„ქართველ მასწავლებელს იმდენი ენერგიის ხარჯვა უწევს კლასში, მთელი ფინეთის მასწავლებლებიც რომ ჩამოვიყვანოთ, ვერაფერს გახდებიან“
საზოგადოება

„ქართველ მასწავლებელს იმდენი ენერგიის ხარჯვა უწევს კლასში, მთელი ფინეთის მასწავლებლებიც რომ ჩამოვიყვანოთ, ვერაფერს გახდებიან“

„ქართველ მასწავლებელს იმდენი ენერგიის ხარჯვა უწევს კლასში, მთელი ფინეთის მასწავლებლებიც რომ ჩამოვიყვანოთ, ვერაფერს გახდებიან“
მანანა ნოზაძე

2018-07-09 21:00:23

წლეულს 11 ათას მოსწავლეზე მეტმა ვერ შეძლო ატესტატის აღება. ეს სტატისტიკა არასახარბიელოა და ნიშნავს, რომ ჩვენი მოსწავლეები ერთ-ერთ ძირითად საგანში მინიმალურ კომპეტენციასაც ვერ ლახავენ. რას შეცვლის სწავლების ახალ მოდელზე გადასვლა და ამაღლდება თუ არა მოსწავლეების ცოდნის დონე, ამის შესახებ For.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ესაუბრა.

სავალდებულო საშუალო განათლება სკოლებში ცხრა წლის ნაცვლად ათი წლით უნდა განისაზღვროს. ამ თემაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ განათლების სისტემის მესვეურებმა მაშინ ამას თავი ვერ მოაბეს. ამჯერად თუ მოერგება ეს სიახლე ქართველი ბავშვების მენტალიტეტს?

- სხვა ქვეყნებში არსებობს ეს მოდელი, რაც გულისხმობს ათწლიან საბაზისო და შემდეგ უკვე ორწლიან სწავლებას. ამას ჰქვია „ჰაისქულ“, როცა უმატებენ ორ წელიწადს. კვლევებიც ადასტურებს და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც მიიჩნევენ, რომ რაც მეტს სწავლობს ბავშვი, ანუ რაც უფრო ხანგრძლივია სავალდებულო სწავლება, მით მეტია შედეგი. უცხოური გამოცდილება ასეთია, თუმცა, თუ ჩვენ ქართულ რეალობას დავაკვირდებით, სიტუაცია განსხვავებულია. პირიქით, მოსწავლე, რომელსაც სწავლა არ სურს (და ასეთი ქართულ სკოლებში ბევრია), რაც უფრო მალე დატოვებს სკოლას და გავა სკოლიდან, უკეთესი იქნება. ბევრი მოსწავლე სკოლაში იმისთვის დადის, რომ საბაზისო სკოლის ატესტატი აიღოს და შემდეგ გავიდეს სკოლიდან. ამიტომ, ვიმეორებ, ბევრად უკეთესია, რაც უფრო მალე გავა ასეთი მოსწავლე სკოლიდან და სხვა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.

თუნდაც ტექნიკუმში?

- დიახ, ტექნიკუმში სწავლა რომ გააგრძელოს, ამისთვის სჭირდებათ საბაზისო სკოლის დიპლომი. ამიტომ უმჯობესია, დროულად მივცეთ ეს დიპლომი. მით უმეტეს, არის მოსწავლეების კატეგორია, რომელთაც მე-7-8 კლასიდან ეტყობათ, რომ, უბრალოდ, საბაზისო დიპლომის ასაღებად დადიან სკოლაში, რათა შემდგომში საშუალება მიეცეთ, ტექნიკუმში გააგრძელონ სწავლა.

როგორც წესი, ასეთი ბავშვები თანატოლებსაც არ აძლევენ სწავლის საშუალებას.

