„ხელისუფლების დანაშაული იმდენად დიდია, გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ გადავხტეთ ფანჯრიდან“?
საზოგადოება

„ხელისუფლების დანაშაული იმდენად დიდია, გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ გადავხტეთ ფანჯრიდან“?

„ხელისუფლების დანაშაული იმდენად დიდია, გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ გადავხტეთ ფანჯრიდან“?
ლალი ზირაქიშვილი

2018-10-31 10:30:26

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა გარკვეული დასკვნის გამოტანის საშუალება საკმაოდ მკაფიოდ მისცა საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. თუმცა არის კითხვა, რომელზე პასუხიც საზოგადოებამ აუცუილებლად უნდა გასცეს ახლა უკვე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში - მისცემს თუ არა გამარჯვების შანსს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციის და კანონთან მიმართებაში თუ საზოგადოების თვალში დამნაშავედ მიჩნეული ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკების რეაბილიტაციის პირობას დებს. რამდენად შეძლებს დღევანდელი ხელისუფლება ფაქტობრივად, წაგებული პარტიის გადათამაშებას და საკუთარი პოზიციის გამყარებას, რა ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ხალხისთვის დამაჯერებელი - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: 2012 წლის მერე განუწყვეტლივ კლებულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მიდის საარჩევნო უბნებთან და ეს ტენდენცია შეინიშნება, ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან. რამდენიმე არჩევნები გავიარეთ ასე - შემცირდა ამომრჩეველთა რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებზე, კიდევ უფრო ცოტა ხალხი მივიდა ადგილობრივ არჩევნებზე და მაშინ ითქვა კიდეც, უნდა დავფიქრდეთო - დაფიქრდნენ? - შედეგს ვერ ვხედავთ. ის, რაც დღეს გაცნობიერდა, ამისი სიმპტომი დიდი ხანია, არსებობს.

სხვას რომ თავი დავანებოთ, საექსპერტო წრეებიდან მუდმივად კეთდებოდა შეფასებები, რომ რაღაც შესაცველი იყო, ისე ვერ ვითარდებოდა ქვეყანა, როგორი მოლოდინიც არსებობდა, ამომრჩეველი ამას უპასაუხოდ არ დატოვებდა და .. რატომ მოხდა ხელისუფლების და საზოგადოების გამიჯვნა?

- სწორედ ის ექსპერტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“, თავის დროზე მიიწვია ბიძინა ივანიშვილმა და დაგვიწყო კამათი - მათ შორის მეც ვიყავი და შენიშვნებიც უკვე გვქონდა - გვითხრა, რომ სწორი არ ვიყავით. იმ პერიოდში, იმ ადამიანთა წრეებში, რომლებთანაც ურთიერთობა გვქონდა, უკმაყოფილების გარკვეული ფრაგმენტები უკვე არსებობდა. ამ ყველაფრის გათვალისწინება ხომ შეილებოდა? - ამის ნაცვლად მოიჭრა ამ ექსპერტებთან ყველანაირი ურთიერთობის გზა.

აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, რომელიც საკმაოზე მეტად თვალნათელია და რეალურად შეეცადოს სიტუაციის გამოსწორებას?

- მეც მახსენდება რაღაც ფრაგმენტები ხელისუფლების მოქმედებებიდან, რაც არ მაძლევბს ოპტიმისტური დასკვნის გამოტანის საშუალებას, მაგრამ მეორე მხრივ, არის ერთი მომენტიც - შესაძლოა, თვლიდნენ, რომ ეს იყო ცალკეული შენიშვნები, ხოლო მთლიანობაში პროცესი მათ სასარგებლოდ მიმდინარეობდა, ამიტომ არ აქცევდნენ შენიშვნებს ყურადღებას, რაც თავისთავად, შეცდომაა. მაშინაც კი, როდესაც გამარჯვებული ხარ, ყურადღება უნდა მიაქციო ყველა იმ ნიუანსს, რაც კი შენს გამარჯვებას ოდნავ მაინც ამცირებს.

შესაძლოა, მარცხმა გამოაფხიზლოს, ასეთი შოკური ეფექტები მომხდარა როგორც ცალკეული ადამიანების, ასე პოლიტიკური ცხოვრების შემთხვევაშიც.

ხშირად ამბობდბნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა ერთგვარი ლაკმუსი, რომელიც დაგვანახებდა იმას, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესები მომავალ, საპარლამენტო არჩევნებზე - რა მივიღეთ? – „ოცნებას“ ვეუბნებით არას და ვაბრუნებთნაციონალურ მოძრაობას“? ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის თემა სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგება?

