„ნინია კაკაბაძის თემა იყო დეტონატორი, პარტიის შიგნით არსებობს დაძაბულობა ძველ და ახალ სახეებს შორის“
საზოგადოება

„ნინია კაკაბაძის თემა იყო დეტონატორი, პარტიის შიგნით არსებობს დაძაბულობა ძველ და ახალ სახეებს შორის“

„ნინია კაკაბაძის თემა იყო დეტონატორი, პარტიის შიგნით არსებობს დაძაბულობა ძველ და ახალ სახეებს შორის“
თამთა ქარჩავა

2018-04-12 15:00:58

ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც გავლენისთვის იბრძვიან. ეს არის დაპირისპირება ძველ და ახალ სახეებს შორის და საუბარი იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე ხმამაღალი ნათქვამია, რადგანაც, „ქართულ ოცნებაში“ და იგივე გედევან ფოფხაძის გარშემო არ არსებობს გარკვეული იდეოლოგიური ჯგუფი.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

პროცესები, რომელიცქართული ოცებისგარშემო ვითარდება, ეს მხოლოდ გედევან ფოფხაძის პროტესტით არის გამოწვეული, თუ ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება?

დავით ზარდიაშვილი: რა თქმა უნდა, პრობლემები არის და ეს პრობლემები აშკარაა. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხდება გადაწყეტილებების მიღება, ასეთ დროს პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი შიდა წესები. როდესაც ასეთი არასასიამოვნო კინკლაობა უკვე საჯარო სივრცეში ინაცვლებს, ეს რასაკვირველია, პირდაპირ დაკავშირებულია პარტიულ დისციპლინასთან. ახლა საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ არ მოხდეს ამ დაპირისპირებების ისეთ მასშტაბში გადატანა, რომელიც პარტიის ერთიანობას შეუქმნის პრობლემას.

მხოლოდ ნინია კაკაბაძის არჩევით შეექმნა პარტიის ერთიანობას პრობლემა, ანუ უმრავლესობის მხარდაჭერა იყო დეტონატორი ამ პრობლემების გასაჯაროების?

- დიახ, ნინია კაკაბაძე იყო ერთგვარი დეტონატორი. რა თქმა უნდა, პარტიის შიგნით არსებობს სხვადასხვა მიმართულებები - ძალიან პირობითად შეიძლება ვთქვათ - ეს არის ძველი და ახალი სახეები, რაც ზედაპირზე ჩანს.

ანუ, ჩვენ ვაკვირდებით ძველ და ახალ სახეებს შორის დაპირისპირებას?

- რასაკვირველია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა იმხელა მასშტაბისაა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დაიშალოს. საუბარია იმაზე, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთიანი პოზიციის გამომუშავების მექანიზმი პარტიაში უნდა არსებობდეს. იგივე ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებით რომ განსხვავებული აზრი იყო, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას არ აქვს ერთიანი გადაწყვეტილების მიღების გარკვეული წესი.

შიდა დაპირისპირების საჯაროდ გამოტანის ერთ-ერთი საფუძველი იყო პარლამენტის თავმჯდომარის ხმამაღალი განცხადება გუნდის წევრების მიმართ. გედევან ფოფხაძის განსხვავებული აზრი შეაფასა შეცდომად. არ ფიქრობთ, რომ კობახიძემ დაუშვა შეცდომა, როდესაც ადამიანის პირადი პოზიცია შეაფასა როგორც შეცდომა? უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ არის მათი უფროსი მიუთითოს რა განცხადება გააკეთონ და არა...

- კობახიძე პარტიის აღმასრულებელი მდივანია და გარკვეულწილად პასუხისმგებელია იმაზე, რომ პარტიას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგრამ ამას მისი პარტიული მოვალეობა არ ეწინააღმდეგება და ხელს არ უშლის. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა. სხვათა შორის ამ განცხადებას ჰქონდა საფუძველი, იმიტომ, რომ გედევან ფოფხაძის ძალიან რადიკალური გამოსვლა და იმის თქმა, რომ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა ეს არის პარტიული იდეალების ღალატი, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუჭირა მხარი.

