელია, ამაზე ვსაუბრობდი, რომ წლის ბოლომდე ჰქონდათ დრო - „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა პროცესის შესაჩერებლად და ეს შედეგიც სწორედ ამიტომ დადგა.

პირადად ჩემთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი პოლიტიკაში იქნება თუ - არა, პარტიის თავმჯდომარე იქნება თუ - არა. როდესაც სისტემის მოწესრიგებაზეა საუბარი, პარტია კი არ უნდა დალაგო, არამედ სახელმწიფოს მართვის სისტემა. პარტიის თავმჯდომარე სახელისუფლებო სისტემას ვერ დააწყობს, ან ცუდად დააწყობს. საბჭოთა კავშირში ხომ არ ვართ, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა მართოს ქვეყანა? ან იმან რა ეფექტი მოიტანა, არ ვიცით?!

კონკრეტულად რა უნდა გააკეთოსქართულმა ოცნებამ“? წესით, ბახტაძე უნდა ლაპარაკობდეს იმას, რასაც დღეს ივანიშვილი გვეუბნება - ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს მმართველობაში?

- სისტემის გასწორება არ შეიძლება დაიწყო შუიდან და ბახტაძე შუაა თუ არა, ესეც არ ვიცით. ვერტიკალი უნდა გასწორდეს თავიდან ბოლომდე და ამ ვერტიკალის თავზე ბახტაძე რომ დგას, ის არ არის თავი. იმის ზევით დგას ივანიშვილი და მთელი პოლიტბიურო - ამიტომ ვამბობ, რომ არ გამოვა არაფერი.

პირველი, რაც უნდა გაკეთოს არის ის, რომ დაჯდეს ივანიშვილი იქ, სადაც უნდა იყოს - პრემიერად - სისტემა სხვაგვარად ვერ გასწორდება.

გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთ შედეგს არ ველოდი და ამით ჩანს, რომ „ნაციონლური მოძრაობა“ აღარ არის ის პარტია, რომლითაც ხალხს შეაშინებ. მასაც იმდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, რამდენმაც ზურაბიშვილს. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებს „ევროპული საქართველოს“ ხმებსაც დაუმატებ და კიდევ სხვა ოპოზიციის, ეს გაცილებით მეტია.

ანუ „მგელი მოდის“ პრინციპმა აღარ იმუშავა - მე ვთვლიდი, რომ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩეველი სახლში დარჩებოდა, მაგრამ პროცესი უფრო ღრმად წასულა, ვიდრე მე ვუყურებდი. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხობელა აღარ მუშაობს. მმართველი პარტიის შეცდომა ის არის, რომ არ დაჯდა და ანალიზი არ გააკეთა, რა მოხდა 2012 წელს - არ მოინდომა იმის გარკვევა, რეალურად რა პროცესი დაიწყო მაშინ. დღეს როგორი სიტუაცია გვაქვს იცით? - როგორიც იყო 2007 წლის შემოდგომაზე, როდესაც გაჩეჩილაძემ სააკაშვილს ყველა დიდი ქალაქი მოუგო.

თუ უნდათ, რომ პროცესი შეაჩერონ, ვადამდელ არჩევნებზე უნდა დაიწყონ საუბარი. ეს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და არა ისე, როგორც ჩაწერეს კონსტიტუციაში. ამას დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დაასტაბილურებს სიტუაციას და ეს ერთი წელი ამაში გაივლის.

ივანიშვილი ამბობს, რომ გუნდის შეცვლას აპირებს - ესეც არ იმუშავებს?

- გააჩნია, როგორ მიიღებს ამას საზოგადოება. ივანიშვილის მიერ წამოყენებულ ყველა კანდიდატზე საზოგადოებას აქვს უარყოფითი რეაქცია - იქნება ეს ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი თუ ბახტაძე ან მარგველაშვილი - ჩემს აზრს არ გეუბნებით - მოსახლეობა სხვანაირად აფასებს ამ კანდიდატებს, მე - სხვანაირად და მოსახლეობაში მათ დიდი რეიტინგი ნამდვილად არ ჰქონიათ.

ანუ ხელისუფლების მიუღებლობის პროცესი დაიწყო? ფაქტობრივად სწორედ ამან გამოუტანა თავის დროზე წინა ხელისუფლებას განაჩენი...

