„ხშირად ბავშვებს ეშინიათ მოძალადეების, ამიტომ ძიძის მიმართ ბავშვის მიერ გამოვლენილმა „დიდმა სიყვარულმა“ არ მოგატყუოთ“
საზოგადოება

„ხშირად ბავშვებს ეშინიათ მოძალადეების, ამიტომ ძიძის მიმართ ბავშვის მიერ გამოვლენილმა „დიდმა სიყვარულმა“ არ მოგატყუოთ“

„ხშირად ბავშვებს ეშინიათ მოძალადეების, ამიტომ ძიძის მიმართ ბავშვის მიერ გამოვლენილმა „დიდმა სიყვარულმა“ არ მოგატყუოთ“
მანანა ნოზაძე

2018-07-10 21:30:52

რა იწვევს აგრესიას ძიძებში და რატომ ვერ აცნობიერებენ ისინი, რომ მათ წინაშე უსუსური ბავშვები არიან, რომლებზეც ბავშვის მშობლების გამო ბოღმის გადმონთხევა არ ღირს. სულ ახლახანს ჩვენი საზოგადოება შეძრა იმ ფაქტმა, რომ 47 წლის ძიძამ 6 თვის ტყუპ და-ძმას სცემა, რაც ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ტყუპების სისტემატურად ცემისთვის ძიძას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლო პროცესზე მან აღიარა, რომ არასწორად იქცეოდა.

როგორ უნდა შევარჩიოთ ძიძა და უნდა ვენდოთ თუ არა ბავშვის ჟესტიკულაციას ძიძის დანახვისას? ამის შესახებ For.ge-ს ბავშვთა ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი კონსტანტინე პოზოვი ესაუბრა.

ბავშვების მიმართ უფროსების მხრიდან აგრესიის გამოხატვა გახშირდა. ჯერ იყო, ტყუპების ცემამ შეძრა ჩვენი მოქალაქეები, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში საბავშვო ცენტრის თანამშრომლებმა 7 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სცემეს. როგორ უნდა შევარჩიოთ ძიძა, რათა ფსიქიკური პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ ბავშვები?

- ყველა მშობელი ცდილობს, ისეთი ძიძა დაიქირავოს, რისი შესაძლებლობაც გააჩნია. სახელმწიფოს დონეზე ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული სტანდარტები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ძიძა. ჩემთვის ნაცნობია ისეთი მძიმე სიტუაცია, როდესაც ბუნებით თბილმა ადამიანმა, ძალიან კარგმა გოგონამ, მომავალმა ექიმმა, რომელიც სწავლობდა, უცბად გადაწყვიტა, დასაქმებულიყო ძიძად. სხვათა შორის, ამაში კარგი თანხაც გადაუხადეს, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ ამ გოგონამ არ იცოდა ის სტანდარტები, რომლებიც უნდა დაეცვა ძიძად მუშაობისას. იგი აჰყვა ბავშვის მშობლების რჩევა-დარიგებას, რაც ძალზე მძიმედ დამთავრდა თავად ბავშვისთვის, ვინაიდან იგი გარდაიცვალა. ვინ დავადანაშაულოთ ამაში? ერთი მხრივ, იმ ბავშვის მშობლების მითითებები შეასრულა და ამაში მას ვერ შევედავებით, მაგრამ, მეორე მხრივ, საინტერესოა, რა იწვევს აგრესიას თავად ძიძებში და რატომ ვერ აცნობიერებენ, რომ მათ წინაშე უსუსური პატარა ბავშვები არიან?

