„შესაძლოა, ჩვენი გზები ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ საბოლოოდ არ გაამართლოს“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

„შესაძლოა, ჩვენი გზები ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ საბოლოოდ არ გაამართლოს“

„შესაძლოა, ჩვენი გზები ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ საბოლოოდ არ გაამართლოს“
მანანა ნოზაძე

2018-02-09 17:30:29

რამდენად უხარვეზოა საქართველოს გზები და მაგისტრალები და ხომ არ ქმნის საავარიო რისკებს?! არასამთავრობოებს ეჭვი აქვთ, რომ მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დარღვევებით მიმდინარეობს. რას ფიქრობენ ამ საკითხზე სპეციალისტები?! 

„საქგზამეცნიერების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი, დოქტორი, პროფესორი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, თბილისის საპატიო მოქალაქე თამაზ შილაკაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შეიძლება გზის ახალი საფარი დააგო, დახარჯო დიდი ფული, ააშენო მაგისტრალი „ა“ წერტილიდან „ბე“ წერტილამდე, მაგრამ იმ გზამ არ გაამართლოს. ამდენად, საჭიროა ერთიანი სისტემის შექმნა, რომ ყველა სოფელთან, რაიონის ცენტრთან მივიდეს გზა, თანაც გააჩნია მოძრაობის ინტენსიობას. ზოგიერთი რაიონის ცენტრთან უნდა მივიდეს სულ სხვა სიგანის, სხვა დატვირთვის მქონე გზა. ამის გარეშე გზის ხარისხზე საუბარი, ან კიდევ იმაზე მსჯელობა, რომ თურმე ჩინელებმა ააშენეს უხარისხო გზა, გაუმართლებელია. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომელ კუთხეში სჯობს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებზე დაიხარჯოს მილიონები. ისე არ უნდა მოხდეს, რომ რომელიღაც თანამდებობის პირმა მოინდომოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე გზის დაგება და ეს სურვილი განახორციელოს. გზების დაგება, პირველ რიგში, სპეციალისტებთან უნდა იყოს შეჯერებული.  

„რამდენად უხარვეზოა ჩვენი გზები, ეს ცოტა რთული საკითხია. არის გზა, რომელიც ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, შეღებილია კარგად, მასზე დახარჯულია დიდძალი თანხა, მაგრამ შეიძლება იმ გზამ არ გაამართლოს. ამას შესწავლა სჭირდება. უნდა მოხდეს არსებული გზების მთლიანი დიაგნოსტიკა და ამას ეფუძნებოდეს ახალი გზების მშენებლობა. ჩვენ სამთო გზები გვაქვს, არ ვართ რუსეთი, რომ ყველგან ერთიანი გზები გვქონდეს. ის კი არა, ჩვენთან ყოველ 2-3 კილომეტრში იცვლება კლიმატური პირობები, გრუნტები. ამიტომ შესწავლის გარეშე ვერ ვიტყვი, რომელი მაგისტრალია ხარვეზიანი. უპირველესად უნდა შეიქმნას ერთიანი საგზაო-სატრანსპორტო სისტემა, მთელი თავისი ეტაპებით, თუ რომელი გზა როდის დაიგოს. ჩვენდა სავალალოდ, ასეთი რამ გაკეთებული არ არის. არადა, ეს უნდა განხორციელდეს როგორც სახელმწიფო, ისე ქალაქ თბილისის მასშტაბით“, - აღნიშნა თამაზ შილაკაძემ.

მანვე განმარტა, რომ საქართველოში კარგი მშენებლები, სპეციალისტები გვყავს და უცხოელები არ უნდა აგებდნენ ჩვენს გზებს. უცხოელები შეიძლება გვყავდეს მხოლოდ კონსულტანტებად და არა წამყვან ფირმებად. მერე რა, რომ უცხოელები ტენდერებში იაფ მომსახურებას სთავაზობენ ჩვენს  სახელმწიფოს:

„ერთი მითხარით, ქორწილს რომ იხდიდეთ და ვინმემ შემოგთავაზოთ იაფფასიანი ქორწილი, სადაც ლიმონათი არ იქნება, საჭმელში ნიგოზი დააკლდებათ, ვინმე დათანხმდება ასეთი ქორწილის გადახდას? 86 წლის გახლავართ, ამიტომ არ მეშინია აზრის გამოთქმის. სჯობს, დახარჯონ მეტი თანხები,  ნაკლებ კილომეტრზე დააგონ გზები, მაგრამ ეს გზები ხარისხიანი იყოს. არა ისე, რომ გამოაცხადებენ ტენდერს და ზოგჯერ სულ რაღაც 2-3 კვირაში მოითხოვენ გზის პროექტის ჩაბარებას. ეს ხომ არასპეციალისტების ქმედებაა?“    

„მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბეტონის ტექნოლოგიაში არის ცალკე თავი, სახელწოდებით „დაბეტონება ზამთრის პირობებში“. ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული პირობებია საჭირო, რათა ბეტონს გამყარების ნორმალური პირობები შეექმნას ცივ ამინდში. ნორმალურ პირობად ითვლება პლუს-მინუს 20 გრადუსი ცელსიუსი. ამ პირობებს თუ არ აკმაყოფილებს, მაშინ ხელოვნური გათბობით უნდა მოხდეს ბეტონის სამუშაოების წარმოება. იქ უნდა იყოს ცხელი წყალი და შემავსებლებიც კი უნდა გაათბონ. თბილ-თბილი ბეტონის ნარევი უნდა მივიდეს ადგილზე და შემდეგ თერმოსის პრინციპით მოხდეს ტემპერატურის შენარჩუნება.

„ცემენტი ქვად უნდა გარდაიქმნას, ამიტომ, თუ 20 გრადუსზე დაბალი ტემპერატურაა, ეს პროცესი ნელ-ნელა მცირდება და, თუ მიუახლოვდა ნულ გრადუსს, ბეტონი აღარ მყარდება. ბეტონის ტექნოლოგიების გარდა, ასევე, პრობლემაა პროექტში აცდენაც. საგზაო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაცული უნდა იყოს ქანობები, განსაკუთრებით, მოსახვევებში. აუცილებლად უნდა ჩატარდეს საგზაო მაგისტრალის ექსპერტიზა, რადგან ეს ჩვეულებრივი ბეტონი არ არის, ეს არის საგზაო ბეტონი, რომელსაც ცალკე დამატებითი მოთხოვნები გააჩნია. ყველაფერი, რაც მშენებარეა, ჩემში ეჭვს იწვევს, თუკი არ არის შემოწმებული. ამიტომ ახლა მაინც უნდა დაიწყონ შემოწმება. სხვათა შორის, ჩვენ მშენებელთა ლიგა გვაქვს და, თუ ვინმე მოგვმართავს, მზად ვართ შევამოწმოთ მათი სტანდარტები“,-აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების როლი. თავის დროზე გაუქმდა ყოველგვარი მარეგულირებელი, მათ შორის,- მშენებლობის კონტროლის ორგანოც. ეს იყო ე.წ. ლიბერალური ეკონომიკის გამოძახილი, ნეოლიბერალიზმის მიმდევრობა და ახლა აღმოჩნდა, რომ გზები, მაგისტრალები მთლად მართებულად არ ყოფილა დაგებული.

„სახელმწიფომ რეგულირების, კონტროლის რაღაც მექანიზმი უნდა დაიტოვოს. მშენებლობის ინჟინრის, ხელმძღვანელის ან მენეჯერის დასჯა უბრალო მოქალაქისთვის შეღავათი არ არის, რადგან მოქალაქე ყოველთვის ხელს იშვერს სახელმწიფოსკენ, რომლის ვალდებულებაცაა მოქალაქეების დაცვა. ამისთვის აუცილებელია კონტროლიც, რეგულირებაც. აჭარის გზებზე ხშირად ვმგზავრობ, მაგრამ მათ უსაფრთხოებაზე ეჭვი არასდროს შემპარვია. პირველადი განათლებით მშენებლობის ინჟინერი გახლავართ, მამაჩემიც მეგზევეა და მშენებლობის პროცესში, გარკვეულწილად, ვიყავი ჩართული. დღეს ქართული სამშენებლო სტანდარტები, ფაქტობრივად, არ არსებობს. მშენებლები საბჭოთა კავშირის დროს არსებული „სტრაიტელნიე ნორმი ი პრავი“-თ ხელმძღვანელობენ. არადა, ნებისმიერ ინფრასტრუქტურას და საინჟინრო ნაგებობას რისკი გააჩნია და ეს არის, პირველ რიგში, ტექნიკური რისკი. ეს რისკი მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

ნანახია - 774

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80