„ეკონომიკაში არის ბევრი სიმახინჯე და ახალი პრემიერისგან გვაინტერესებს, აქ რა შეიცვლება“
პოლიტიკა

„ეკონომიკაში არის ბევრი სიმახინჯე და ახალი პრემიერისგან გვაინტერესებს, აქ რა შეიცვლება“

„ეკონომიკაში არის ბევრი სიმახინჯე და ახალი პრემიერისგან გვაინტერესებს, აქ რა შეიცვლება“
ლალი ზირაქიშვილი

2018-07-10 11:00:09

მიმდინარე კვირაში მთავრობის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტს იმ მცირე მთავრობას წარუდგენს, რომლისთვისაც ახალი კონცეფცია დაიწერა და 150-მდე კანონპროექტში ცვლილებები შევიდა. წინასწარ ცნობილია, რომ ახალ მინისტრებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, უმრავლესობა კი მზადაა ახალი თუ ახალ მთავრობაში დარჩენილი ძველი მინისტრების ხედვები მოისმინოს და მხარი დაუჭიროს. მას შემდეგ, რაც 14 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერი ახალ მინისტრებს წარადგენს, რომლებსაც ერთი კვირის ვადაში დაამტკიცებენ, ახალი პრემიერი თავისი, ასე ვთქვათ, კომპაქტური მთავრობით ქვეყნის მართვას შეუდგება და სავარაუდოდ, უმოკლეს დროში ის სიკეთეებიც უნდა დავინახოთ, რისთვისაც ახალმა პრემიერმა ერთთვიანი საკანონმდებლო შრომა გასწია. რა არის დღევანდელი საქართველოს რეალური პრობლემა, მთავრობისა და ბიუროკრატიის მოცულობა თუ კვალიფიკაციისა და პოლიტიკური ნების დეფიციტი - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

როდესაც პრემიერ-მინისტრს კითხვას უსვამენ, რა სიკეთეს მივიღებთ მცირე მთავრობისგან, მას ხშირად აქცენტი გადააქვს იმ 200 მილიონ ლარზე, რომელსაც ორ წელიწადში დაზოგავს სახელმწიფო ბიუჯეტი. თანხების გამოთავისუფლება ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენს ეკონომიკას დღეს ეს პრობლემა აქვს?

- სიმართლე გითხრათ, აქცენტი გადატანილია ისეთ თემაზე, რაც არსებითი არ არის, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მცირეა თუ დიდი მთავრობა, რადგან პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და არა მხოლოდ ეკონომიკაში. ამდენად, მნიშვნელოვანია რა ამოცანების გადაწყვეტას ცდილობს ხელისუფლება.

ჯერჯერობით არაფერი მომისმენია იმაზე, თუ რა პრობლემებზეა ორიენტირებული ახალი მთავრობა და პრემიერი - რა უნდა გადაწყვიტონ.

მცირე მთავრობაზე ლაპარაკი იმდენად არასერიოზულია, რომ პასუხის გაცემაც კი არ მინდა. დავუშვათ, ის იდეალური შემთხვევაც დადგეს და 200 მილიონი დაიზოგოს, ამ ჩავარდნილ ეკონომიკაში, რომლის მოცულობაც არის მიზერული - დაახლოებით, 15 მილიარდ დოლარამდე, არ მესმის მცირე მთავრობაზე საუბარი რას იძლევა.

მთავარია მთავრობა იყოს ეფექტური - რა არის ეფექტურობის კრიტერიუმები, როგორ გაიზომება, როგორი იქნება ეკონომიკა ხვალ და ზეგ - ეს არის მნიშვნელოვანი.

სავალუტო ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონმიკის ზრდა 2022 წლის ჩათვლით არ იქნება წლიურ 5,5%-ზე მეტი, ისიც ბოლო სამ წელიწადში. როდესაც ისედაც უმცირეს ეკონომიკაში ასეთი უმნიშვნელო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არსებობს, ეს ნიშნავს, რომ სსფ-ს, გნებავთ, მსოფლიო ბანკის საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხედავენ, რომ იმ ტიპის რეფორმა, რომელიც ძირეულად შეცვლის სიტუაციას, საქართველოში არ ტარდება.