- დიახ, ხელს უშლიან მოსწავლეებს, მასწავლებელებსაც პრობლემებს უქმნიან, ზოგადად, აყოვნებენ სასწავლო პროცესს სკოლაში. ახლა მასწავლებელს აბრალებენ ყველაფერს, მაგრამ მოსწავლეზეც ბევრი რამეა დამოკიდებული და მშობელზეც. სკოლებთან მაქვს შეხება და ვიცი, რომ, როცა სკოლიდან ტექნიკურ სასწავლებელში გადასულა ისეთი მოსწავლე, რომელიც სკოლაში დიდი მონდომებით არ გამოირჩეოდა და გაკვეთილებს შლიდა, სულ სხვა ადამიანი გამხდარა. ორი თვის მერე შევხვედრივარ ამ მოსწავლეს, ის უკვე კარგ ადგილას მუშაობდა, მზარეულის კურსების გავლის შემდეგ ერთ-ერთ კარგ სასტუმროში მოწყობილა და სავსებით შეცვლილა.

არის შემთხვევები, როცა ტექნიკუმის დასრულების შემდეგ მოსწავლე ბევრად უფრო მეტად აფასებს განათლების აუცილებლობას და უმაღლესშიც სურს ჩაბარება. ასეთ მოზარდს გზას ხომ არ ვუღობავთ?

- თუკი მოზარდი სკოლიდან გადის და ტექნიკუმში აგრძელებს სწავლას, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაიკარგება ცხოვრებაში, ან გზას აცდება. ჯობს, რაც შეიძლება მალე იპოვოს ის ადგილი, რომელიც აინტერესებს. თორემ, რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ სკოლაში და კიდევ ერთ წელს დავტოვებთ, ეს პრობლემა იქნება მასწავლებლისთვისაც და თავად მოსწავლისთვისაც. მე გეუბნებით ჩემს არგუმენტებსა და მასწავლებელების აზრს, თორემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამასთან დაკავშირებით რა არგუმენტები გააჩნია, უნდა მოვისმინოთ. მათი არგუმენტები, ალბათ, დაყრდნობილია საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ქართული რეალობა ასეთი სულაც არ გახლავთ.

თუ სამინისტროს აინტერესებს ქართული რეალობა და ქართველ მასწავლებლებს რამეს ეკითხება, დარწმუნებული ვარ, მასწავლებლების უმეტესობა ჩემს აზრს გაიზიარებს. ყველაზე კარგი კი ის იქნება, რომ ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. ამ ბარიერს თუ მოუხსნიან, ეს ნამდვილად კარგი რეფორმა იქნება. თუ ბარიერები მოიხსნება, მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდებიან იმით, რომ სკოლაში სიარულითა და სასწავლო პროცესით მეტი სარგებლო მიიღონ, ვიდრე ატესტატისა და დიპლომის ფარატინა ფურცლების აღებით.

ჩვენში მახინჯი ტრადიცია არსებობდა, რომ ატესტატსა და დიპლომს ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებდით. ქართული სამწუხარო რეალობა ისიც იყო, რომ კარგი ნიშნების აღმნიშვნელი ატესტატის მისაღებად ზოგჯერ ქრთამის გაღებაც უწევდათ მშობლებს სკოლის დირექციისა და მასწავლებლებისთვის. ახლა ასეთი დამოკიდებულება არ შეინიშნება.

