„აბა, რაღად გვინდა მეკარე, წადიო სახლშიო...“
საზოგადოება

„აბა, რაღად გვინდა მეკარე, წადიო სახლშიო...“

„აბა, რაღად გვინდა მეკარე, წადიო სახლშიო...“
სანტიაგო გაუჩო

2018-04-15 11:19:11

დღევანდელ წერილში ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მორიგ მოგონებებს წარმოგიდგენთ. ეს დღეს არის, თანამემამულე გულშემატკივრები უცხოური გუნდებისა და ვარსკვლავების შესახებ ზედმეტათაც რომ არიან ინფორმირებულები. დარწმუნებული ვარ, სპორტულ ჟურნალისტებს თუ არ ჩავთვლით ქართველი „ტყავის ბურთის“ თაყვანისმცემლები ეროვნული გუნდის მთლიან შემადგენლობასაც კი ვერ დაგისახელებენ. სამაგიეროდ ჩინებულად არიან გათვითცნობიერებულები მადრიდის „რეალის“, კატალონიური „ბარსელონასა“ და მიუნჰენის „ბაიერნის“ ამბებში.

იყო დრო როდესაც საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა, მოთამაშეებს კი ხელის გულებზე ატარებდნენ. სამწუხაროდ ეს დრო ტკბილ წარსულს შემოგვრჩა და მხოლოდ მოგონებების იმედზეღა დავრჩით...

დღევანდელი წერილის პირველი სტუმარი ბატონი ალექსანდრე ჩივაძე იქნება.

„18 წლის ვიყავი, როცა "დინამოს" დუბლებში გამომიძახეს. იმ პერიოდში თბილისის "დინამოს" ტაშკენტსა და ალმა- ათაში ჰქონდა თამაში. პირველ შეკრებაზე მითხრეს:

-- ჩემოდანს, რომელშიც ფორმა აწყვია, შენ წამოიღებო.

ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი... ციმციმ ავწიე ჩემოდანი, რომელშიც ძირითადი შემადგენლობის ფორმა იყო მოთავსებული. მიჭირავს ჩემოდანი და ისეთი ამაყი ვარ, ვერ გადმოგცემთ.

ჩავედით. ბიჭებმა დაიძინეს, მაგრამ მე რა დამაძინებს?

ფეხაკრეფით მივედი, ჩუმად გავხსენი ეს დიდ განძი, მაისური ამოვიღე, გადავიცვი, სარკეში ჩავიხედე, პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი:

- ღმერთო, აღარ გამხადო - მეთქი... ისეთი სიყვარულით და მოწიწებით ვთხოვე...

ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე ამიხდა ჩემი ბავშვობის ოცნება.

"დინამოს" ფორმის ტარება ჩემთვის დიდი სიამაყე, ბედნიერების განცდა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო.

ეს კი არა, თამაშს თუ წავაგებდით, ქუჩაში ვერ გამოვდიოდით მორიდების გამო“.

საფეხბურთო ესტაფეტას ბატონი ოთარ გაბელია გადაიბარებს.

„მსაჯებთან კონფლიქტი მინდორზე გარდაუვალია, წითელი ბარათი არასოდეს მოუციათ, გაფრთხილება კი სულ სამჯერ მივიღე. მეგრულად ისე ჩოუკვარახჭინებდი ხოლმე სიტუაციას მსაჯებს, ვერ მსჯიდნენ. გაწევ - გამოწევაც ყოფილა.

მინსკის „დინამოსთან" გვქონდა თამაში. მსაჯს ცოტა ადრე უნდოდა დამთავრება, ბილეთი ჰქონდა მატარებელზე და აგვიანებდა. ბუტენკო იყო გვარად. ჰოდა, ძირითადი დრო ამოიწურა და არ ამატებს არაფერს. დავუძახე - რუსულად, რასაკვირველია:

- „ჩტო, ნა პოეზდ აპაზდივაეშ?"

მაშინ მომცა ყვითელი ბარათი. საოცარია, მაგრამ ზოგიერთ მსაჯს ქართული ესმოდა. რაც ჭირდებოდათ, მშვენივრად იგებდნენ.