ახალი პრემიერის პროგრამაშიც არაფერია ნათქვამი, თუ რა სერიოზული ნახტომისთვის მზადდება ეკონომიკა. როგორი იქნება ინსტიტუციონალური თუ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის სამართლებრივი და ბიზნესის თვალსაზრისით. როგორ მოეწყობა ფინანსური ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ქართული ეკონომიკის, რაზე გაკეთდება სტიმულები, საქართველოს ეკონომიკა ნელ-ნელა დაიწყებს თუ არა ინოვაციურ რელსებზე გადასვლას თუ ისევ ტურიზმზე გვესაუბრებიან...

ტურიზმს რაც შეეხება, ორჯერ მეტი ტურისტი რომ შემოვიდეს საქართველოში, ამით ეკონომიკის მომავალი უკეთესი არ გახდება, ვერანაირი სოციალური პრობლემები ამით ვერ გადაწყდება და ა.შ.

ჩვენ გვესმის განცხადებები, რომელიც აცდენილია დროს და სივრცეს - იყოს მთავრობა თუნდაც მრავალრიცხოვანი, ოღონდაც საქმე გაკეთდეს. სად არის ის საქმე, რომელსაც ეს მცირე მთავრობა გააკეთებს? 200 მილიონის ეკონომიაც არაფერს არ იძლევა, რადგან ეს თანხა ვერ მოახდენს გარღვევას იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

ჯერჯერობით კონკრეტული რაც მოვისმინეთ, ეს არის ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, შემცირდება მცირე ბიზნესისთვის ბრუნვის გადასახადი, თუმცა სამწუხაროდ, მასზე ქართულ ეკონომიკაში თითქმის უმნიშვნელო წილი მოდის - დაახლოებით 3%-ზეა საუბარი...

- ჩვენ გვინდა პრემიერისგან მოვისმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კონცეფცია - რა ეშველება ამ ყველაზე მეტად განადგურებულ სექტორს, რომელიც სულს ღაფავს, საკუთარ რისკზე მუშაობს, არანაირი ხელშეწყობა საკუთარ ქვეყანაში არ აგააჩნია... მერე რა, რომ 1%-ზე დავა ბრუნვის გადასახადი, ამით უკეთესი გახდება მისი მდგომარეობა?!

წარმოდგენები, რომ ამგვარი ცვლილებით რეალური შედეგი შეიძლება მივიღოთ, ძალზე დამაფიქრებელია - დღევანდელი გაჭირვებული მცირე მეწარმისთვის 5-ის ნაცვლად 1%-იანი ბრუნვის გადასახადი ძალიან კარგია, მაგრამ რა შეიცვლება ამით? რა ხელშემწყობი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ მცირე ბიზნესმა შეასრულოს ორი ფუნდამენტალური ფუნქცია, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკისრია მცირე და საშუალო ბიზნესს?!

განვითარებული ქვეყნები უამრავ ღონისძიებას ატარებენ ამისათვის - აშშ-ში მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია არსებობს, რომლის ხელმძღვანელსაც პრეზიდენტი ნიშნავს და ყოველ შტატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნის, მათ უზარმაზარი ფუნქციები აკისრიათ.

ის ყველასფერი, რაც საქართველოში ხდება, არის იმ დანაშაულებრივი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი რაც ე.წ. რეფორმატორებმა გაკეთეს თავის დროზე. არავის აინტერესებდა მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა იმ ოლიგარქიული ბიზნესებით იყო დაინტერესებუილი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში.