- რა თქმა უნდა, ასე იყო და, თუ ახლა ასეთ მოსწავლეს ატესტატს მისცემენ მე-9 კლასში, ის საერთოდ აღარ ივლის სკოლაში. მე-12 კლასამდე სკოლაში იძულებითი დარჩენა არ არის გამოსავალი. ამიტომ, ჩემი აზრით, ათწლიანი სწავლება სწორი არ იქნება და ქართულ რეალობაში კარგ შედეგს არ მოიტანს. ვერც იმას ვხვდები, რა აზრი აქვს, მე-10 კლასში გადმოიტანონ გამოცდები მაშინ, როცა შეუძლიათ, მე-9 კლასშივე ჩაატარონ CAT-ის გამოსაშვები გამოცდები. აზრს ვერ ვხვდები, რატომ უნდა გახანგრძლივდეს და გახდეს სწავლება ათწლიანი, მით უმეტეს, როცა მე-12 კლასში იმეორებენ ყველაფერს, რასაც სწავლობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. მასწავლებელს უნდა გაუადვილო საქმე, რომ უკეთესად იმუშაოს. კიდევ ერთი წლით ამ მოსწავლეების დატოვება მასწავლებლებისთვის საქმის გართულებაა. ვისაც როგორ უნდა, ისე იფიქროს, მაგრამ ქართული რეალობა ასეთია. უცხოეთს ადარებენ ხოლმე საქართველოს. უცხოელ მასწავლებლებთან მაქვს შეხება, ბანაკებსაც ვაწყობ ხოლმე, რამდენჯერმე წამიყვანია უცხოელი მასწავლებელი ქართველ მოსწავლეებთან სამუშაოდ, მაგრამ საუკეთესო უცხოელ მასწავლებელსაც კი არ გამოსდის მუშაობა ქართველ მოსწავლეებთან. ამ შემთხვევაში, დისციპლინის კონტროლის თემა შემოდის. უცხოელს არ შეუძლია ამის გაკონტროლება. თუ დამხმარე არ ჰყავს, ვერ აკონტროლებს, ვერ ერევა სიტუაციას. საერთოდ, გაკვეთილს ვერ ატარებს.

ეს ენობრივი ბარიერის გამოა?

- არა, ენობრივი ბარიერის გამო არ არის. ეს იმის გამოა, რომ ქართველი მოსწავლეების ხასიათი განსხვავებულია. ქართველ მასწავლებელს იმდენი ენერგიის ხარჯვა უწევს კლასში, რომ მთელი ფინეთის მასწავლებლები აქ რომ ჩამოიყვანო, დარწმუნებული ვარ, ვერაფერს გააკეთებენ საქართველოში. ქართველ მასწავლებელს ჯერ უწევს, მოსწავლეებს შორის დაამყაროს დისციპლინა და ამის შემდეგ ასწავლოს. ეს ორმაგი შრომაა. ამ დროს უცხოელებს კარგი მეთოდი აქვთ, მეთოდებში ჯობნიან ქართველ მასწავლებლებს, მაგრამ მოსწავლეების მართვის დიდი პრობლემა აქვთ.

ჩვენ აქამდე ისეთი სტერეოტიპით ვცხოვრობდით, რომ მორჩილი ქართველი მოსწავლეებისგან განსხვავებით, უცხოელი მოსწავლეები თავისუფლები იყვნენ, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ კლასში, ადგებოდნენ, წამოწვებოდნენ, მიირთმევდნენ საჭმელს.

- პირადად მე დამიქირავებია მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მასწავლებლები, რომლებიც კერძო სკოლებში ასწავლიან საქართველოში. კერძო სკოლებში მათ შედარებით ნაკლები პრობლემა აქვთ, რადგან 10-15 მოსწავლე უზით კლასში, მაგრამ 25 მოსწავლესთან ასეთი მასწავლებლები დამოუკიდებლად ვერ ატარებენ გაკვეთილს, თუკი იქ არ არის ქართველი ადამიანი, რომელიც მოსწავლეებს გააკონტროლებს. ჩემი დაკვირვებით, ქართველ მოსწავლეებთან მუშაობა ორმაგად რთულია. ამიტომ სამინისტროს რომელიღაც ჩინოვნიკი როცა წყვეტს ასეთ საკითხებს, ჯერ ჰკითხოს მასწავლებლებს, ამის სკოლაში დანერგვა კარგი იქნება? წლების განმავლობაში ასე რომ არ ხდებოდა, ამიტომ გვაქვს ასეთი შედეგები. ჩვენი საშუალო სკოლის მოსწავლეს რომ ჰკითხოთ ისტორიის, ან მათემატიკის ცალკეული საკითხები, ვერ უპასუხებს ისე კარგად, როგორც საჭიროა.

