ოცნების ფალავანი სალომე ზურაბიშვილია
პოლიტიკა

ოცნების ფალავანი სალომე ზურაბიშვილია

ოცნების ფალავანი სალომე ზურაბიშვილია
თამთა ქარჩავა

2018-07-31 20:10:16

„არაფერს არ გეტყვით, ვიდრე მე არ მომინდება“, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომელმაც საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობაზე უარის თქმის განაცხადით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე, რადგან კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მაშინ სალომე ზურაბიშვილი და ასევე, არასამთავრობო სექტორი ცესკოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რადგან, მათი აზრით, არც „საარჩევნო კოდექსი“ და არც კონსტიტუცია არ ითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან ერთად, ძალაში შედის „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. მმართველ გუნდში ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და დასძენს, რომ მმართველი პარტიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა და საკუთარი კანდიდატის არწარდგენა უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება.

„ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება არა თუ კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, არამედ იმასთან დაკავშირებითაც კი, დამოუკიდებელ კანდიდატზე შევჯერდებით თუ არა. არის ორივე ტიპის მოსაზრებები. კოლეგების ნაწილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ჩვენივე კანდიდატს უნდა დავუჭიროთ, ნაწილი, მათ შორის მეც ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა კარგის მაჩვენებელი იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, რადგან, დეპუტატის შეფასებით, ზურაბიშვილი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია.

„განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა – ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსმა რა გზა გაირა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა“, – აცხადებს ეკა ბესელია.

უმრავლესობის ნაწილი თვლის, რომ მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი აუცილებლად უნდა ჰყავდეს და არ იზიარებენ მოსაზრებას, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება გამაერთიანებელი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, რევაზ არველაძე მომხრეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველმა გუნდმა საკუთარი კანდიდატი დაასახელოს.

„ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, მაშინ მას ფინანსურად არ უნდა დაეხმაროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს რევაზ არველაძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით არჩევა ისეთ დილემას განაპირობებს, კერძოდ, იმარჯვებს პარტიული კანდიდატი, რის შედეგადაც პრეზიდენტი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ვეღარ შეინარჩუნებს და ვინაიდან მას არა აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები რაიმე კანონიერი გავლენა იქონიოს პარტიულ– პოლიტიკურ კონკურენციაზე, კრიზისების წყარო გახდება.

„იმარჯვებს არაპარტიული კანდიდატი, რის გამოც ისედაც სუსტი და ფაქტობრივად, ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი პარტიულ–პოლიტიკური სისტემა, განსაკუთრებით ამ სისტემის ე.წ. ოპოზიციური სპექტრი, კიდევ უფრო დაკნინდება.

ძნელი სათქმელია, რომელია უარესი. მე მაინც მგონია, რომ უფრო უარესია პარტიული პრეზიდენტი. ხოლო პარტიულ–პოლიტიკური სისტემის რეანიმაცია პრეზიდეტის ჩართულობის გარეშე უნდა ვცადოთ, თუმცა როგორ ნამდვილად არ ვიცი. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის მართლაც საბედისწერო შეკითხვა არის – რა ეშველება ამ მომაკვდავ პარტიებს? რჩება შთაბეჭდილება, რომ ახტალის ტალახის გარდა, მათ უკვე აღარაფერი მოუხდება. ახტალის ტალახი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მიწას უკეთ შეეჩვევიან“, – ამბობს ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციით ქვეყნის პერეზიდენტი პირდაპირ არ ფლობს მმართველობით ბერკეტებს, ის მოიაზრება როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა, არბიტრი სახელისუფლებო შტოებს შორის, რომლის ფუქნცია არის სისტემის გამართულად მუშაობა. ანალიტიკოს თვლის, რომ კარგი იქნება ამ ფუნქციის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს ქალბატონმა.