კი, ისიც მართალია, რომ მცველებს სულ ვეჩხუბებოდი, აბა, რა უნდა მექნა?! ემოციური კაცი ვარ და კარში დარტყმა ხუმრობა საქმეა? ხანდახან უწმაწურ სიტყვებსაც ვიძახდი, როცა ვხედავდი, რაღაც ისე რომ ვერ იყო.

წინასწარ ვეუბნებოდი ბიჭებს, შეიძელბა წამომცდეს გინება და არ გეწყინოთ - მეთქი.

როცა მოდუნებული ვიყავი, თამაში არ გამომდიოდა.

ზოგჯერ, ჩემთვისაც კი ვყვიროდი. გიჟიაო - უთქვამთ ხოლმე. სულ ტონუსში უნდა ვყოფილიყავი და რა უნდა მექნა?!

მეკარე ყველაფერს ხედავს, რაც მინდორზე ხდება. ხანდახან შეიძლება ზედმეტი გამომდიოდა, მაგრამ ახლა რომ მუნჯები არიან მეკარეები, ასე კი არ იყო მაშინ.

მე ამას სპორტულ კონფლიქტს ვეძახი.

ჩემთვის მთავარი იყო - შეცდომა არ დაეშვათ, გინებას რას დავეძებდი?!

კარიდან გამუდმებით რომ ვყვიროდი, არ დაარტყმევინოთ - მეტი, ჭომამ (თენგიზ სულაქველიძე) მითხრა:

- აბა, რაღად გვინდა მეკარე, წადიო სახლშიო...

ერთხელ დათო მუჯირს გამოვეკიდე. მე და ხიზანა ( ნოდარ ხიზანიშვილი) ჯერ კიდევ სოხუმის "დინამოდან" ვმეგობრობთ. მერე, თბილისის "დინამოში" რომ მოვედი, სულ ერთ ოთახში ვცხოვრობდით ბაზაზეც და სასტუმროშიც, თან ჩემი შვილის ნათლიაა.

ჰოდა, კიევის "დინამოსთან" თამაშის დროს ბლოხინმა მოატყუა ხიზანა, ჩააწოდა თავისიანს და იმანაც დაარტყა, მარა სასწაული ბურთი ავიღე.

აი, მერე კი მუჯირს გამოვეკიდე:

- ჩემთან რა გინდაო? - გარბის გადარეული.

- "სტრახოვკა" რატო არ გაუკეთე - მეთქი! - რა უნდა მეთქვა, აბა?!

ხიზანას ვერ შევაგინებდი და იმის მაგივრად მუჯირს მოხვდა...

ყველა გოლი, რომელიც ჩემს კრში გასულა, რასაკვირველია უსიამოვნო იყო.

კიევის "დინამოში" ერთი ევტუშენკო იყო, ის მაგიჟებდა. რამდენჯერაც კიევის "დინამოსთან" გვქონდა თამაში, მაინცდამინც ევტუშენკო შემიგდებდა ხოლმე ბურთს. შეცვლაზეც რომ შემოსულიყო, მაინც ახერხებდა გოლით ჩემს გამწარებას.

თბილისში კიდევ ისეთ დღეში ჩამაგდო...

ბურთი ორჯერ ავიღე ზედიზედ და საშიშროებას აღარ ველოდი. ბიჭოს, მაშინ არ შემიგდო და თანც ქუსლით გამიტანა?!

კინაღამ გავაფრინე... ჩვენთან ჰქონდა განსაკუთრებული ყისმათი.

არა, კარში დგომა ხუმრობა არაა, დარტყმა - მით უმეტეს.

ეს ისეთი განცდაა, ენით რომ ვერ გადმოსცემ“.

ალბათ გახსოვთ საბჭოთა კავშირის თასის ფინალური ორთაბრძოლა მოსკოვის „დინამოსთან“ და მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისის „დინამოს“ კარის დარაჯის გმირობა.

„მართლმადიდებელი ვარ, მონათლული, ღმერთი მწამს და რაც ჯიშში და გულში გაქვს, ვინ წაგართმევს კაცს?