ნანახია - 1793

1234

2018-07-10 03:08:08

"პირადად მე დამიქირავებია მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მასწავლებლები" - სად, როდის, როგორ გაზომა მათI კვალიფიკაცია?
უცხოელი ლექტორებისა არ იყოს, საქართველოში მოდის ან ძირათად წარუმატებელი კურსდამთავრებულნი და პროფესორები რომელთაც თავიანთ ქვეყანებში სამსახური ვერ იშოვეს, ან უკვე პენსიაში გასული ხალხი. ეს ბოლო კატეგორია შეიძლება უფრო მომზადებული იყოს ვიდრე პირველი, მაგრამ არ ჰქონდეთ საკმაო მოტივაცია ასაკის და სხვა მიზეზების გამო. მიუხედავად იმის რომ მასწავლების ხელფასი სხვა პროფესიებთან შედარებით თითქმის ყველგან დაბალია, საქართველოს კერძო სკოლებიც კი იმდენს ვერ გადაუხდიან რასაც განვითარებული ქვეყნები უხდიან თავიანთ მასწავლებლებს.
მესამე კატეგორია არიან მოხალისეები, მაგალითად მშვიდობის კორპუსით ჩამოსულები. ესენი ყველაზე დასაფასებელნი არიან, მაგრამ მათი კვალიფიკაციაც უმრავლეს შემთხვევაში არ არის მაღალი. ინგლისურის მასწავლებლად რომ იმუშაონ საქართველოში მათ არ მოეთხოვებათ მასწავლებლის დიპლომი, და უმრავლესობა ახალ კურსდამთავრებულნი არიან.
გამოსავალი არის მხოლოდ ერთი რასაც სხვა განვითარებადი ქვეყნები (მაგალითად თურქეთი და იორდანია) დიდი ხანი იყენებენ: ქვეყანამ უნდა დააფინანსოს წარმატებული ქართველი სტუდენტების სწავლება ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ქვეყანაში სავადლებულო დაბრუნების და 20 წელი მუშაობის პირობით. ამით ტვინის გადინებაც შემცირდება, ადგილობრივი კვალიფიციური პროფესურა და მასწავლებლებიც გაიზრდება, ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალიც ამაღლდება.

papa

2018-07-10 09:44:11

მანამ ესენი ამ ბავშვებს მანამდე ბოლომდე არ დაააშტერებენ, მანამდე ესენი ამ თავის ე.წ. რეფორმებს რეფორმებს თავს არ დააანებენ
შედეგი შედეგი, სადააა...???
სამი წლის წინ ამ თემაზე(ბავშვების ზოგადი განათლების დონის შეფასების მიზნით) ტელევიზიით კორესპოდენტი, უნივერსიტეტის მიდამოებში, თათარიახლად რაღაც პატარა გამოკითხვას ატარებდა....
იქიდან ყველაზე ძალიან ეს დამამახსოვრდა....
თბილისი ვინ დააარსაო ..და პასუხად იცით რა უთხრა ვიღაც მოპრანწკულმა გოგოომ?..... მე თბილისელი არა ვარ,....ამიტომ არ ვიციო..?????????????
აააა ...ბატონო..უხელფასო მასწავლებლებით, ჩატარებული ყოველწლიური რეფორმების შედეგი.
..სადამდე?? მანამ ხელის მოწერის მაგივრად, წინაპრებივით ესენიც ჯვარს არ დაუსვამეეენ??
ორი სამი ბავშვი, რომ მართლა სწავლობს ეს რეფორმების შედეგი კი არააა...არამედ მხოლოდ მისი მშობელებისა და პირადად იმ ბავშვის დამსახურებააა
ადრე კლასში მხოლოდ ორი სამი ბავშვი კი არ სწავლობდა მხოლოდ კარგად, არამედ პირიქით....მხოლოდ ორი სამი ბავშვი არ სწავლობდა კლასში კარგად(ე.ი.ცუდად სწავლობდა)
ადრე გარემო სხვა იყო, სხვა---- ადრე განათლება ფასობდა, ყველა ცდილობდა რომ მართლა ესწავლა.. განათლება ყველასთვის ცხოვრებისეული სტიმული, პრასვეტი და პერსპექტივები იყო .. ეხლა....?
მოკლედ დასკვნა ერთია....განათლებაზე ჩატარებული რეფორმები, ბავშვების განათლების დონის ამაღ/ლებას კი არ ემსახურება, არამედ(რაოდენ დაუჯერებელიც გინდა იყოს)...მათ დაშტერებას!..
შედეგების მიხედვით ასეა
ორასი--სამასი ბავშვიდან, ორი სამი ბავშვი, რომ მართლა,,სადღაც თოფს გაისვრის,, ეგ არ არის...არიქა და აი განათლების დონე, რა მაღალი გვაააქვსო..ეგ ნიჭია ნიჭიი, ქართული ნიჭი, რომელის განვითარებასაც ეხლა ასე გაააფრთებით ებრძვიან
და ამაზე ათი წელია სერაფინა გაუჩერებლად ყვირის......

