აზარტული თამაშები 25-წლამდე ადამიანისთვის შეიძლება სრულად აიკრძალოს
ეკონომიკა

აზარტული თამაშები 25-წლამდე ადამიანისთვის შეიძლება სრულად აიკრძალოს

აზარტული თამაშები 25-წლამდე ადამიანისთვის შეიძლება სრულად აიკრძალოს
ბექა დანელია

2018-08-23 11:00:36

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. საქმე ეხება ასკობრივი ზღვარის გაზრდას და სხვა რეგულაციებს. მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა, პარლამენტში ცვლილებებს არ ჩქარობენ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კორექტირებული სახით გავა.

„ამჯერად საუბარია ორ ცვლილებაზე, ესენია აზარტული თამაშების 25-წლამდე აკრძალვა. მოგეხსენებათ, მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იყო განსაზღვრული. და მეორე, სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამის აკრძალვა რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან 100-მეტრის რადიუსში, საჯარო სექტორში მომუშავე პირთათვის და ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციართათვის აზარტული თამაშების აკრძალვის უზრუნველყოფაც“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

 აღნიშნული ცვლილებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბანკირთა ასოციაციის („აფბა“) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძეც. თუმცა მისივე თქმით, ზოგადად ცვლილებები, პირველ რიგში, უნდა შეეხოს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს - საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შემოღება.

„ბუნებრივია, ასაკობრივი ცენზიც მნიშვნელოვანია და სარეკლამო ბადეც. თუმცა ასაკთან დაკაშირებით, ვფიქრობ 21 წელი საკმარისია და ასეა უმეტეს ქვეყნებში. რაც შეეხება რეკლამის შესახებ კანონს, უმჯობესია ის აისახოს სატელევიზო ბადეზეც. აქვე მინდა ხაზი გავუსვა პრიორიტეტების განსაზღვრას. როდესაც საუბარია აზარტული თამაშების რეგულირებაზე, ამოსავალი წერტილი გახლათ საკანონმდებლო ბაზის შექნა. სანამ ეს უაკანსკნელი არ მოგვარდება, მანამდე არაფერს აზრი არ აქვს. სწორედ საკანონმდებლო ბაზის შექმნით იქნება შესაძლებელი განისაზღვორს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობა, ასევე სექტორში არსებული ფინანსების ოდენობაც“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ კაპანაძემ.

თითქმის ყველა თანხმდება, რომ ამ სფეროში საჭიროა დიდი და მკაცრი რეგულაცია. აზარტული თამაშები არის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სფერო, შესაბამისად, ფულის „ამოღების“ რისკიც მაღალია. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ემხრობა ონლაინ თამაშების მკაცრ რეგულირებას, რადგან ეს სფერო დღეს სრულად დერეგულირებულია და ასე გაგრძელება შეუძლებელია.

„არათუ სხვისი პირადობით, არამედ საერთოდ მოგონილი სახელით და ნომრებით დარეგისტრირებაც კი შესაძლებელია ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებში. პირველ რიგში, ადმინისტრირების დონეზე უნდა მოხდეს ამის მოწესრიგება, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ დარეგისტრირება სხვისი მონაცმებით ან მონაცემების გარეშე. გარდა ამისა, ყველა საკრედიტო ინსტიტუტს უნდა მიუწვდებოდეს ხელი სპეციალურ ბაზაზე, რომ „მოთამაშეებზე“ სესხი არ გასცენ აზარტული თამაშების დასაფინანსებლად.

უნდა ვაღიაროთ, რომ აზარტული თამაშები არის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი სფერო. დიდი ალბათობაა, რომ „მოთამაშეებმა“ ნასესხები თანხა ვერც დააბრუნონ. არის შემთხვევები, რომ ზოგიერთი ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია პირდაპირ აზარტული თამაშების „ექაუნთებზე“ რიცხავს თანხას. ეს საერთოდ არანორმალური რამაა.

ჩვენთან ადამიანები მიიჩნევენ, რომ თამაშებით შეუძლიათ იაფი და მარტივი ფულის შოვნა. სწორედ ასე უბედურდებიან და უარეს მდგომარეობაში ვარდებიან არა მარტო ისინი, არამედ მათი ოჯახებიც, რომლებსაც ყველაფრის გაყიდვა უწევთ. აუცილებელია რეგულაციები და ამის შემდეგ მსგავსი ბაზების არსებობაც“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

ნანახი?- 1759

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80