„კორპუსში გამოკეტილ მებრძოლებთან მძიმე შეიარაღებით ბრძოლა, არ არის საამაყო“
საზოგადოება

„კორპუსში გამოკეტილ მებრძოლებთან მძიმე შეიარაღებით ბრძოლა, არ არის საამაყო“

„კორპუსში გამოკეტილ მებრძოლებთან მძიმე შეიარაღებით ბრძოლა, არ არის საამაყო“
თამთა ქარჩავა

2017-12-05 22:00:32

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ სიღრმისეული პრობლემა არის ტერორისტული ჯგუფის არსებობა და ის შეიარაღება, რომელიც მათ გააჩნდათ. მისი თქმით, ყველაზე მეტ კითვას ბადებს ის ფაქტი, თუ ეს ჯგუფი დაკვირვების ქვეშ იყო, რატომ მივიდა საქამე ასეთ რეზონანსულ და ჩვენთვის ძალზედ არასასიამოვნო შედეგამდე, რამაც საქართველოს წინააღმდეგ საფრთხე გაზარდა?

გაზრდილი საფრთხეების კვალდაკვალ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

FBI-ის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით, დაქტილოსკოპიური კვლევის შედეგად, დადასტურდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ტერორისტული ჯგუფის წევრებიდან ერთერთი ახმედ ჩატაევია. არ დასტურდება ინფრომაცია ადამ გუმაშვილის ლიკვიდაციის შესახებ. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ჩატაევის ლიკვიდაციას იგივეისლამური სახელმწიფოსმებრძოლების მხრიდან?

ბესიკ ალადაშვილი: ბუნებრივია, პროგნოზი არსებობს, მაგრამ მოვლენთა განვითარების პროგნოზი, უპირველესად უნდა ეყრდნობდეს რეალური და არსებული მდგომარეობის ანალიზს. უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ ის ჯერ კიდევ მწირია. რა თქმა უნდა, ინდეტიფიცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დროში გაიწელა.

თავიდანვე რეალური ნიშნები იყო იმისა, რომ ერთ–ერთი გარდაცვლილი იყო ახმედ ჩატაევი. მე ამას სპეცსამსახურების კუთხით ვუყურებ და გეტყვით, რომ შემდეგი მოვლენები შემდეგნაირად უნდა განვითარდეს, უმთავრესია და ეს შსს–ს კომპეტენციაა, გაარკვიონ როგორ შეძლეს ამ პირება და მათ შორის ახმედ ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა.

შს მინისტრი აცხადებს, რომ ეს ჯგუფი არალეგალურად შემოვიდა საქართველოში, რაც თავის მხრივ მეორე პრობლემას აჩენს, კერძოდ, საქართველოს საზღვრების დაუცველობას...

– რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს, რომ საქართველოს საზღვარი სათანადოდ არ არის დაცული, რაც ცალკე დიდი პრობლემა იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ზუსტი ციფრი, რამდენი ადამიანია საქართველოდან სირიაში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“ საბრძოლველად წასული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ისინი ეცდებიან განერიდონ სიტუაციას და დაბრუნდნენ თავის სამშობლოში – ანუ, საქართველოში. წარმოიდგინეთ, თუ საზღვარი ასეთი დაუცველია, რა საფრთხის წინაშე ვდგევართ ჩვენ.

ჩემი აზრით, იმის აპელირება და ხაზგასმა, რომ საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს, ამით გარკვეულწილად პასუხი გასცეს საზოგადოების იმ კითხვას, ხომ არ იყო ახმედ ჩატაევი ჩვენი ხელისუფლების და სპეცსამსახურების მიერ ღიად შემოყვანილი - იყო ამაზე მასმედიაში საუბარი.

ის, რომ არალეგალურად შემოვიდნენ, ეს ხსნის კითხვებს სასაზღვრო უწყების მიმართ და პასუხისმგებლობის საკითხს?

– არა, რა თქმა უნდა. ამ თემას დავუმატოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით არალეგალურად დატოვა საქართველოს საზღვარი და გადავიდა აზერბაიჯანში. გამოდის, რომ საქართველოს საზღვარები „ნინიას ბაღია“, ვისაც უნდა შემოდის, ვისაც უნდა გადის.

