თფილისელ მუშათა და ბ. ჯუღაშვილის „სკანდალური“ შეხვედრა
რეტრომედია

თფილისელ მუშათა და ბ. ჯუღაშვილის „სკანდალური“ შეხვედრა

თფილისელ მუშათა და ბ. ჯუღაშვილის „სკანდალური“ შეხვედრა
„თავისუფალი საქართველო“, 26 ივლისი, 1921 წელი

2018-09-13 13:40:16

ბ. ჯუღაშვილმა თფილისში ჩამოსვლის შემდეგ მოისურვა ჩვენი მუშების შეხვედრა და ნაძალადევის მუშათა სასახლეში კრება მოიწვია მოხსენების გასაკეთებლად.

მოხსენების გარეგნული ტონი ბოლშევიკისათვის მეტად ზრდილობიანი და რბილი იყო. სხვათა შორის, მან განაცხადა, რომ მენშევიკებისთვის მას არასოდეს არ უწოდებია კონტრევოლიუციონერები. არსებითად კი მთელი მოხსენება მენშევიკების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მუშები ხშირად აწყვეტინებდნენ რეპლიკებით: უძახდნენ „ტყუილია“ და სხ. როცა მომხსენებელმა სხვათა შორის განაცხადა, რომ ჩვენ მთელი საფრანგეთის მუშათა კლასი მხარს გვიჭერსო - ხალხიდან დაუძახეს: „ალბათ ისე, როგორც ჩვენშიო!“.

როგორც იყო მან მოხსენება დააბოლოვა, მარა როცა მის შემდეგ ვიღაც ადგილობრივმა კომუნისტმა მოინდომა ლაპარაკი, მას ამის ნება აუდიტორიამ არ მისცა.

ილაპარაკა ალექ. დგებუაძემ, რომელმაც მუხლობრივ გაარჩია მომხსენებლის ყველა დებულება. ხალხი მას დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. როცა ორატორმა სიტყვა დაასრულა, ვიღაცამ წამოიძახა: აქ ისიდორე რამიშვილია და ვთხოვოთ ილაპარაკოსო. მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და დაუსრულებელი ტაშისცემით შეხვდა ამ განცხადებას.

შემდეგ სადღაც კუნჭულში აღმოაჩინეს ისიდორე, ეტაკენ, აიყვანეს ხელში და ისე მიიტანეს ტრიბუნაზე. მას ნება ქონდა 20 წუთის ლაპარაკისა, მარა დარბაზის კატეგორიული მოთხოვნით ილაპარაკა 3 საათი. სიტყვას წამდაუწუმ მქუხარე ტაშისცემით აწყვეტიებდნენ.

ასეთი „სკანდალით“ დასრულდა „დიდი“ კომისრის გამოსვლა! სხვათა შორის ამ მიზეზითაც ხსნიან მენშევიკების გაძლიერებულ ჭერას.

საბრალო კომუნისტები! დაშინებით ფიქრობენ დააფრთხონ და მიიმხრონ 25 წლის ბრძოლაში გამოწვრთნილი ქართველი მუშა!

 

 

 

 

ნანახია - 131

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80