მამუკა არეშიძე: "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"
დაიჯესტი

მამუკა არეშიძე: "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"

მამუკა არეშიძე: "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს"
"კვირის პალიტრა"

2018-04-16 13:25:42

"ვიდრე აშშ და მისი მოკავშირეები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რიტორიკა ისეთი აგრესიული იყო, რომ მსოფლიო საზოგადოების ნაწილი მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე ალაპარაკდა, თუმცა ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მესამე მსოფლიო ომის საფრთხე მინიმალურია. ეს აჩვენა ამ ავიადარტყმამაც. ახლა დასავლური კოალიცია მაქსიმალურად ეცდება, რუსეთის გავლენა არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ მსოფლიოში შეასუსტოს და ყველას აჩვენოს თავისი ძალა. სირია არის მხოლოდ სადემონსტრაციო პოლიგონი", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს" / "რუსული სპეცსამსახურების გარდა, ჩვენში მოქმედებს არაერთი სხვა ქვეყნის აგენტურაც და მათი მოქმედების ხერხებიც თითქმის რუსეთის ანალოგიურია". 

"აშშ-ში მიიჩნევენ, რომ დღეს, რუსეთის გარდა, უნდა დაისაჯოს ირანი და გარკვეულწილად, ჭკუაზე მოიყვანონ გაურჩებული თურქეთიც. როგორც ჩანს, თურქეთის ჭკუაზე მოყვანა უკვე დაწყებულია - ერდოღანის განცხადება, რომ სირიის მთავრობამ ნამდვილად გამოიყენა ქიმიური იარაღი, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ წასვლა იყო. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დასავლეთსა და რუსეთს შორის გავლენებისთვის ლოკალური ომები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იფეთქებს - ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე არ მოხდება სამხედრო კონფრონტაცია. დარწმუნებული ვარ, დასავლეთი და რუსეთი მაქსიმალურად შეეცდებიან, ერთმანეთს პირისპირ, ღიად არ შეეჯახონ, მაგრამ დაიწყებენ ერთმანეთის მოკავშირეების უკიდურესად შევიწროებას. მოკლედ, მესამე მსოფლიო ომს არ ვვარაუდობ, მაგრამ ველი კონფლიქტების ესკალაციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე. 

"აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო ძალები მაქსიმალურად იყო მოშორებული კოალიციის დარტყმის ობიექტებს, რაც აჩვენებს, რომ დასავლეთიც და რუსეთიც პირდაპირ კონფრონტაციას მოერიდნენ. რუსი ჩინოვნიკების განცხადებები, რომ თურმე სირიამ რაკეტები ჩამოყარა და კოალიციის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა - შიდა მოხმარების პროპაგანდაა. პუტინის ხელისუფლება იძულებულია ქვეყანაში ძალაუფლება "გამარჯვებულის" იმიჯის შექმნით შეინარჩუნოს - ყველა სხვა სფეროში დღეს კატასტროფული მდგომარეობაა. ერთადერთი დარჩათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ილუზორული გამარჯვება გამოიგონონ და თავისი მოსახლეობა დააჯერონ - ისეთი იდეოლოგია ჩამოუყალიბეს რუსეთის მოქალაქეს, რომ მან ყველა უბედურებას უნდა გაუძლოს, ოღონდ კი რუსეთი აღზევდეს. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება უპასუხოს რუსეთმა დასავლეთს, ვფიქრობ, კონკრეტული პასუხი არ იქნება, რაც პუტინის განცხადებაშიც გამოჩნდა. მან მხოლოდ ტრაფარეტული ფრაზებით დაგმო ეს ავიადარტყმა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რუსეთი დღეს რთულ ვითარებაშია. ის სანქციები, რაც ნელ-ნელა ზვავის ეფექტს იღებს, ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანს რუსეთის ეკონომიკას, შესაძლოა, კოლაფსურ მდგომარეობამდეც კი... მით უფრო, რომ სანქციების რიცხვი და მასშტაბი იზრდება. რუსეთში ეს მშვენივრად ესმით და ამიტომაც ფრთხილობენ - დროდადრო კი იმუქრებიან, მაგრამ ასევე ცდილობენ, კულუარული თანამშრომლობის რეჟიმი შექმნან... ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეცვლის თავის პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, ის კვლავაც გააგრძელებს აგრესიულ საგარეო კურსს. ერთიც არის - აშშ-ის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ სახე შეინარჩუნოს, რათა დაჭრილი დათვის მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რადგან იციან, რა სახიფათო შეიძლება გახდეს ასეთ შემთხვევაში. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ცოტა ხნის წინ ვახსენე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელი ლოკალური ომები. არ არის გამორიცხული, ასეთი კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაშიც წარმოიშვას. დასავლეთისთვის, განსაკუთრებით - აშშ-ისთვის ყოვლად მიუღებელია რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტრიუმვირატის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის თემატური შეკრება და ისტორიულად ეს სამი ქვეყანა ერთმანეთის მოწინააღმდეგეა", - განმარტავს ექსპერტი.

