"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში

"კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში
"რეზონანსი"

2018-07-09 12:09:22

"გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ მისი გუნდის წევრები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ თანამდებობას. თავად ამბობენ, რომ ყველა "საკუთარი სურვილით" მიდის, თუმცა ამ გადადგომის პროცესს "ქართულ ოცნებაშიც" კი "კუდიანებზე დევნას" უწოდებენ. კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მალევე გადადგა ორი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე. რიგში მიხეილ გიორგაძეა. რამდენიმე დღის წინ, ასევე, "საკუთარი სურვილით" თანამდებობიდან წავიდა აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარიძე და ახლა უკვე აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ მალე კვირიკაშვილის მიერ დანიშნული გუბერნატორებიც შეიცვლებიან. ასევე, კულუარული ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ ეს წმენდა საპარლამენტო თანამდებობებსაც შეეხოს და დაახლოებით 7 კომიტეტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხიც კი დადგეს, რომლებიც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრებად მიიჩნევიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "კუდიანებზე დევნა" კვირიკაშვილის გუნდის წევრებში.

"ახლა ის, რომ აქ "კუდიანებზე დევნა" დაიწყოს, მათი, ვინც გიორგი კვირიკაშვილის კადრია, ეს მიუღებელია", - აცხადებს "ოცნების" დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დასძენს, რომ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს ვერავინ ვერ შეცვლის. მისი მტკიცებით, თუკი ვინმე საპარლამენტო თანამდებობებიდან კვირიკაშვილის კადრების მეორე ფლანგზე გადაყვანის საკითხს დააყენებს, ეს წმენდა, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარით უნდა დაიწყოს, რადგან თავის დროზე სწორედ ის მიიჩნეოდა კვირიკაშვილის კადრად, სანამ "თავში არ აუვარდებოდა" - "ერთ რაღაცას ვიტყვი, თუ რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენებაზე დაიწყო საუბარი, პირდაპირ გეუბნებით, რომ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებით უნდა დაიწყოს ეს საქმე. იმიტომ, რომ არავინ კვირიკაშვილის ხელდასხმის გარეშე თავის თანამდებობაზე არ ზის. ახლა ვიღაცას რომ თავში აუვარდა და შემდეგ კვირიკაშვილს დაუწყო ძირის გამოთხრა, ეს მეორე საკითხია. კუდიანების დევნა ვერ დაიწყება. არ უნდა დაიწყოს კი არა, ვერ დაიწყება", - აცხადებს ჭიჭინაძე. საგულისხმოა ისიც, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან გიორგი კვირიკაშვილის გვარი უკვე ამოშალეს და ამან უფრო გაამძაფრა მოლოდინი, რომ კვირიკაშვილის გუნდის წევრებზე "კუდიანების დევნა" აუცილებლად მოხდება", - აღნიშნავს გამოცემა.

"სააგენტო "2020 ნიუსის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის, კადრებს საპარლამენტო თანამდებობებიდან უახლოეს მომავალში გადააყენებენ. ინფორმირებული წყარო აცხადებს, რომ, მინიმუმ, 7 კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობას დაემშვიდობება და "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაციები უკვე დაწყებულია. როგორც სააგენტო წერს, 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 7 კომიტეტს სწორედ გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი ხელმძღვანელობს: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; ზაზა გაბუნია - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ოთარ დანელია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრებად, ასევე, ითვლებიან: ირინა ფრუიძე, ლევან კობერიძე, გენადი მარგველაშვილი, გიორგი მოსიძე, ისკო დასენი და სხვები", - განაგრძობს გამოცემა.