papa

2018-07-10 09:48:55

აი კაკრას...ალავერდი თქვენთანა ვარ-- შარშანდელი ბიტურიენტების შედევრები ქართულში

ჩვენმა განათლების სისტემამ ბავშვების გამოტვინებაში რეკორდი დაამყარა!!!

თან ვიცინი თან ვტირივარ--- ეს რა აარის?? ამას მოფიქრება არ უნდოდააა??



(თან ეს შემოკლებული ვარიანტია)



"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თავის სამშობლოში".

"შოთა რუსთაველი თამარ მეფის ჭურჭელს განაგებდა და ქალაქ რუსთავს მართავდა".

"ტარიელმა ნესტან-დარეჯანის გათხოვების ამბავი რომ გაიგო, ყაჩაღად გავარდა".

"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო".

"ნესტან-დარეჯანი ტარიელის ტყავისა და ვეფხვის ნაჯვარი იყო".

"რომეომ ჯულიეტას კოცნა წიგნების მიხედვით ისწავლა, რადგან ჯერ პატარა იყო და თან საუკუნეების წინ ცხოვრობდა".

"ერეკლე მეფეს ინგილო ქალმა ქლიავებით გაუტურტლიანა ქუდი, მაგრამ მეფეს იმხელა ბუმბერაზი სულიერება ჰქონდა, სულაც არ გაბრაზებულა".

"პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ თავის გარშემო ისეთი მოღვაწე მწერლები შემოიკრიბა, ვისაც მდინარე თერგი ჰქონდა შემთხვევით ჩაყლაპული".

"აკაკი წერეთელი უფანჯრო და გამურულ სახლში გაიზარდა და მერე გამდიდრდა".

"აკაკი წერეთელს სკოლაში სცემდნენ ხოლმე. დღეს რომ მასწავლებელმა ბავშვს სცემოს, ციხეში ჩასვამენ".

"ალექსანდრე ყაზბეგი მსახიობიც იყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან მხოლოდ ცეკვა იცოდა და ისიც ლეკური".

"ღმერთმა მიიხედ-მოიხედა და თავის მეტი რომ ვერავინ დაინახა, შეეშინდა და ადამიანი შექმნა. ამის შემდეგ ვინც მარტო რჩება, შიში ერევა".

"გველეშაპი ადამიანებს ტანსაცმლიანად ყლაპავდა, მაგრამ მომღერალი მეჩონგურეს ფეხსაცმელები არ მოეწონა".

"ფიროსმანი რომანტიკულად გაღარიბდა".

