„ძალადობის მსხვერპლმა“ პოსტიდან გადადგომა არჩია
საზოგადოება

„ძალადობის მსხვერპლმა“ პოსტიდან გადადგომა არჩია

„ძალადობის მსხვერპლმა“ პოსტიდან გადადგომა არჩია
მანანა ნოზაძე

2018-08-04 12:00:45

„მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, - ქვეყნის პირველი მოსამართლის მიერ ჯერ კიდევ შარშან გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ უფლებადამცველები ელოდნენ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადადგებოდა, მაგრამ გვენეტაძემ აღნიშნულ პოსტზე 2015 წლიდან მოყოლებული, გაძლო.

იმ პერიოდში ნინო გვენეტაძე არ მალავდა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობდნენ, რომ იგი, როგორც საბჭოს თავმჯდომარე, ეიძულებინათ, ხელების გადაგრეხვის პოლიტიკით მიეღო საკუთარი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. მაშინდელი ხმაურიანი დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძისგან 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას მოითხოვდნენ, რასაც ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერდა. იმხანად გვენეტაძეს მსგავს რეჟიმში მუშაობა აღარ შეეძლო და გადაწყვიტა, საკუთარი პოზიცია წერილობით ეცნობებინა საბჭოს წევრებისთვის.

დღეს კი, „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“ პრინციპით, გადადგომა არჩია და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

როგორც ამბობენ, გვენეტაძესა და წულუკიანს შორის არც თუ თბილი დამოკიდებულება იყო. გვენეტაძის გადადგომას წულუკიანმა სიურპრიზი უწოდა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მედიით შეიტყო.

პრეზიდენტ მარგველაშვილის შეფასებით კი, ყველაზე ნიშანდობლივია გვენეტაძის ადრინდელი განცხადება, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო, რადგან არაერთი მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რაც სასამართლოს სისტემაშია.

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ვერსიები მრავალგვარია და ამ ვერსიებში ყველაზე ნაკლებ სანდოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, შესაშური ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო გადადგომის რეალური მიზეზი.

უფლებადამცველების ნაწილმა გვენეტაძის გადადგომის შემდეგ სასამართლო სისტემის ავადმყოფობის დიაგნოზი დასვა, ნაწილმა ეს ნაბიჯი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს დაუკავშირა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ „ოცნების“ ინერტულობამ გვენეტაძე რეპრესიულ სასამართლო სისტემასთან მარტო დატოვა. ამბობენ იმასაც, რომ გვენეტაძე ოფიციალურად იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თორემ პროცესებს სააპელაციოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მართავდა.

For.ge-სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ძალადობასა და ზეგავლენას განიცდიდა ნინო გვენეტაძე შიდა, ან გარე ძალების მხრიდან, მაგრამ წარუმატებელი რომ იყო მისი, როგორც სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის, საქმიანობა, ესეც ფაქტია. დემეტრაშვილის განმარტებით, ნინო გვენეტაძე რატომღაც არ ამბობს, რომ მასზე დიდი გავლენა ჰქონდა თეა წულუკიანს, როგორც იუსტიციის მინისტრს, რომელიც თავდაპირველად აშკარად ერეოდა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, თუმცა ბოლო მომენტში წულუკიანი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისგან დისტანცირებული იყო.

ავთანდილ დემეტრაშვილი იმასაც ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძეს ჯანმრთელობის პრობლემები მართლაც აწუხებს, მაგრამ მისი წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიურად ნინო არ არის ლიდერი.