თუ ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ნახევარზე მეტია და თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა, საქართველოში როგორ მოხდა, რომ მცირე და სშუალო ბიზნესზე მხოლოდ 20% მოდის, ხოლო ეკონომიკის 80%-ს დიდი ქართული კომპანიები აკეთებენ?! - ეს არის სიმახინჯე და ახალი პრემიერისგან გვაინტერესებს აქ რა შეიცვლება.

რა შეიცვლება ფინანსურ სექტორში, სადაც ბანკები დომინირებენ და მოსპობილია ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა? - ეს ბანკების ბრალი არ არის, იმ ხელისუფლების დანაშაულია, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ის სიმახინჯე, რომელსაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია.

ახალ პრემიერს წარმატება მინდა ვუსურვო და ყველა წარმატებული ნაბიჯი საკუთარი ხელისუფლებისა ნამდვილად მიხარია, მაგრამ უკანასკნელი 25-30- წელია საქართველოს არ ჰყოლია მთავრობა, რომელიც საქმეს გააკეთებს.

როდესაც პირველად გამოჩნდა ბახტაძე, ყურადღება მიიქცია სწორედ საბანკო სექტორთან დაკავშირებული განცხადებებით, გაჩნდა იმედი, რომ საბანკო პოლიტიკასთან მიმართებაში ძირეულად თუ არა, არაპროფილურ საქმიანობასთან დაკავშირებით მაინც, რაღაც გადაიხედებოდა, თუმცა ეს თემა ჯერეჯერობით აღარ გრძელდება...

- პირველი განცხადება რაც გააკეთა, იყო აბსოლუტურად სწორი, სამართლიანი და მხარდასაჭერი - თუ საბანკო სისტემამ ეკონომიკაში თავისი ცივილიზებული ადგილი არ დაიკავა - თანამდეროვე ცივილიზებულ სამყაროში საბანკო სექტორს რა ფუნქციები და ვალდებულებებიც გააჩნია, ის არ შეასრულა, არაფერი შეიცვლება.

დღეს ყველაფერში ხელს ურევენ, ყველაფერი მონოპოლიზირებული აქვთ - მცირე, საშუალო თუ ნებისმიერი დამოუკიდებელი ბიზნესი აბსოლუტურად ფინანსური მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი. შიგნით რა ხდება, თავიანთ ბიზნესებს რა პროცენტში აძლევენ კრედიტს, სხვის ბიზნესს - რა პროცენტში, ეს კიდევ ცალკე თემაა...

ბახტაძის შემდგომი განცხადებები ცოტა უფრო კომპრომისული იყო, არადა ამ თემაში კომპრომისები არ არის საჭირო. ბანკების ექსპროპრიაციებს და მსგავს მეთოდებს ნამდვილად არ ვგულისხმობ, მაგრამ თამაშის ცივილიზებული წესების შემოტანა ნამდვილად აუცილებელია. ბანკებმაც კეთილი უნდა ინებონ და დაემორჩილონ ამ ძალზე აუცილებელ ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მამუკა ბახტაძე კი არა, ვინც არ უნდა მოვიდეს, არაფერი შეიცვლება, რადგან სისტემაა მახინჯი, რომელიც ქვეყნის განვითარების საშუალებას არ იძლევა.

პრემიერმა ზუსტად უნდა იცოდეს მიგრაციის რა დონეა ქვეყანაში, რამდენი ადამიანია გასული, ქვეყნის შიგნით როგორია ხელფასების დონე კერძო სექტორში - თავი დავანებოთ სახელმწიფო სექტორს, რომლის ხარჯზეც დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი მოდის. როგორია სახელფასო განაკვეთები, შრომის პირობები; დაცულია თუ არა თანამშრომლების უფლებები - ტოპმენეჯერების მაღალი ხელფასი ბევრს არაფერს ნიშნავს - რა ოდენობის სხვაობაა ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლების ხელფასებს შორის, რომლებიც უმცირეს თანხებს იღებენ - უსერიოზულესი ცვლილებებია საჭირო.

