"ივანიშვილმა 2007 წელს საქართველო ომს გადაარჩინა"
რეტრომედია

"ივანიშვილმა 2007 წელს საქართველო ომს გადაარჩინა"

"ივანიშვილმა 2007 წელს საქართველო ომს გადაარჩინა"
„კვირის პალიტრა“, 6 აგვისტო, 2012 წელი

2018-10-11 15:11:31

(იბეჭდება შემოკლებით)

სარწმუნო წყაროებისგან ვიცი, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსი გენერალი ევგენი ბორისოვი საქართველოდან გამდიდრებული წავიდა. ეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრმა პეტრე მამრაძემ დამიდასტურა და აგვისტოს ომის შესახებ არაერთი საინტერესო ცნობა მომაწოდა:

- ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, 2004 წლის 6 მაისიდან დაიწყო, როდესაც ასლან აბაშიძე აჭარიდან გაიქცა. აჭარა ასლან აბაშიძის კლანის ხელში განგსტერიზმის ანკლავი იყო იარაღით ვაჭრობით, ნარკოტრაფიკით. ფოთის პორტი და საბაჟო მას ემსახურებოდა. ასლან აბაშიძე რუსეთის სამხედრო ბაზას საკუთარ შეიარაღებულ ძალასავით ეყრდნობოდა. ბევრს არ ახსოვს, რომ გენერალი ევგენი ბორისოვი, რომელიც 2008 წელს რუსული ჯარის სარდლად მოგვევლინა, ბათუმის სამხედრო ბაზის ყოფილი მეთაური იყო.

ბორისოვმა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "რუსთავი 2"-ს ფანტასტიკური ინტერვიუ მისცა:

Мы, российские военные, ГРВЗ (Группа российских войск Закавказья) расшифровываем как “Группа российских войск всеми забытая”. Москва нас давно забыла - обмундирования нет, жалования нет, снаряжения нет, ни хрена нет. Кто о нас заботиться? Только один человек - Аслан Ибрагимович Абашидзе. Он нас одевает, обувает, жалование платит. Он нам квартиры дал под ключ. Поэтому мы, российские военные, здесь, в Аджарии, поддерживаем Аслана Абашидзе, чтоб он стал президентом Грузии. Когда он станет президентом Грузии, сразу подпишет соглашение с Россией, чтоб наша база осталась тут вечно.

წარმოგიდგენიათ, როგორ უვლიდა მათ ასლან აბაშიძე, რომ აჭარაში სამუდამოდ დარჩენა უნდოდათ.

2004 წლის თებერვალში სააკაშვილი პუტინს შეხვდა. პუტინმა შესთავაზა, 2-3 წელი ცხინვალში ნდობის აღდგენაზე ვისაუბროთ. ნდობა და ურთიერთობა რომ აღდგება, მერე სტატუსზეც გადავიდეთო.

2004 წლის მაისში აჭარის ამბები რომ დაიწყო, ის მადარდებდა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა თავისი ნებით  დაუდგებოდა გვერდით ასლან აბაშიძეს და დაიცავდა. მაშინ სანდო წყაროებისგან გავიგე, რომ პუტინმა გასცა  ბრძანება, - თავი არ გამოყოთ ბაზიდან, თორემ თავებს წაგაცლითო.

ასლან აბაშიძის აჭარიდან გაყვანა რუსებს საქართველოს ხელისუფლებამ სთხოვა.

აბაშიძე ლუჟკოვმა წაიყვანა (რომელიც სპეცრეისით ჩაფრინდა აჭარაში თურქეთის გავლით) და არა ივანოვმა. მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, ჩვენი პირობა იყო, რომ აბაშიძესთან საქართველოს ხელისუფლებას პრეტენზია აღარ ჰქონოდა, მაგრამ  აბაშიძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მაშინ პუტინმა თქვა - ჩვენ სიტყვა შევასრულეთ, სააკაშვილმა კი - გადამაგდოო.

