„მარიხუანას მომხმარებელთა 50-60-70% გადადის სხვა ნარკოტიკზე“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„მარიხუანას მომხმარებელთა 50-60-70% გადადის სხვა ნარკოტიკზე“

„მარიხუანას მომხმარებელთა 50-60-70% გადადის სხვა ნარკოტიკზე“
მანანა ნოზაძე

2018-08-06 20:30:52

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი, ან ავიადისპეტჩერი“, -ამ სიტყვებით დავით სერგეენკო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების თაობაზე. მინისტრმა ირონიით შენიშნა, რომ თურმე საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩდა უფრო მაღალი ექსპერტიზის უნარი, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს.

ამ დარგის ექსპერტი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მან თავად დაუსაბუთა მარიხუანას მავნებლობის შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ სხვა გზა არჩიეს.

როგორ ფიქრობთ, 4 მილიონ ადამიანზე უკეთ მარიხუანას ავკარგიანობის შეფასება 4 მოსამართლეს შეუძლია? საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მარიხუანა შეუძლიათ ჩვეულებრივ მაღაზიაშიც შეიძინონ მსურველებმა და თავისუფლად გაიყიდოს?

- სად და როგორ გაიყიდება მარიხუანა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რომ შეუძლიათ თავისუფლად მოიხმარონ ეს ნარკოტიკი, ნამდვილად ასეა. დღევანდელ სიტუაციაში ყველამ ვიცით და კიდევ ერთხელ გაუსვა ბატონმა ივანიშვილმა ხაზი, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა, ამ ფონზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება და, მით უმეტეს, ჩვენი პრეზიდენტის მიერ ამის გამართლება დანაშაულებრივი ქმედებაა ქართველი ერის წინაშე.

რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ მარიხუანას ლეგალიზების მომხრეებს? ფულადი დაინტერესება? შესაძლოა, მათთვის არაფერს ნიშნავდეს სასულიერო პირთა განცხადება, რომ ნარკოტიკის მოხმარება უდიდესი ცოდვაა, მაგრამ ფაქტია, რომ ნარკოტიკზე მოძალებულ ადამიანს გენეტიკური უნარიც უქვეითდება.

- ფაქტია, რომ ეს დემოკრატიის დიდი სიყვარულით არ არის გამოწვეული. შვედეთი ავიღოთ, არა მგონია, ჩვენ პრეტენზია გვქონდეს, რომ შვედეთზე უფრო დემოკრატიული ქვეყანა ვართ, შვედეთში ნებისმიერი ნარკოტიკის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება. სხვა საკიხია მერე, ციხეში ჩასვამენ, თუ არა, მაგრამ შვედეთში, ამ დემოკრატიულ ქვეყანაში, დარჩენილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ჩვენ კი რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში, როდესაც არც მედიცინისთვის გვყოფნის ფული, არც სოციალური სფეროსთვის, ასეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი რომ გამოვთქვა, შეიძლება ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნას. ყოველ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ გზას გაყვება, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ჩქარა ქართველები აღარ ვიქნებით ამ ქვეყნად. ეს შეიძლება ძალიან ბევრ ვინმეს აწყობდეს და ბევრი ვინმე შეიძლება ამისთვის ფულს იხდიდეს.

ალბათ, უფრო გარე ძალებს გულისხმობთ, ვიდრე შიდა არაკეთილმოსურნეებს.

- დიახ, გარე ძალებს ვგულისხმობ. მაგალითად, ავღანეთიდან ჰეროინის მოპოვება სულ უფრო იზრდება. სპარსეთიდან ჰეროინი მიდის ევროპაში, უფრო კონკრეტულად, სპარსეთიდან გზა გადის სომხეთისკენ ან აზერბაიჯანისკენ, შემდეგ გზა მოდის საქართველოსკენ და მერე მიდის ევროპაში. მეორე ვარიანტია თურქეთიდან ნარკოტიკების გავრცელება. ხომ წარმოგიდგენიათ, ნარკომოვაჭრეებს რამხელა მოგება აქვთ და რამდენი ხარჯის გაწევისთვის არიან მზად, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც ბევრი ნარკომანია, ძალზე იოლია გზის გაკვალვა. სხვათა შორის, მე მგონი, ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ის ქვეყანა, სადაც ბევრი ნარკომანია, ჰგავს იმუნოდეფიციტით, ანუ შიდსით დაავადებულ ადამიანს, რომელსაც ნებისმიერი ინფექცია ერევა. ასეთ ქვეყანას ნებისმიერი კორუფციული გარიგება მოერევა და კანონმდებლობა და კანონი მეორე და მეხუთე ადგილზე გადავა. წარმოიდგინეთ, ჩვენ ახლა პრეტენზია გვაქვს ნატოში შესვლაზე. ნატოში ჩვენი ჯარისკაცი როგორ უნდა შევიდეს, თუ ის ნარკოტიკის მომხმარებელია?