- საკმაოდ რეალურად დადგება ეს პრობლემა, იმიტომ, რომ რაც უჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს იყო მხარდამჭერთა რაოდენობა - მიტინგებზეც კი ვერ აგროვებდნენ ხალხს. ახლაც მხარდამჭერების რაოდენობის გამო კი არ დადო ეს შედეგი, არამედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების არჩევნებზე მიუსვლელობის გამო. მაგრამ ერთხელ რომ გაიმარჯვებ, შემდეგ გამარჯვებულთან უფრო მეტი ხალხი მიდის - ასეა ცხოვრება მოწყობილი.

იმ მოტივითაც სურთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, რომ შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდეს მათი რიგები. მით უმეტეს თუ მოხერხდა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფებს შორის ინტეგრაცია საპარლამენტო არჩევნებშიც შეიძლება ერთიანი ფრონტოთ გამოვიდნენ და ეს კიდევ უფრო მეტ შანსს მისცემს. თუკი არჩევნებამდე არაფერი შეიცვალა „ქართული ოცნების“ იმიჯში, მაშინ საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვლება მათ მიმართ და ა.შ. ანუ შანსი, გაერთიანებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგოს და შემდეგ ხელისუფლების დაკომპლექტების უფლება მოიპოვოს, საკმაოდ რეალურია.

იყო ვარაუდი, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებულიქართული ოცნებისამომრჩეველი ხმას მისცემდა დავით უსუფაშვილს, რომელსაც ახასიათებენ გამოცდილ და წესიერ პოლიტიკოსად. ასეთი პროგნოზები კეთდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ასეთი ამომრჩეველი მიიზიდა ალექსანდრე ელისაშვილმა...

- უსუფაშვილის გამოცდილება საკმაოდ სპეციფიკურია ისე, როგორც დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის, იგივე, შალვა ნათელაშვილს და ა.შ. - ნაციონალების გარდა. მათ დიდი გამოცდილება აქვთ წაგების. ასეთი გამოცდილება კი მოგებაში არ გეხმარება. მათ ბევრი პოლიტიკური შეცდომა აქვთ დაშვებული და იგივეს იმეორებენ. უსუფაშვილი ამბობს, რომ ერთად ავაშენოთ ქვეყანა ისე, რომ ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთო. როგორ უნდა ააშენონ ქვეყანა ისე, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებებული ძალები? კარგი ქვეყნის აშენება ყველას უნდა, მაგრამ გზაც უნდა იცოდნენ ეს როგორ კეთდება. უსუფაშვილს ეს გზა არასდოდეს არ უხსენებია. გზა შეიძლება იყოს სწორი - შეიძლება - არა, მაგრამ შენმა ამორჩეველმა უნდა იცოდეს, რომ შენ გზა იცი. ყველამ ერთად გადავწყვიტოთო, რომ ამბობს, ეს გზა არ არის, მაშინ პოლიტიკოსები საჭირონი აღარ იქნებოდნენ. ამიტომაც ვერ წაიღო ეს ხმები უსუფაშვილმა.

ელისაშვილის შემთხვევაში იყო იმის განცდა, რომ მან იცის ქალაქი, რა სჭირდება თბილისს და ა.შ. მისი კომპეტენციის რწმენა იყო.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში აუცილებელია იმის ჩვენება, რომ იცი, რა სჭირდება ქვეყანას. ელისაშვილს შეუძლია თითოეული ქუჩა დაასახელოს და იცის ამ ქუჩის პრობლემები. ქვეყნის მასშტაბით ამბიციების მქონე პოლიტიკოსებს კი მსგავსი კომპეტენციის დეფიციტი აქვთ და სწორედ ეს არის პრობლემა.

საბოლოოდ რა მივიღეთ, „ნაციონალური მოძრაობისამომრჩეველი ელოდება ამ პოლიტიკური ძალის დაბრუნებას, აქვს მისი რწმენა, დანარჩენი ამომრჩევლისთვის კი უკვე სულერთია რა მოხება?

- ასეთი სურათი რომ იყოს, სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ვერ შეძლებდა ხმების აღებას. „ოცნებასაც“ დაახლოებით იმდენი ამომრჩეველი ჰყავს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ამ არჩევნებმა გამოავლინა. ნაციონალებს ხმების პროცენტული რაოდენობა შეიძლება გაეზარდოთ იმის ხარჯზე, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები მას მისცემენ ხმებს. „ქართული ოცნების“ ამორჩეველი კი იმის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს, რომ სამზარეულოებიდან გამოიყვანოს ადამიანები - ეს ადვილი არ არის, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 6 წელიწადი ყველაფერი გააკეთა იმიჯის გასაფუჭებლად. მოხერხდება თუ არა ამ იმიჯის რამდენიმე დღეში ამოტრიალება, არ ვიცი, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, „ოცნებაში“ არ არის მხოლოდ საქმე - „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება და თუ ეს მოხდება, მერე უკვე სხვა თემაზე იქნება ლაპარაკი - რა იმედები გაუცრუვდებათ ან არ გაუცრუვდებათ ადამიანებს, ეს უკვე სხვა საკითხი გახდება.