„ეს სამომავლოდ იქნება კარგი, ეს მართლაც სტიმული იქნება იმისა, რომ ქალები მეტად ჩაერთონ პოლიტიკაში და საერთოდ, ეს მთლიანად ქვეყნისთვის იქნებოდა კარგი მესიჯი. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც შედარებით დისტანცირებული არის „ქართული ოცნების“ გუნდისგან. გარდა ამისა, ზეპარტიული პრეზიდენტობისთვის ზურაბიშვილი უფრო შესაფერისია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ნანახი?- 6853

ფხიზელი

2018-08-01 03:04:02

ჩემი აზრით, ყველაზე კარგი იქნებოდა ნინო ბურჯანაძე...
მაგრამ ივანიშვილს დაგინებული აქვს, რომ მისი ხელისუფლების სიახლოვეს არ გააჭაჭანოს ეს ქალბატონი!:))
(ისე, მაგისიც მესმის: ბურჯანაძის არჩევაზე ისეთ წივილ-კივილს ატეხავენ ნაც-ოპოზიცია, მათი დასავლელი მხარდამჭერები და ჩვენი ე.წ. ლიბერალები, მეგრული სატირალი მონაგონი იქნება: ხომ ვამბობდით, რომ ეს პრორუსული ხელისუფლებაა და აჰა, დამტკიცდაო!

ჰოდა, რჩება ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი, როგორც ყველაზე გამოცდილი და დიპლომატიის მრავალფეროვან ცეცხლში მრავალგზის გამოწრთობილი პროფესიონალი, თან - კარგი "მომლაპარაკებელი" (რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია).

zaza192

2018-08-01 04:17:33

პრეზიდენტობის კანდიდატის მოქალაქეობისა და ბინადრობის ცენზი


საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს დაბადებით საქართველოს მოქალაქე. უბრალოდ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა კანონმდებელმა არასაკმარისად მიიჩნია და გაიზიარა ე.წ. „არათანაბარი მოქალაქეობის“ პრინციპი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს არა ნებისმიერი მოქალაქე, არამედ მხოლოდ დაბადებით საქართველოს მოქალაქე. ე.ი. ასეთი შესაძლებლობა არა აქვს პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიღებული აქვს ნატურალიზაციის გზით.

კონსტიტუციას დაწესებულ მოთხოვნათა შორის შემოაქვს ბინადრობის ცენზი და მასაც წინა კონსტიტუციისაგან განსხვავებული ფორმულირებით გვთავაზობს. თუკი კონსტიტუციით საკმარისი იყო პირს საქართველოში მუდმივად ეცხოვრა არა ნაკლებ უკანასკნელი ხუთი წლისა, დღეს მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

კატრინაა

2018-08-01 11:30:17

ისე,მიშას დროს,სალომე ერთადერთი იყო,ვინც მართლა თავისი პროფესიით იყო შერჩეული და რუსეთის ბაზა ახალციხიდან რომ გავიდა,მისი დასახურებაა!რაც შეეხება პრეზიდენტობას,მე ვფიქრობ კარგად გაართმევს თავს,მერე თუ არ გადაირია,რაც ნაკლებად რეალურია.

tngh

2018-08-01 20:26:15

თუ "დემოკრატიული მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და მსგავსი პატრიოტული მოძრაობები, პირად ამბიციებს და "ბიძინაფობიას" დაძლევენ და დააყენებენ ერთიან კანდიდატს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მას აუცილებლად დაუჭერს მხარს. მთავარია ეს კანდიდატი გამოცდილი, გონიერი და გამბედავი პოლიტიკოსი იყოს, რომელიც შეძლებს და გაბედავს რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს გამთლიანებაზე საუბარს. ეს გონიერი საზოგადოების დაკვეთაც არის და მოთხოვნაც!!!

asdf961

2018-08-02 09:03:07


ჩემის აზრით ცოტა ნამეტანი ამბავია ატეხილი ამ უფლებააყრილი პრეზიდენტის არჩევაზე. მთავრობამ და პარლამენტმა რომ გააგრძელოს როგორმე მუშაობა, ჯობია ისევ მაგათი მხარდაჭერილი კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80