აბსოლუტურად სწორია დავით სერგეენკოს ნათქვამი ქირურგსა და ავიადისპეტჩერზე, მაგრამ ავიღოთ რიგითი ჯარისკაცი, პოლიციელი. განა შეიძლება მარიხუანას მომხმარებელი სამშობლოს დამცველი იყოს, ტანკზე დავსვათ, ან ტყვიამფრქვევთან? აღარაფერს ვამბობ, რომ მარიხუანას მომხმარებელთა 50-60-70% გადადის სხვა ნარკოტიკზე, ანუ ეძალება ე.წ. მძიმე ნარკოტიკს, გააჩნია ქვეყანას. ეს ყველაფერი ცნობილია და ისიც ცნობილია, რომ იმ ნარკომანებს, რომლებიც საქართველოში არიან, ნარკოტიკის საყიდლად ფული სჭირდებათ. საიდან იღებენ ამ ფულს?

ფაქტობრივად, ძარცვავენ საკუთარ ოჯახს.

- ოჯახებს ძარცვავენ, მაგრამ რამდენ ხალნს ეყოფათ ის ფული? ამაშია საქმე. ახლა თუკი ვინმე დადგება და უფასოდ დაარიგებს მარიხუანას, ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ფული ღირს. ადრე საქართველოში შემოჰქონდათ მარიხუანა 1-2%-იანი ნარკოტიკის შემცველობით, ახლა კი იყიდება 15-20-30%-იანი. ამას წინათ გადაწყვეტილება რომ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ თურმე მარიხუანას 70 გრამი დასაშვები ყოფილა, თუ ლაპარაკია 1-2%-იან ნარკოტიკის შემცველობაზე, ეს კიდევ არაფერი, მაგრამ, თუ 20-30%-იან შემცველობაზეა საუბარი, ხომ გაუბედურდნენ ადამიანები?

ფიქრობთ, რომ ნარკოლოგებს არ უსმენენ მოსამართლეები?

- მე გახლდით ექსპერტად გამოძახებული ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ორი საათი ვილაპარაკე და ყველაფერი მოვუყევი, მათ შორის, მარიხუანას შემადგენლობის შესახებ. ამიტომ საუბარი იმაზე, თითქოს მოსამართლეებმა რაღაც არ იციან, საეჭვოა. ჩემს გარდა იქ იყვნენ პარლამენტის, შს სამინისტროს წარმომადგენლები, ისინიც დაადასტურებენ, რასაც ვლაპარაკობ. საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ისიც ვუთხარი, რომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება საბედისწერო გადაწყვეტილება საქართველოსთვის. მე არ მაქვს უფლება, კონკრეტული მიზეზი დავასახელო, თუ რაში სჭირდებათ მარიხუანას ლეგალიზება, მაგრამ ძალზე საეჭვოა, რომ ამათ დღეს, ასეთ მძიმე სიტუაციაში, უცებ დემოკრატიის გულისტკივილი ასტყდომოდათ. ამიტომ რით არის გამოწვეული მათი გადაწყვეტილება, ეს კიდევ საფიქრალია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში თუ ხედავთ გამოსავალს?

- კი, ბატონო, გაიმართოს რეფერენდუმი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ის, ვინც ბევრ ფულს ხარჯავს მასმედიაზე, გაზეთებზე, აზრებით მანიპულირებას ცდილობს... თქვენ ახალგაზრდა ხართ, მაგრამ მე კარგად მახსოვს გაზეთებიდან, თურმე როგორ „იმარჯვებდა“ კომუნიზმი მთელ მსოფლიოში. ახლაც იგივე ხდება.

