უფუნქციოდ დარჩენილი უმრავლესობის უმრავლესობა ფუნქციას ითხოვს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

უფუნქციოდ დარჩენილი უმრავლესობის უმრავლესობა ფუნქციას ითხოვს

უფუნქციოდ დარჩენილი უმრავლესობის უმრავლესობა ფუნქციას ითხოვს
თამთა ქარჩავა

2018-04-13 11:30:15

მმართველ გუნდში დაპირისპირებას და საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამორიცხავს გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმრავლესობაში არც მისი და არც ნებისმიერი სხვისი დაჯგუფება არ არსებობს. მისი თქმით, იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები, ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული.

„იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს გარეთ, მაგრამ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. ეს მინდა ვუთხრა მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას - ნუ გააკეთებენ ამას იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი. ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების და ამ სტაბილურობას ვერაფერი ვერ დაემუქრება საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც გედევან ფოფხაძის ვარაუდით „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის შედგა, მმართველი გუნდის რღვევის წინაპირობა გახდა. გედევან ფოფხაძეს უმრავლესობის რიგები ჯერჯერობით არ დაუტოვებია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

„პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არ არის სულერთი და ძალიან ანგარიშგასაწევია. დანარჩენზე ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით გუნდში დაპირისპირებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის წინაპირობა არ არსებობს.

„გუნდში დაპირისპირებაზე ლაპარაკი არათუ ნაადრევია, არამედ უსაფუძვლოა. თუ საზოგადოების თვალსაწიერში გამოვიტანეთ განსხვავებული პოზიციები, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ კორექტულობის საზღვრები არსებობს, რაზედაც მყარად უნდა შევთანხმდეთ.

მედიისთვის უფრო საინტერესოა თემა გარიცხვების შესახებ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ გუნდი და შემოვიღოთ გარკვეული თამაშის წესები, რომლებსაც ყველა უნდა მიყვებოდეს. მონაპოვარი საკმაოდ დიდია, ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება უამრავი პრობლემის მიუხედავად და მე არ მგონია, რომ რამდენიმე განცხადებამ, რამდენიმე სუბიექტურმა თუ ობიექტურმა შემთხვევამ ხელი უნდა შეუშალოს ამას“, - აცხადებს გია ვოლსკი.

ვიცე-სპიკერისგან განსხვავებით, გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც გუნდის ძველ და დაუმორჩილებელ წევრებად არიან ცნობილი. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობა უფუნქციოდ დარჩა.

მისი თქმით, ფოფხაძის მიერ გაკეთებული განცხადება, მხოლოდ ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევის კონტექსტში არ უნდა იყოს გააზრებული. დეპუტატი ამ კონტექსტში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვის პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ კანონპროექტი პარლამენტში ჩავარდა, რადგან გამოჩნდა, რომ სწორედ უმრავლესობის უმრავლესობა არ უჭერდა საკანონმდებლო ინიციატივას მხარს და მათ შორის, გედევან ფოფხაძეც იყო.

„პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატთა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა ის ვიწრო წრე, რომელიც ჰყავს შემოკრებილი და მათ იქეთ ვერავის ხედავს. ის რაც ხდება, არის არა სახელისუფლებო, არამედ მცირე საპარლამენტო კრიზისი, რომლის მოგვარებაც ირაკლი კობახიძის ხელშია.

პარლამენტის წევრები თავმოყვარე ადამიანები არიან და დასაქმებული უნდა იყვნენ. პარლამენტში არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. ვიცით, როგორი ერუდირებული, განათლებული და გაწონასწორებულია პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები აქვს შესაცვლელი. დარწმუნებული ვარ, ის ამ რჩევას მიიღებს“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

„უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნები სახეზეა და ამ ნიშნებს მკურნალობა სჭირდება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლის განცხადებით, ის რაც მმართველ გუნდში ხდება, კრიზისი არ არის, რადგან გუნდს გადაწყვეტილებების მიღების უნარი გააჩნია, ხოლო კრიზისი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობას ნიშნავს.

„თუ დააკვირდებით, მე ვერიდები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას და არის მიზეზები, რის გამოც ვერიდები. თითოეული ამ შემთხვევის განხილვა და შეფასება რომ დავიწყო, უნებლიეთ ჩამრთავთ ამ დაპირისპირების ელემენტებში“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მაშ ასე, მმართველ გუნდში დაპირისპირება სახეზეა. როგორ დასრულდება ბრძოლა გავლენებისთვის, ეს უმრავლესობის შეკრებაზე გადაწყდება, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება.

ნანახია - 1153

მეგრელი

2018-04-13 13:12:14

პარლამენტის წევრები თავმოყვარე ადამიანები არიან და დასაქმებული უნდა იყვნენ. პარლამენტში არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. ვიცით, როგორი ერუდირებული, განათლებული და გაწონასწორებულია პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები აქვს შესაცვლელი. დარწმუნებული ვარ, ის ამ რჩევას მიიღებს“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.
--------------------------------------------------------------------------------------

პარლამენტის წევრმა მანდატიც უნდა ატაროს და კანონები , სახ. ინტერესებიდან გამომდინარე წეროს. მეტი რა ფუნქცია უნდა ამ ხალსხს. ორსის (ახლებმა არ იციან რა არის) ადმინისტრაცია კი არარის პარლამენტის წევრობა ფუნქცია რომ მოითხოვო.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80