აბაშიძის გაქცევიდან მეორე დღესვე სააკაშვილის ბრძანებით დაიწყო ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალზე: გზების მშენებლობა, სასუქების შეტანა, მაგრამ ეს ხდებოდა ადგილობრივ სეპარატისტულ მთავრობასა და 1992 წელს დაგომისის ხელშეკრულებით შექმნილ შერეულ საკონტროლო კომისიასთან კონტაქტის გარეშე. სეპარატისტებიც, რუსი სამშვიდობოებიც, ჩრდილო ოსეთიც და კრემლიც ამას ტელევიზიით იგებდნენ. ამის გამო ცხინვალში "ალყის სინდრომი" შეიქმნა. საქართველოს ხელისუფლებაში მაშინ გაჩნდა ილუზია, რომ შეიძლებოდა  სწრაფი ოპერაციით ცხინვალის რეგიონის დაბრუნება. გავიდა დრო და სააკაშვილმა მთავრობის შეკრებაზე თქვა, აჭარაში მოპოვებული წარმატების შემდეგ ჩვენ ეიფორიაში ვიყავით, არავინ აგვიხსნა, რაში იყო საქმეო (თუმცა, ვიცი, რომ ჟვანია დღენიადაგ უხსნიდა, არ შეიძლება ამის გაკეთებაო). ამას მოჰყვა 2004 წელს ოქრუაშვილის შესვლა ცხინვალის რეგიონში. მაშინ ხმა გავრცელდა ცხინვალის რეგიონში - მერაბიშვილმა და ოქრუაშვილმა ჩვენს ბიჭებს ერთმანეთი დაახოცინეს იმისათვის, რომ ილუზია შეექმნათ, ბრძოლა დაიწყოო. ეს ჩემთვის ჭორია, რომელიც  ვერავინ დამიდასტურა. ჩემი მონაცემებით, აქ ოქრუაშვილი არ თამაშობდა მთავარ როლს. ეს სააკაშვილის სურვილი იყო.

რომ ნდომოდაოქრუაშვილი ვერ შეეწინააღმდეგებოდა?

- სააკაშვილის გარემოცვაში იცოდნენ, თუ პრეზიდენტის სურვილს დაეთანხმებოდნენ, ეს მისთვის მალამო იყო, მაგრამ თუ მის წინადადებას სკეპტიკურად შეაფასებდნენ, ამის მერე პრეზიდენტის გარემოცვიდანაც გააქრობდნენ.

ცხინვალში (აჭარისაგან განსხვავებული) არსებული რეალობა რატომღაც ვერ დაინახა სააკაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პარტნიორები პირველი დღიდანვე კატეგორიულად აფრთხილებდნენ, რომ სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ შეიძლებოდა.

რატომ არ მოუსმინა სააკაშვილმა მეგობარ ამერიკელებს?

-  სააკაშვილს თავში ჩადებული ჰქონდა, რომ მეორე დავით აღმაშენებელია. საჯარო გამოსვლებშიც არაერთხელ უთქვამს, ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს, თუ ტერიტორიები არ დავიბრუნეო. 2004 წლის 26 მაისს აღლუმზე სააკაშვილმა ოსურად და აფხაზურად მიმართა აფხაზებსა და ოსებს და გაიმეორა თავისი განზრახვა, - შემოემტკიცებინა დაკარგული ტერიტორიები, რითაც გააოგნა დიპლომატები. სააკაშვილი  აფხაზებსა და ოსებს ჰპირდებოდა გაზრდილ უფლებებს, უფართოეს ავტონომიას, მაგრამ აჭარის მაგალითი, სადაც პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდა, საფუძველს აცლიდა მის დაპირებას.

მითებია ის, რომ სააკაშვილი ვინმემ წააქეზა. 2006 წლის მაისში სხვადასხვა ადგილას მითხრეს, 7 ივლისს (ყურადღება მიაქციეთ თარიღს 07.07) ცხინვალში შევდივართ, ამერიკელები ჩვენთან ერთად იბრძოლებენო. მელას რაც ელანდებოდა, ის ეზმანებოდა.

