„არ ვიცი, ნინო პაპაჩაშვილს რა შაბლონი მოჰპარეს, მაგრამ მას არაერთხელ ჰქონდა კათედრის წინააღმდეგ საჩივარი დაწერილი“
საზოგადოება

„არ ვიცი, ნინო პაპაჩაშვილს რა შაბლონი მოჰპარეს, მაგრამ მას არაერთხელ ჰქონდა კათედრის წინააღმდეგ საჩივარი დაწერილი“

„არ ვიცი, ნინო პაპაჩაშვილს რა შაბლონი მოჰპარეს, მაგრამ მას არაერთხელ ჰქონდა კათედრის წინააღმდეგ საჩივარი დაწერილი“
მანანა ნოზაძე

2018-10-09 20:00:14

მართავს თუ არა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სიტუაციას საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე და რას პასუხობს თავისი ოპონენტების ბრალდებებს, ამის შესახებ For.ge ავთანდილ სილაგაძეს ესაუბრა.

ავთანდილ სილაგაძის თქმით, მის ოპონენტებს, მათ შორის, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს ნინო პაპაჩაშვილს არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ აქვს, პიროვნულად დაადანაშაულოს იგი. თუ რაიმე კონკრეტული ფაქტები გააჩნიათ, სრული უფლება აქვთ, მედიას გაუმხილონ. უბრალოდ, საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით კონკურსში სულ სამი კონკურენტი მონაწილეობდა და სამივე მის კათედრაზე მუშაობდა. ერთი იყო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეორე- აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მესამე იყო ქალბატონი ნინო პაპაჩაშვილი, ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი.

14 ხმა ჰქონდა კომისიას, 2-2 ხმა ჰქონდა კომისიის თითოეულ წევრს, მაგრამ კონკრეტულად ნინო პაპაჩაშვილმა 14 ხმიდან მიიღო ნული ხმა. კომისიაში იყვნენ სხვადასხვა კათედრის წარმომადგენლები, ზოგიერთი არაუნივერსიტეტელიც იყო და სწორედ კომისიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

„მე არც კომისიის წევრი ვყოფილვარ, არც მონაწილეობა მიმიღია ამ საქმეში, ოქმებთან დაკავშირებითაც შეხება არ მაქვს. მე მგონი, მათ სარჩელი შეტანილი აქვს სასამართლოში, რაც ნორმალურია. თავის დროზე მეც ვდავობდი სასამართლო წესით, როდესაც კონკურსში ვერ გავედი. იმ დროს აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახლდით და მოვიგე სასამართლო. კომისიამ რატომ არ მისცა ნინო პაპაჩაშვილს ხმა, ხოლო მისმა კონკურენტებმა რატომ მიიღეს მაქსიმალური ხმა, ესეც არ ვიცი, რადგან კომისიამ ეს ფარულად გააკეთა. არც მაქვს უფლება, კომისიას ვკითხო, რის გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. კომისიასთან დაკავშირებით მე არაფერი არ მეხება.

პაპაჩაშვილმა გააპროტესტა უნივერსიტეტის სააპელაციო კომისიაში, სადაც მას უპასუხეს, რომ არავითარი პროცედურული დარღვევები მის მიმართ კომისიას არ ჩაუდენია. ეს შედეგი დაამტკიცა აკადემიურმა საბჭომ“, - აღნიშნა ავთანდილ სილაგაძემ.

რაც შეეხება ვეშაპიძეს, რომლის კონკურსში გაყვანასაც აბრალებენ ავთანდილ სილაგაძეს, სილაგაძე გვპასუხობს, რომ ნინო პაპაჩაშვილი სტუდენტი იყო, როცა ვეშაპიძე ლექტორი გახლდათ. ვეშაპიძე მათთან მუშაობდა კათედრაზე, მან დიდი სამუშაო გასწია, როგორც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, კვალიფიციურმა სპეციალისტმა.

„არ ვიცი, ნინო პაპაჩაშვილს რა შაბლონი მოჰპარეს, მაგრამ მას არაერთხელ ჰქონდა კათედრის წინააღმდეგ საჩივარი დაწერილი. საერთაშორისო ეკონომიკა საქართველოში არ არსებობდა, როდესაც მე პირველად საბჭოთა საქართველოში შემოვიტანე ჩემი დეკანობის დროს და მე თვითონ მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკაში ჯერ კიდევ ადრე დაცული საკანდიდატოც და სადოქტოროც“.