„იგი არ გახლავთ ამბიციური. პირველ პირად ყოფნა კი არაამბიციური ადამიანისთვის ძალიან ძნელია, მით უმეტეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეცაა. იუსტიციის საბჭოში კი ისეთი მგლები სხედან, რომლებთანაც მუშაობა ძალიან ძნელია, თუ ძლიერი ნებისყოფა, ამბიცია და ხელმძღვანელობის უნარი არ გაქვს. მეორე პრობლემა კი ის არის, რომ ახლანდელი ხელისუფლება მაინცდამაინც არ არის დაინტერესებული სასამართლო ხელისუფლების გაუმჯობესებით, ვინაიდან უზენაესი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მართვადია“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის თქმით, ის მძიმე ეჭვები, თითქოს ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემის მსხვერპლი იყო, დაკონკრეტებას მოითხოვს. ამდენად, სარწმუნოა გვენეტაძის ნათქვამი, რაც მისი ჯანმთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

„მე ამას დეკანოზ მამალაძის საქმეს არ ვუკავშირებ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული დაძაბულობა იუსტიციის საბჭოსა და ნინო გვენეტაძის ურთიერთობაში. გარედან შეიძლება სხვანაირად ჩანს, მაგრამ იუსტიციის საბჭოც არ არის მაინცდამაინც ერთგვაროვანი, იქ შეიძლება ყოველთვის გამწვავდეს მდგომარეობა. გვენეტაძის მოღვაწეობას, საბოლოო ჯამში, დადებითად შევაფასებ. ეს უზარმაზარი პროგრესია. თუკი კუბლაშვილის სასამართლოს ავიღებთ სტანდარტად, მის მერე სასამართლო მნიშვნელოვნად შეიცვალა. გამამართლებელი განაჩენების პროცენტი შეუდარებლად გაზრდილია და, ასევე, სახელმწიფოსთან ადმინისტრაციული დავის წარმოება შესაძლებელია, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის მართალი არ არის ხოლმე მოქალაქეებთან ურთიერთობაში. სასამართლო მეტ-ნაკლებად ასრულებს იმ ფუნქციას, რომ შეაკავოს ხელისუფლება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილი სასამართლო გვაქვს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა For.ge-სთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როდესაც ადამიანი ასახელებს მიზეზს, თუ რის გამო გადადგა, ჩვენ მას უნდა ვენდოთ და ეჭვი არ შევიტანოთ.

ჩვენ შევახსენეთ გუგული მაღრაძეს, რომ თავის დროზე ნინო გვენეტაძე იმასაც ამბობდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია, რაზეც გუგული მაღრაძემ განმარტა, რომ ეს თვითონ ქალბატონი ნინოს საქმეა. იგი კარგი იურისტი, წესიერი ადამიანი, კარგი ბიოგრაფიის მქონე ქალბატონია და თვითონ განსაზღრავს, რა და როგორ თქვას.

„მე არავითარი უფლება არ მაქვს, ეჭვი შევიტანო მის ნათქვამში“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

ნანახი?- 2579

კატრინაა

2018-08-04 13:22:55

სხვანაირად როგორ გააგებინოს საზოგადოებას,რომ საშინელება ხდება სასამართლო სისტემაში?!ქვების სროლას ხომ ვერ დაიწყებს გვენეტაძე?!წულუკიანი კი გაოცებული სახით დგას და უნდა მოვიკითხო,ხომ კარგად არისო?რა ჰქვია ახლა ამ ყველაფერს?!

tngh

2018-08-04 15:35:53

ესეთი არაფერი გამიგია, რაც ჩვენს ღრმად პატივცემულ სტაჟიან და მოქმედ "მეგრანტეებს" სჭირთ. ქალმა საჯაროდ თქვა, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვსო. ესენი იმის ნაცვლად, რომ მოიკითხონ, თანაუგრძნონ და ნუგეში მაინც მისცენ, უკვე მის თანამდებობას იყოფენ. სამწუხაროდ, ესეთები ბრძანდებიან სინდისისგან, ნამუსისგან და სირცხვილისგან განთავისუფლებულნი... არც უნდათ დაუშვან, რომ ქალი მართლაც ავად არის და არც იმას კითხულობენ, რა სჭირს...

კატრინაა

2018-08-05 09:49:11

შესაძლოა,ჯანმრთელობის პრობლემა მართლაც აქვს,მაგრამ ჩვენი სასამართლო სისტემა რომ უფრო ავადაა,ამას წყალი არ გაუვა!ვერ მოგვარდება საქმე გვენეტაძის შეცვლით!სისტემა,მახინჯი,მიშასდროინდელი სისტემა უნდა აღმოიფხვრას!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80