"ერთ ღამეს დალის ქალღმერთს მონადირე შეეპარა და გვერდით მიუწვა და ამირანი ჩასახა".

"სოლომან მორბელაძე სირბილით შოულობს ტკიცინა ათლარიანებს".

"თბილისის შუაში მოედინება მტკვარი, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს და სხვადასხვა უბნებს წარმოშობს".

"ვაჟა-ფშაველას ოჯახში ყველა სტუმარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას, თან აჭმევდნენ და ასმევდნენ და რა გასაკვირია, რომ მან სტუმარ-მასპინძლობაზე პოემა დაწერა?".

"ძიძიასგან დაბრმავებული ონისე გაიძახოდა, მომკალითო, მაგრამ ყველა გაშტერებული უყურებდა. ვერავინ წარმოიდგინა, რომ როცა ქვეყანას უჭირდა,
ხევისბერის შვილი ქალთან გულაობდა".

"ილია ჭავჭავაძე თერგდალეულების ლიდერი კი იყო, მაგრამ მდინარე თერგს ვერ იტანდა".

"დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვამ ისე გაიტაცა, თურქების თავდასხმის ხმაც კი ვერ გაიგონა".

"მზეთუნახავი ნესტანი კიდობანში ჩასვეს და წყალში ჩააგდეს. ზედ კი ორი ზანგი მონა დაასვეს".

"ლუარსაბი განათლებული რომ ყოფილიყო, ისეთი გაბერილი აღარ იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რამდენი უნდა ეჭამა".

"ადამიანები პირველად თიხაზე წერდნენ, მერე ცხოველების ტყავზე. სულ ბოლოს ჩინელებმა ფურცლები გამოიგონეს, მაგრამ ახლა ყველაზე ადვილი ინტერნეტში წერა და კითხვაა".

"ვეფხისტყაოსანი" ყველა ქართველი პოეტის უდიდესი პოემაა".

"ერეკლე მეფემ კრწანისის ომი წააგო და ისე დაიმალა, ქალები ვეღარ პოულობდნენ".

"ვაჟა-ფშაველას ცოლის მოყვანამდე ორი გოგო უყვარდა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ მათ ახლოსაც კი არ მიკარებია, მხოლოდ შორიდან უთვალთვალებდა".

"ლუარსაბს ცხენი დაუმალეს და იფიქრა, რაც არის, არის, მაშინ დარეჯანს დავექორწინებიო".

"ლუარსაბს დარეჯანი არ მოეწონა, მაგრამ იმავე ღამეს მაინც დაუკოცნა მარწყვებისნაირი ტუჩები"

tinia

2018-07-10 15:18:07

PAPA სამწუხაროდ ეს ამბავი ახალი არ არის ,უბრალოდ ახალი მარგალიტებით მდიდრდება ყოველწლიურად,ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ,-ემატება -ინტერნეტი,კომპიუტერი,ფბ.და ასე შემდეგ,მხოლოდ უწიგნურობაა უცვლელი.რაც პირველად ჩემი შვილის სასკოლო წიგნები ვნახე 2004 წელს, მას მერე სულ იმის განცდა მაქვს, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად 'კეთდება' ჩვენი შვილების დასაშტერებლად და ასეა წლიდან წლამდე.ლომაიადან აგერ ჩემოდანზე მჯდარ ჩხენკელამდე გამოსავალიც რომ არ ჩანს ესაა უბედურება,ან მე შემიპყრო პესიმიზმა,არ ვიცი

კატრინაა

2018-07-10 19:35:14

რასაკვირველია,მიზანმიმართული ექსპერიმენტია,რაშიც ჩვენი მთავრობები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას! ნებისმიერი ასეთი ექსპერიმენტი ბუმერანგივით უბრუნდება არა მარტო მთავრობას,არამედ ერს! ესენი, თუ გვარიანად არ შევაჯანჯღარეთ,საერთოდ ამოძირკვავენ განათლებას,ასე ვატყობ საქმეს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80