ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს
პოლიტიკა

ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს

ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს
თამთა ქარჩავა

2018-07-11 19:00:17

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური სპექტრის რეანიმაციას ცდილობს. ამას ადასტურებს „ევროპის სახალხო პარტიის“ შუამავლობით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის გაფორმებული 3-პუნქტიანი გეგმა. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ EPP პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოაწერს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს – მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს; კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან; არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან თვლიან, არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ორად გაყოფილი პარტიის შორის წინასაარჩევნოდ შეთანხმების გაფორმების იდეა „ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის. როგორც დეპუტატი აცხადებს, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხედავენ, რომ საქართველოში კონსოლიდაციის შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა არის.

„ვინაიდან, ერთიანი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა ვერ მოხერხდა, შეთანხმება აუცილებელი იყო, რომ წინასაარჩევნო პროცესი ინტენსიურად წარიმართოს, რადგან ყველა გამოკითხვით ვხედავთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაცემულია და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არსებობს.

მეორე ტური აუცილებლად იქნება, მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს კი, მხარი ერთად უნდა დავუჭიროთ. საარჩევნო პროცესში ერთმანეთს არ გავაკრიტიკებთ და ესეც ლოგიკურია, რადგან საერთო მოწინააღმდეგე გვყავს და მის სისუსტეებსა და იმ დანაშაულებრივი ქმედებების მხილებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც ექვსი წლის მანძილზე ხდებოდა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, სერგო რატიანი ამბობს, რომ წინასაარჩევნო შეთანხმება მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ოპოზიციისა და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებისთვის. დეპუტატის განცხადებით, შეთანხმება მნიშვნელოვანია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, რათა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ფლანგი ისე არ დაზიანდეს, რომ პარტიებმა მეორე ტურში ურთიერთთანამშრომლობა და ამომრჩევლის მიმართ მოწოდება ვერ შეძლონ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახში ერთად ვართ გაერთიანებული და მნიშვნელოვანია, პროდასავლური ფრთა ძლიერი იყოს და ერთმანეთთან თანამშრომლობდეს. შეთანხმების იდეა ჩვენც გვქონდა და საერთო ფონიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საჭირო იყო. აღნიშნული მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ოპოზიციისა და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთანხმების გაფორმებას მნიშვნელოვან მოვლენად არ აღიქვამს მმართველი გუნდი. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, პოლიტიკურ დაღმართზეა დაშვებული და როგორც ჩანს, ევროპულ საქართველოში ამ რეალობის აღქმა არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია, დაშვებულია პოლიტიკურ დაღმართზე. მას აქვს ძალიან რეიტინგული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტელევიზია, მაგრამ ესეც არ შველის. როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ეს აღქმა არ გააჩნიათ. პრინციპში, გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი რეალურად იდეოლოგიურად და პოლიტიკურად აქამდეც ერთ მხარეს იყვნენ, ოღონდ თავი ვერ შეიკავეს და კიდევ ერთხელ ეს იურიდიულად გააფორმეს“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასე არ ფიქრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, „ნაციონალურ მოძარაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ წარსული აერთიანებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ მხრიდან გაკეთებულია დიპლომატიური სვლა, ვიდრე რეალური.

„ამ პარტიაში საკმაოდ ჭკვიანი ხალხია, მათ მშვენივრად იციან, რომ თუ ოპოზიციას რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება, მეორე ტური უბრალოდ არ იქნება და პირველივე ტურში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, მით უმეტეს თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელებს თავის კანდიდატს. „ქართული ოცნება“ ზუსტად ისეთ პიარს გამოიყენებს, რაც ჰქონდა 2012 წლიდან ყველა არჩევნებში და ისევ უკან დაიბრუნებს დაკარგულ ამომრჩეველს. ეს იცის „ევროპულმა საქართველომ“, ამიტომ, მას არ ექნება ვალდებულება მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამით „ევროპული საქართველო“ იმ ამომრჩეველს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული დრჩა, შეურიგდება. შერიგებისკენ სვლა არის, რომ შემდეგ თავისკენ გადმოიყვანოს და თავისი ამომრჩეველი გაზარდოს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობა არის არა ის, რომ ხელისუფლება დაამარცხოს, არამედ ის, რომ გააძლიეროს მხარდამჭერთა რიცხვი. ძაბირაძის განცხადებით, ამ ამოცანის შესრულება შესაძებელია იმ გზით, რაზეც ხელი მოაწერეს.

