ტყუპი ძმა ტყუპ დაზე დაქორწინდა და ცოლები 24 წლის შემდეგაც კი ერევათ
Yellow

ტყუპი ძმა ტყუპ დაზე დაქორწინდა და ცოლები 24 წლის შემდეგაც კი ერევათ

ტყუპი ძმა ტყუპ დაზე დაქორწინდა და ცოლები 24 წლის შემდეგაც კი ერევათ
alia.ge

2018-10-11 15:47:05

„ვაღიარებ, რომ ოჯახურ ცხოვრებაში გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით. მაგალითად, სანამ ცოლს მოვეფერები, პიროვნების იდენტიფიკაცია უნდა ჩავატარო და დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ცოლს ვკოცნი და არა ცოლისდას“, - ამბობს აიდაჰოს შტატში მცხოვრები ფილ მალმი.

სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ტყუპისცალებისგან შექმნილი 250 ოჯახური წყვილი არსებობს, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია.

ტყუპი ძმები დაგ და ფილ მალმები ტყუპ დებზე ჯენა და ჯილ ლასენებზე არიან დაქორწინებული და ერთ დიდ სახლში ბედნიერად ცხოვრობენ.

მიიჩნევა, რომ ტყუპებს შორის მჭიდრო ფსიქოემოციური კავშირი არსებობს, ამიტომ ძმებს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ყოველთვის ერთად სადილობენ, ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ, მსგავსი ვარცხნილობა აქვთ, ერთსა და იმავე ადგილას მუშაობენ, ერთად მოგზაურობენ და ა.შ.

ქმრების მსგავსად, ჯილი და ჯენაც ერთ დაწესებულებაში მუშაობენ, ერთნაირად იცვამენ და ერთნაირი გატაცებები აქვთ.

ტყუპისცალებმა ერთმანეთი 1991 წელს, მიჩიგანში მოწყობილ ტყუპების ფესტივალზე გაიცნეს. ამ დროს ძმები 34 წლისები იყვნენ, დები კი - მათზე 10 წლით უმცროსები.

ჯილი და ჯენა ფესტივალზე მშობლიური ბეტლკრიკიდან, დედასთან ერთად ჩავიდნენ. ღონისძიების დროს, გოგონებს ფოტოაპარატი გაუფუჭდათ და დახმარება ტყუპ ძმებს სთხოვეს. რომლებიც როგორც მიხვდით, ისინი დაგ და ფილ მალმები იყვნენ. ტყუპების ფესტივალი რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ამიტომ ტყუპი დები ძმებს მეორე დღესაც შეხვდნენ.

ფილი ხვდებოდა, რომ ჯენას მიმართ სიმპათიები გაუჩნდა. გოგონას გასეირნება შესთავაზა და ძმა ჯილთან ერთად დატოვა. ფესტივალის დასრულების შემდეგ, სანამ ერთმანეთს დაემშვიდობებოდნენ, ტყუპებმა საკონტაქტო ნომრები გაცვალეს.

რამდენიმე თვის განმავლობაში, დაგი და ფილი გოგონებს ტელეფონით ესაუბრებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, კონკრეტულად, რომლის მიმართ გაუჩნდათ გრძნობა, რადგან მათი მხოლოდ სახელები იცოდნენ, გარეგნობა კი აბსოლუტურად იდენტური ჰქონდათ.

ტყუპი დების გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ, დაგმა ლატარიის გათამაშებაში კარიბის ზღვაზე კრუიზი მოიგო და, ძმასთან ერთად, ტყუპი დაც დაპატიჟა.

როცა ოთხივე ერთად შეიკრიბა, იდენტიფიკაციის პრობლემა, ბოლოს და ბოლოს, გადაიჭრა.

„მე და დაგი დების სანახავად სასტუმროში რომ მივედით, წარმოდგენა არ მქონდა, რომელი იყო გოგონა, რომელსაც თვეობით ტელეფონით ველაპარაკებოდი. გარკვეული დაბნეულობის მიუხედავად, ჩვენ მათ თვალებში ჩავხედეთ და ვუთხარით: „აირჩიეთ ერთხელ და სამუდამოდ“, - იხსენებს ფილი.

სწორედ ამ პერიოდში, ჯენამ და ჯილიმ ტყუპებისთვის ორგანიზებულ სახელოვნებო კონკურსში გაიმარჯვეს. გოგონებისთვის გამარჯვებასა და პრიზზე მნიშვნელოვანი სცენაზე დაგისა და ფილის გამოჩენა გახდა, რომლებიც სიყვარულში გამოუტყდნენ და საჯაროდ ცოლობა სთხოვეს.

ტყუპისცალები 1993 წლის 7 აგვისტოს დაქორწინდნენ. რა თქმა უნდა, საქორწინო ცერემონიალის დროს, სიძეები - ერთნაირ ფრაკებში, პატარძლები კი ერთნაირ კაბებში იყვნენ გამოწყობილი.

ძმები არჩევანით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ რომელიმე მათგანს მეორე და რომ აერჩია, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა: „პიროვნულ თვისებებს ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჯენა რომ დაგთან ყოფილიყო და ჯილი ჩემთან, არავითარი ქორწილი არ შედგებოდა... ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირები ვართ, ანუ უფრო ორგანიზებულები, ხოლო ჯილი და დაგი უფრო თავისუფლები არიან“, - ამბობს ფილი.

ქორწინებამდე ჯენა და ჯილი განუყრელები იყვნენ - ერთ ოთახში ეძინათ, ერთ მანქანას მართავდნენ, ერთი საბანკო ანგარიში ჰქონდათ, ერთად სწავლობდნენ ჯერ ბიზნესის სკოლაში და შემდეგ დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტში.

ეს ძმებმაც მშვენივრად იცოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დები არ დაეცილებინათ.

ამჟამად, დაგისა და ჯილის გოგონა, რაილი 19 წლისაა, ხოლო ფილის და ჯენას ვაჟი ტიმი - 18-ის. ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილები არიან, თუმცა, და-ძმასავით იზრდებიან და ამბობენ, რომ სხვებზე ორჯერ მეტი მშობელი ჰყავთ.

ახლახან დაგი და ფილი პენსიაზე გავიდნენ და მეტი დრო აქვთ, გოლფი ითამაშონ ან ტელევიზორს უყურონ.

 

 

 

ნანახი?- 1780

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80