თადუმაძე პროკურატურაში ახალი სტანდარტების შემოღებაზე საუბრობს
პოლიტიკა

თადუმაძე პროკურატურაში ახალი სტანდარტების შემოღებაზე საუბრობს

თადუმაძე პროკურატურაში ახალი სტანდარტების შემოღებაზე საუბრობს
მარიამ თოდაძე

2018-07-12 11:30:19

საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შეარჩია. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს - მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა როგორც აღნიშნა, მთავრობას ორკვირიანი ვადა აქვს, რათა პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურა წარუდგინოს.

„თუ მთავრობა შალვა თადუმაძეს წარმოადგენს და ეს ასეც მოხდება, მას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რადგან ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს“, - აცხადებს კახიანი, რომელიც შალვა თადუმაძეს ახასიათებს, როგორც პროფესიონალს და კომპეტენტურ პირს.

უმრავლესობსგან განსხვავებული პოზიცია აქვს საზოგადოების ნაწილს და მიიჩნევენ, რომ პროკურორობის კანდიდატის ახლობლობა იუსტიციის მინისტრთან სერიოზული ლაფსუსია.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ თუ მინისტრთა ახალ კაბინეტში წულუკიანი არ იქნება, თადუმაძის მთავარ პროკურორობას შეიძლება, შედარებით რბილად შევხედოთ.

„ფორმალური სამართლის გაგებით, ნათლია არ შეიძლება, ნათესავად ჩაითვალოს, უფრო სწორედ ოჯახის წევრად. აქ არის წმინდა მორალური ასპექტი, რომელიც ბუნებრივია, რომ ამ თემას ამძიმებს. თუ მინისტრიც იქნება წულუკიანი და პროკურორი თადუმაძე, შეიძლება, ამას დავარქვათ მართმსაჯულების სისტემაში კლანური მოქმედებები, რაც ძალიან სახიფათო და მძიმე დასანახი იქნება და შეიძლება, ამ ისტორიას მძიმე განვითრება ქონდეს. თუმცა, ვმედოვნებ, რომ წულუკიანი სკამს ვერ შეინარჩუნებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორბის კანდიდატის შვილის ნათლია იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანია. ამავდროულად, წულუკიანმა განაცხადა, რომ ის მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის დროს ხმის მიცემისგან თავს შეიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანი მინისტრთა ახალ კაბინეტში კვლავ წარმოდგენილი იქნება, ასე რომ, ოპოზიციას კრიტიკისთვის საფუძველი დარჩება...

გაცილებით საინტერესოდ წარიმართა მოვლენები საპროკურორო საბჭოზე, როდესაც ოპოზიციის მიერ წარმოდგენილმა პროკურორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა - როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სამწუხაროდ, შალვა შავგულიძემ თავისი კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ოთარ კახიძე სხდომიდან გავიდა და მას გაუწია კონსულტაცია, რომ კანდიდატურა მოეხსნა.

„საბჭოს წევრებმა შალვა შავგულიძესთან სატელეფონო საუბარი მოისურვეს სხდომის მიმდინარეობისას, რაც შედგა და მან ჩემდა სამწუხაროდ ტელეფონითაც დაადასტურა, რომ რადგან ოთარ კახიძის შუამდგომლობა არ დადასტურდა, შავგულიძე გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი შუამდგომლობა, საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო, საბჭომ არ გაიზიარა, მალევე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა.

სკანდალის მიუხედავად, საპროკურორო საბჭოს წევრები შერჩეულ კანდიდატურას დადებითად აფასებენ - საპროკურორო საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ როგორც განაცხადა, შალვა თადუმაძეს აქვს ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროკურატურას საზოგადოების ნდობა დაუბრუნოს.

როგორც ჭკადუამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ შალვა თადუმაძე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო მისი პოლიტიკური განცხადებები არავის მოუსმენია, ამდენად, მის დამოუკიდებლობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს.

