7 პირობა, რომლის დაცვასაც ტაქსის მძღოლებს ავალდებულებენ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

7 პირობა, რომლის დაცვასაც ტაქსის მძღოლებს ავალდებულებენ

7 პირობა, რომლის დაცვასაც ტაქსის მძღოლებს ავალდებულებენ
ბექა დანელია

2018-08-03 15:00:51

1-ლი აგვისტოდან თბილისში მოქმედ ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო. ამოქმედდა ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, იგი ნებისმიერ მსურველს სახლიდან გაუსვლელად რეგისტრაციას და ნებართვის მიღების პროცედურას სთავაზობს. უკვე ცნობილია 7 პირობა, რომლის დაკმაყოფილებაც ტაქსისტებს მოუწევთ.

ვებ-გვერდზე შესაბამისი საფეხურების გასავლელად საკმარისია პირადი მონაცემების, მართვის მოწმობისა და ავტომობილის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა. ნებართვის მიღება, ასევე, შესაძლებელია რაიონულ გამგეობებშიც, სადაც თბილისის მერიიდან გამოყოფილი თანამშრომლები ნებისმიერ მსურველს ვებგვერდზე რეგისტრაციისა და საბუთის მიღების პროცედურების გავლაში დაეხმარებიან.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა ნებართვის მისაღებად სიმბოლური თანხა დააწესა: ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის - 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილების მფლობელები ნებართვას უფასოდ მიიღებენ. ნებართვის მისაღებად 2-თვიანი ვადაა დაწესებული.

„მსურველებს საბუთის მიღება 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. იგი ძალაში იქნება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. საბუთი ნებართვის მფლობელმა უნდა ამობეჭდოს და ტაქსის სალონში თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას. იმავდროულად, მან ავტომობილის ძარაზე უნდა განათავსოს ყვითელი ტაქსის ნიშანი. 1-ლი ოქტომბრიდან საბუთის უქონლობის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით საპატრულო პოლიციისა ან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ“, - განაცხადა მერის მოადგილემ მაია ბიაძემ.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა საზოგადოებას, თუმცა დეტალები ოქტომბერში გახდება ცნობილი.

„სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება, ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალურ მხარეს - ფერს. გარდა ამისა, განისაზღვრება დამატებითი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი და 2-კარიანი ტაქსების მიმართ“, - განმარტა თბილისის მერის მოადგილემ.

ცნობილია 7 პირობა, რისი დაკმაყოფილებაც დღეიდან ტაქსის მძღოლებს მოუწევთ. ტაქსის მძღოლი ვალდებულია:

- უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა;

- არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრების გადაყვანა;

- არ მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა;

- არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარიდან;

- არ მოახდინოს მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა;

- ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;

- ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს მუშაობაში და ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია წარუდგინოს ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.

ტაქსებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების ამოქმედებას არ ემხრობა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ სიახლისთვის მზად არ არის და ამ კუთხით რეგულაციების ამოქმედება ტაქსების მომსახურების ფასს კიდევ უფრო გაზრდის.

„ჩვენ ამ სიახლის მხარდაჭერები არ ვართ, რადგან ეს უპირობოდ გამოიწვევს ტაქსების მომსახურების გაძვირებას. სიახლე უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა იქნება მოგვარებული. ახლა იაფიანი ტაქსი ყველაზე ძალიან გვჭირდება, რადგან ამ კუთხით დიდი პრობლემებია.

დედაქალაქისგან განსხვავებით უფრო რთული ვითარებაა რეგიონებში, რადგან არ არის მოწესრიგებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის საკითხი. სიახლის მიხედვით, სპეციალური ნებართვა მუშაობისთვის, რომლის აღებაც მოუწევთ ტაქსის მძღოლებს ეღირება 100 ლარი, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა: მაგალითად, მძღოლს, რომელსაც თელავიდან მოჰყავს მგზავრი, თბილისში შემოსვლისას დასჭირდება სპეციალური ნებართვა. თუ მძღოლი დედაქალაქში შემოსვლისას ტაქსის ნიშანს მოხსნის, მის საქმიანობას ვერავინ გააკონტროლებს.

მანქანის სისუფთავეს და ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერანაირი ლიცენზია ვერ დაარეგულირებს. ეს დამოკიდებულია თავად კლიენტზე, რომელმაც უნდა მოითხოვოს სუფთა ტაქსი. ამ მიმართულებით ჯერ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია“, - განაცხადა მესხიშვილმა.

ნანახია - 495

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80