„უნივერსიტეტს რომ სტუდენტები და ლექტორები ჰყავს, მათი დიდი პროცენტი დღესვე სახლშია გასაშვები“
საზოგადოება

„უნივერსიტეტს რომ სტუდენტები და ლექტორები ჰყავს, მათი დიდი პროცენტი დღესვე სახლშია გასაშვები“

„უნივერსიტეტს რომ სტუდენტები და ლექტორები ჰყავს, მათი დიდი პროცენტი დღესვე სახლშია გასაშვები“
მანანა ნოზაძე

2018-02-08 11:30:16

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე- 1918 წლის 8 თებერვალი უნივერსიტეტის დაარსების დღეა. ეს იყო პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იმ დროს მთელ კავკასიაში, რომელიც ძველი გიმნაზიის შენობაში განთავსდა. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა აღავლინა... თუმცა წლების შემდეგ უნივერსიტეტის ეზომ სხვა დატვირთვა შეიძინა და აქ უნივერსიტეტის დამაარსებელთა უკვდავსაყოფად მათი საფლავები განთავსდა. პირველი უნივერსიტეტელებიც სწორედ ამ საფლავებში განისვენებენ და, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, ოდესღაც ძლევამოსილი უნივერსიტეტის აჩრდილად ქცეულ დღევანდელ უნივერსიტეტს გასცქერიან... 

2018 წლის 8 თებერვალს ცოდნის ტაძრის 100 წლის იუბილეა. ხელისუფლება აპირებს, ეს თარიღი ჯეროვნად აღნიშნოს ისევე, როგორც პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე.

პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტი არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა და, ასევე, ეროვნული მუხტისა და თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია. მან გაზარდა თაობები საქართველოში, რომელთა მიერ შენარჩუნებულმა ეროვნულმა მუხტმა დამოუკიდებელი ქვეყანა მოგვიტანა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა.

რა უჭირს დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს?! ამის შესახებ ყველაზე უკეთ უნივერსიტეტელები მოგვითხრობენ, რომელთათვისაც უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ წარსულის ცნება.

ფილოსოფოსი, „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 1918 წელს უნივერსიტეტის გახსნა ისტორიული მოვლენა იყო და ეს გახლდათ ივანე ჯავახიშვილის ჯოჯოხეთური შრომისა და ქართული ინტელიგენციის ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის შედეგი, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში და დადგნენ ივანე ჯავახიშვილის გვერდით.

„უნდა აღინიშნოს ის ღვაწლიც, რომ მენშევიკების დროს 40 კაცი გაიგზავნა ევროპაში, სადაც მათ განათლება მიაღებინეს. რა თქმა უნდა, ისინი ნიჭიერებით გამოარჩიეს და არა უნიჭობით, როგორც ახლა არჩევენ ხოლმე ადამიანებს ყველაფერში. ამ კონტინგენტმა დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ეს ისეთი ღვაწლია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც სიტყვებით ვერ შევაფასებთ.

ბოლშევიკებს სძულდათ ივანე ჯავახიშვილი, რადგან იგი გამოვიდა და სტუდენტებს ფრონტისკენ მოუწოდა, როცა ბოლშევიკები შემოიჭრნენ საქართველოში. საუბედუროდ, სააკაშვილმა გაანადგურა უნივერსიტეტი. განათლება საქართველოში შეგნებულად მოსპო. ახლა უნივერსიტეტი ნულია. ამას წინათ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გახლდით ფილოსოფიის ფაკულტეტზე და გამაოცა ამ ღონისძიების ორგანიზატორთა და გამომსვლელთა უმეცრებამ. საერთოდ, ფილოსოფიური  მეცნიერება აღარ არსებობს უნივერსიტეტში, არც სხვაგან არსებობს, რადგან ინსტიტუტები დახურეს. რა თქმა უნდა, ცალკეული სტუდენტები თავად სწავლობენ, მაგრამ უნივერსიტეტში ეს დარგი მთლიანად მოისპო“, - აღნიშნა ნოდარ ნათაძემ და განმარტა, რომ დღევანდელ უნივერსიტეტში ეროვნული მუხტი აღარ არის.

მისივე თქმით, ფილოლოგის ფაკულტეტზე მომუშავე ადამიანი, რომელიც ძველ ქართულ ენას ასწავლის, რა თქმა უნდა, საკუთარი ორიენტაციით პატრიოტია, მაგრამ მთლიანად უნივერსიტეტი ამ მუხტს აღარ ინარჩუნებს. ეროვნული მუხტის წინაშე მრავალი წინაღობაა. კერძოდ, სხვადასხვა იდეოლოგიები და იაფფასიანი კონცეფციები. 

ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართლია, გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, ჩვენ ღირსეულად აღვნიშნეთ რუსთაველის იუბილეც, ბარათაშვილის იუბილეც, მაგრამ, სინამდვილეში, არც ერთი და არც მეორე ღირსეულად არ აღგვინიშნავს. ამდენად, ზუსტად ასეთივე „წარმატებით“ აღნიშნავენ ხელისუფლების წარმომადგენლები უნივერსიტეტის ასი წლის იუბილესაც.

„თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტი არის დედა უნივერსიტეტი და მას გარკვეული დახმარება სჭირდება. კარგია, ასი წლის რომ გახდა, ეს ყველა უნივერსიტეტელს გვიხარია, მაგრამ მე საშუალება რომ მქონდეს, სხვანაირად დავეხმარებოდი  უნივერსიტეტს. ჩვენ ვხედავთ, სად არის მოთხოვნა და სად არ არის, რაში არის კარგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და რაში ვეღარ არის კარგი. ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ იქნება იმაში კარგი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, გინდა თუ არა, სტუდენტი უნდა გახდეს.

თუმცა დედა უნივერსიტეტს რომ სტუდენტები და ლექტორები ჰყავს, მათი დიდი პროცენტი დღესვე სახლშია გასაშვები. ამის გაკეთების უნარი არავის აღმოაჩნდა, არც ერთ რექტორს, არც ერთ მინისტრს. ეს უნივერსიტეტი უკვე აღარ არის იმის მემკვიდრე, რაც ჩაიფიქრეს ქართველებმა 1918 წელს. ეს უნივერსიტეტი მის მიერვე გამოვლილი ცუდი პერიოდის მემკვიდრე უფროა“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა და უნივერსიტეტის სირცხვილად მიიჩნია, რომ პირადად მისი მასწავლებელი -ზურაბ კიკნაძე საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვერ შეინარჩუნა. ეს კი ე.წ. რეფორმების შედეგი იყო.

ფილოლოგიის დოქტორის მოსაზრებით, ახლა საჭიროა უნივერსიტეტის რექტორის სიმამაცე, რომ ეს უნივერსიტეტი, სულ ცოტა, შეამციროს იმ ნაწილში, სადაც ის ისედაც მკვდარია.  უნდა მოკვდეს ასეთი ნაწილი, ხოლო სადაც ცოცხალია, ის უნდა განვითარდეს. ლევან ბერძენიშვილის თქმით, რადიკალური ცვლილებების გარეშე უნივერსიტეტს არაფერი ეშველება. ახლანდელი რექტორი სიმპათიური კაცია და შეუძლია ეს გააკეთოს, თუკი გაბედავს.

სპეციალისტის თქმით, უნივერსიტეტში პრობლემაა თუნდაც ის, რომ გამოყენებითი მათემატიკის არაფერი შეგვრჩა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ცოდნით უბრალო ნავებსაც ვერ ავაშენებთ, არათუ გემებს. სამწუხარო ის არის, რომ, როცა უნივერსიტეტის აღზრდილები და მისი გულშემატკივრები ასეთ საკითხებზე საუბრობენ, ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ისინი რაღაცას გამოელიან.

„ერთხელ უკვე შემომთავაზეს უნივერსიტეტის რექტორობა და პირადად მაქვს უარი ნათქვამი. თანხმობა რომც მეთქვა, ვიცი, უნივერსიტეტში რაც მოხდებოდა, რადგან მე რადიკალური პროგრამა მექნებოდა. ძალიან სერიოზულად შევკვეცავდი იქაურ კადრებს. ვიზრუნებდი იმაზე, რომ გაქცეული ღირსეული კადრი უნივერსიტეტში დამებრუნებინა. მხოლოდ ჰუმანიტარულ სფეროში შემიძლია, ათი კაცი მაინც დავასახელო, რომელთა დაკარგვის გამოც უნივერსიტეტს ჩრდილი მიადგა.

შეგახსნებთ რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეცნიერმა, როცა იგი უნივერსიტეტის რექტორი გახდა, პოლიცია შეიყვანა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტისთვის მთავარია, გასცეს ცოდნა. საბჭოთა დროში მახსოვს, როგორ გამოხატავდნენ „ეროვნულ მუხტს“ ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როცა უნივერსიტეტის პარტკომი იდგა და არ უშვებდა სტუდენტებს 14 აპრილის ღონისძიებაზე.

თუმცა უნივერსიტეტში მუხტი იყო იმიტომ, რომ უმრავლესობაში მყოფი გარეწრების გარდა, იქ სიმონ ყაუხჩიშვილიც ასწავლიდა, მუხტი ვიყავით ჩვენ, სტუდენტები, მაგრამ ახლა უნივერსიტეტისგან ვითხოვთ ცოდნას. უნივერსიტეტს სხვანაირად დავეხმაროთ, მივცეთ უფლება, განახორციელოს რადიკალური რეფორმები. კი არ მოვხსნათ რექტორი, რომელიც ამ რეფორმებს დაიწყებს და კი არ ვაგინოთ, როცა უნივერსიტეტს მკვდარ ნაწილებს ჩამოაჭრის“.

 

ნანახია - 1990

papa

2018-02-08 18:20:09

ააააააააააააააააააა

papa

2018-02-08 19:12:13

ვეთანხმები მილიონი პროცენტიტ..... მაგრამ...
რექტორად არანაკლებ განათლებულს, მაგრამ მაინც ჟანგიან ქართველს ავირჩევდი...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80