„უფუნქციო წევრები მაშინ ჩნდებიან, როდესაც მართვაა მეტ-ნაკლებად, ავტორიტარული“
საზოგადოება

„უფუნქციო წევრები მაშინ ჩნდებიან, როდესაც მართვაა მეტ-ნაკლებად, ავტორიტარული“

„უფუნქციო წევრები მაშინ ჩნდებიან, როდესაც მართვაა მეტ-ნაკლებად, ავტორიტარული“
ლალი ზირაქიშვილი

2018-04-12 11:30:54

ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ჩაენაცვლა, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდი უკვე ახალი სახეებით შეივსო. მმართველი უმრავლესობიდან ერთი დეპუტატის დემონსტრაციულმა გასვლამ ახალი თემა ააგორა და ყველა იმაზე საუბრობს, მოსალოდნელია თუ არა მმართველი გუნდის დემონტაჟი. ხელისუფლება ირწმუნება, რომ - არა, ოპოზიციას ახალი სალაპარაკო თემა გაუჩნდა, ხოლო ექსპერტულ წრეებში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ, არა მხოლოდ ამ შემთხვევის გამო, საკუთარი მართვის სტილს უნდა გადახედოს და კორექტივები შეიტანოს. რამდენად სერიოზული გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მიმდინარე პროცესს, ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: - ნებისმიერ გუნდს, მათ შორის პარტიას, შეკვრა სჭირდება და ამ ფუნქციას ასრულებს ხოლმე, როგორც წესი, ლიდერი, რომელიც აწვდის იდეას, ფუნქციებს ძებნის და ამ ფუნქციებს ანაწილებს გუნდის წევრებში. სასურველია, რომ უფუნქციო წევრები არ დარჩნენ გუნდში. უფუნქციო წევრები მაშინ ჩნდებიან, როდესაც მართვაა მეტ-ნაკლებად, ავტორიტარული - ერთი იღებს გადაწყვეტილებას და დანარჩენები ხელს სწევენ. არის კატეგორია, რომელიც ამითაც კმაყოფილია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც სურთ, რომ ფუნქცია ჰქონდეთ და თუ მმართველმა ჯგუფმა ფუნქცია ვერ მოუძებნა, ამ ჯგუფში ყოფნა არ მოსწონთ.

თუკი ლიდერი მოიკოჭლებს ფუნქციების გადანაწილებასა და გუნდის ყველა წევრის საქმეში ჩართვაში, შემდეგ უკვე იწყება ცენტრიდანული პროცესები და ჯგუფის დაშლის ნიშნებიც ჩნდება ხოლმე. გარდა ამისა, თუ ჯგუფმა რაიმე მარცხი განიცადა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ წაიყვანს ლიდერი პროცესს - ვინ აიღებს პასუხისმგებლობას - ლიდერი თუ ჯგუფის რომელიმე წევრზე გადატყდება ჯოხი.

მსგავსი შემთხვევა გვქონდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, როდესაც ლიდერმა საკუთარ თავზე არ აიღო პასუხისმგებლობა და მივიღეთ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. თუკი მსგავს შეცდომებს სხვა პოლიტიკური გუნდი დაუშვებს, მაგალითად „ქართული ოცნება“, აქაც დაიწყება მსგავსი პროცესი.

მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა იდეის პრობლემა. ძირითადი იდეა, რითაც ხელისუფლებაში მოვიდა, ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება. შესაძლოა, ასეთი იდეა გქონდეს კიდეც, მაგრამ მაშინ ის ბოლომდე უნდა გაატარო. „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა.

ფუნქციები რომ გადანაწილებული არ არის, ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ცაკლეული ფიგურები დგებიან იმ გადაწყვეტილების წინაშე, რომელიც გარკვეულმა ჯგუფმა მიიღო. როდესაც გუნდის წამყვანი ფიგურები ასეთი რეალობაში ხვდებიან, ესეც შეცდომაა. ამას კი ლოგიკურად მოსდევს კითხვა, რომელიც მოცემულ მომენტში დაისვა - რა უფრო მნიშვნელოვანია, გუნდიდან წონიანი ფიგურის დაკარგვა თუ ბორდში კრიტიკული წევრის შეყვანა.

ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ შეცდომებს უშვებს და ამითაა გამოწვეული, ის, რაც მოხდა. მომავალში დაუშვებს თუ არა შეცდომებს არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი სურათი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.

თქვენ საკმაოდ ბევრი ისაუბრეთ ლიდერსა და მის ფუნქციებზე, მაგრამქართული ოცნებისშემთხვევაში ლიდერი ცოტა აბსტრაქტულად ჟღერს - ვინ არის ლიდერი, ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკას ჩამოშორდა და პასუხისმგებლობის სივრციდანაც გასულია თუ კვირიკაშვილი, რომელიც პირველი პოლიტიკური ფიგურაა? არის პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი - საპარლამენტო მმართველობის დროს ლიდერის როლს ასრულებენ სახელისუფლებო შტოების პირველი პირები. ჩვენს შემთხვევაში, ცხადია საპარლამენტო მართველობის კლასიკურ ფორმაზე არ არის საუბარი, მაგრამ ლიდერის ფუნქციას ვინ ასრულებს, ესეც მკაფიოდ არ ჩანს...

- ეს კიდევ ერთი სირთულეა დღევანდელობის. თუმცა, ზოგადად, ლიდერობა არ არის მხოლოდ ერთი კაცის ფუნქცია. იყო ასეთი შემთხვევა, ამერიკაში, როდესაც ბეიკერი იხსენებდა: ავადმყოფობის გამო, რეიგანმა რაღაც პერიოდში დაკარგა მართვის უნარი და პასუხისმგებლობა გუნდმა ავიღეთ საკუთარ თავზეო. ჩვენთანაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა და გუნდი ასრულებს ლიდერის როლს.