ძიძის ვალდებულებები უნდა იყოს გაწერილი და უნდა არსებობდეს კონკრეტული სტანდარტები, ანუ ძიძა უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. თუ ეს ახალგაზრდა გოგონა თავისი საქმის პროფესიონალი იქნებოდა, ის იტყოდა, მე ვარ ძიძა, მე ვარ პროფესიონალი, მე ვიცი, როგორ გავაკეთო ეს საქმე და თქვენ მე დამიჯერეთ. რაც შეეხება მედიით გაშუქებულ ფაქტს ტყუპების შესახებ, ეს სამწუხარო ამბავი იყო. ძიძის ფიზიონომიასაც რომ შევხედოთ, ჩანს, რომ ადამიანის ცნობიერება შეზღუდულია. ასეთ დროს რომელ ყოფაქცევაზე ვსაუბრობთ? იმ ქალის ბიოგრაფიას რომ ჩავეძიოთ, ეს ერთგვარი შურისძიებაც იყო მშობლების მიმართ, რადგან მშობლები ძიძებს მცირეოდენ გასამრჯელოს უხდიან. გარდა ამისა, არასათანადოდ ეპყრობიან. ეს ყველაფერი გროვდება ადამიანში. ზოგიერთი ძიძა უკვე წლებია, მუშაობს, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რისთვის მუშაობს. მშობლებს ხანდახან იმის საშუალებაც არ აქვთ, დაიქირავონ ნორმალური პროფესიონალი. მეორე მხრივ, თავად ძიძების პროფესიონალიზმი არ არის აყვანილი სათანადო დონეზე და ყურადღება არ ექცევა სტანდარტებს.

ცალკეული კომპანიები ძიძების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. ვენდოთ ამ კომპანიების გემოვნებას?

- ფირმებიც ბრალეულ ქმედებას სჩადიან, ოღონდ ვინმე მიიზიდონ და, რაც უფრო მეტი ძიძა ეყოლებათ, რაც უფრო იაფად ამუშავებენ ძიძებს, მით უკეთესი. ფრუსტრაცია, იმედგაცრუება რა არის? როცა მე ვმუშაობ ასეთ სერიოზულ სამსახურში, ვიტანჯები, ამაში მიხდიან კაპიკებს, მაგრამ იძულებული ვარ, დავთანხმდე. რა თქმა უნდა, ადამიანი ამით გაღიზიანდება.

საუბარია ძიძების 400-500-ლარიან სამსახურზე?

- ეს 500-600 ლარია, მაგრამ განრიგი როგორია? თანაც, ყველა ბავშვი ხომ არ არის მშვიდი? ზოგი „კაპრიზულია“, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ამიტომ ეს სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს, არა ასე მყიფედ და მშრალად, არამედ დაინტერესება უნდა ჩანდეს, რომ სახელმწიფომ გაზარდოს პროფესიონალები და ანაზღაურებადიც გახდეს ეს სამუშაო. რა თქმა უნდა, ყველას გვეცოდება ბავშვები, მაგრამ, ნაწილობრივ, ძიძების მდგომარებაშიც შევიდეთ. წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში როგორი სიძულვილი უყალიბდებათ ბავშვების მიმართ, ზოგიერთ მათგანს განათლებაც არ აქვს მიღებული და იძულებულია, იმუშაოს ამ პროფესიით. ამას ემატება დაუფასებლობა, რაც ხშირია მშობლების მხრიდან, მბრძანებლობითი ტონი, შენიშვნები.

რა თქმა უნდა, არავინ აპირებს, ბავშვის მცემელი ძიძის გამართლებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგჯერ მშობლები ზედმეტ დავალებებს აძლევენ ძიძებს, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრასაც ავალებენ, რასაც ბევრი თავმოყვარე ძიძა თაკილობს.

- უარს თუ იტყვის, დაკარგავს სამსახურს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ნაგვის გადაყრასაც ავალებენ. ძიძა დამლაგებელი ხომ არ არის?

ისტორიულად, საქართველოში თავადის შვილებსაც ძიძები ზრდიდნენ, მაგრამ მაშინ სრულიად სხვა დამოკიდებულება იყო და ძიძიშვილი ძმასავით ფასობდა. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგია, როცა მშობელი თავად უვლის საკუთარ შვილს, მაგრამ, თუ სხვა ალტერნატივა არ არის, ვის ვენდოთ?