მოსკოვში, სპარტაკიადაზე ერთი თვე ვიყავი. მერე მოსკოვის "ტორპედოსთან" გვქონდა თამაში და ოთხ დღეში თასის ფინალი იყო. ნოდარ ახალკაცმა, იმ თამაშში, დათო გოგია დააყენა კარში, მაგრამ ბოლო წუთზე ფეხი იტკინა დათომ. არ ვიცოდი დათო თუ ვერ შეძლებდა თამაშს. ჩემთვის ვარ ნომერში, ბიჭები დომინოს ვთამაშობთ და გვიან საღამოს სერგო კუტივაძემ დარეკა - მოემზადოსო.

რომ გავიგე, გაბელია მოემზადოსო, გავშეშდი. როგორია მოსკოვის "დინამოსთან" ამნაირი ამბავი?! სასწრაფოდ გავყარე ბიჭები. მთელი ღამე ფიქრისგან არ დამიძინია.

როგორც იქნა გათენდა, თამაშიც დაიწყო და ძირითადი დრო 0 - 0 დავამთავრეთ.

წინ პენალტებია. მე კი სწორედ პენალტების სერიის დაწყების წინ პირჯვარი გადავიწერე.

მაინცდამინც მე მომიშვირეს ფოტოაპარატები, ტელეკამერამაც დააფიქსირა პირჯვრის გადაწერა. იმ გაგანია კომუნისტების დროს, რავარი იყო ამისთანა რამ, მაგრამ მაშინ მაგაზე არც მიფიქრია.

მოკლედ, ქვეყანამ ნახა ჩემი "გლახა " საქციელი.

რუსები იმან გააგიჟა, თასი რომ ავიღეთ და ჩემს პირჯვარზე გადატეხეს ჯოხი.

მაშინ, ცხონებული ჟიული შარტავა იყო კომკავშირის ცეკას მდივანი. ჰოდა, აფრინეს მოსკოვიდან ელვა - დეპეშები: „ ემუ ნე მასტერსტვო პომოგ, ა, ბოგ" - ო და რაცხა ამფერი სისულელეები.

ახლა საქართველოდან მიაელვადეპეშეს:

- დავსაჯეთ, გავაფრთხილეთ, კრებაც ჩავატარეთ, ერთი სიტყვით, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო.

არადა, პატრიარქის ყურამდეც მივიდა ჩემი პირჯვრის გადაწერის ამბავი.

რას ერჩითო, უთქვამს, უწმინდესმა მომიწონა საქციელი.

გავიდა ხანი და "დინამოელები" ილია მეორეს პირიპირ აღმოვჩნდით (ისე, არაერთხელ მივსულვართ და ლოცვა - კურთხევა მიგვიღია, რაც დიდი მადლი იყო თითოეული ჩვენგანისთვის).

დიდი პატივი იყო მასთან შეხვედრა და ხომ უნდა ეამბორო პატრიარქს?

ჰოდა, რომ უნდა ვეამბორო (სათითაოდ წარგვადგინეს), თვითონ გადამეხვია და გადამკოცნა.

გაოცებას ვერ ვმალავდი, ახსოვდა ის პირჯვრის გადაწერა“.

 

ნანახია - 2025

tngh

2018-04-16 12:30:08

გუშინდელი დღესავით მახსოვს "ლუჟნიკის" აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მჯდომდს, გაზაევის წასვლა პენალტის დასარტყმელად და ოთარ გაბელიას პირჯვარის გადაწერა... ისე, პენალტის დასარტყმელად მიმავალ გაზაევს, ერთმა მთვრალმა რუსმა გულშემატკივარმა არც თუ კორექტული რეპლიკა მიაძახა. სიჩუმე იყო. დარწმუნებული ვარ გაიგო... რადგან, იმ ტრიბუნისკენ გაიხედა, საიდანაც ხმა გაისმა. მაშინ ჩემთვის გავიფიქრე: "გამაზავს". ოთარმა ნახტომში მოიგერია და იმ ფინალის გმირი გახდა...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80