დაპირისპირების ახალი ტალღა უმრავლესობაში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

დაპირისპირების ახალი ტალღა უმრავლესობაში

დაპირისპირების ახალი ტალღა უმრავლესობაში
თამთა ქარჩავა

2018-05-15 13:30:20

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უნდა იყოს, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს, სახელმწიფო ნარკოდისტრიბუტორებს უნდა ებრძოლოს. შესაბამისად, პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის და ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართვისკენ ხელოვან ადამიანებს მოუწოდებს. პრეზიდენტი თვლის, რომ კამპანია უნდა აწარმოონ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და იმ სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე.

„ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია. ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“ კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს განცხადებით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის, ანუ ივნისის ბოლომდე, დასრულდეს უკვე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება. რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერებაზე აქტიური მუშაობა დაიწყება და პრინციპებზე მმართველი გუნდი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შეჯერდეს.

„მთავარი ამოცანა პირველ რიგში, უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერებაა, შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევჯერდეთ აუცილებელ პრინციპებზე - ეს არის ამოცანა და ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, პარლამენტში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა 1 თვით გადიდო. მაშინ პროექტის განხილვის გადაწევა გია ვოლსკიმ მოითხოვა. ვოლსკი განმარტავდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე (იგულისხმება ბოლო პერიოდში ნარკოტიკებისგან გარდაცვლილთა შემთხვევები), აუცილებელი იყო კიდევ ერთი თვით განხილვის გადავადება, რათა კონსულტაციებისთვის მეტი დრო იყოს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. გუნდში აზრი ორად არის გაყოფილი. დეპუტატების ნაწილი დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგი არიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძეს განაცხადებით, ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში და რომელიც პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა, დეპუტატის განცხადებით, ძალიან მაღალ რისკს შეიცავს.

„პროცესები თავიდანვე არასწორად წარიმართა, ის იმართებოდა ქუჩიდან, რასაც ვერ დავუშვებთ. კანონპროექტი უნდა იხილებოდეს პარლამენტში ყოველგვარი ზეწოლისა და შეურაცხყოფის გარეშე. პარლამენტში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა მივიღოთ. ყველა ერთად მოგიწოდებთ, ვაწარმოოთ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა და არა პირიქით.

ქვეყანამ იმდაგვარი ნარკოპოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომ მომხმარებელთა რიცხვი შემცირდეს და არა პირიქით, გაიზარდოს. არაერთხელ განმიცხადებია, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ნარკოტიკების პოპულარიზაციის გზით. თუ ჩვენ გვინდა ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რაც პორტუგალიაშია, იქ კანონპროექტზე მუშაობა 2 წელი გრძელდებოდა და პორტუგალიამ დაიწყო არა აქციებით, არამედ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდით“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ლეგალიზაციის მოწინააღმდეგია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რადგან, მისი თქმით, ყველა ნარკოტიკული საშუალება შეიცავს რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გამოსავალია ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, პრევენციაში ფულის ჩადება და ნარკორეალიზაციასთან დაუნდობელი ბრძოლა, მათ შორის, სააფთიაქო ნარკომანიის გამკაცრება.

„ახალი ნარკოპოლიტიკის მთავარი მიზანი ნარკომომხმარებლების რაოდენობის შემცირება და ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ დაგეგმილი რეფორმა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

არც ერთი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, არც მარიხუანას ლეგალიზებას მხარს არ უჭერს, დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორია. უმრავლესობის წევრის განცხადებით, დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რა მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯი. როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველო და საზოგადოება დღეს ლეგალიზებისთვის მზად არ არიან. მისი თქმით, გაცილებით სხვა პრობლემებია ქვეყანაში, ვიდრე მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციაა.