- წინათ ძიძებად გლეხები ჰყავდათ, მაგრამ უპირველესად რა უნდა გამოიხატებოდეს ადამიანში? - სითბო. ტელევიაზიაში კადრები ფარული იყო, მაგრამ ისმოდა მშობლის საუბარი. გარდა პროფესიულისა, მე მაქვს კიდევ სხვა გამოცდილებაც და მარტო ხმის ტემბრით შემიძლია ვთქვა, რომ ის მშობლებიც არ არიან მთლად დალაგებულნი. ეს ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მშობლებთან მიმართებითაც პრობლემები იქნებოდა. ამ დროს ძალიან მარტივია, უყურებ ადამიანს, ესაუბრები, კითხულობ მის ბიოგრაფიას, უსვამ კონკრეტულ შეკითხვებს, ცდილობ, ძიძის ბუნება გამოავლინო.

როგორც წესი, ძიძები ამბობენ, „ვაიმე, ისე მიყვარს ბავშვები“ და ამ დროს მშობელი 300 ლარს უხდის, უფრო ნაკლებსაც სთავაზობს, „200 ლარი რომ გადაგიხადოთ, იმუშავებ?“ „როგორ არა, ვიმუშავებ“. სად არის აქ ბავშვების სიყვარული? აქ ხომ ეკონომიკური დაინტერესებაა? მეორე მხრივ, ძიძას რომ ეკითხები, რატომ აირჩიე ეს პროფესია, ის პირდაპირ გეუბნება, „იცით რა, მე არ მაქვს სათანადო განათლება, მაგრამ მე თვითონ მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, უკვე წლებია, ბავშვებს ვუვლი და ვერ წარმომიდგენია, სხვა რამ ვაკეთო“. ძალიან გულახდილი პასუხია, ცხადია, ყველა ვერ გახდება ფსიქოლოგი, მაგრამ, თუ მიმართავენ კონკრეტულ ფირმას, მაშინ ფირმას უნდა ჰქონდეს გაწერილი, როგორ ძიძას შესთავაზებს მშობელს.

მონოპოლიაც არ არის დასაშვები, ხომ შეიძლება, ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყო და ყოველგვარი ფირმის გარეშე ჩემი პროფესიონალიზმი დავამტკიცო ჩემი დიპლომით, სერთიფიკატით, ტრენინგების გავლით, გასაუბრებით. ამიტომ ეს ცნობიერების საკითხია. მე რომ მკითხოთ, ყველა მშობელი უნდა გადიოდეს ტრენინგს ამასთან დაკავშირებით. საუკეთესოა, თუკი თავად მშობლები გაზრდიან ბავშვებს, ეს ბიოლოგიურადაც გამართლებულია და ბავშვის ფიზიკური, ემოციური, ფსიქიკური კავშირი მშობელთან მიმართებით გაცილებით უკეთესი იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოექსპერტიძიძის შეფასებისას არის თავად ბავშვი? ბავშვის ინტუიციას ვენდოთ?

- მეტწილად შეგვიძლია ბავშვს დავეთანხმოთ, მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც - ხშირად ბავშვებს ეშინიათ მოძალადეების. თითქოსდა, დიდი სიყვარულია მათ შორის, მაგრამ ძალიან ფხიზელი თვალი უნდა ჰქონდეს პროფესიონალს, რომ შენიშნოს, ვისთან აქვს ბავშვს საქმე. მცირეწლოვანზე როცა ვსაუბრობთ, მაშინ მშობელს მდიდარი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რათა გრძნობდეს, ბავშვის ემოციური მხარე ხომ არ მიემართება უარესობისკენ, ან სხეულზე ხომ არ გაჩნდა ლაქები. არ უნდა მივეცეთ ისტერიებს, ძალიან მარტივია ამის ამოცნობა. არც ერთი მშობელი არ იტყვის, მე ძიძა ავიყვანე და მას გასამრჯელოდ მხოლოდ 170, ან 200 ლარს ვუხდი. მშობელი შეეცდება, ეს ფაქტი არ აღიაროს და მაშინ მოძალადე ვინ გამოდის, ეს კიდევ საკითხავია.

ძიძის გასაკონტროლებლად სათვალთვალო კამერების დაყენებას ემხრობით?