მთავარი კიდევ ის არის, რომ დასკვნა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რატომ ჰყავთ ნაციონალებს მდგრადი ამომრჩეველი - იმიტომ, რომ ის მხარს უჭერს თავის მომხრეებს. ცდილობს მათთან ურთიერთობის შენარჩუნებას - მეთოდებზე არ ვლაპარაკობ.

„ქართულ ოცნებას“ კი იმის დეფიციტი აქვს, რომ მომხრეები შეინარჩუნოს და ამომრჩეველიც იმას ჩივის, რომ ის „ოცნებას“ მხარს უჭედა, მაგრამ „ოცნება“ მას არ დაუდგა გვერდში - უპასუხო სიყვარულის თემას ჰგავს. მომხრეების მოპოვებას და შენარჩუნებას გარკვეული სტილი, სტრატეგია და ურთიერთობის წესი სჭირდება, საკადრო პოლიტიკა და ა.შ.

მთელი საქართველო იმას ეუბნება ხელისუფლებას, რომ სოლიდური ადამიანები მოიყვანოს მართვაში - მოაზიურო ქვეყანა ვართ და „ბიჭუშკების“ მართვა დიდად დამაჯერებელი არ არის. თუმცა თავის დროზე სააკაშვილიც „ბიჭუშკა“ იყო, მაგრამ მის მართვის უნარში არავის შეპარვია ეჭვი, ვისაც შეეპარებოდა ვიცით, როგორც უჩვენებდა გზას, ხან ციხეში, ხან ცოცხებით და ა.შ. ეს გვინდა მაინც და მაინც? მაშინ, გამოდის რომ სააკაშვილისა და ალასანიას საუბარი ჭეშმარიტებასთან ახლოსაა - იმ ხალხთან გვაქვს საქმე, როგორც ალასანია ამბობს, თავზე თუ არ უქენი, მისგან ვერაფერს მიიღებო? - ასეთ სიტუაციათან მივდივართ? დღევანდელ უკმაყოფილებასთან შედარებით დაავიწყდათ ის, რაც 2012 წლამდე ჰქონდათ? თუმცა ეს სხვადასხვა უკმაყოფილებაა - ძალადობით უკმაყოფილება და უძლურებით უკმაყოფილება აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის.

როდესაც უძლურებით უკმაყოფილო ადამიანი ძალადობას ირჩევს, მისი მომავალი არასახარბიელო იქნება - მოახერხებს კი „ქართული ოცნება“, რომ ეს გააცნობიერებინოს ხალხს? თუ ვერ მოახრეხებს, მაშინ ამას ჟურნალისტიკა უნდა შეეცადოს.

ანუ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამომრჩეველმა და ისევ გაისტუმროსნაციონალური მოძრაობა“ - მაშინ ჩნდება კითხვა, რისთვის გვინდა ეს ხელისუფლება, რომელიც ვერც პოლიტიკურ ოპონენტებს უმკლავდება და ვერც საკუთარ ამორჩეველს დაუდგა გვერდით?

- მხოლოდ ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ - რა მიმართულებითაც ჟურნალისტიკას მიჰყავს ხალხის მენტალიტეტი, ხალხიც იქით მიდის. ეს „რუსთავი2“-ის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაკარნახევი მიმართულებაა. ეს ცხოვრება ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ არის კი ისე კატასტროფული, რომ ძალადობა არჩიო?! გახსოვთ, ალბათ, 11 სექტემბერს აფეთქებული ცათამბრჯენებიდან პანიკაში ჩავარდილი ხალხი რომ ხტებოდა და შველას უკვე აღარ ელოდებოდა. თუკი პანიკას კარგად გააღვივებ მოსახლეობაში, ისინიც შეიძლება ფანჯრიდან გადაახტუნო და ჩვენ ასეთი, ფანჯრიდან გადამხტარი მოსახლეობა ვართ.

ამაში ხელისუფლების დანაშაულიც რომ არის, ამას რა ვუყოთ?

- ხელისუფლების დანაშაული იმდენად დიდია, გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ რაკი ხელისუფლების დამსახურებაა ასეთი სიტუაციის შექმნა, უნდა ავდგეთ და ჩვენ გადავხტეთ ფანჯრიდან? საკუთარი თავის გადარჩენის ინსტიქტი არ უნდა გვქონდეს?

სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე თუ არის საუბარი, ალბათ ხელისუფლებისგანაც უნდა მოითხოვოს უკუგება...

- სამოქალაქო საზოგადოება ფართო მცნებაა და თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, დიახ, მათი პოზიცია ცოტა უფრო მკაფიო უნდა იყოს.

 

ნანახი?- 3575


სარეკლამო ბანერი
1000 X 80