- გაუცხოების პროცესი დაიწყო და ამას ვამბობდით მეც და ის ადამიანებიც, რომლებსაც არ გვაქვს პარტიული ინტერესები და ვცდილობთ ობიექტურები ვიყოთ. ამ ყველაფერზე ჩვენ გაცილებით ადერე ვლაპარაკობდით და ახლა ის ცვლილებები, რასაც აკეთებენ, არის მხოლოდ უკან მიდევნებული ლამპარი.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია გასწორდება და იქნება ვადამდელი არჩევნები - მხოლოდ ეს დააწყნარებს პოლიტიკურ სიტუაციას - აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამას გააკეთებს მმართველი ძალა, იმის მიუხედავად, მოიგებს თუ წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. სხვა შემთხვევაში პროცესი ვერ ჩაწყნარდება.

თუ უნდა ხელისუფლებას, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს, ამას მოახერხებს, მაგრამ თუ ეს არ უნდა, სხვა გზა აღარ აქვს დარჩენილი, გარდა იმისა, რაზეც ვისაუბრე.

ძველ გვარდიას მოუწოდებს ივანიშვილი მხარდაჭერისთვის და ეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ თავზე მიიღო - მოხერხდება პოლიტიკურ ძალებთან ალიანსი? - გამოდის, რომქართული ოცნებადღეს მარტოა...

- არ შეიძლებოდა კოალიციის დაშლა, იმიტომ, რომ მოხდებოდა ის, რაც დაემართა „მოქალაქერთა კავშირს“, შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ა.შ. როდესაც კოალიციები იშლებოდა, ერთპარტიულობას მოსდევდა დაპირისპირებები - სულ 30 წლის ისტორიაა და წაკითხვა თუ არ უნდა ვინმეს, უნდა ახსოვდეს მაინც ან იმ ხალხს ჰკითხოს, ვისაც ახსოვს.

თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერად - თუ სხვა გზა აღარ დარჩა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს უნდა მოხდეს მეორე ტურამდე თუ მოგვიანებით?

- ალბათ, მეორე ტურის შემდეგ, თუმცა გააჩნია, როგორ წავა პროცესი. ახლა უკვე ის დროა, როდესაც მარტო დაბრუნება არ შველის საქმეს. პოლიტიკას თავისი კანონზომიერებები აქვს, ის, რაც დღეს შეიძლება, საკმარისი იყოს, ხვალ შესაძლოა, პირიქით აღმოჩნდეს.

ამ დაბრუნებას თან უნდა დაერთოს ვადამდელი არჩევნების გამოცხადება - უნდა თქვას, რომ ამისთვის დაბრუნდა - საკონსტიტუციო ცვლილებები დაასტაბილურებს სიტუაციას თუ ამ დროს იმ ყველაფრის მოსაგვარებლად გამოიყენებს, რასაც გვპირდება, ეს ხალხი ისევე გადმობარგდება უკან, როგორც გადაბარგდა ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა ნდობის ხარისხი მაინც არ იქნება იმდენი, როგორიც იყო.

ანუ ივანიშვილმა 6 წელიწადში გასაკეთებელი საქმე ამ ერთ წელიწადში უნდა გააკეთოს?

- ეს ექვსი წელი გვერდზე გავწიოთ - ამას ერთ წელიწადში ვერავინ გააკეთებს და ამაზე უკვე აღარ არის საუბარი - ახლა ლაპარაკია იმაზე, მისცემს თუ არა ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს შანსს, ათვლის წეტილი თავიდან დაიწყოს.

პირველი რიგის ამოცანა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაა და სწორედ ამისთვისაა საჭირო ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული სისტემის მომხრე არ ვარ, რაკი მთელი პოლიტიკური სპექტრი ამას თხოულობს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა - ეს მოიტანს იმ სტაბილურობას, რომელშიც შესაძლებელი გახდება პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება და თუ „ქართულ ოცნებას“ რამის გაკეთება შეუძლია, გააკეთოს და არჩევნებზე ხვეწნა აღარ დასჭირდება, ხმების შესაგროვებლად.

ნანახი?- 1717


სარეკლამო ბანერი
1000 X 80