ვანო მერაბიშვილი - სააკაშვილის ახალი ფავორიტი
რეტრომედია

ვანო მერაბიშვილი - სააკაშვილის ახალი ფავორიტი

ვანო მერაბიშვილი - სააკაშვილის ახალი ფავორიტი
„დილის გაზეთი“, 27 იანვარი, სამშაბათი, 2004 წელი

2018-07-11 13:51:33

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ახალი პრეზიდენტი, მისთვის ჩვეული რადიკალიზმით, ინაუგურაციის მეორე დღესვე შეუდგა საქმეს ორი უმთავრესი მიმართულებით: გუშინ, ქაშუეთის ეკლესიაში მან ხელი მოაწერა ეროვნული თანხმობის დოკუმენტს, რომელიც ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გათავისუფლებასა და მათ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მმართველობის პირველივე დღეს დაიწყო მუშაობა აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი შემადგენლობის ფორმირებაზე.

ბუნებრივია, ახალი მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას შეთანხმებით იქმნება ჯერ კიდევ ახალი სამთავრობო სტრუქტურის ფორმირებამდე, რაკი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მინისტრთა კაბინეტის შემოღებასა და შესაბამისი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება, დრო კი არ ითმენს.

მით უმეტეს, ეს კანონმდებლობის მოთხოვნაც არის. სწორედ ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების პროცესის ნაწილად უნდა ჩაითვალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა.

როგორც ცნობილია, ეს პოსტი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვანო მერაბიშვილმა დაიკავა. უმალვე დაიწყო საუბრები რომ სააკაშვილი „მომხრეებს ნიშნავს საკვანძო სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე“. არადა, ეს საუბრები სრული გაუგებრობაა, უფრო მეტიც, ზოგადპოლიტიკურ უკულტურობაზეც მეტყველებს: მომხრე უნდა დანიშნოს, აბა, მოწინააღმდეგეს ხომ არ დანიშნავს?

რა არის გასაკვირი იმაში, რომ პრეზიდენტი, რომელმაც განახორციელა რევოლუცია და ამით უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრა ისტორიისა და თანამედროვეობის წინაშე, სწორედ იმ ხალხს ნიშნავს თანამდებობაზე, ვინც, მისი აზრით, მზად არის გაიზიაროს მასთან ერთად პასუხისმგებლობა?

წარუმატებლობის შემთხვევაში კითხვებს დაუსვამენ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არამედ პრეზიდენტს. ამიტომ მდივანიც, მინისტრიც და დეპარტამენტის თავმჯდომარეც ის უნდა იყოს, ვისაც შესწევს უნარი, შეასრულოს ესა თუ ის თანამდებობრივი ფუნქცია.

მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ძალოვან სტრუქტურათა „კოორდინატორს“. აქ პრეზიდენტი უეჭველად იმას დანიშნავდა, ვისაც საკუთარი თავივით ენდობა და ეს სავსებით ბუნებრივია.

ვანო მერაბიშვილის მთავარი ღირსება ის არის, რომ მას არც ერთი დღე არ უმუშავია არც ერთ „ძალისმიერ სტრუქტურაში“ და არავითარი კავშირი მათთან არასდროს ჰქონია.

ნიშანდობლივია და ძალიან ზუსტად ასახავს ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულებას სწორედ ის მომენტი, რომ იგი ადამიანს ამ მომენტს ღირსებად უთვლის და არა ნაკლად. ამით ნათელყოფს, რომ პოლიტიკურ პოზიციას და დადასტურებულ მსოფლმხედველობას მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე გამოცდილებასა და სტაჟს. რაც შეეხება პროფესიონალებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში უმაღლესი დონის პროფესიონალები მოიძებნებიან.

როგორც ჩანს, ამავე ნიშნით შეირჩევა ყველა სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, ანუ საქართველოში დგება დრო, როდესაც ნებისმიერი სტრუქტურის უმაღლესი პოსტი ხდება პოლიტიკური და არა სპეციალიზებული თანამდებობა.

ამ ვარაუდს უახლოეს მომავალში სხვა დანიშვნებიც დაადასტურებს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს იგი ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის არ ემეტებოდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტზე დარჩენას სთხოვდა, რაკი ეს თანამდებობა არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

მით უმეტეს, მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ. მაგრამ, მან გადაწყვეტილება შეცვალა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მერაბიშვილისადმი ნდობის ძალიან მაღალ დონეს, ვინაიდან ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემათა მართვა და სტაბილურობის შენარჩუნება მაინც ეჭვმიუტანელი პრიორიტეტია.

ვანო მერაბიშვილი, „ოთხმოცდაათიანელთა თაობის“ წარმომადგენელია. რამდენადაც ცნობილია, „ეროვნული მოძრაობის“ დროს იგი ირაკლი შენგელაიას „რესპუბლიკურ-ფედერალური“ პარტიის წევრი იყო, შემდეგ თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და 1999 წელს, ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით, კენჭი იყარა საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეთა კავშირის“ სიით. პარლამენტში იგი მიწის რეფორმის საკითხებს კურირებდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ამერიკული პროგრამა, რაც ქართველი მიწათმფლობელებისათვის საკუთრების უფასო სერტიფიკატთა გადაცემას ითვალისწინებდა. ვანო მერაბიშვილი, ჯერ კიდევ, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნამდე გამოირჩეოდა მწვავე ანტიკორუფციული განცხადებებით და შეურიგებელი კონფლიქტი ჰქონდა „ძველი ელიტის“ წარმომადგენლებთან.

როგორც ჩანს, ეს ბოლო თვისება მიხეილ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკის საფუძველი ხდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი თანმიმდევრულია თავისი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კონცეფციის განხორციელებისას.

არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა ის იქნება, თუ იგი პრეზიდენტობას „გაინაღდებდა“ და ამის შემდეგ საკვანძო პოლიტიკურ თანამდებობებზე ისევ ძველი ელიტის წარმომადგენლებს დანიშნავდა. ამ უკანასკნელთ, ამიერიდან, მხოლოდ ფუნქციონალურ თანამდებობათა დაკავების იმედი უნდა ჰქონდეთ და არა პოლიტიკური პოსტებისა.

 

 

 

 

ნანახია - 101

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80