უკონტროლო ტრანსპორტი გომბორის ტრაგედიის მსგავს შემთხვევებს იწვევს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

უკონტროლო ტრანსპორტი გომბორის ტრაგედიის მსგავს შემთხვევებს იწვევს

უკონტროლო ტრანსპორტი გომბორის ტრაგედიის მსგავს შემთხვევებს იწვევს
ბექა დანელია

2018-06-13 16:00:49

მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება არც კანონმდებლობის და არც აღსრულების თვალსაზრისით. შესაბამისად, ყველა თვალსაზრისით სრული ქაოსია. წესით, ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე რამდენიმე წელია ტექდათვალიერებას ექვემდებარება, მაგრამ მათი 80% ამაზე თავს არ იწუხებს. გომბორის ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ მიკროავტობუსის ტექნიკური გაუმართავობა გახლდათ.

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, მიკროავტობუსს, რომელიც 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე ავარიაში მოჰყვა, სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა. დარღვეული იყო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნაც, რაც ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობას განსაზღვრავს. შესაბამისად, სახმელეთო ტრანსპორტის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მგზავრობამდე მძღოლს ტექდათვალიერების შესახებ ცნობა მოსთხოვონ.

გომბორის უღელტეხილზე შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი არასრულწლოვანი იყო. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება კლინიკებში მოთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამჟამად იაშვილისა და ციციშვილის სახელობის კლინიკებში 4 მცირეწლოვანი განაგრძობს მკურნალობას.

დღეს ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის კუთხით რამდენიმე პრობლემაა, მათ შორის, მძღოლის კომპეტენცია და ტრანსპორტის გამართულობა.

ქვეყანაში საერთაშორისო და შიდა სახელმწიფობრივ გზებზე გადაადგილების უსაფრთხოება ეკონომიკის სამინისტროს ევალება, რომელიც 2018 წლის სამოქმედო გეგმაშიც აქვს გაწერილი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისთვის არაფერი კეთდება.

სატრანსპორტო დარგის ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელის ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, სკოლებში ექსკურსიებზე ბავშვების გადაადგილება სხვა კატეგორიის ტრანსპორტით უნდა ხდებოდეს და არა იმ მიკროავტობუსით, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. არსებობს ტექნიკური ინსპექტირების სტანდარტი, რომელსაც უნდა იცავდეს ამ კატეგორიის ყველა ტრანსპორტი.

„სკოლამ, როდესაც ტრანსპორტს ქირაობს, მინიმუმ ინსპექტირების დოკუმენტი უნდა მოითხოვოს. რაც შეეხება მძღოლს, დღეს მისი კვალიფიკაცია არ არის დადგენილი, არ ხდება გადამზადება. არსებობენ ბაზარზე ასეთი კომპანიები, რომლებიც მძღოლების გადამზადებას ახდენენ. ეს არის ჩვეულებრივი ტრენინგი, რომელიც ძალიან ფართოდაა გავრცელებული. ამას ჩვენთან კანონი არ ითვალისწინებს. თუ სკოლა უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, ტრანსპორტისა და მძღოლის გადამოწმება სწორედ მან უნდა მოითხოვოს“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ლალიაშვილი.

მისი თქმით, შიდა გადაყვანებზე და გადაზიდვებზე რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად, გაურკვეველია ახლა ვინ არის ტრაგიკულ შემთვევაზე პასუხისმგებელი. ქვეყანაში რომ ეს მიმართულება დარეგულირდეს, პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუმცა ინიცირება ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მოახდინოს.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა 1 მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით, მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. სტატისტიკური ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. 2011-2017 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევევის დინამიკა მზარდია.

ნანახია - 247

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80