ცალკეულ საიტებზე მართლაც აქტიურად მიმდინარეობს ნარკოტიკების პოპულარიზება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზიის საფარქვეშ. ეს ნარკოტიკების მწარმოებლების მიერ მედიისთვის გაღებული თანხებით აიხსნება?

- რასაკვირველია, ეს ასეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმისთვის თუ აკეთებენ ამას, რომ ცნობისმოყვარეობით და რეკლამით მიიზიდონ ხალხი, ესეც ცუდი საქციელია. თუმცა არსებობს საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ამაზე დიდ ფულს ხარჯავენ ოფიცალურად. ხოლო არაოფიციალურად, ნარკომაფიის წარმომადგენლები უდიდესი თანხებს გასცემენ. ჯერ ერთი, ყოველწლიურად რამდენიმე ახალი ათეული ნარკოტიკი იქმნება. ამას აკეთებს მეცნიერი სპეციალურ ლაბორატორიებში, მერე ამას სჭირდება ფაბრიკა, რომელიც ახალ ნარკოტიკს დაამზადებს, ანუ მათ აქვთ თავიანთი წყალქვეშა ნავები, აქვთ საკუთარი ავიაცია, მილიარდებს ხარჯავენ. თანხების ნაწილს კი იმისთვის გასცემენ, რომ ხელმისაწვდომი გახადონ ნარკოტიკები, რადგან ამით შემდგომში დიდ ფულს მოიგებენ.

.. მეცნიერებიც კანონგარეშედ რომ გამოცხადდნენ, ეს არ იქნება ნარკომაფიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი?

- რასაკვირველია, მაგრამ ისინი იატაკქვეშეთში მუშაობენ და დიდ ფულს იღებენ. ცხადია, თუ მათ წაასწრებენ, იჭერენ კიდეც, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ ლავირებას.

ასაკისა და პროფესიის მიხედვით დაწესებული შეზღუდვები უშველის საქმეს?

- საკონსტიტუციო სასამართლომ რაც გააკეთა, ეს უკვე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, ხოლო, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ვერ ვცვლით, ის მაინც გავაკეთოთ, რომ ასაკისა და პროფესიის მიხედვით დაწესდეს შეზღუდვები. ეს შედარებით გააიოლებს საკითხს, მაგრამ პრობლემას მთლიანობაში მაინც ვერ მოხსნის.

აფხაზეთში ფიქრობენ, რომ ნარკოტიკის გამავრცელებლები სიკვდილით დასაჯონ. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება არაჰუმანურია, მაგრამ ფაქტია, აფხაზები თავის მწირ გენოფონდზე მაინც ზრუნავენ, ჩვენთან კი პირიქითაა.

- მე არ ვიცი, აფხაზები ნამდვილად გააკეთებენ თუ არა ამას, მაგრამ, ზოგადად, აფხაზეთში არავითარი უცხო ძალა არ არის საჭირო, რადგან აფხაზები ისედაც განადგურებამდე არიან მიყვანილნი ნარკოტიკების მიერ. მე ამას სიტყვის მასალად არ გეუბნებით. შეიძლება, დაითვალოთ, რამდენი აფხაზი გაანადგურა ნარკოტიკმა. ეს იმის ბრალია, რომ აფხაზეთში მოჰყავთ მარიხუანა და თავისუფლად ვრცელდება, ასევე, სხვა ქვეყნიდან ნარკოტიკი თავისუფლად შედის აფხაზეთში. ეჭვი მაქვს, რომ რუსი მესაზღვრეები მაინცდამაინც თავს არ იკლავენ ამის გამო. გასაგებია, აფხაზები რაოდენობრივად ქართველებზე უფრო ნაკლებნი არიან, მაგრამ ნარკოტიკის მოხმარება იქ საბჭოთა პერიოდშიც 5-10-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, თუ რატომ ხდებოდა ასე.

