„გინდ შხამიანი იყოს, გინდ არაშხამიანი, ქვეწარმავალი მაქსიმალურად ცდილობს, თავი აგარიდოთ“
საზოგადოება

„გინდ შხამიანი იყოს, გინდ არაშხამიანი, ქვეწარმავალი მაქსიმალურად ცდილობს, თავი აგარიდოთ“

„გინდ შხამიანი იყოს, გინდ არაშხამიანი, ქვეწარმავალი მაქსიმალურად ცდილობს, თავი აგარიდოთ“
მანანა ნოზაძე

2018-07-11 21:30:35

ყოველ ზაფხულს დედაქალაქში პანიკური ვითარება იქმნება, რადგან ხან ერთ უბანში აღმოაჩენენ ქვეწარმავლებს, ხან-მეორეგან. უცნაურ გარემოში მოხვედრილი, დაბნეული ქვეწარმავალი გაქცევას ფიქრობს და, თუ გასასვლელი ვერ იპოვა, შესაძლოა, აგრესიაც გამოავლინოს. ამიტომ ჰერპეტოლოგების რჩევაა, ქვეწარმავლის დანახვისას უკან დავიხიოთ და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დავრეკოთ.

ადამიანთა უმეტესობისგან განსხვავებით, ქვეწარმავლის დანახვისას შიშის გრძნობა არ ეუფლება ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს. მის სახლში მშვენივრად თანაარსებობენ გველები და ნიანგიც კი. რა იზიდავს ქვეწარმავლებში და რას ურჩევს ადამიანებს ცხოველებთან ურთიერთობისას, ამის შესახებ For.ge შოთა ზანდუკელს ესაუბრა.

შოთა ზანდუკელი: წინა წლებთან შედარებით, დაჭერილ ქვეწარმავალთა რიცხოვნობა არ არის იმაზე მეტი, რაც აქამდე იყო. წლევანდელი მაისის თვეში 140 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, აქედან გამომდინარე, საპანიკოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, ისეთივე მდგომარეობაა თბილისშიც. უბრალოდ, ყოველწლიურად ამ პერიოდში ინტერნეტში ქვეწარმავლების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რაც პანიკურ მდგომარეობას ქმნის. რეალურად პრობლემა არ არის ისეთი, როგორსაც ხალხი გადმოსცემს. ამიტომ მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს.

მშვიდად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში არ არიან გიურზები, შხამიანი გველები და შედარებით უწყინარი ქვეწარმავლები შეიძლება გამოჩნდნენ?

- შხამიანი გველები თბილისის ტერიტორიაზე და მის ირგვლივ თითქმის არსად ბინადრობენ. უბრალოდ, არის ერთადერთი კერა თბილისის მოშორებით, აღმოსავლეთისკენ, სადაც ბინადრობს შხამიანი გველი. ქალაქის ტერიტორიაზე მისი გადმოსვლის ალბათობა ძალიან მცირეა, მილიონში ერთი შესაძლებლობა შეიძლება იყოს.

ქვეწარმავლების დედაქალაქში მოხვედრა ძირითადად ქალაქგარეთ მოძრავი ავტომობილების მეშვეობით ხდება, როდესაც ქვეწარმავალი ავტომობილის ქვეშ ძვრება?

- დიახ, ძირითადად მექანიკური გზით ხდება ხოლმე დედაქალაქში შხამიანი გველის შემოსვლა. შარშანდელ ინფორმაციას გეტყვით, 600-დან 700-მდე ქვეწარმავალი დავიჭირეთ და წარმოიდგინეთ, იქიდან მხოლოდ ორი მათგანი იყო შხამიანი. ეს ნიშნავს, რომ თითქმის არ გვხვდება დედაქალაქში შხამიანი გველი.

შხამიანი გველის საბინადროდ აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია ახსენეთ, კახეთს გულისხმობთ?

- მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ეს კახეთის რეგიონს მოიცავს და, ასევე, შიდა ქართლის რეგიონს. ეს არის გიურზის გავრცელების არეალი.