"ამ ტრიუმვირატის დაშლის რამდენიმე გზა არსებობს. ერთ-ერთია ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, რა შემთხვევაშიც თურქეთი აზერბაიჯანის, რუსეთი კი სომხეთის მხარეს დაიჭერს და მათი მეკავშირეობაც დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა მთავარი ვერსია, რაც ნამდვილად განიხილება. მიაქციეთ ყურადღება - 12 მაისს ბაქოში დაგეგმილია მრავალათასიანი მიტინგი, ერთადერთი მოთხოვნით: "დავიბრუნოთ ყარაბაღი!" თუ სიტუაციამ მოითხოვა, არ არის გამორიცხული, ალიევის ხელისუფლებამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადოს, რომ ხალხი მათგან ქმედით ზომებს ითხოვს და დასავლეთისგან კულუარულად მხარდაჭერილმა დაიწყოს შეტევა ყარაბაღის მიმართულებით. ეს ჩვენთვისაც სახიფათოა, რადგან პირდაპირ თუ ირიბად ამ პროცესში ჩათრეული აღმოვჩნდებით. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს სამხედრო ტვირთების გადატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით.... თუ მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება გაცილებით მასშტაბური კონფლიქტი, ვიდრე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, შედეგად კი რეგიონში გაუარესდება საინვესტიციო გარემო. ვითარება შეიძლება გართულდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც, თუმცა არ ველი, რომ რუსეთი საქართველოს თავს პირდაპირ დაესხმება.", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

"ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიში ღია დოკუმენტია, ამიტომაც პოლიტიკური კონიუნქტურის ელფერი დაჰკრავს, ანუ აშკარად არის ლაპარაკი იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების თვალსაზრისითაც ძირითად გამოწვევად მიიჩნევა. დარწმუნებული ვარ, ანგარიშის დახურული ვარიანტიც არსებობს, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების გარდა, სხვა ქვეყნების ინტერესებზეც იქნება ლაპარაკი. რუსული სპეცსამსახურების გარდა, ჩვენში მოქმედებს არაერთი სხვა ქვეყნის აგენტურაც და მათი მოქმედების ხერხებიც თითქმის რუსეთის ანალოგიურია, რა თქმა უნდა, სამხედრო კომპონენტის გამორიცხვით - ეს ქვეყნებიც ჰიბრიდული ომის ყველა ხერხს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში საკუთარი გავლენა გააძლიერონ... ანგარიშში ასევე ლაპარაკია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა სულ უფრო მასშტაბური ხდება. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ რუსული აქტივების მიმართ რბილ მიდგომას ამჟღავნებს, რასაც იმით ვხსნი, რომ სამომავლოდ სავაჭრო ჰქონდეს რუსეთთან. იმედი მაქვს, ეს მართლაც ასეა და გაუაზრებლად არ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, ზოგჯერ დასავლეთის დიდი ქვეყნების ხელისუფლებებიც კი ერიდებიან რუსეთთან ხიდების ბოლომდე დაწვას", - დაასკვნის რესპონდენტი.

"რაღა დაგიმალოთ და, გამაოცა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშმა, განსაკუთრებით კი პენიტენციარულ სისტემაზე გაკეთებულმა ჩანაწერებმა. გაუგებარი და აუხსნელია შეფასებები. იმდენად გამაოცა ამ დოკუმენტის პათოსმა, გადავწყვიტე, ჩემს დასავლელ კოლეგებში მისი ავტორების ამბავი მომეკითხა. სამწუხაროდ, არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია მომაწოდეს. როგორც ჩემმა შვეიცარიელმა კოლეგებმა მითხრეს, დიდი ფულია აღებული, რომ სწორედ ამ შინაარსის ანგარიში დაწერილიყო. რასაკვირველია, ამისთვის გამოიყენეს აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების გაგზავნილი ტენდენციური მასალები და მათ გადასამოწმებლად ხელი არავინ გაანძრია. ამის გარდა, გარკვეული მონაკვეთების გასამძაფრებლად საკუთარი ფანტაზიაც მოიშველიეს. შეიძლება იქიდან, რაც იქ წერია, ბევრი რამ მართალიც არის - რად გვინდა სხვისი დასკვნა, განა ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ სასამართლო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს?! მაგრამ ანგარიშში ჩაწერილი სხვა ტყუილები სამართლიან კრიტიკასაც ფასს უკარგავს... როდესაც ეს ინფორმაცია მომაწოდეს, მეც ეს შეკითხვა დავსვი, _ ვინ გადაიხადა ფული? მიმანიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ ლიდერებზე. ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა ლოგიკურად ასე ჩანს", - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - "პარლამენტის თავმჯდომარე პარტიული დისციპლინის გამკაცრებასა და ურჩი თანაპარტიელების მიმართ სანქციების შემოღებაზეც კი ალაპარაკდა..." - პასუხობს:

"არ ვიცი, სანქციების შემოღება რას უშველის შექმნილ ვითარებას. შეიძლება ამას კონტრპროდუქტიული შედეგიც კი მოჰყვეს. უაღრესად უარყოფითად ვაფასებ იმას, რაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ხდება. ამ გამწვავებული გეოპოლიტიკური პროცესების ჟამს რა დროს ერთმანეთთან დაპირისპირებაა?! პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობაა, ასეთი პროცესები აღკვეთოს. ირაკლი კობახიძე ზურა ჟვანია არ არის და მეეჭვება, ოდესმე გახდეს. ჟვანიას შეეძლო, შეექმნა ასეთი ვითარება და თვითონ ისე ემართა, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზიანებულიყო. როგორ მოახერხებს ამ ხანძრის ჩაქრობას კობახიძე, არ ვიცი. ისე კი, რაც მალე მოახერხებენ, უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ვითარებაში უნდა გაერკვეს პარტიის ხელმძღვანელობაც. ეს პროცესები სავარაუდო იყო, რადგან პარლამენტში უაღრესად ეკლექტიკური საზოგადოება შეიყარა... იგივე ვითარებაა თბილისის საკრებულოშიც..."

ნანახია - 363

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80