„გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეა გავარვარებული, რომ ჩვენი წარმატებების აღიარება უკვე ვადაგასული თემაა“
საზოგადოება

„გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეა გავარვარებული, რომ ჩვენი წარმატებების აღიარება უკვე ვადაგასული თემაა“

„გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეა გავარვარებული, რომ ჩვენი წარმატებების აღიარება უკვე ვადაგასული თემაა“
მარიამ თოდაძე

2018-07-11 11:30:53

ნატოს ივლისის სამიტამდე საქართველოს მიმართ ინტერესი ნატოს წევრი რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მხრიდან რამდენადმე გააქტიურებული იყო და ეს იძლეოდა იმედის საფუძველს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით საქართველო ამჯერად მაინც ხელშესახებ პროგრესს მიაღწევდა - წინასწარი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, 12 ივლისს ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე იქნება შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან, შეხვედრის ძირითადი თემა კი საქართველოსა და უკრაინასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში ჩვენ გვექნება ასეთი სახის შეხვედრა.

„პირველად, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში კონკრეტულ თემატიკაზე, კერძოდ, შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებზე იქნება მსჯელობა ნატო-ს ფორმატში“, - განაცხდა დავით ზალკალიანმა.

როგორც ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, ეს ხდება იმის გამო, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელიც ნატოს ფორმატში ხორციელდებოდა, ახლა უკვე გადავიდა კოლექტიური თავდაცვის რეჟიმზე და ბრიუსელის სამიტის ერთ-ერთი ლაიტმოტივი იქნება, რუსეთის აგრესიის შეკავება და მასზე სწორი რეაგირება.

აშშ, რომელიც ნატო-საქართველოს დაახლოების მომხრე ყოველთვის იყო, ბოლო დროს კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენდა და აშკარა მხარდაჭერის გამოხატვასაც არ ერიდებოდა. როგორც ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, ეს ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის, ეს კი ნიშნავს, რომ მის ინტერესშია მონახოს ის სივრცეები, საიდანაც შეიძლება რუსეთს მიაყენოს საკმაოდ სერიოზული ზიანი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების განხორციელების მიმართულებით.

„ერთ-ერთ ასეთ არეალს წარმოადგენს კავკასიის რეგიონი და საქართველო არის ის ქვეყანა, რომელზეც შეიძლება გარკვეული ფსონი დაიდოს, რადგან კავკასიის სხვა ქვეყნებს ამერიკასთან აქვთ საკმაოდ რთული ურთიერთობები - აზერბაიჯანი, სომხეთი - თურქეთსა და ირანზე საერთოდ აღარ მაქვს საუბარი. ეს არის რეგიონი, სადაც ამერიკას ყველაზე მეტი გამოწვევები გააჩნია. სავარაუდოდ, ამერიკა ცდილობს ამით მოახდინოს კომპენსირება და ძალთა ბალანსი გააწონასწოროს თუნდაც საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ“,- მიიჩნევს მაისაია.

საკითხის ერთი მხარეა ამერიკის გავლენა ნატოზე, ხოლო მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ევროკავშირის ქვეყნების განწყობები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია.

როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, ამერიკელებისაგან განსხვავებით, ევროპელები რუსეთის მიმარ რბილი პოლიტიკით გამოირჩევიან, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ასევე, ზომიერი პოლიტიკა. მათ ინტერესში არ არის რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა და კავკასიის მიმართ ევროპის ინტერესი არის დაახლოებით ისეთივე, როგორიც იყო დაახლოებით 100 წლის წინ - გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ევროპას საერთოდ არ აინტერესებდა საქართველოში არსებული სიტუაცია.

„თუ არ ჩავთვლით ახალგაზრდა ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ამერიკასთან ერთად ახორციელებენ საქართველოსა და უკრაინის მიმართ საკმაოდ აქტიურ მხარდამჭერ პოლიტიკას, მაგრამ ვიტყოდი, რომ ძირითადი ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში არის აბსოლუტურად ნეიტრალური“,- მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ამჯერად მაინც პროგრესი დაახლოების პოლიტიკაში ხელშესახები იქნება - საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ ნატო-ს დოკუმენტებში ღირსეულად აისახება და შეფასდება ის პროგრესი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში საქართველომ მიაღწია.

„ამ სამიტის ფარგლებში, ტარდება უპრეცედენტო შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად განიხილოს და უშუალოდ ისაუბროს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებზე. რაც შეეხება მოლოდინებს, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან კიდევ უფრო გაღრმავდება და ამ სამიტის შემდგომ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას. საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტის მიიღებას ველოდებით“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეა გავარვარებული, რომ ჩვენი წარმატებების აღიარება უკვე ვადაგასული თემაა. ექსპერტის შეფასებით, ჩვენი მიღწევები და წარმატებები შესაძლებელი იქნებოდა, განხილულიყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ, იქამდე, ვიდრე ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ცივი ომის ფორმატში გადაიზრდებოდა.

„დღევანდელ სიტუაციაში კარგად შესრულებული დავალებისთვის ჯილდოს ნამდვილად არ მოგვცემენ, რადგან გაცილებით სერიოზული თამაში მიდის და ნატოს გაფართოების პოლიტიკაზე თუ იქნება ლაპარაკი, ნაკლებად მგონია ეს შეეხებოდეს ბალკანეთს და თუ მაინც შეეხება, შესაძლოა საუბარი იყოს მხოლოდ მაკედონიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაზე“,- ვარაუდობს ვახტანგ მაისაია.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ასევე ველით, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებული იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.

„ჩვენი მოლოდინი სამი მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ნატო-ს სამიტამდე არაერთხელ განგვიცხადებია, შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია და ვფიქრობ, ბრიუსელის ნატო-ს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

ნანახია - 1649

ფხიზელი

2018-07-11 23:25:24

დღეს:

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, "ნატო-ს დეკლარაციაში პირველად გაკეთდა ჩანაწერი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძელი ქვეყნის ნებართვის გარეშე იმყოფება"
---------------
:)
მერე, ტიგრანა გულოიანის არ იყოს, ვერ დაუკარი ტაში და ვერ უთხარი:
- მალადეც, დედიჯან, როგორ გამოიცანი-მეთქი?!

ფხიზელი

2018-07-12 01:13:32

ამდენი წლის დაკვირვების შემდეგ, ნატომ გააკეთა სენსაციური აღმოჩენა: საქართველოში რუსები ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებიან, თურმე!

მოკლედ, არაფერი ამათ თვალს არ გამოეპარება!..

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80