შხამიანი და არაშხამიანი გველის ნაკბენი ერთმანეთისგან განსხვავდება. არაშხამიანისგან დაგესლილს უფრო მეტი ნაკბილარი ემჩნევა, ხოლო შხამიანი გველისგან დაკბენილს -მხოლოდ ორი. ეს არის ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ორივე შემთხვევაში პირველადი დაბნეულობის გადავლის მერე?

- ტოქსიკოლოგებს რაღაც დოზით მაინც აკლიათ ხოლმე გამოცდილება შხამიანი გველის ნაკბენთან დაკავშირებით. ამ დროს განმასხვავებელ ნიშანთა ცოდნა აუცილებელია, ისინი კი, ხშირ შემთხვევაში, შხამიანი გველის ნაკბენს ურევენ სხვა ქვეწარმავლის, ან მწერის ნაკბენთან. რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, როცა უყურებდნენ ნაკბენს და ამბობდნენ, რომ ეს იყო შხამიანი გველის ნაკბენი. სინამდვილეში, ეს იყო მწერის ნაკბენი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტოქსიკოლოგის გამოცდილებას. ქვეწარმავლის კბენისას, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა დავრეკოთ 112-ში მკურნალობისთვის, ხოლო შემდეგ ქვეწარმავლის დაჭერის მიზნით მივმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. დაკბენილი ადამიანი უნდა დაწვეს, იყოს უძრავად, რაც შეიძლება, მეტი სითხე (არაალკოჰოლური) მიიღოს, არ აჰყვეს ემოციებს.

მართალია, რომ ამ დროს სისხლმა სწრაფად არ უნდა იმოძრაოს სხეულში?

- სისხლი მექანიკურად არ უნდა ავაჩქაროთ. ჩვენ თუ ვინერვიულებთ, ვირბენთ, მაშინ უფრო სწრაფად ამოძრავდება სისხლი და შხამის გადაადგილებაც უფრო სწრაფად მოხდება ორგანიზმში. არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა დავიდოთ ლახტი ნატკენ ადგილას. პირველი, ლახტის დადება იწვევს სისხლის შედედებას, მეორეც, თავად ქვეწარმავალთა შხამი იწვევს სისხლის შედედებას, სისხლძარღვების შევიწროებას, ანუ დადებული ლახტის ქვემოთ კიდური კვდება. ლახტის მოხსნის შემდეგ გამორიცხული არ არის, შხამიანი გველის, გიურზას მიერ დაკბენილი კიდური მოსაკვეთი გახდეს. ასეთი ნაკბენის შემდეგ გვაქვს 5-დან 7 საათამდე პერიოდი. თუკი ამ პერიოდში დახმარება ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მაშინ არანაირი გართულება არ მოჰყვება ამას. თუ ალერგიული ფონი განვითარდა, მაშინ აუცილებელია, სასწრაფოს მოსვლამდე მივიღოთ ანტიალერგიული საშუალებები.

ორთაჭალა, კრწანისი, ფონიჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, - ყველაზე მეტი ქვეწარმავალი ამ ტერიტორიებზე აღმოჩნდა?

- ეს არის აღმოსავლეთი მხარე, სადაც შესაძლებელია, რომ დაფიქსირდეს შხამიანი გველის შემოსვლა, ოღონდ მინიმუმამდეა დაყვანილი ამის პროცენტულობა. წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 2-3-ს არ აღემატება შხამიანი გველის დაჭერის ფაქტი. ამიტომ თითქმის არ არის იმის ალბათობა, ამ უბნებში მოხვდეს ქვეწარმავალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ პრევენციის მიზნით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დავინახავთ ქვეწარმავალს, უკან დავიხიოთ და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი დახმარების მიზნით დავრეკოთ.

