საქართველო - არჩევნების ქვეყანა
რეტრომედია

საქართველო - არჩევნების ქვეყანა

საქართველო - არჩევნების ქვეყანა
„დილის გაზეთი“, 31 მაისი, 2002 წელი

2018-04-14 12:33:31

მარადიული ქართული სინგლი „ყვავილების ქვეყანა“, შეიძლება „არჩევნების ქვეყნად“ ქცეული ქვეყნის ჰიმნად იქცეს. თანაც, რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ყოველი ახალი არჩევნები - წინაზე „საინტერესოა“. ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ საქმე ვერ არის კარგად. პირიქით – ახალი გრანდიოზული დაპირისპირებისა და თავ-პირის მტვრევისკენ მივექანებით.

საყოველთაო აღიარებით, 2 ივნისის არჩევნები თითქმის უპრეცედენტოდ ემოციური და დაძაბულია. განსხვავებით 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, ამჯერად არა ორი, არამედ 6-7 სერიოზული ძალა ებრძვის ერთმანეთს, რომელთაც თვისებრივად თანაბარი შანსი აქვთ. იქ იმაზე არ არის საუბარი, რომ ესა თუ ის პარტია სხვაზე მეტ ხმას მოაგროვებს, არამედ, ლაპარაკია არამარგინალურ პარტიებზე, რომლებიც, ნებისმიერ შემთხვევაში, სერიოზულ მოპყრობას იმსახურებენ.

თუმცა, როგორც ყოველთვის, არჩევნებში მარგინალური პარტიებიც მონაწილეობენ – მათ მოტივაციას, ხშირ შემთხვევაში, რეალურ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

მთელი ამ კაკაფონიის შემხედვარეს, ძალაუნებურად ძრწოლას გგვრის იმის წარმოდგენა, რა უბედურება (მართლაც უბედურება!) დატრიალდება საქართველოში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თუკი თბილისის საკრებულოს (!) არჩევნებსაც კი ასეთი მნიშვნელობა მიენიჭა.

„პარტიები“, არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, ამით სერიოზულ განაცხადს გააკეთებს სამომავლოდ. თუმცა, პოლიტიკოსები შეურიგდნენ იმას, რომ „დომინანტი“ პოლიტიკური ძალა საქართველოში აღარ იარსებებს.

ამჟამინდელ „კარუსელში“ მონაწილეთაგან ყველაზე მეტად (და უკეთ) ანგაჟირებულია „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიის შესახებ უნდა ითქვას, რომ იგი არის ეგრეთ წოდებული, „ეროვნული მოძრაობის“ უკანასკნელი შანსი. მისი ისტორიული ალტერნატივაა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო (შინაარსობრივად) ათი წლის წინანდელ მოვლენებთან.

ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და თანდათან იძენს ქარიზმას. მიხეილ სააკაშვილი უკან დახევას არ აპირებს, ხოლო მისი ამბიცია უეჭველად 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც სწვდება.

„ახალი მემარჯვენეები“ აერთიანებს ახლად შექმნილ ქართულ ისტებლიშმენტს, უფრო სწორად, ქართული ელიტის ახალ თაობას. იგი არ არის დამძიმებული წინამორბედის კომპლექსებით და მზად არის, მიზნის მისაღწევად, „რკინა ღეჭოს“. მათი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული პოლიტიკის უკვე ჩამოყალიბებულ თავისებურებას: ჩვენი ეროვნული კაპიტალი (შესაბამისდა, კაპიტალიზმი) ზიზღით ეკიდება პოლიტიკოსებს, არ სურს მათზე იყოს დამოკიდებული, არ აკმაყოფილებს პერსპექტივა, - „ლობისტური პარტიის“ მეშვეობით მართოს ვითარება და აქვს ამბიცია, თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა უშუალოდ მონაწილეობდეს გადაწყვეტილებათა მიღებაში.

სხვათა შორის, არაფერი ახალი (მსოფლიო დემოკრატიული გამოცდილებისთვის) აქ არ არის.

შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტები“ ეროვნულ-სოციალისტური პარტიის კლასიკური ნიმუშია. ისევე, როგორც „ნაციონალისტები“ ისიც პროტესტულ ელექტორატზე მუშაობს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ახლებს“ სულ სხვა ფსიქიკური კატეგორიის პოტენციური ამომრჩეველი ჰყავთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს მათ მხარდაჭერას (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს ეს), ვინაიდან, იგი ტრადიციულად აპათიურია და ნიჰილისტურად ეკიდება პოლიტიკურ აქტივობას.

კონსტრუქციული მენტალიტეტის ამომრჩეველი ჰყავს „ზურაბ ჟვანიას გუნდს“, რომელიც, დიდი უარყოფითი „ფორის“ მიუხედავად, სწრაფად იკრებს ქულებს, რაშიც განსაკუთრებულია ზურაბ ჟვანიას ორგანიზატორული წვლილი. ეს გუნდი ქართულ პოლიტიკაში კიდევ იტყვის თავის სათქმელს.

„მრეწველები“ არც ერთი თვალსაზრისით არ ასოცირდება ხელისუფლებასთან, თუმცა მათ წინააღმდეგ იმუშავებს (უკვე მუშაობს) „ოლიგარქობის“ სტერეოტიპი. მით უმეტეს, რომ აშკარად აქვთ ამბიცია, დაეუფლონ პორტფელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

„აღორძინების“ აქტიურობა ნათლად მეტყველებს, რაოდენ დიდ ყურადღებას ანიჭებს ამ პარტიის ლიდერი „თბილისურ რეიტინგს“, თუმც,ა კონკრეტულად თბილისის საკრებულო მისთვის მეორეხარისხოვანია.

„შავ კვიცად“ (წითელი ანტურაჟით) უნდა მივიჩნიოთ ვახტანგ რჩეულიშვილი და მისი „სოციალისტები“. რუსეთთან დამოკიდებულების არგუმენტით, იგი აუცილებლად შეძლებს „ზედაპირზე დარჩენას“.

 

 

 

 

ნანახია - 137

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80