თუმცა კულუარებში იმაზეც ბევრს ლაპარაკობენ, რომ რამდენიმე სახელისუფლებო გუნდი ჩამოყალიბდა... მათ ერთობლივ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი?

- „გუნდაობა“ მართლაც არის და ესეც მოსაწესრიგებელია, პირველი პირი თუ კვირიკაშვილია, გენერალური მდივნის როლი პარლამენტის თავმჯდომარეს აკისრია. იდეასა და ფუნქციებზეც სწორედ ეს პირები არიან პასუხისმგებლები. როდესაც დიდი პარტიაა, ყველა წევრისთვის ფუნქციის გამოძებნა ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელია ისეთი იერარქიული მექანიზმის გამოძებნა, რომ მაქსიმალურად დაიტვირთოს ყველა წევრი.

დღევანდელი კრიზისი იმ ტიპის კრიზისებს ეკუთვნის, რაც ძირითად იდეასთან შეუთავსებლობას მოსდევს. ზოგჯერ, ფრჩხილების გაუხსნელად ამასაც აღნიშნავენ ხოლმე, რომ საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ დემონტაჟზე, რომელიც იყო ჩადებული სამართლიანობის აღდგენის იდეაში.

მოსახლეობაში არის განცდა, რომ სისტემის დემონტაჟი არ მოხდა და სამართლიანობის აღდგენაც გადავიდა სადღაც, უკანა პლანზე და ეს არგუმენტი დიდი ხანია, არსებობს. გარდა ამისა, ვერ დალაგდა სასამართლო სისტემა, ვერ მოწესრიგდა სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და ამ პრობლემების გადაუწყვეტლობა ნიშნავს იმას, რომ გუნდმა თავისი დანაპირების ანუ ძირითადი იდეის შესრულებაში წაიფორთხილა.

სხვათა შორის, ასეთივე „იდეის ღალატი“ დააბრალა „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გამოეყო მას. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მსგავსი პროცესები მმართველ პარტიაშიც მოხდეს.

თუ ჩვენი ინტერვიუ წაიკითხეს და სახელმძღვანელოებში ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის ფუნქციებიც ამოიკითხეს, მაშინ დაფიქრდებიან, რომ პრობლემა შესაძლოა, ურჩ წევრებში კი არ არის, არამედ მართვის სტილშია. თუ მართვის სტილი შეიცვალა, მსგავსი პრობლემებიც მოგვარებადია.

ევროპული საქართველოხომ არ შეეცადა განხეთქილების შეტანას? - ბორდის წევრობის კანდიდატი მათ წარადგინეს...

- ეს უფრო გარიგებას ჰგავდა. ოპოზიციის კვოტა მაშინ არ იყო აქტუალური, როდესაც წინა წარდგენაზე უმრავლესობამ უარი თქვა ნინია კაკაბაძეზე? როგორც ჩანს, პირველ და მეორე წარდგენას შუა მოხდა მოლაპარაკება იმის სასარგებლოდ, რომ უმცირესობის კვოტა გახსენებოდათ. სანაცვლოდ, შესაძლოა, მომავალში მიიღონ მხარდაჭერა, ან უკვე მიიღეს. პრინციპში, რეზოლუციის თემაც „ევროპული საქართველოს“ „სასარგებლოდ“ იყო... შესაძლოა, გედევან ფოფხაძის ეს რეაქციაც იმის გამოძახილია, რომ ასეთი მოლაპარაკება მიუღებელია - ერთია, როდესაც მხარე ხარ მოლაპარაკების დროს და მეორე - როცა მხოლოდ ხელი უნდა ასწიო.

ბორჯომის ამბებსაც უკავშირებენ ფოფხაძის გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ჩანს, მიზეზები უკვე დაგროვდა მმართველ გუნდში და პრინციპში, არც გარკვეული ჯგუფის გამოყოფა არ უნდა იყოს ტრაგედია...

- ფოფხაძე საკმაოდ დამჯდარი პოლიტიკოსია და როგორც ჩანს, მიზეზები დიდი ხანია, გროვდებოდა. რამდენიმე მიზეზს ამ ინტერვიუს დროსაც შევეხეთ და შიგნით მყოფებს უფრო მეტი მიზეზების ჩამოთვლა შეეძლებათ.

ვიმეორებ, არის ზოგადი პრობლემა კონკრეტული მიზეზის გარეშე - ამართლებს თუ არა ძირითად იდეას გუნდი და რა როლი აქვს გუნდის ცხოვრებაში ამა თუ იმ პიროვნებას - აქვს თუ არა მას ფუნქცია.

რაც შეეხება გუნდის დაშლას, არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს მოხდეს, მაგრამ თუ გუნდიდან გასული რომელიმე წევრი გადაწყვეტს, რომ პოლიტიკა მისი მოწოდებაა და თანამოაზრეებსაც შემოიკრებს, მაშინ შესაძლოა სახიფათო პროცესიც დაიწყოს. გვახსოვს, ჟვანია-სააკაშვილი შევარდნაძის გუნდში იყვნენ და დაპირისპირების საგანი რეფორმების განუხორციელებლობა გახდა. ასე რომ, პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია და ამ ტიპის უკმაყოფილებამ თავისუფლად შეიძლება, წარმოქმნას ახალი ჯგუფები.

ნანახია - 1006

სარეკლამო ბანერი
1000 X 80