იყო შემთხვევა, როცა ქვეწარმავალი ხვლიკს მისდევდა და ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფს ადამიანმა შლანგით წყალი შეასხა იმ იმედით, რომ მოშორდებოდა, მაგრამ იგი ისევ ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი ამჯერად ადამიანისკენ გამოქანდა, თუმცა ადამიანების ყვირილის ხმაზე უკან დაიხია. ეს აგრესიული რეაქციით აიხსნება, რომ უსწრაფესად გაემართა ადამიანისკენ, თუწყლის სიყვარულითქვეწარმავლის მხრიდან?


-ალბათ, აქ საუბარია მოწითალო ფერის ქვეწარმავალზე, წითელმუცელა მცურავი აგრესიულობით გამოირჩევა. იგი არ არის შხამიანი, მაგრამ აგრესიულია იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ მოვახდენთ მასზე თავდასხმას, ან დაჭერის, ან შეშინების მცდელობა გვექნება. თუ ადამიანი მას ეხება წყლის შესხმით, ქვეწარმავალი ამას თავდასხმად აღიქვამს. თუმცა არ არის გასაკვირი, რომ მოგვიანებით მან უკან დაიხიოს, რადგან, ყველა შემთხვევაში, ქვეწარმავალი უკან იხევს, არ ცდილობს ზიანის მიყენებას. მაქსიმალურად ცდილობს, თავი აგარიდოთ, გინდ შხამიანი იყოს, გინდ არაშხამიანი.

თქვენ ნიანგი და ქვეწარმავლები გყავთ სახლში. ყველას ეშინია ქვეწარმავლების და ამ დროს თქვენ განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენთ მათ მიმართ. ეს გატაცებაა თქვენი მხრიდან?

- 7 წლის ვიყავი, პირველად ქვეწარმავალი რომ დავიჭირე და მაშინ მივხვდი, რომ რაღაც საინტერესოსთან მქონდა საქმე. შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა, ყოველთვის მიყვარდა ცხოველები, ძალიან ბევრი ცხოველი მყავდა ხოლმე. 13 წლისამ შხამიანი გველი რომ დავიჭირე ალგეთის ხეობაში, მდინარე ალგეთთან, მაშინ მივხვდი, რომ რისკის, ადრენალინის შერწყმის გამო ეს საქმიანობა მაინტერესებდა.

შხამიანმა ქვეწარმავალმა არ გიკბინათ?

- არა, მე უკვე ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ქვეწარმავლებთან, შხამიან გველებთან. რა მიზიდავს მათში და რა არის ეს იდუმალი ძალა, არ ვიცი. ალბათ, ისევ და ისევ, რისკფაქტორი. მათი საინტერესო ცხოვრების წესი ძალზე მიმზიდველია ჩემთვის. შემდეგ ეს გადაიზარდა უფრო მეტში, ჩემი საქმიანობა დაუკავშირდა ამ სფეროს. მოგვიანებით უკვე სამეცნიერო კუთხით ვუყურებდი ამ ყველაფერს. როდესაც დაკვირვებებს ვაწარმოებდით ამა თუ იმ ქვეწარმავალზე, ნელ-ნელა ჩემთან მოხვდნენ ისინი სახლში. მერე უკვე სახლის პირობებში ვაკვირდებოდი და ასე შეივსო პოპულაცია, უფრო მეტი ქვეწარმავალი ემატებოდა.

ნიანგი უფრო სახიფათოა, თუ გველები?

- თუკი ჩვენ ამა თუ იმ ცხოველთან მოპყრობა არ ვიცით, ნებისმიერი ცხოველი სახიფათოა. თუ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, როგორ მოვუაროთ, ვაწარმოოთ მასთან ურთიერთობა, მაშინ მაქსიმალურად დაცულნი ვართ. შეცდომა თუ გაგვეპარა, არასწორად მივუდექით ამა თუ იმ ცხოველს, სავალალო შედეგიც დამდგარა. რა თქმა უნდა, ნიანგის ნაკბენი არ არის სასიამოვნო, ძალზე მტკივნეულიცაა. ერთხელ მომივიდა ასეთი შემთხვევა, როცა ნიანგმა მიკბინა. არაშხამიანი გველის ნაკბენიც მტკივნეულია, ადამიანი სიმწარეს განიცდის, რადგან ეს იგივეა, რამდენიმე ნემსი რომ შეერჭოს ადამიანს ერთად, პლუს ამას, ცოტა ქვეწარმავლის ნერწყვიც შეერევა და ნაკბენი ადგილი ეწვის დაკბენილს. შხამიანი გველის ნაკბენი კი ადგილობრივ ტკივილს იწვევს და შემდეგ უფრო და უფრო ზევით მიიწევს, იწყება თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, დიდი ტკივილები მოსდევს შხამიანი გველის ნაკბენს.

