სტრუქტური ცვლილებების არსი – პროკურატურიდან შსს–ში
პოლიტიკა

სტრუქტური ცვლილებების არსი – პროკურატურიდან შსს–ში

სტრუქტური ცვლილებების არსი – პროკურატურიდან შსს–ში
მართა ლაბაძე

2018-09-12 18:55:34

31 აგვისტოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

რეორგანიზაცია შეეხება ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს; რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს. ასევე აჭარის ა–რ პროკურორებს და მათ მოადგილეებს; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს.

თადუმაძის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ატესტაციას, მრავალკომპონენტიან შეფასებასა და მთავარ პროკურორთან გასაუბრების ორგანიზებას უზრუნველყოფს. მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების პარალელურად საკადრო ცვლილელებია შსს–ში.

for.ge–ს ინფორმაციით ოლქის პროკურორების ნაწილი შსს–ში გადაინაცვლებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამეგრელოს ოლქის პროკურორის მოადგილე გიგა კოკაია, შსს–ში გადაინაცვლებს და სათავეში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს ჩაუდგება. ამავე წყაროს ინფორმაციით, რაიონის პოლიციის განყოფილებებში დაგეგმილია რამოდენიმე დეპარტამენტის გაუქმება.

როგორი სახით ჩამოყალიბდება მიმდინარე რეორგანიზაცია და ემსახურება თუ არა ეფექტური მმართველობის შექმნას, ამის პროგნოზირება უჭირთ სამართლის ექსპერტებს. იურისტის, ლევან ალაფიშვილის შეფასებით, რეორგანიზაცია მისთვის ეფექტურობისკენ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს და არა მექანიკურ გადაადგილებებს.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ყველა საჯარო დაწესებულებებში სწორედ მექანიკურ გადაადგილებებს უფრო იღებენ, ვიდრე შინაარსობრივს. გავიხსენოთ იგივე მთავრობის თითქოსდა სტუქტურული ცვლილება, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა სამინისტროების მექანიკური გაერთიანება. ანალოგიური ვითარებაა ამ შემთხვევაში. სანამ საზოგადოება არ შეთანხმდება და არ მოსთხოვს მთავრობას მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილება და არა დასაქმების ბიურო, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე საკუთარი კომფორტის შექმნა–შენარჩუნება, მანამდე გვექნება ეს ვითარება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

რაც შეეხბა პროკურატურაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს, ალაფიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემა, ბრალდება და დაცვის მხარე. თუ ამ მიმართულებით ერთიანი რეფორმა არ გატარდა, ყველა ცვლილება იქნება მექანიკური.

„პროკურატურის დანიშნულება რა არის – უნდა იყოს ნეიტრალური, საზოგადოების ადვოკატი, რომელიც სასამართლოში დაიცავს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. შესაბამისად, თუ ერთიანად არ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი, შიგნით რომელიღაც დეპარტამენტში თანამშრომლის გადაადგილება, შინაარსს გამოცლილია“, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

იურისტი, სამართლის ექსპტერი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ სტუქტურული ცვლილება თავისი შინაარსით ნიშნავს უწყების შიგნით დანაყოფებისა და მათი ფუნქციების მნიშვნელოვან ცვლილებას. იცვლება არა მარტო კადრები, არამედ დანაყოფები, მათი ფუნქციები და საქმიანობის მიმართულება. როგორ განახორციელებს ამას პროკურატურა, მუხაშავრიას განცხადებით, ეს მთავარი პროკურორის გადასაწყვეტია.

„სტრუქტურული ცვლილებები რომ აუცილებელია, ამაზე წლებია ყველა საუბრობს, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. უბრალოდ, რა გეგმის და პოლიტიკის მიხედვით მოხდება ცვლილებები, ეს არის მნიშვნელოვანი. კარგი იქნებოდა უწყებას წინასწარ გაეცნო საზოგადოებისთვის,

ეთქვა რა კონცეფციით მოხდება სტრუქტურული ცვლილებები და რამდენად ნიშნავს ეს კადრების ცვლილებას. მთავარია კონცეფქტუალური ნაწილი, რა კონცეფციით მოხდება სტრუქტურული ცვლილების განხორციელება. უბრალო გადაადგილება, ან კადრების ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში გადასვლა არ იქნება სტრუქტურული ცვლილება, როგორც ეს განათლების მინისტრმა გააკეთა“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ლია მუხაშვრიამ.

ნანახია - 1860

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80