სიღრმისეულ პრობლემას ვხედავ ამ ჯგუფის არსებობაში და იმ შეიარაღებაში, რომელიც მათ გააჩნდათ. ვნახეთ რა სახის წინააღმდეგობას უწევდნენ 22 საათის განმავლობაში ჩვენს სპეცდანიშნულების რაზმს და რა სახის იარაღი იყო გამოყენებული. ეს ყველაზე ნიშანდობლივია და ყველაზე მეტ კითვას ბადებს ის, რომ თუ ეს ჯგუფი იყო დაკვირვების ქვეშ, ეს გულისხმობს თვალთვალს, სატელეფონო საუბრების მოსმენას, ელექტრონული ფოსტის გახსნას, მაშინ რა მოხდა? რატომ მივიდა საქამე ასეთ რეზონანსულ და ჩვენთვის ძალზედ არასასიამოვნო შედეგამდე?

რას გულისხმობთ? საქართველო არ იყოისლამური სახელმწიფოსსამიზნე, შეიძლება სურათი შეიცავლოს?

– პროგნოზს როცა ვაკეთებთ, უნდა ვთქვათ, რომ დღემდე საქართველო არ იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების სამიზნე. ალბათ, სუბიექტური მიდგომაც იყო, ჩვენი ტერიტორიიდან, საქართველოდან იყვნენ წასული და მათ რაღაც თავისებური გრძნობაც ჰქონდათ, მაგრამ რეალურად, არ არის გამორიცხული, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ეს სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ტერორისტების განეიტრალება უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა მოხდეს არა ამ სცენარით და ამ საშუალებით, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ტერორისტებიც პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დამატებით უსაფრთხოების ზომების მიღება?

– რა თქმა უნდა. ჩატაევის მიერ თავის აფეთქება, დანარჩენების ლიკვიდაცია, შეიძლება გამოყენებული იყოს ტერორისტების მხრიდან, როგორც შურისძიების საბაბი. ტერორისტები ხშირად ეფარებიან რაღაცა გარკვეულ ემოციებს, შურისძიება მაქვს მხედველობაში, მაგრამ ძალიან რაციონალურად თვლიან ყველაფერს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს სპეცოპერაცია ზრდის საფრთხეებს საქართველოში.

რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაიზარდოს როგორც სპეცსამსახურების, ასევე თვითონ ხელისუფლების მზაობა ამ პრობლემის წინაშე?

– ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და ჩემი აზრით, აქ დაყოვნება არ შეიძლება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა მოხდეს სტრუქტურული რეორგანიზაცია და ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს ტერორისტთთან ბრძოლის ერთეული, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა დაექვემდებაროს პრემიერ–მინისტრს. დღეს სხვადასხვა უწყებებშია გაბნეული ეს სამსახურები, ძალიან ბევრია დუბლირება და ბიუროკრატიაც. ამის გამოცდილება აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას, როდესაც ანტიტერორისტული ცენტრი და დეპარტამენტი ცალკე არსებობს. აქ დგება როგორც კადრების, ასევე დაფინანსების და ბუნებრივია, ინფორმაციის გაცვლის საკითხი. საბოლოოდ მივდივართ კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობაზე.

შსს–ს ექვემდებარება სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი და ბუნებრივია, რომ ახლა მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, როგორ შემოვიდნენ ტერორისტები, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს საგარეო დაზვერვის სამსახური, ჩვენ ვერ ვიღებთ წინმსწრებ ინფორმაციას. ანუ, ტერორისტები ემზადებიან თუ არა უკან დასაბრუნებლად, შემოვდინენ თუ არა თურქეთში, გადმოკვეთეს თუ არა საზღვარი. ეს არის ურთულესი საქმე. მარტივი არ არის ტერორისტების შიგნით აგენტურული მუშაობა ჩვენს სახელმწიფოში, მაგრამ არის თურქეთი. აუცილებელია თურქ სამართალდამცავებთან კონტაქტი, რათა მოხდეს როგორც წინმსწრები, პრევენციული ინფორმაციის მიღების წყარო.

ანუ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობა?

– აქ თურქეთს გამოვყოფ ცაკლე, იმიტომ, რომ აუცილებელია ორმხრივი ხელშეკრულება და ურთიერთობები. მით უფრო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლების ძალიან ბევრი მოთხოვნა ძალიან სწრაფ ტემპში გაითვალისწინა და დააკავა რამდენიმე პირი, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლებას ტერორიზმში სდებს ბრალს. მეორე საკითხია რამდენად სწორად, მაგრამ თუ ჩვენ ვიზიარებთ თურქეთის მოთხოვნას და აქვე გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი არის შემოსვლის ძირითადი წყარო, თანამშრომლობა არის აუცილებელი.