სვანებს ჰქონდათ ტრადიცია, დაუდგამდნენ რძიან თასს, რასაც სახლში დაბინავებულიფუძის ანგელოზი“, ანუ ფუძის გველი მიირთმევდა. ამას მეზირის კულტს უწოდებდნენ და მოშინაურებული გველის მოკვლა იკრძალებოდა. სვანებს არ ეშინოდათ, მაგრამ, როდესაც გამოძახებებზე გადიხართ, უცნობ სიტუაციებში შიშის გრძნობას განიცდით?

- შიშს არ განვიცდი, რადგან ეს ჩემი საქმიანობაა. მე შხამიანი გველების სპეციალისტი ვარ, ჩემთვის არაშხამიანი გველი საერთოდ არ არის არც სახიფათო, არც შიშის მომგვრელი. შხამიან გველებთან ურთიერთობას ერთგვარი ექსტრემიც აქვს, რადგან შხამიანთან ურთიერთობაში რისკის ფაქტორია, ეს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება. შხამიან გველთან მოპყრობისას უფრო სხვაგვარი შეგრძნებებია. რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ სვანურ ტრადიციას, ყველა კუთხეს თავისებური დამოკიდებულება აქვს ქვეწარმავლების მიმართ. მოგეხსენებათ, ინდოეთში აღმერთებენ ქვეწარმავლებს, ჩვენთანაც ზოგიერთები ფიქრობენ, თითქოს რძიანი ჯამის დადგმა გველის მიჩვევას გამოიწვევს. რეალურად, ეზოში თუ ცხოვრობს ქვეწარმავალი და ის ხვდება, რომ ჩვენ მას არაფერს ვუშავებთ, ჩვენი იქ ყოფნა მას არანაირ ზიანს არ აყენებს, ისიც კარგავს შიშის გრძნობას. რა თქმა უნდა, ყველა ქვეწარმავალზე არ ვსაუბრობ, თორემ სვანეთში დინიკის გველგესლაა გავრცელებული შხამიანი გველებიდან, ოღონდ მცირე რაოდენობით, პატარა წერტილოვანი კერებია იქ.

წმინდა ათონის მთასთან მდებარე კუნძულზე ფერისცვალებიდან მარიამობის დღესასწაულამდე შხამიანი გველები ჯვრებით თავზე მიემართებიან, რომფედუსად“ (გველისა) წოდებულ ღვთისმშობლის ხატს თაყვანი სცენ. ეს რეალობაა, თუ მისტიკაა და ადამიანებს სურთ, რაღაც იდუმალ სამყაროში გახვიონ გველები?

- პირადად მე მარიამობისთვის არ ვყოფილვარ ათონის მთის სიახლოვეს, თუმცა მეც მაქვს ინფორმაცია, თითქოს ეს ყველაფერი ხდება ათონის მთის მახლობლად მდებარე კუნძულზე. კატისთვალა გველი - ასე ჰქვია ამ სახეობას, როგორც ამბობენ, მაგ პერიოდში ეს სახეობა შედის ტაძარში. ეს შხამიანი გველია, უკანა შხამიანი ეშვებით, რომელიც კბენის დროს ადამიანის სხეულში ვერ აღწევს, ამ კუთხით საშიშროებას არ წარმოადგენს. მორწმუნე კაცი ვარ, მწამს ღვთის, მაგრამ ეს სასწაულია, თუ მექანიკური გზით ხდება ტაძარში მათი შესვლა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი.