განცხადებების დონეზე რაც მოვისმინეთ, ყველაფერი მისაღებია, თუნდაც ის, რომ ბიზნესში სამართლიანი თამაშის წესები დამყარდება, მაგრამ რეალურად როდის დავინახავთ რომ რაღაც იცვლება? როდესაც ეკონომიკაზეა ლაპარაკი, სპეციალისტები მუდამ ამბობენ, რომ ხელშესახები ცვლილებები მყისიერად ვერ დადგება და ამასობაში გადის ათწლეულები, რომელიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება...

- საქართველოს უკვე აღარ აქვს დრო, ამიტომ პარალელურად, რამდენიმე მიმართულებით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც როგორც უახლოესი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის მიზნებს მოემსახურება. მართალია, საქართველოს ხელისუფლებები სულწასულები არიან და უცებ უნდათ რაღაცის მიღწევა, მაგრამ ოდესმე ვინმემ ხომ უნდა გათვალოს გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი წარმოუდგენია საკუთარი ქვეყანა? ცხადია, მიმდინარე პრობლემებს გვერდს ვერავინ აუვლის, მაგრამ ახლა თუ არ ჩაეყარა საფუძველი გრძელვადიან სტრატეგიას, რაზე ვილაპარაკოთ? იმაზე, რომ ტურისტები მოდიან და აყვავდა ქვეყანა?!

კიდევ ერთი გადასაჭრელი პრობლემაა ეკონიმიკური განათლება, როდესაც ისეთი ეკონომიკური განათლების მიღება იქნება შესაძლებელი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, მაშინ აღარ გაიმართება უსაგნო მსჯელობები, როგორი უნდა იყოს მთავრობა დიდი თუ პატარა - მთავარია მისი ეფექტიანობა და ეფექტურობა. ეფექტურობის ერთ-ერთი კრიტერიუმი კი შეიძლება ისიც იყოს, რომ მისი შენახვა ძვირი არ უნდა ჯდებოდეს.

როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და არც ერთი მათგანი არ წყდება თავისუფლების მოპოვების დღიდან, მცირე და დიდ მთავრობაზე კი არა, იმ სტრატეგიაზე უნდა ვსაუბრობდეთ რომელიც ქვეყანას სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემს.

ვიდრე მთავრობა და ახალი პრემიერი არ ჩამოაყალიბებს და არ გვეტყვის, რას გააკეთებს უახლოეს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მანამდე ყველანაირი საუბრები არის უსაგნო და არაფრის მომცემი - დაველოდოთ, რა პროგრამას წარმოადგენენ, შემდეგ უკვე შეიძლება დეტალური ანალიზი იმისა, რას აპირებს ეს მთავრობა და შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას.

ნანახია - 1773

კატრინაა

2018-07-10 12:21:05

ბ-ნი გიორხელიძე ვერასოდეს ვერ ვიხილეთ,ვერც ერთ მთავრობაში,მრჩევლადაც კი!არადა ისეთ ლექციებს კითხულობს,მე,მუსიკოსი,რომელსაც ძნელად მესმის ეკონომიკის საკითხები,ვგებულობ,რას ამბობს და რამდენად სწორად ამბობს!რა გახდა,ასეთი ეკონომისტების მიწვევა ეკონომიკური გუნდში?!ჩვენი საქმე იმ ანდაზასავითაა:თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო!