„შალვა თადუმაძეს ჰქონდა განსხვავებული ხედვა ვიდრე ოდესმე რომელიმე მთავარი პროკურორობის კანდიდატისგან მომისმენია, მას აქვს ხედვა, თუ როგორი უნდა გახდეს პროკურორის ინსტიტუტი, თუ რა ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროკურატურას დაუბრუნოს ნდობა საზოგადოებისგან“,- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საპროკურორო საბჭოს წევრის, ნანა ხუნჯუას განცხადებით, სამწუხაროა, რომ საბჭოს არჩევანის გაკეთება მთავარი პროკურორობის ორ კანდიდატს - ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს შორის მოუწია.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა ვერ უზრუნველყო ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას პროკურატურის მიმართ ნდობა მოეტანა - კანონის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი კონსულტაციები არ გაუმართავს.

„პირდაპირ გეტყვით, როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები, არ შემდგარა და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ, საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ მოესმინა ის კითხვები, რაც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და მოესმინა ასევე პასუხები. მთლიანობაში ეს იყო ცუდი პროცესი, რომელიც ნდობის გაზრდას პროკურატურის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს“, - მიიჩნევს კახა კოჟორიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა კი აღნიშნა, რომ პოზიციების დაფიქსირება პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის უფლებაა, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში კი კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევაში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ კანონით ვხელმძღვანელობთ რამდენიმე წელია. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მომავალი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით გავმართოთ კონსულტაციები... შალვა თადუმაძე არის პრინციპული, კარგი ადამიანი და ადამიანი, რომელიც კანონს სცემს პატივს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, როდესაც ასე ხასიათდება მთავარი პროკურორი. მისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესი, კანონის უზენაესობა და ადამიანების უფლებების დაცვა, რომლებიც მოექცევიან სისხლის სამართლებრივი დევნის არეალში“, - მიიჩნევს გოგიჩაიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შერჩეულ შალვა თადუმაძეს დამტკიცების პროცესში წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ძალიან ღირსეულად გაართმევს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, პროკურატურის წინაშე დღეს ორი უმთავრესი გამოწვევა დგას - საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი.

თადუმაძის თქმით, მას აქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები როგორც ნდობის მაღალი ხარისხის ჩამოსაყალიბებლად, ისე სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით.

თადუმაძის გეგმა ითვალისწინებს, პროკურატურა ჩამოყალიბდეს, როგორც ღია სახელმწიფო ინსტიტუტი, იმ კანონის ჩარჩოებში, რის შესაძლებლობასაც კანონი იძლევა; გარდა ამისა, პროკურორი უნდა იყოს თავდაჯერებული თავის გადაწყვეტილებებში, კვალიფიციური, ხელმძღვანელობდეს კანონით და მტკიცებულებით.

„პროკურატურის შიდა ურთიერთობებში უნდა არსებობდეს უმაღლესი სტანდარტი - დამნაშავეს მოექცეს სამართლიანად და თუ ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული, ბუნებრივია, მაშინ პროკურატურას ექნება მაღალი ნდობის ხარისხი და მაშინ პროკურატურა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის განცდას“,- აღნიშნავს თადუმაძე.

შეგახსენებთ, 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს ნინო გოგნიაშვილის, შალვა თადუმაძისა შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარედგინა. თუმცა, საბჭომ ორი კანდიდატურიდან შეარჩია მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე, ვინაიდან შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ნანახი?- 1434

დომნა

2018-07-12 19:48:08

რა დიდი რეფორმა გაატარა შენმა მანდ დამსმელმა სასამართლოში, იმას გააკეთებ შენ. არაფრის მაქნისუი ხართ ორივე. შუა საუკუნეებია ამათთან დემოკრატია კი არა. ნიშნავენ საკუთარ ახლობლებს. არმად შეგერგოთ ჩვენი შრომა თქვენ მოსაყვანად.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80