ყოველ შემთხვევაში, ახლა მათ გამრავლების პერიოდი აქვთ.

-აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი მათი შეჯვარების პერიოდია, ივნისში იდება კვერცხი, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში უკვე იჩეკებიან გველის წიწილები. მათი შიში არ უნდა გვქონდეს. უბრალოდ, არ უნდა შევეხოთ, არ შევაწუხოთ, არ დავაბიჯოთ და ისიც არ შეგვეხება, არანაირ ზიანს არ მოგვაყენებს.

ამბობენ, მამალი ქვეწარმავალი მდედრ ქვეწარმავალს თავს აწონებს. თუ მდედრის მოკვლა განიზრახე, მამალიც შეიძლება გამოგეკიდოს და, ფაქტობრივად, ორი ქვეწარმავლის წინაშე აღმოჩნდე. ესეც ხალხის უკიდეგანო ფანტაზიის ნაყოფია?

- ასეთი რამ სინამდვილეში არ ხდება, რომ მათ ერთმანეთის დაცვის ინსტინქტი ჰქონდეთ. რეალობა ისაა, რომ ყველა ქვეწარმავალი გარბის.

ნანახი?- 1791

ფარაონი

2018-07-11 23:55:48

იქნებ ისიც გვითხრა, ანაკონდა რაფრა იკბინება და კლავს, თუ ატ.ყავებს?

ფარაონი

2018-07-11 23:57:41

დაწე, არ გეინძრე, დეელოდე და ათველიერე, საიდანცხა მოგეპარება სიკვდილია, თუ რაცხა უბედურება, ცელიანი კაცი შავებში. აი რჩევაც ესეთი უნდა.

ფხიზელი

2018-07-12 00:32:48

"სვანებს ჰქონდათ ტრადიცია, დაუდგამდნენ რძიან თასს, რასაც სახლში დაბინავებული „ფუძის ანგელოზი“, ანუ ფუძის გველი მიირთმევდა. ამას მეზირის კულტს უწოდებდნენ და მოშინაურებული გველის მოკვლა იკრძალებოდა."
-------------------------------

ავტორს! -
ეს არის არა ფაქტი, არამედ კონსტანტინე გამსახურდიას მწერლური ფანტაზიის ნაყოფი ("მთვარის მოტაცება")!

სვანებმა, თავის დროზე, მკაცრად გააკრიტიკეს "მთვარის მოტაცების" ის ეპიზოდები, რომლებიც სვანურ ყოფას და ტრადიციებს სრულიად არასწორად წარმოსახავენ ნაწარმოებში.

სვანურში დედის გინება არ არის, მაგრამ არსებობს სალანძღავი, დამამცირებელი და სიძულვილის გამომხატველი ეპითეტების დიდი მარაგი. ერთ-ერთი ასეთი, განსაკუთრებული ზიზღის გამომხატველი ეპითეტია "გველი".
ასე რომ, გველის წარმოჩენა "ფუძის ანგელოსის" სახით, ეს არის მტკნარი სიცრუე.

პ.ს.
სვანური ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დამახინჯებული წარმოჩენა გრძელდება:
შარშან უშგულელმა ახალგაზრდა რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გადაიღო ფილმი, რომლითაც უნდა მსოფლიოს ამცნოს, რა უკუღმართები და სასტიკები ყოფილან სვანები: ქმარი რომ მოუკვდება ქალს, ბავშვებს ართმევს ოჯახი და ქვრივს კი ძალად ათხოვებენ, თურმე!..
აბსოლუტური ტჸუილი!!!
თან, მხოლოდ ფილმში რომ იყოს ასე, შემოქმედებით ფანტაზიაში მაინც ჩაუთვლიდი კაცი და გაუგებდი მაყურებლისთვის გულის აჩუყების ამ არცთუ პატიოსან ხერხს...
მაგრამ არა, ყველა ინტერვიუში იმეორებს ამ სისულელეს და ამტკიცებს, - კი, ეგრეაო!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80