სასურველის სინამდვილედ გასაღებამ ჩვენში ეროვნული უბედურების მასშტაბს მიაღწია. ჯონ ბასმაც ზუსტად იგივე თქვა, - ეს საზოგადოება ჯერჯერობით გაცილებით ადვილად და დიდი ხალისით იჯერებს ჭორებს, ტყუილებს, შეთქმულების თეორიებს, ვიდრე ფაქტებით დამტკიცებულ რეალობას, რომელიც მის ცხვირწინ არისო. დღესაც მითებში ვართ.

ორი კვირის წინ რიგის ქუჩაზე შემხვდა კაცი და მეკითხება, გაიგე, მიშა შეხვდა ივანიშვილს და დაუდო 32-კაციანი სია, ამათზე მომეცი ხელშეუხებლობის გარანტია და მივდივარო.

ამ საქმეში შეიძლება უწმინდესიც ჩადგეს და ბიძინაც მისცემს გარანტიას, აბა, რაო. რეალობა კი ისეთია, რომ ეს 32 კაცი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს, რადგან წასასვლელი არა აქვს. ბოლო თვის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანისგან მოვისმინე ეს ინფორმაცია: ზოგი 28 კაცს ამბობდა, ზოგიც - 32-ს. ჩვენი საზოგადოებისთვის ჭორი ბევრს ნიშნავს.

ჩვენ 2006 წლის მაისზე ვსაუბრობდით...

-  სამხედრო მოქმედებების დაწყებას რომ აპირებდნენ,  ერთმა მთავრობის წევრმა კანკალით მითხრა, არ ვიცი, მხარს გვიჭერენ თუ არა ცხინვალში შესვლაზე ამერიკელებიო. ნოღაიდელმა - ოქრუაშვილი არაფერს წყვეტს, ეს ყველაფერი ამისგან არისო და სააკაშვილის პორტრეტზე მიმითითა, მგონი, ვიღუპებითო. ზურას ჩავეკითხე, რას ნიშნავს, ვიღუპებით-მეთქი? კონდოლიზა რაისი ვეღარ აჩერებსო. ბუში-მეთქი? მხრები აიჩეჩა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს-მეთქი და

აშშ-ის ელჩთან, ჯონ ტეფტთან წავედი. ვუთხარი, რაც გავიგე და თავზე შემოიჭდო ხელები, ჩემამდეც მოვიდა ეს ხმა, მაგრამ ეს ხომ აბსურდია,  არ დაიჯეროო.

მანამდე ერთ უცხოელ მეგობარს ვაკითხვინე ამერიკელებთან, რას ეუბნებოდნენ ჩვენს ხელისუფლებას ცხინვალსა და აფხაზეთში სავარაუდო სამხედრო მოქმედებებზე. მეგობარმა მითხრა, ამერიკელები აფრთხილებენ, თქვენ შეგიძლიათ ერთი ბრძოლა მოიგოთ, მაგრამ ამის შედეგი ის იქნება, რომ რუსები შემოვლენ და მიწასთან გაგასწორებენ. თანაც, ამას ხალისით გააკეთებენ და ნუ მიანიჭებთ ამ სიამოვნებასო. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდმაც დაწერა შარშან, 27 სექტემბერს.

2006 წლის 2 ივლისს სააკაშვილი უკვე "ძია ჟორასთან" (თბილისში ასე ეძახდნენ) - ჯორჯ ბუშთან იჯდა. ტეფტმა და სხვებმა მითხრეს, იმდენად ცხადად აუხსნა ბუშმა, რომ სამხედრო მოქმედებებზე არ უნდა იფიქროს, რომ 10 თვე მაინც ეყოფაო.

