გარევაჭრობაზე ჯარიმა 5-ჯერ იზრდება
ეკონომიკა

გარევაჭრობაზე ჯარიმა 5-ჯერ იზრდება

გარევაჭრობაზე ჯარიმა 5-ჯერ იზრდება
ბექა დანელია

2018-03-09 20:30:02

უკანონო გარევაჭრობაზე ჯარიმები, შესაძლოა, 20-დან 100 ლარამდე გაიზარდოს. შესაბამის ცვლილებებს მერიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გარევაჭრობაც დაჯარიმებას ექვემდებარება. ქუჩის მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბოლო წლებში იმდენჯერ გაილაშქრეს, დათვლაც კი ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა.

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ გარემოვაჭრეებს სხვადასხვა შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის ეტაპობრივად შესთავაზებენ. მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობა გარემოვაჭრეების თემას კომპლექსურად უყურებს.

„არ შეიძლება ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში საქონლის მიწოდება იმგვარად ხდებოდეს, რომ ყველანაირი ნორმები ირღვეოდეს. როდესაც ქალაქს აქვს ამბიცია, რომ არის დედაქალაქი, არის აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქი, ხელისუფლება ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს იმისთვის, რომ კანონი ყველასთვის კანონობდეს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის ინფორმაციით, გარევაჭრობისთვის ჯარიმა აქამდე დაწესებული იყო ყველასთვის, ვინც ამ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გაყიდვის შემთხვევაშიც. მისი განმარტებით, სამომავლოდ გარევაჭრობაზე ჯარიმები განსხვავებული იქნება.

„როცა ამ საკითხს ვეხებოდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იყო ფიზიკური პირი, რომელიც მცირე პროდუქციით ვაჭრობდა, თუ პირი, რომელიც მოძრავი, მისაბმელი კონსტრუქციის მაგვარი საშუალებით ვაჭრობდა. ჩვენ ვაპირებთ, რომ საჯარიმო სანქციებიც განსხვავებული იყოს. როცა დარღვევას ვნახავთ, მათ დაჯარიმებას ადგილზევე მოვახდენთ. საკრებულოს აქვს დადგენილება მიღებული, თუ სად არის აკრძალული გარევაჭრობა და ჩვენ ამას უფრო გავამკაცრებთ“, - აცხადებს ბაგრატიონი.

მისი თქმით, გარევაჭრობისთვის დაწესებული 20-ლარიანი ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორებითი შემთხვევებისთვის დაწესებული 100-ლარიანი ჯარიმის ოდენობა 500 ლარამდე აიწევს. მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისთვის ჯარიმა დაახლოებით 1000 ლარი იქნება. ბაგრატიონის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გარე ვაჭრობის მთლიანად აკრძალვას არ აპირებენ და ამისთვის შესაბამისი ადგილები გამოიყოფა.

„ვმუშაობთ, რომ შესაბამისი ტერიტორია გამოიყოს, ეს უფრო ტურისტულ ზონებში იქნება შესაძლებელი. ქაოსური გარევაჭრობის წინააღმდეგი ვართ, თორემ მოწესრიგებული გარევაჭრობა პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისი დოკუმენტაცია შედგება, აუქციონი გამოცხადდება, იქნება გარკვეული მოთხოვნები და ეს საკითხი მოწესრიგდება“, - აცხადებს ბაგრატიონი.

ექსპერტები ამ საკითხს აბსოლუტარად განსხვავებულად უყურებენ და დედაქალქის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ ებრძოლონ მიზეზებს და არა უშუალოდ გარემოვაჭრეებს.

„გარევაჭრობა, საბოლოო ჯამში, მრავალმხრივად სოციალური საკითხია. ადამიანი ვაჭრობს უნებართვოდ იმისთვის, რომ ელემენტარულად თავი გადაირჩინოს. ცდილობს, არ ჰქონდეს დამატებითი ხარჯი და ეს უღირთ მომხმარებლებსაც, რომლებიც ყიდულობენ იაფ პროდუქტს. ჩვენ გარევაჭრობის გამომწვევ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ და არა იმას, რომ ვიღაც დავაჯარიმოთ“, - აცხადებს სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი.

ნანახი?- 657

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80