კობახიძემ თქვა, რომ ასეთი მკვახე და ხმამაღალ განცხადებას ჯობია, საკითხი შიგნით მოიხარშოს და ერთიანი პოზიციის გამომუშავება მოხდეს, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნინია კაკაბაძის თემა იყო დეტონატორი, რადგან პარტიის შიგნით არსებობს გარკვეული დაძაბულობა ძველ და ახალ სახეებს შორის. ამ პრობლემას გადალახავენ და არ არის ის ვითარება, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისზე ვილაპარაკოთ.

როგორ ფიქრობთ, ძველ და ახალ სახეებს შორის იდეოლოგიურ დაპირისპირებას აქვს ადგილი, თუ ამ შემთხვევაში გავლენების გადანაწილებას უკავშირდება ეს ყველაფერი?

- არა, იდეოლოგიური დაპირისპირება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ვერ ვხედავ იმის ნიშნებს ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ იგივე გედევან ფოფხაძის გარშემო არსებობს გარკვეული იდეოლოგიური ჯგუფი. ასეთი რამე არ არის და ძნელი დასამტკიცებელი იქნება, რომ ეს განსხვავება არის იდეოლოგიური. უფრო შიდა პარტიულ გავლენებზე არის საუბარი, ვის ექნება გავლენები.

პარტიაში რომ სხვადასხვა ინტერესთან ჯგუფები არსებობს, იმთავითვე ცხადი იყო და ეს არჩევნების დროსაც ჩანდა. იმედია, რომ ეს ვითარება განიმუხტება და პარტია გამოიმუშავებს ისეთ მექანიზმს და წესებს პარტიის შიგნით, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, პარტიის შიგნით გაიოლდება ერთიანი გადაწყვეტილების მიღება.

როგორ ფიქრობთ, მიაღწევს ამ კომპრომისსქართული ოცნება“?

- მე მგონია, რომ მიაღწევს, უფრო ამ მიმართულებით წავა საქმე.

წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? 2 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, რამდენიმე თვეში კი საპრეზიდენტო და ამ ფონზე ასეთი დაპირისპირება რას აძლევს მმართველ გუნდს, რომლის რეიტინგი არის კლებადი?

- რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს შიდა პარტიული კინკლაობა პარტიას ასუსტებს. თუ კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული და რაღაცა საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ, ალბათ პარტია გაიყოფა. რაც ჩვენთვის ახალი მოვლენა არ არის. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა. პრინციპულად მნიშვნელოვანია მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება. პარტიის ინტერესები უნდა გამომდინარეობდეს მოქალაქეების ინტერესებიდან. პარტიამ მოსახლეობას საშუალება უნდა მისცეს, რომ მონაწილეობდეს პარტიული პოლიტიკის შექმნაში. ეს იქნება უკვე რეალურ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა და არა ძალთა ინტერესების გადანაწილება პარტიის შიგნით. ეს არის პოლიტიკა.

ეს პრობლემა მხოლოდქართულ ოცნებასაქვს?

- არა, რა თქმა უნდა. ეს არის ქართული პოლიტიკის პრობლემა. ძალიან მკაცრად რომ შევაფასოთ, საქართველოში პარტიები არც არსებობენ, ესენი არიან კლიენტორები. კლასიკური განმარტებით ეს არის ერთი ან რამდენიმე ლიდერის გარშემო სარგებლის მიღების მოტივით გაერთიანებული ჯგუფი. სანამ ეს პარტია არ გახდება მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების გამომხატველი, ძალიან ძნელი იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთ კრიზისებს თავს დავაღწევთ.

ჯერჯერობით, ვინაიდან არსებობს საერთო ინტერესი და ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი, ეს კლიენტურა კონსოლიდირებული იქნება. იმისათვის, რომ ძალაუფლება შინარჩუნონ, რაღაც გარკვეულ გავლენების გადანაწილებაზე უარი უნდა თქვან. მაგრამ თუ მონაწილეობითი მექანიზმები არ ჩაერთო და პარტია არ იქნა მოსახლეობის ფართო ჯგუფების ინტერესების გამომხატველი, ასეთ შემთხვევაში კრიზისებს თავს ვერ დავაღწევთ. სამწუხაროდ, საზოგადოების ძალიან დიდი ფენა საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკის შექმნაში.

ნანახია - 1011

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80