2007 წელს  მომივიდა ხმა, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ისევ სამხედრო მოქმედებებზე ფიქრობდნენ. ნოღაიდელს არ აკარებდნენ ოქრუაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილის "ტროიკას". ზურაბმა მითხრა, მე მხოლოდ ეკონომიკურ და ფინანსურ კომპონენტზე ვუმახვილებ ყურადღებას და ვეუბნები, ჯარი მომარაგების თვალსაზრისით მზად არ არის-მეთქი. მაშინ სააკაშვილის ნებართვით ზურაბმა ინსპექცია ჩაატარა, მთელი ბაზები მოიარა და არსად უმაღლესი ოფიცრობა არ დახვდა. ეს, ცხადია, ოქრუაშვილმა გააკეთა. ნოღაიდელმა სააკაშვილს უთხრა, საბოლოოდ დავრწმუნდი, სამხედრო ოპერაციას აზრი არა აქვსო. სააკაშვილისთვის ამის თქმა ნიშნავდა მაგიდების გადაბრუნებასა და გრაფინების დალეწვას, გინებასა და უბედურებას.

რონალდ ასმუსი თავის წიგნში "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" წერს (ოღონდ ქართულ ვარიანტში ეს აღარ არის): "2007 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლება მივიდა იმ ზღვრამდე, რომ სამხედრო ძალა გამოეყენებინა ცხინვალის დასაბრუნებლად, მაგრამ ბოლო მომენტში გაჩერდა და უკან დაიხია". ქართულ თარგმანში, რომელიც დავით დარჩიაშვილის რედაქტირებულია, ეს ფრაზა (ისევე როგორც ბევრი სხვა) აღარ არის. რაც ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო, ასმუსის წიგნის თარგმანში ეს ეპიზოდები შეარბილეს ან ამოიღეს.

რამ ან ვინ გადააფიქრებინა სააკაშვილის ხელისუფლებას მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა?

- რამდენიმე თვის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, გავიგე ის, რაც მანამდე ჭორად მესმოდა. ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაწერა, როდესაც ვანო მერაბიშვილს მიმართა, - გახსოვს, ვანო, რომ დავყევი სააკაშვილის ხვეწნას, შევხვდი ბოკერიას და 40 წუთში დავუსაბუთე, რომ რასაც აპირებდა, წმინდა წყლის ავანტიურა იყო. ბოკერია ამტკიცებდა, რომ რუსი სამშვიდობოები გაიწევდნენ, ჩვენ შევიდოდით ცხინვალში და ეს პრობლემა გადაწყდებოდა. ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს მიმართავს, გახსოვს, ვანო, შენ მაშინ აღტაცებას ვერ მალავდი, რომ ეს ყველაფერი 40 წუთში დავუმტკიცე ბოკერიას და მანაც უკან დაიხიაო. ივანიშვილი იხსენებს, რომ მაშინ სააკაშვილმა ჰკითხა, თვითონ რუსებმა რომ შემოგვთავაზონ ეს, მაშინ როგორ მოვიქცეთო? ამაზე ივანიშვილის პასუხი იყო, სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გააკეთებს განცხადებას (რომ მიესალმებიან საქართველოს იურისდიქციის აღდგენას ცხინვალში), მანამდე, სულ რომ გაჩუქონ ცხინვალი, არ დაუჯეროთ. მაშინ შევძელი ამ გეგმების შეჩერება, მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ თქვენ მაინც იმოქმედეთ ამ სქემით და რაც მივიღეთ, ხედავთო.

რას ნიშნავდა სააკაშვილის ნათქვამი, "რუსებმა რომ გვითხრან"? ჰქონდა რუსებისგან ისეთი სიგნალირომ ცხინვალს თმობდნენ?

