მშენებლებს სანებართვო პროცედურის გამკაცრებას არ მოსწონთ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

მშენებლებს სანებართვო პროცედურის გამკაცრებას არ მოსწონთ

მშენებლებს სანებართვო პროცედურის გამკაცრებას არ მოსწონთ
ბექა დანელია

2018-02-12 02:15:38

სამშენებლო ნებართვების გამკაცრებაზე ყოველდღე მიდის საუბარი და მერიაც ახალ-ახალი ინიციატივით გამოდის. მუდმივი ცვლილება უკვე აღარ მოსწონთ მშენებლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამით სანებართვო პროცედურა ძალიან გართულდება.

მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება. თბილისის მერის, კახა კალაძის

თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და მერიასთან შეათანხმოს.

“იცით, რომ ვახორციელებთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უნდა გამყარდეს შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით. სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში. პირველივე დღიდან ეს სამსახურები უნდა იყოს ჩართული, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ.

ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვა გაცემული.

ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. ასევე, მშენებელს ვალდებულება ექნება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესახებ, დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოაქვეყნოს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა პროექტის შესახებ. ეს ეხება არა მხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მერიასაც. არსებული პარკები და სკვერები არ არის საკმარისი და ყველა მშნებლობის დროს ყურადღება დაეთმობა მიმდებარე ტერიტორიის მოწერიგებას და გამწვანებას“, - განაცხადა კალაძემ.

მშენებლებს რეგულაციების გამკაცრება სულაც არ მოსწონთ. ისინი ფიქრობენ, რომ ამით სანებართვო პროცედურა მხოლოდ გართულდება. სავარაუდოდ, ბიუროკრატიაც მოიმატებს.

„ტრანსპორტისა და ეკოლოგიის მიმართულებით გარკვეული რეგულაციები ისედაც არსებობს და ჩვენ სწორედ ამის მიხედვით ვმუშაობთ. ახალი პროექტი კონკრეტულად რას გულისხმობს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება აქამდეც იყო და ეს ახალი არ არის“, - ასე შეაფასა თბილისის მერიის ინიციატივით კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის პროექტი კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა.

მისი განცხადებით, სატრანსპორტო მიმართულებითაც მოქმედებს რეგულაცია, რომელიც გამტარობის გათვლას და მათ შორის შენობის განთავსებას ითვალისწინებს. ხდება პარკირების რაოდენობის გათვალისწინებაც.

„კანონმდებლობით პარკინგის გარეშე პროექტს ვერ შეათანხმებს, მაგრამ გვხვდება მაგალითები, რომ კორპუსს პარკინგი არ აქვს. ეს სხვა პრობლემაა. დღეს პარკინგის ადგილები აქტიურად იყიდება და სხვა დანიშნულებას ხმარდება. მის ადგილას შეიძლება მაღაზია, სალონი ან თონე შეგვხდეთ. ვფიქრობ, მუშაობა ამ მიმართულებითაა საჭირო. რაც შეეხება გამწვნნების საკითხს, 2009 წლიდან მოქმედებს K3 კოეფიციენტის საჭიროება და ზოგან მცირე ტერიტორიაა გამოყოფილი რეკრეაციისთვის, ზოგან უფრო დიდი. მთავარია ახალი მიდგომები ხისტი არ იყოს ბიზნესისთვის“, - განუცხადა „კომერსანტს“ კუნელაურმა.

პრობლემას სხვა მიმართულებაში ხედავს კომპანია „GDG+“-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნები გარკვეულ პროექტებზე მანამდეც ვრცელდებოდა, მთავარი სირთულე კი დასაბუთების გამცემი პირია.

„აქ არის ერთი მთავარი პრობლემა. ვინ მოგვცემს მაგალითად, ქვეითთა გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის შესაბამის დასაბუთებას, რომელიც დეველოპერმა მერიაში უნდა წარადგინოს? ვის მივმართოთ და საერთოდ, გვყავს ასეთი სპეციალისტები? ხომ არ აჯობებს, ჯერ გარკვეული ჯგუფი გადამზადდეს და მერე მივიღოთ კანონი?“ - აცხადებს წაქაძე.

მისივე თქმით, პირველ რიგში, სამშენებლო კომპანიებს უნდა მოეთხოვოთ ლიცენზია ვინ აშენებს, რას და როგორ, რადგან ბაზარზე არაერთი გაურკვეველი მშენებელია, რომელიც დღეს ხსნის კომპანიას და ხვალ იწყებს მშენებლობას.

 

ნანახია - 556

natali

2018-02-12 13:50:24

რა ხდება იცით?

როდესაც მშენებლობის ნებართვას გასცემდნენ, გარკვეული ზომის მიწის ნაკვეთზე გარკვეული სიმაღლის შენობის აშენების ნებართვა გაიცემოდა. ი ბატონო, კოეფიციენტების გაყიდვაც დაიწყეს და სართულებსაც უმატებდნენ, მაგრამ მერე ეს მშენებელი იმ მიწის ნაკვეთებს, რაზეც შენობა არ იდგა,იმ ნაწილს ცალკე წითელ ხაზს ავლებდა, სხვა საკადასტრო კოდს ადებდა და ყიდიდა. ყიდიდა ალბათ ისევ თავის თავზე, ვინმე ბიძაშვილ-მამიდაშვილის სახელზე. მერე იმ გაყიდულ მიწაზე აშენებდა ახალ კორპუსს. და ასე აღარც ეზოებია, აღარც ტროტუარი და იმ ბინების ფასიც, სადაც ეზო არაა, კაპიკია.
და ამის უფლებას რატომ აძლევდა მერია? ეს კანონიერი ხომ არ იქნებოდა? და თუ კანონიერი იყო, ვინ დაუშვა ასეთი ქალაქის დამაქცევარი კანონი? არაა ახლა ის დასაჭერი?

natali

2018-02-12 16:57:33

80-იანი წლების თბილისის კადრებს რომ ყველა გულდაწყვეტილი რომ უყურებს, ეს რაზე ლაპარაკობს? ხომ პირიქით უნდა იყოს? მაგრამ ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ რომ ორ, სამ და ხშირად მეტ კორპუსს აერთიანებდნენ და ის საკადასტრო კოდები რომ უცებ შორიახლოს ჩნდებოდა, ეს არაა მთელი არქიტექტურული მაფიის ჩადენილი კრიმინალი? ამას გამოძიებაც კი არ უნდა. დახედეთ ქალაქის საკადასტრო რუკას, ტელესტუდიის პირდაპირ, გეპეის გაყოლებაზე რამდენი კორპუსია ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ მოქცეული. მერე კი მათ უკან მიმდევრობითი კოდებით რომაა ახალი კორპუსები ჩადგმული და ის მთა სადაცაა მტკვარში რომ ჩავა, ამას დიდი გამოძიება სჭირდება რომ მიხვდე, რა არის ნაჩალიჩარი? ეჭვი მაქვს, ქუჩებსაც სახელებს იმიტომ უცვლიან ასე აქტიურად, რომ მისამართები რომ აირია, ის გაასწორონ. თორემ მაგათ კოსტავაც, გამსახურდიაც და სხვებიც სულ ჰკიდიათ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80