ვინ შეკაზმავს სააკაშვილს, ვის შეკაზმავს ექს-პრეზიდენტი?

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

ვინ შეკაზმავს სააკაშვილს, ვის შეკაზმავს ექს-პრეზიდენტი?

ვინ შეკაზმავს სააკაშვილს, ვის შეკაზმავს ექს-პრეზიდენტი?
მარიამ თოდაძე

2018-02-12 11:30:38

მას შემდეგ, რაც უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საექსტრადაციო დოკუმენტები მოამზადა, როგორც ჩანს, სააკაშვილს სხვა გზა აღარ დარჩა და უკრაინის პოლიტიკის ნაცვლად საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ნიადაგის მოსინჯვა გადაწყვიტა. მისი სატელევიზიო გამოსვლიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - ის ცდილობს, ოპოზიციის ლიდერად გადაიქცეს და თუკი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება, პოლიტპატიმრის სტატუსი მოიპოვოს, ან პირიქით - პატიმრობისგან თავი გადაირჩინოს.

სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში არსებობს დიდი გამოწვევები, ოპოზიციის არგაერთიანება დანაშაულია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა სამართლიანი და ობიექტური თამაშის წესებით უნდა მოხდეს.

„ყველა სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჩავატაროთ, სიტყვაზე, სამთვიანი დებატები, გამოვათვლევინოთ რეიტინგები რომელიმე სოციოლოგიურ კომპანიას და სამი თვის თავზე ვისაც ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება, ყველა დავუჭერთ მას მხარს. ასე უნდა ვიმოქმედოთ. არანაირი ცალკე პარტიული კანდიდატი ეფექტური არ იქნება. თუმცა, უნდა იყოს შემუშავებული წინასწარ თამაშის წესები და ობიექტური მსაჯულები, რომლებიც იტყვინ იმას, არღვევს თუ არა ვინმე თამაშის წესებს. როდესაც შენ გაქვს დიდი გამოწვევა, იქ არ გაერთიანება არის დანაშაული“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია, რომ თანამშრომლობა „ევროპულ საქართველოსთანაც“ შედგეს.

„მე არავისთან არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას, გარდა რუსების იმ ღია აგენტებისა, როგორიც არის ინაშვილი და ვიღაცეები. რა თქმა უნდა, არც „ევროპულ საქართველოსთან“ არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას. ის ხალხი, ვინც „ევროპულ საქართველოში“ არიან, თუ ისინი არ არიან პირდაპირ ივანიშვილს მიყიდულები და მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხიც არის იქ, თუმცა უმეტესობა მათგანს ეს არ ეხება, ამ ხალხთან არის სამუშაო. იმ ხალხს უნდა მაქსიმალურად ხელის შეწყობა და სამომავლო გაერთიანებაში შემოყვანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილს ამჯერად არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების შეტანისთვის ბიძინა ივანიშვილისგან ფული მიიღო.

„ევროპული საქართველო“ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებას არ გეგმავს, თუმცა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა მოხდეს გაერთიანება კონკრეტული საარჩევნო ამოცანების გადასაჭრელადაც

„უბრალოდ, ეს ვერ მოხდება სააკაშვილის ფიგურის გარშემო, რისი დასკვნაც იყო მისი გუშინდელი ინტერვიუ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია თვლის, რომ სააკაშვილის ინტერვიუ იყო დეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა.

„იგი, ერთი მხრივ, მოუწოდებდა ოპოზიციურ პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ, მეორე მხრივ - ამბობდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რადგან არჩევნებით ივანიშვილს ვერ დაამარცხებო. ეს გზავნილი ივანიშვილს აწყობს, რადგან ამ გზავნილით აღვივებს უიმედობას საპროტესტო ამომრჩეველში. თან საუბრობდა ჩვენთან რაღაც გაერთიანებაზე, თან აგრძელებდა ცილისწამების ბინძურ კამპანიას „ასავალ-დასავალის“ და „ქართული ოცნების სტილში“, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ“, აცხადებს ბოკერია.

მისივე შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას განიხილავს.

„ჩვენი ტესტი არის მარტივი - პოლიტიკური პარტია არ უნდა იყოს პუტინის მოკავშირე, არ უნდა ქადაგებდეს სიძულვილს და ძალადობას და არ უნდა იყოს ივანიშვილის მოკავშირე. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დამოკიდებულია იმაზე, რა ფორმაში იქნება და რა პოზიცია ექნება. გუშინდელი გზავნილი, რომ მოდი გავერთიანდეთ და თან ლანძღვა, ეს არის ივანიშვილის თამაში“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ დღეს ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეზე დაფუძნებული პოლიტიკაა და არა წარსულის სახეების ქექვა.