ფარაონი

2018-07-10 14:56:19

რეჟიმი დალპა და სანამ მისი აქოთებული სუნი ცხვირამდე მივა, დროა წავიდეს, საკმარისია მხოლოდ ერთი, ქოცთა ბელადი შეტყდეს, დიდი გენია! მენეჯმენტის მამა და მენეჯმენტის ყარამან-ყანთელი, ბატო-ნი ხიხო დიდ ხეთა მგლეჯელი მუხა დე ხრიგინა.
თორემ რა გამოდის, წავიდა მაჩვი და მოიყვანა ისევ მაჩვი, ოღონდ უფრო ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე, თითქოს ყანა აქვს გასათოხნი ყარამან ყანთელს, ახალგაზრდა და ერთგული კადრი.
ერთგულება!
„ვოტ“ ერტგულება!!! აი რა არის დღეს მთავარი პოლიტიკაში და არა გეგმა, ან თუნდაც მონახაზი მაინც, რის გაკეთებას აპირებს მკვდარ პინგვინის და ზოლიან ვირის, ზებრად წოდებული დიდ ბატონის პატარა მოურავი.
იმდენი ტვინი არ ააქვს გოგრაში არც ბიძოს, არც მის მიმდევრებს, რომ საგადასახადო პილიტიკა შეცვალონ.
გადასახადს ფულით ვიხდით ხომ?
ხოდა ფული დავბეგროთ და არა საქონელი, მხოლოდ შემოსული ფული დავბეგროთ, მინიმუმი 1% ან 2% პროცენტით, სხვა ყველა გადასახადი გავაუქმოთ.
-ქვეყანაში მოძრავი ფულის 2% იქნება წელიწადში მინიმუმ 30-35 მილიარდი ლარი, თუ მეტი არა, ისე რომ თუ მდიდარს და ღარიბს ერთნაირად დავბეგრავთ და აუცილებელიც არის კანონი ყველა ერთნაირად მოქმედებდეს, მათ არც არაფერი შეეტყობა და ბიუჯეტი მუდამ გვექნება სავსე, როგორც ბიძოს მუთაქა, მაგრამ აქედან თუნდაც იყვირე, თუნდ ჭიპზე გასკდი, მაინც არავინ გისმენს და არავინ კითხულობს, ეკამ თუ წაიკითხა და მერე მოუყვა მამა მარჩენალს, ამის შანსი არის 1-164 000 000-თან, მარა ქალბატონი ეკა ნიცშეთი ყოფილა დაინტერესებული, ნიცშე და ბუკოვსკი, რიგში დოსტოევსკია, დოსტოებსკი და როგორ მოვამზადოთ სალათა ბადრიჯნის გარეშე.
- გამოდის ახლა ეკაზე უნდა ვილოცოთ, იქნებ თვალი მოკრას რაცხა საქვეყნოს და დიდ ბელადამდე, ბატო-ნ ბიძოს უჩურჩულოს ყურში...
ღმერთო! შენ გაუნათე გონება ეკას!!!...... ამინ!

ფარაონი

2018-07-10 15:14:39

- ნებისმიერი ქვეყნის დასამარცხებლად საერთოდ არ არის საჭირო გყავდეს დიდი არმია, ან უახლესი შეიარაღება.
-საქართველოში საკმარისია შემოხაზო 41 და გაიყინება, გაჩერდება, დალპება და მოეხაზება ყველას და ყველაფერს.
გინდათ გმირულად დავეცეთ ქართულ მიწაზე მშიერ მწყურვალნი? შემოხაზე „41“.
გინდათ პოლიტიკოსებს დავნებდეთ და მათ „პლენებად“ ვიქცეთ? შემოხაზეთ „5“.
„თუ შემოხაზავ, მოგეხაზება“ ყველაფერი გენიალური მართლა მარტივი ყოფილა და მერე როგორი მარტივი, ერთი ხელის მოქნევა უნდა, კალმიანი ხელის თამამად მოქნევა და.........
თუ გამარჯვება გინდათ, ოხ ღმერთო! უმძიმესი სურვილია, ისევე როგორც უმარტივეს კითხვაზე, „ვინ ხარ?“ 100 დან 100, 500 დან 499 არასწორ პასუხს გასცემენ-ხოლმე.
იმედია ისევე, როგორც კიბოს წამალი, გამარჯვების წამალსაც მალე მოიგონებენ და მერე ქართველებო ჰე ჰეიიიიი!!!...........ჰეი ქართველნო!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80