- 2008 წელის ივლისში სააკაშვილი ამბობდა, ცხინვალის დაბრუნება რამდენიმე კვირის ამბავია. რუსებმა თვითონ თქვეს, რომ ცხინვალი არ აინტერესებთ. მათ ეს ჩემთან არაერთხელ წამოსცდათო. ვისთან შეიძლება ელაპარაკა სააკაშვილს? შეიძლება იგულისხმა ბოლო შეხვედრები პუტინსა და მედვედევთან. ასევე შეიძლება ეგულისხმა საქართველოში რუსეთის ელჩი კოვალენკო, მაგრამ სააკაშვილს რატომღაც დაავიწყდა, რომ ჩეკა-კა-გე-ბეს თანამშრომლები წამოცდენების დიდოსტატები არიან. იმ ორგანიზაციაში ოდითგანვე ასწავლიან, რომ არსებობს დეზა” - დეზინფორმაციის გავრცელება. სააკაშვილმა კი ასეთი "წამოცდენები" სკოლის მოსწავლესავით გადაყლაპა. 8 აგვისტოს ღამით ცხინვალში ტრიბუნა და დროშები გაგზავნეს, სააკაშვილს ცხინვალში გამოსვლის ტექსტიც გამზადებული ჰქონდა, ჩემო საყვარელო ოსებო და ქართველებო, კოკოითი გაიქცა, ცხინვალი თავისუფალიაო და მაშინვე ფეიერვერკი გაიმართებოდა.

აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე, 9 ივლისს, კონდოლიზა რაისი სწორედ იმისთვის ჩამოვიდა საქართველოში, რომ სააკაშვილისთვის ამ განზრახვაზე ხელი აეღებინებინა. ადამიანი, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, მიყვებოდა, კონდოლიზა რაისი როგორ უყვიროდა სააკაშვილს, იცოდე, ომი თუ მოხდება, შენ მარტო იქნებიო. კონდოლიზა რაისი იმავეს წერს თავის მემუარებში, ოღონდ დიპლომატიურ ენაზე.

2008 წელის ბოლოს NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ლინკოლნ მიჩელის საჯარო ლექციას ვესწრებოდი, სადაც უამრავი კითხვა დასვეს, მათ შორის, აუნთო თუ არა მწვანე შუქი ვაშინგტონმა სააკაშვილს, რომ სამხედრო ოპერაცია წამოეწყო. მიჩელმა ამ კითხვას ასე უპასუხა: როგორც ჩანს, იყო სულ ერთი შემთხვევა, როდესაც თქვენი პრეზიდენტის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ვაშინგტონიდან მოისმინა ფრაზა, რომელსაც ინტერპრეტირება ისე გაუკეთა, როგორც უნდოდაო. ამის მერე დავიწყე ძიება, ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ფრაზა და დავასკვენი, რომ დიკ ჩეინისგან. დაახლოებით შემიძლია სააკაშვილისა და ჩეინის საუბრის რეკონსტრუირება. მიშა ეტყოდა, - ჩვენ ომი კი არა, ჩვენი პატარა სამშობლოს დაცვა გვინდა. თუ რუსები წამოვლენ, ისე არ გავიქცევით, როგორც 1921 წელს გაიქცა საქართველოს მთავრობა.  დიკ ჩეინი კი ეტყოდა: ომი არავის უნდა, მაგრამ თუ საქართველო ამ დღეში აღმოჩნდება, მთელი თავისუფალი სამყარო თქვენ Gგვერდში დადგებაო. სულ ეს იქნებოდა, მეტი არაფერი, მაგრამ სააკაშვილისთვის ესეც საკმარისია.

როდესაც სააკაშვილის ვარაუდი არ გამართლდა და ცხინვალში ვერ შევიდარა ხდებოდა მთავრობაში?

- მეთიუ ბრაიზა რომ შევიდა პრეზიდენტის სასახლეში, კედლებიდან ჩამოხსნილი სურათები დახვდა. 9 აგვისტოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, სადაც ჩაიწერა, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ და არა 7-ში, რასაც მერე აბრალებდნენ. 9 აგვისტოს ჩვენი ტელევიზია აცხადებდა, რომ 55 რუსული თვითმფრინავი აკონტროლებდა საქართველოს ცას. 10 აგვისტოს მიშა პარლამენტში უნდა მოსულიყო და არ მოვიდა. მითხრეს, რომ უწმინდესი ურეკავდა და ყურმილს არ იღებდა. მერე იყო დავით ბაქრაძის ცნობილი ტრაგიკომიკური გამოსვლა, რომ მოსახლეობას გაეწია წინააღმდეგობა რუსული ჯარისთვის.

 

 

 

 

 

 

ნანახი?- 201

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80