„არანაირი ახალი გაერთიანება არ იქნება. რომ შეთანხმებულიყვნენ ერთიან კანდიდატზე, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა ამაზე საუბარი. როგორც ჩანს, ერთიან კანდიდატეზე ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ შეთანხმდნენ მეორე ტურზე. ვნახოთ, რა იქნება, მეორე ტური თუ არ იქნება, არც არაფერი არ იქნება. ვთვლი, რომ პოლიტიკურად ძალიან სწორად იქცევა „ევროპული საქართველო“.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას სჭირდება გარკვეული ლეგიტიმაცია. მშვენივრად იცის, რომ ის გაერთიანება, რომელიც მის ირგვლივ არის სხვადასხვა პარტიების სახით, ამომრჩეველი არ ჰყავს, მაგრამ ერთიანობაში არჩევნებში მონაწილეობა მათთვის ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ამიტომაც ცდილობს ამ შეთანხმებას. რეალურად, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციურ სპექტრში მოახდინოს რეანიმაცია“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განმარტებით, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი მოშორებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯს და რაც ხალხს აღიზიანებს ამ პარტიაში, ეს თავის თავზე არ აეღო, თუმცა, მისი თქმით, ახლა ეს შანსი დაკარგა.

„ეტყობა, მემორანდუმი „ევროპის სახალხო პარტიის“ რჩევით გაფორმდა. მათ მიაჩნიათ, რომ გაერთიანება გააძლიერებს, მაგრამ უცხოელების რჩევას ის სპეციფიკა აქვს, რომ ადგილზე არსებულ ვითარებას არ ითვალისწინებენ. „სახალხო პარტიაც“ არ ითვალისწინებს საქართველოში მომხდარ მოვლენებს. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პარტიებს ხალხი არ ეკარება, მიტინგსაც კი არ ეკარებიან, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩანს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება მემორანდუმში არსებულ შეთანხმებას არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, საყვარელიძე ამბობს, რომ შესაძლოა, მეორე ტური საერთოდ არ იყოს.

„თბილისის მერის არჩევნებშიც კი, უპარტიო კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ომახიანი კანდიდატი უკან მოიტოვა და მეორე ტური არ შედგა. კიდევ უფრო მძაფრი იქნება ეს დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის დროს. არის დიდი შანსი, რომ მეორე ტური საერთოდ არ იყოს“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ნანახია - 1487

cugo

2018-07-11 19:22:29

ნაცებს და ევრონაცებს ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი რომ აქვთ და ამაზე ოცნებობენ,ეს არის ცინიზმი და ხალხის დაცინვა.რატომ გგონიათ ამ კრიმინალებს რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებაში მკვლელებს და მწამებლებს დააბრუნებს.ამას ვერ მოესწრებიან.შეიძლება ქართული ოცნება არ იყოს ხელისუფლებაში,მაგრამ ამათი ხელისუფლებაში მობრუნებას არ დაუშვებს ქართველი ხალხი.ესენი ორივე დიდი ხანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მოისროლა პოლიტიკურ სანაგვეზე.

ფხიზელი

2018-07-11 20:20:28

„"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ორად გაყოფილი პარტიის შორის წინასაარჩევნოდ შეთანხმების გაფორმების იდეა „ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის."
------------------
ტჸუილია! ეს იდეა ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და სწორედ ის მანიპულირებს ნაცებზე ჯვარდაწერილი "სახალხო პარტიით".
*
"საარჩევნო პროცესში ერთმანეთს არ გავაკრიტიკებთ და ესეც ლოგიკურია, რადგან საერთო მოწინააღმდეგე გვყავს და მის სისუსტეებსა და იმ დანაშაულებრივი ქმედებების მხილებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც ექვსი წლის მანძილზე ხდებოდა“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
------------------
კუპონას ჰგონია, "დანაშაულებრივი ქმედებები", რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, დავიწჸებას მიეცა უკვე!
ყველაფერი გვახსოვს, ალ კუპონე, გ ვ ა ხ ს ო ვ ს !
(შენი კაიკაცობებიც გვახსოვს და იმიტომ არის, შენს ყოველ გამოჩენას მასმედიაში ამხელა აგრესია და ლანძღვა-გინების კორიანტელი რომ მოსდევს).

კატრინაა

2018-07-12 11:04:04

ოცნების ზურგი არის ნაცმოძრაობა!მათი ხელშეწყობით არიან ნაცები ასეთი გამოცოცხლებულები! ახლაც,ნაცების და ქოცების ურთიერთობაზე ვსაუბრობთ,ხომ ასეა? საქმეს ვინ გააკეთებს,ვინ?!არიან ბედნიერად,აქვთ ხელფასები,ყველა სარგებელი და ბატიაშვილი განათლების მინისტრად ჰყავთ!ისევიქ დავბრუნდით,საიდანაც წამოვედით!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80