ბუნებრივია, რუსეთიდან ისინი ვერ შემოვლენ. „ისლამური სახელმწიფოდან“ დაბრუნების გზა ძირითადად არის თურქეთის ტერიტორია. შესაძლოა, ირანის ტერიტორიაც იყოს გამოყენებული, მაგრამ უფრო თურქეთი მგონია მთავარი წყარო. აუციელებელია კომპლექსური ღონისძიებები. რაც ასევე გულისხმობს საზოგადოებასთან და მასმედიასთან მუშაობის აუციელბლობას. თითქმის ყოველ კვირა უნდა ხდებოდეს თქვენთან, ჟურნალისტებთან შეხვედრა. ჩვენთან ამ მხრივ არის ვაკუუმი. შემოიფარგლებიან მხოლოდ ოფიციალური განცხადებით. აუცილებელია მასმედიასთან და ექსპერტებთან შეხვედრა, რომ ჟურნალისტებმაც იცოდნენ სად გადის წითელი ხაზი, რისი გაშუქება და გადაღება არის საჭირო, რისი არა.

ის ფაქტი, რომ ეს ჯგუფი არალეგალურად შემოვიდა საქართველოში და დასახლდა თბილისში, ეს გამორიცხავს, რომ მსგავი ჯგუფი შეიძლება იყოს საქართველოში? მით უფრო, უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სუსი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს საფრთხეების ლოკალიზაციაზე...

– ჩვენ უკვე შევეხეთ საზღვრის დაცვის პრობლემას და ფაქტია, რომ თუ ოთხმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი, ხომ შეიძლება გაცილებით მეტმა გადმოკვეთა საზღვარი და ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი?! ძალიან ცუდად მენიშნება საქართველოს ტერიტორაზე ტერორისტებთან ღიად შეიარაღებული ბრძოლა, ეს ძალიან ცუდის მიმანიშნებელია. შესაძლებელია, ამით ხდება გარე ძალების მიერ პროვოცირება, საქართველოს ტერიტორაზე ტერორისტების შემოტყუება, შემოყვანა და ღია სამხედრო დაპირისპირება. ეს ცუდია,

იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები მზად არ არიან ამ დაჯგუფებებთან, რომლებიც პროფესიონალი ტერორისტები არიან, საბრძოლველად. სამწუხაროდ, ეს უფრო გამოჩნდა.

კორპუსში გამოკეტილ მებრძოლებთან მძიმე შეიარაღებით ბრძოლა, არ არის საამაყო. გაცილებით საამაყო იქნებოდა, რაც სპეცსამსახურების საქმეა, ამ ჯგუფის აყვანა მომხდარიყო ჩუმად და უმსხვერპლოდ, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის იქნებოდა აუცილებელი. ასე რომ, პრობლემები არის უამრავი.

საქართველო მოწყვლადი ქვეყანა არ არის, მაგრამ გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს. თქვენ ამბობთ, რომ ეს ინტერესი სპეცოპერაციის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ არსებობს იდეოლოგიური მხარდაჭერა, ეს პრობლემა სახეზეა, „კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდისპრეზიდენტი, უმარ იდიგოვი ამტკიცებს, რომ ჩატაევი ტერორისტი არ ყოფილა და საქართველოში მხოლოდ საცხოვრებლად იყო ჩამოსული. ეს რამდენად არის პრობლემა და ამ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ იდეოლოგიას არ მიეცეს გავრცელების შესაძლებლობა?

­– რელიგიურ და იდეოლოგიურ ტერორიზმთან ბრძოლა იმიტომ არის რთული, ისინი არ ამბობენ, რომ ტერორისტები არიან. ამბობენ, რომ „სიმართლისთვის მებრძოლები“ არიან. მშვიდობიან ადამიანებს რათ უნდოდათ შეიარაღება? რატომ სჭირდებათ არარეგალურად საზღვრის გადმოკვეთა? რატომ არ ჩაბარდნენ სამართალდამცავებს, თუ არ ჰქონდათ სხვა მიზანი? არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შეიარაღებული დაჯგუფება, ტერორისტი, კრიმინალი, თუ ე.წ „სიმართლისთვის მებრძოლი“, ის არღვევს როგორც ქვეყნის შიდა კანონს, ასევე, სერთაშორისო ნორმებს და აქედან გამომდინარე, როდესაც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს პოლიციას, ხდება მისი ლიკვიდაცია. იდეოლოგია გასაგებია, ამით იმართლებენ თავს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

 

ნანახია - 1554

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80