"გამოცემა წერს, რომ თავის დროზე სწორედ კვირიკაშვილის კვოტით მოხვდა პარლამენტში ძმები გაჩეჩილაძეების მეგობარი ბიძინა გეგიძე, რომელიც მოგვიანებით უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდში გადაბარგდა და "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრიც გახდა. ასევე, ლევან გოგიჩაიშვილიც, რომელიც ახლა გეგიძესთან ერთად ივანიშვილის გუნდშია და უმრავლესობის ლიდერობაც უნდოდა, თუმცა კახა კალაძემ აჯობა და უმრავლესობის ლიდერად საკუთარი ფავორიტი - არჩილ თალაკვაძე გაიყვანა. თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა თამარ ჩუგოშვილიც, თუმცა ის ახლა კალაძის საპარლამენტო ბანაკშია. "ოცნების" წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც, ასევე, კვირიკაშვილის გუნდში მოიაზრებოდა, აცხადებს, რომ პარლამენტში ძალიან ბევრია ისეთი დეპუტატი, რომლებსაც 5-6 თვის წინ კვირიკაშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ და ახლა იმავეს ლაპარაკობენ ბახტაძეზე, რომ მისი გული მოიგონ. მისივე თქმით, ზოგადად, მთელი პარლამენტი კვირიკაშვილის გაყვანილია, პრაქტიკულად, 80% და თუ კვირიკაშვილის კადრებს მისდგებიან, მაშინ მთელი პარლამენტი უნდა შეცვალონ და არა კომიტეტის თავმჯდომარეები, ამისთვის კი ვადამდელი არჩევნებია საჭირო.", - დასძენს გამოცემა.

"თავის დროზე ირაკლი კობახიძე იყო კვირიკაშვილის გუნდის წევრი. კვირიკაშვილის გარეშე ის პარლამენტის თავმჯდომარეც ვერ გახდებოდა და ვერც ერთი სხვა მაღალი თანამდებობის პირი, ვერც უმრავლესობის ლიდერი, ვერც ფრაქციის თავმჯდომარე, კვირიკაშვილის გარეშე ვერ გახდებოდნენ და თუ წმენდა დასაწყებია, მათგან არის დასაწყები. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები შემდგარი ადამიანები არიან და არ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკაში ვინმეზე ნაკლებნი იყვნენ, მეტი თუ არა. არ მგონია, ასე ადვილი იყოს პარლამენტში ისეთი კადრების მოძებნა, პროფესიონალიზმით თუნდაც კაკულიას, კოვზანაძეს, ქაცარავას ან ზოიძეს ჩაანაცვლებენ. თუ დღეს ვინმე პარლამენტში ავტორიტეტით სარგებლობს, ის ადამიანები არიან, ვინც ჩამოთვლილია. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ პარლამენტიდან უნდა წავიდნენ კოლექტიური ზარდიაშვილები და ოქრიაშვილები", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

"პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის თქმით, ის ელოდება, რომ კვირიკაშვილის კადრებს სახლში გაუშვებენ, რადგან ეს არის ქართული პოლიტიკის სამწუხარო ტრადიცია - ყველა ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად უკავშირდება კვირიკაშვილს, თუ ახალ ხელმძღვანელობასთან რაღაც კავშირი ვერ მოძებნა, თანამდებობას დატოვებს. წავიდა კვირიკაშვილი და ნელ-ნელა თანამდებობიდან მიდიან ის ადამიანები, ვინც მასთან იყო მიბმული. ასე მოხდა ღარიბაშვილის წასვლის დროსაც და ასე იქნება ბახტაძის წასვლის შემდეგაც. ამიტომაც ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ახალ პრემიერს თავისი გუნდი კი არ მოჰყავს, არამედ - თავისი ხალხი, რომელსაც შემდეგ კლანს უწოდებენ. გუნდის შერჩევა სხვა პრინციპით ხდება და თავისი ხალხის შერჩევა - სხვა პრინციპით", განმარტავს პოლიტოლოგი, რომლის აზრით, საზოგადოებაში კლანურობის განცდა ჩნდება და სწორედ ეს არის პრობლემური", - წერს სტატიისა ავტორი. 

ნანახია - 339

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80