„საინტერესო ინტერვიუ იყო არა მხოლოდ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვების, არამედ იმ პოზიციის გამო, რაც აშკარად ჩანდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვები უფრო ბევრის მთქმელი იყო, ვიდრე პასუხები. სიმართლე გითხრათ, პირველად ვნახე ინტერვიუს დროს დაბნეული სააკაშვილი, რომელმაც ვერც ერთი მისთვის მომგებიანი გზავნილი ვერ გაუშვა საკუთარ მხარდამჭერებთან. არაფერს ვამბობ გირგვლიანის და ვაზაგაშვილის ხსენებაზე, სადაც თავისი ემოციით ფაქტობრივად აღიარა, რომ სწორედ ამ ბიჭებმა შეიწირეს მისი ხელისუფლება. ხანგრძლივი ინტერვიუდან ერთადერთი კითხვა გამიჩნდა - ახლა ვის უნდა გადაულოცონ მიხეილ სააკაშვილი და ვის აწყობს მისი „გაფუჭება“ ნაცმოძრაობის მოქმედი თუ ყოფილი წევრებიდან?! ერთი კი ფაქტია, ვინც არ უნდა შეეცადოს ამას, ნებისმიერი მათგანისთვის პოზიტიური იმიჯის შექმნა საზოგადოებაში უკვე შეუძლებელია, რადგან ისინი ყველანი ერთად იყვნენ იმ საშინელი პერიოდის შემოქმედნი, რის გამოც ხალხმა მათ უარი უთხრა“, აცხადებს ხუნდაძე.

მისივე თქმით, პოლიტიკას არ უყვარს განმეორებები, მით უმეტეს, ერთი და იგივე ნეგატიური პიროვნებების.  ხალხს ხანგრძლივი მეხსიერება აქვს და ქართული პოლიტიკისგან დღემდე იმ სახეებს ელიან, ვინც იმ პერიოდს საბოლოოდ დაასრულებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი კი თვლის, რომ ვინც არ უნდა წარადგინოს ოპოზიციამ 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებში, სახელისუფლო პარტიას აქვს ამომრჩევლის მყარი მხარდაჭერა და მას სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკის გუშინდელი დღეა.მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგით ცხოვრობს.

„მე მის პოლიტიკურ ავტორიტეტში საკმაოდ ეჭვი მეპარება. თუ რას გააკეთებენ ოპოზიციური ძალები, არ მგონია სააკაშვილის მოწოდებით გადაწყდეს. ჯერჯერობით ვერც პერსპექტივაში ვხედავ, რამდენად იქნება მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ყოფილ კოლეგებთან, „ევროპულ საქართველოსთანაც“ ვერ შეთანხმდება, არათუ სხვა ოპოზიციურ ძალებთან.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერთიანობის იდეა, თავისთავად კარგია, თუმცა ოპოზიციურმა სპექტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთანება ვერ შეძლო.

„ამასწინათ, როდესაც ასეთი ამოცანა დადგა მერის არჩევნებში, სააკაშვილის პარტიამ, ისევე, როგორც სხვა პარტიებმა, არ დააყოვნეს და თავიანთი კანდიდატები დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნათელი იყო, მაშინაც გაერთიანება უფრო სასარგებლო იქნებოდა. ამიტომ ეს არის საუბარი, რომელსაც რაიმე საფუძველი არ აქვს. ეტყობა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაინც მოწყვეტილია ქართულ რეალობას. კარგია, რომ სააკაშვილს ეს ამბავი გაახსენდა, თუმცა აქ, საქართველოში ეგ ისედაც იცოდნენ, ასე რომ, კარნახი არავის სჭირდება - გასაგებია, რომ კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატი, თუ მოხერხდება, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ნანახია - 2457

1234

2018-02-12 20:50:26

სააკაშვილი უკვე მისჯილი დამნაშავეა და არა ბრალდებული. თუ საქართველოში უნდა კარიერის გაგრძელება ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს.
არც ერთ თავმოყვარე ქვეყანაში მისჯილ დამნაშავეს რომელიც მართლმსაჯულებას თავს არიდებს პოლიტიკურ ლიდერად არ განიხილავდნენ. ეს ქართული ე.წ. პარტიების მიერ საკუთარი სახემწიფოს და მისი ინსტიტუტების მიმამართ პატივისცემის ნაკლებობაზე მიუთითებს.

1234

2018-02-13 02:13:42

პოლიტიკო-ს აქვს კარგი ანალიზი სააკაშვილის მოღვაწეობის:
https://www.politico.eu/article/the-rise-and-fall-of-mikheil-saakashvili/

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80