- მე ვარ ფსიქოლოგი და ძალიან კარგად შევნიშნავ, რა ცვლილებები აქვს ბავშვს ხასიათში, ამას არც კამერა სჭირდება, არც არაფერი. ამას სჭირდება ელემენტარული დაკვირვება, ელემენტარული ჩაძიება და ყველაფერი გამოჩნდება. თანაც, კამერების დაყენება ზნეობრივი, მორალური მხრიდან დაუშვებელია. შეიძლება, ბევრი რამ არ მოგეწონოს ძიძის პერსონაში და ეს ინდივიდუალურია. ალბათ, გაგიგიათ ძიძების შესახებ, იცით, ჩემს სახლში ძიძა აბაზანას ღებულობს. ზოგიერთი მშობლისთვის მიუღებელია, რომ ვიღაც „გომბეშომ“, დაბალი ფენის წარმომადგენელმა მის აბაზანაში იბანაოს. ასეთ მშობლებს ვურჩევ, თავად მიხედონ საკუთარ ბავშვებს, ხოლო, თუ შესაბამისი თანხის გადახდის შესაძლებლობა აქვთ, მაშინ დაიქირაონ პროფესიონალი. თუ ესეც არ გაგაჩნიათ, მაშინ უბრალოდ გააკონტროლონ სიტუაცია და რჩევები პროფესიონალისგან მიიღონ.

 

ნანახია - 1873

კატრინაა

2018-07-10 23:40:40

ახალგაზრდა დედებს სახელმწიფო არ უწყობს ხელს,რომ შვილები თავად გაზარდონ!კანონი უნდა მიიღონ ისეთი,რომ 18თვე იყოს დეკრეტული შვებულება ანაზრაურებით და 3წლამდე უხელფასოდ და ადგილის შენარჩუნებით!ეს იქნება იდეალური!თუ არადა ვიღებთ ისეთ მონსტრებს,რომლებიც ავტობუსში ერთმანეთს ხოცავენ და მერე ნუ გვიკვირს!

ფარაონი

2018-07-11 00:51:32

ბავშვს რომ ცემს ძიძა, ის ნორმალური ვერანაირად ვერ იქნება და ამიტომ, ან უნდა გაისროკოს, ან იძულებითი მკურნალობა დაენიშნოს საგიჟეში, ფსიქიკურად ძლიერ შერყეულ პაციენტებთან რომ იცხოვრებს, მერე იქნებ მოვიდეს აზრზე.

papa

2018-07-11 01:23:13

კატრინა ----ირმა

შენ ნათქვამს კიდევ ბევრი სხვა რამე უნდა დაემატოს...აი მაშინ გამოვა ბავშვი ნორმალური ადამიანი
როგორ მაშ კომუნისტების დროინდელი, არაფერია გამოსაყენებელ--გამოსადეგარიი??
აკი ჩვენ იმათზე მაგრები ვაართო/... 21 საუკუნეო, ევოლუციაო და ესეთი სიტყვების ბრახაბრუხი..
მიზანი რა აარი/---- წინსვლა თუ უკუსვლა?...
გამოდის მიზანი უკუსვლააა, უკუსვლა...თანაც ყველაფერში და თანაც მიზანმიმართულად..
აბა ბავშვი რომ ჩვილობაში დაისტრესება, იმისგან ნორმალური ადამიანი დადგებააა??
ან იმ მშობელს რად უნდა იმისთანა სამხახური(ლუკმა პური)ბავშვი თუ დასტრესილ--ნერვოზიანი გამოვა
.ან მომავალში ის ბავშვი რომ გაიზრდება,იმ მშობელს ხეირს დააყრიის/
როგორ ყველაფერი ერთად შეიშალა და გადაირია...
ნაცვლად იმისა რომ ტელევიზიები საზოგადოების თვითშეგნების ამაღ/ლებაზე მუშაობდეს, საზოგადოებას ავსა და კარგს უხსნიდეს, დადებითი მიზნით გამოიყენებოდეს,......... ასაფეთქებელია ეს ტელევიზიები...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80