ნანახია - 2931

brazauskasi

2018-08-06 22:46:47

საკონსტიტუციო სასამართლო არასწორად მოიქცა.
გასაგებია, რომ მარიხუანას მოხმარება არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება და ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალ განვითარებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს მეორე ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ:
არ არსებობს მექანიზმები, რომელიც დაიცავს პატიოსან მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისაგან;
არ არსებობს მექანიზმები, რომელიც დაიცავს არასრულწლოვნებს და შეზღუდავს მათ მარიხუანაზე წვდომისგან. ასევე არ არსებობს პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც არასრულწლოვანს დეტალურად გააცნობს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მარიხუანის მოხმარებას. ამჟამად, არასრულწლოვანს შეუძლია მოიხმაროს მარიხუანა და ვერანაირი კანონი ვერ შეუშლის ხელს ამას;
არ არსებობს მექანიზმები, რომელიც გადასახადის გადამხდელებს დაიცავს მათი ფულის არამიზნობრივად ხარჯვისგან. ანუ ჩვენი ძვირფასი მარიხუანისტები მოწევენ პლანს, გახდებიან ცუდად, უნდა გამოიძახონ სასწრაფო და უნდა ჩაიტარონ გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები, რომელიც უფასოა საქართველოში, ანუ ანაზღაურდება იმ პატიოსანი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან, რომლებიც პლანს არ ეწევიან და შეიძლება, თავად უფრო მძიმე დაავადება ჰქონდეთ, რომლის მკურნალობაც უფასო არ არის.
აი, ეს ყველაფერი რომ მოგვარებული იყოს, მაშინ კი ბატონო, მოეხდინა საკონსტიტუციოს ლეგალიზაცია, მაგრამ აი ახლა, ამის გაკეთება არის დიდი ბოროტება.


brazauskasi

2018-08-06 22:49:23

და კიდევ, აფხაზებს ან ოსებს თუ რამე დაემართებათ ნარკოტიკების მოხმარებით, ეს უკვე ჩვენი პრობლემა აღარ არის. ეს გზა მათ თავად აირჩიეს, ტერორიზმის, ყაჩაღობის, ძალადობის, ნარკოტიკების გზა, რა თქმა უნდა - რუსეთთან ერთად. ამიტომ იქ რაც ხდება, ეს არის ბუნებრივი კანონზომიერება. აი ჩვენ რატომ უნდა გვქონდეს ასეთი პრობლემები, არ მესმის...

tinia

2018-08-06 23:28:55

100%-ით გეთანხმებით.ძალიან კარგად და კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული თქვენი ხედვა,მაგრამ რად გინდა თვალებ და ყურებ დახშულია ხელისუფლებაც და სამწუხაროდ მოსახლეობის უმრავლესობაც.ინერციით არსებობს მემგონი ეს ქვეყანა,მაგრამ როდემდე?

1234

2018-08-07 05:23:15

ყბადაღებულ პორტუგალიის მაგალითზე:
https://obamawhitehouse.archives.gov/ondcp/ondcp-fact-sheets/drug-decriminalization-in-portugal-challenges-and-limitations
"დამატებითი მონაცემები და ანალიზია საჭიროა ნებისმიერი ფირმის დასკვნის დაწყებამდე და საბოლოო ჯამში ეს დასკვნები შეიძლება მხოლოდ პორტუგალიაზე და მის განსაკუთრებულ გარემოებებზე ვრცელდება, მაგალითად, ჰეროინის გამოყენების არაპროპორციულად მაGალი მაჩვენებლის ისტორია. თუმცა, უსაფრთხოა იმის თქმა, რომ პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის გავლენასთან დაკავშირებული განცხადებები ნარკოტიკების ლეგალიზაციის ადვოკატების მიერ არსებულ სამეცნიერო საფუძველს აჭარბებს."

1234

2018-08-07 05:34:37

ანუ მეცნიერულად არ არის დასაბუთებული პორტუგალიაში ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის წარმატება და მისი მხარდამჭერების განცხადებები გაზვიადებულია.

კატრინაა

2018-08-08 09:53:45

ებრაელებს წყევლა აქვთ ასეთი:შენ არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო! ეს გვჭირს დღეს,საუბედუროდ! პროფესიონალი ნარკოლოგი ამბობს ამას და თუ ჭკუა და განათლება გვეყოფა,რომ რაღაცა შევიგნოთ და ღობე-ყორეს არ მივეხეთქოთ,ხომ კარგი,თუ არა და...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80