კვირიკაშვილის საგზაო რუკა ევროკავშირისკენ
პოლიტიკა

კვირიკაშვილის საგზაო რუკა ევროკავშირისკენ

კვირიკაშვილის საგზაო რუკა ევროკავშირისკენ
თამთა ქარჩავა

2017-12-28 14:30:20

2018 წელს მთავრობის მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება 4-პუნქტიანი გეგმა. 2017 წლის მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ წლიანი საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მთავრობის შემჯამებელ სხდომაზე პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს, საჯარო მოხელეებს და მედიას მადლობა გადაუხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობაა განსაზღვრულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ მონაკვეთში შეცვალოს მოსახლეობის ცხოვრების დონე, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება. პრემიერი მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსაც შეეხო და დარწმუნებულია, რომ ამ ცვლილების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ.

პრემიერის განცხადებით, 2018 წელს მთავრობის სტრატეგიული ხაზი იქნება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს და რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დარჩება.

პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა და მოსახლეობასთან სპონტანური შეხვედრების გამართვა დააანონსა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონების განვითარება ხელისუფლების მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი იქნება.

„2017 წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევები, არაერთი მძიმე წუთი და დღე გამოვიარეთ. ჩვენ ერთობლიობით, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და საერთო ძალისხმევით მივაღწევთ ერთობლივ წარმატებებსაც. 2018 წელი მე გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მე მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო, რომ მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მე მაქვს მხედველობაში ჩვენი რეგიონები.

მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები. ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის. ამიტომ, ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების, პრობლემების მოსმენა“, - განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილ პროექტად დაასახელა, რომლის განცხადებით, იგეგმება, რომ 2020 წელს ანაკლიის პორტმა პირველი დიდი მოცულობის გემები მიიღოს.

„დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, თუმცა პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2020 წელს მივიღოთ პირველი დიდი მოცულობის გემები. ეს არის დაახლოებით 500-დან 600 მლნ-მდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის.

მთლიანად ამ პორტის ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი, ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წლის შემაჯამებელ მთავრობის სხდომაზე კვირიკაშვილმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებზეც ისაუბრა და 2017 წელს მთავარ მიღწევად ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა დაასახელა. ამავე დროს, მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა ნატო-ში ინტეგრაცია და აშშ-თან თანამშრომლობა. კვირიკაშვილის განცხადებით, ორივე მიმართულებით ურთიერთობა გაღრმავდება.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური და მთავარი პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვექტორიდან გამომდინარეობს იმ რეფორმების მთავარი ხაზი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს.

საქართველოს საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წერიგით მოქმედებას, რომელიც არის „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“ და ის გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

2017 წლის შემაჯამებელ მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურმა შსს-ში მიმდინარე რეფერმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-ში კრიმინალური პოლიციის რეფორმა იწყება, საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული, ხოლო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება.

„2017 წლის განმავლობაში ჩვენ ევროპოლთან ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ.

კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის, მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“, - განაცახდა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია სასჯელაღსრულების სისტემა. პრემიერმა აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა.

„სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე-შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც ასევე დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნანახია - 5772

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80