„კანონპროექტით არც ერთი ნარკოტიკული საშუალება გამოყოფილი არ არის და ყველა ნარკოტიკი ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება. აბსურდულია ნარკოტიკების დაყოფა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებად. ის, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, ჩვენი ხედვა სრულად არის ასახული კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ვთვლი, რომ ყველა პრინციპი და პარამეტრი, რომელიც პროექტშია ასახული, პარლამენტმა უნდა მიიღოს. მსჯელობა მიდის მხოლოდ რამდენიმე საკითხზე, რაც პირადი მოხმარების დოზის ფლობას უკავშირდება“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი თვლიან, რომ კლუბებში ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის ჩატარება ან ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრის დაწყება ბერა ივანიშვილის „ფეისბუქ პოსტს“ და კლიპს უკავშირდება, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე ატვირთა სახელწოდებით - „ლეგალიზაცია“. ბერა ივანიშვილმა საკუთარ სიმღერაში მარიხუანას ლეგალიზაციას ღიად დაუჭირა მხარი და გამოვიდა ნარკომომხმარებლების დაკავებების, სინთეტიკური ნარკოტიკების და ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ. ახალ სიმღერაში არის ასეთი სიტყვები - „წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის“.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა ბერას განცხადებებზე იყოს დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს შს სამინისტრო, ვის გაათავისუფლებს სასამართლო და როგორ კანონებს მიიღებს პარლამენტი. მისი თქმით, სახელმწიფოს მართვისთვის არაფერი შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე არის არაფორმალური მმართველის ოჯახის წევრის დღის წესრიგით პოლიტიკის წარმართვა.

„დაუშვებელია პარლამენტმა გადაწყვეტილებები ბერა ივანიშვილის დღის წესრიგით მიიღოს. ცენტრალური საკითხია პოლიციელთა მხრიდან კანონის დაცვა და მხოლოდ ამის შემდგომ, მეორეხარისხოვანი თემაა ნარკოპოლიტიკა, რომელზეც „ქართულ ოცნება“ საზოგადოებას მთელი ექვსი წლის განმავლობაში ვერ სთავაზობს ვერაფერს, ვერ სთავაზობს კონკრეტულ ხედვას. ამაზე, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხზე, ხელისუფლება არის არაკომპეტენტური და არათანმიმდევრული“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებით, სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, არასწორი ინტერპრეტაციაა.

„სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამაზე მუშაობა, არასწორი ინტერპრეტაციაა თქვენი მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ უამრავი მასალა მოიპოვოთ. ჩემს გუშინწინდელ გამოსვლაშიც იყო საუბარი იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. სახელმწიფო კი არ უნდა სჯიდეს, არამედ უნდა იცავდეს ადამიანებს ნარკოტიკებისგან. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და მე დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ნანახია - 1570

tngh

2018-05-15 14:25:21

ჟურნალისტად წოდებულო ქ-ნო თამთა!!! ფრიად სამწუხაროა, რომ იმდენი განათლებაც კი არ გაგაჩნია, რომ აზრთა სხვა და სხვაობა და დაპირისპირება ერთმანეტისგან განასხვავო. ის უძველესი სიბრძნე მაინც უნდა იცოდე, რომ "კამათში იბადება ჭეშმარიტება". ამიტომ ნუღარ გიკვირთ თქვენ და თქვენის მსგავსად განათლებულ თვითმარქვია ჟურნალისტებს, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა თქვენ "ორღობის" ჭორიკნების ტიტული გიბოძათ. (რედაქციას ბოდიშს ვუხდი სიმკაცრისათვის.)

მეგრელი

2018-05-15 15:47:42


,, არ იქნება დეკრიმინილაზია არ იქნება მშვიდობა"


პატ. მედიას. ეს ულტიმატუმზე უფრო დიდია. ეს არის პირდაპირი მოწოდება ომისკენ.

საქართველოს კანონი
მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები
1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.
2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით
რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე
ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ
საფრთხეს ქმნის.
3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან
ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის,
მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ
სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ
სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს
აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული
შუღლის ილუსტრირებას.
4. იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა
და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება,
რომელიც შეიცავს უხამსობას.
5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ
განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება,
როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.
6. საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ამ მუხლის
მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს,
კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული
ხელშეკრულების საფუძველზე.

ფხიზელი

2018-05-15 20:14:26

,, არ იქნება დეკრიმინილაზია არ იქნება მშვიდობა!" -

ეს არის ულტიმატუმი და სახელმწიფოს თავხედური გამოწვევა: ან დაემორჩილები ჩვენს დიქტატს და მოიქცევი ისე, როგორც ჩვენ გვაწყობს, ან დედას გიტირებთო!

ხელისუფლებამ, თუა ხელისუფლება, უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი და რეალურად დააყენოს ესენი დილემის წინაშე:
- ან მშვიდობა ან ციხე!

ახლა თუ დაუთმეს, ხვალ ახალი ტალღა აგორდება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით!

ფხიზელი

2018-05-16 18:26:14

ერთი, ამათ უსმინეთ, რა!
(ტრაპაიძე და ნარკოტიკების მთავარი პოპულარიზატორი კოვზირიძე "მძიმე კაცი"):

https://www.youtube.com/watch?v=aJ4U90UP3BE

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80