რაც შეეხება ოჯახურ ინტერესს, ავთანდილ სილაგაძის თქმით, მისი მეუღლე 25 წელია, მუშაობს უნივერსიტეტში სრულიად სხვა კათედრაზე. ავთანდილ სილაგაძის მისვლამდე მისი მეუღლე სწორედ მის კათედრაზე მუშაობდა, მაგრამ ახლა ის სხვა კათედრაზეა, 25 წელია, უნივერსიტეტიდან არ გასულა და კონკურსის შედეგად მუშაობს. რაც შეეხება ავთანდილ სილაგაძის შვილს, მან უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ ბრიტანეთში სწავლობდა მაგისტრატურაში და დოქტორანტურაც დაამთავრა, მაგრამ ვინმეს რაიმე რომ არ ეთქვა, მამის კათედრაზე სპეციალურად არ მოღვაწეობდა.

„უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გავლისა და უნივერსიტეტის შენობაში შესვლის უფლება, მე მგონი, ყველას აქვს. მე ადმინისტრაციული თანამდებობა არ მიჭირავს, რომ ოჯახის წევრი მექვემდებარებოდეს. თუ ნინო პაპაჩაშვილმა უნივერსიტეტისთვის შრომები დაწერა, ასეთივე შრომები, თუ მასზე მეტი არა, დაწერილი აქვთ მის კონკურენტებსაც და ეს უკვე კომისიამ შეაფასა. რას ნიშნავს, ინტრიგებით ვმართავთ უნივერსიტეტის კონკრეტულ კათედრას? ახალგაზრდებიც არიან უნივერსიტეტში, კათედრაზეც და გვყავს ასაკოვნებიც. ერთი ადამიანი 65 წელზე მეტი ხნისაა, დანარჩენები ჩვენს კათედრაზე ნაკლები ასაკისანი არიან. ახლა პირდაპირ პროფესორი ხომ არ გახდება ახალგაზრდა? ახალგაზრდამ უნდა გაიაროს გარკვეული საფეხური. ლექტორი და მეცნიერი გამოცდილი უნდა იყოს. გამოცდილების მქონე ადამიანი უფრო მეტ წარმატებას აღწევს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურსმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი“, - მიიჩნევს ავთანდილ სილაგაძე და არ მალავს, რომ  სამივე კონკურსანტს შეეძლო კონკურსში გაემარჯვა, მათ შორის, ქალბატონი ნინო პაპაჩაშვილიც, მაგრამ ადგილი იყო ორი და კომისიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ავთანდილ სილაგაძე, ასევე, ადასტურებს, რომ საერთაშორისო ეკონომიკის შესახებ წიგნი მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა, იგი თავად იყო რედაქტორი და წიგნი ერთადერთი ცალი გამოვიდა.

„აბსურდია ნინო პაპაჩაშვილის ბრალდება, იმ წიგნის დამალვა ვის რაში სჭირდებოდა? მე არ მინდა, ახლა ვისაუბრო წიგნის თარგმანის პროცესში მან რა გააკეთა. არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც დაამტკიცებს, რომ ვინმეს საქმეში ვერეოდი. უბრალოდ, იმ წიგნის ერთი ეგზემპლარი მოიტანეს ჩემთან, გადავხედე ერთი საათით და ჩავაბარე ბიბლიოთეკას. არ მაქვს ჩემი ნამუშევრის გადახედვის უფლება? პაპაჩაშვილთან ერთად იმ წიგნის ავტორები არიან კათედრის ყველა წევრი, ზოგი თარჯიმანია, ზოგი სარედაქციო კომისიის წევრი. პროფესორი ვეშაპიძეც და პროფესორ თორთლაძის შვილიც იმ წიგნის სარედაქციო კოლეგიის წევრებად არიან შეყვანილნი იმავე წესით, რომელი წესითაც თვითონაც იყო შეყვანილი ნინო პაპაჩაშვილი. ვინც იმუშავებდა იმ წიგნზე, თავისუფლად შეგვეძლო შეგვეყვანა“.

For.ge დაინტერესდა, ზოგადად, რატომ იქმნება ამდენი პრობლემა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, რის პასუხადაც თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტიდან გვაცნობეს, რომ 2018 წელს უნივერსიტეტში 300-ზე მეტ აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებული იყო კონკურსი, სადაც უნივერსიტეტის მასშტაბით, 450-მდე განაცხადი შევიდა.

იურიდიული დეპარტამენტის ცნობით, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ სამმა მონაწილემ გაასაჩივრა სასამართლოში.

„ზოგადად, კონკურსის ბუნება გულისხმობს არჩევანის გაკეთებას და ისიც გვესმის, რომ ამ პროცესს თან ახლავს კონკურსში მონაწილეების მხრიდან ვნებათაღელვა. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიების პარალელურად სააპელაციო კომისიაც მუშაობდა. ყველა აპლიკანტმა, ვინც არ ეთანხმება საბოლოო გადაწყვეტილებას, იცის, რომ მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს“, - აღნიშნეს თსუ-ის იურიდიულ დეპარტამენტში.     

 

ნანახი?- 2048

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80