„ოპოზიციას საფასური აქვს გადასახდელი ამომრჩევლის წინაშე - უარი უნდა თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე“
პოლიტიკა

„ოპოზიციას საფასური აქვს გადასახდელი ამომრჩევლის წინაშე - უარი უნდა თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე“

„ოპოზიციას საფასური აქვს გადასახდელი ამომრჩევლის წინაშე - უარი უნდა თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე“
თამთა ქარჩავა

2017-12-04 16:30:51

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა ერთ-ერთი ფუნდამენტური ცვლილებაა. ახალი კონსტიტუციით, პირველად არაპირდაპირი წესით პრეზიდენტი აირჩევა მას შემდეგ, რაც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

შესაბამისად, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ამ რეალობაში შეიძლება მისაღები იყოს, როგორც კოლეგიის მიერ არჩევა, ასევე - პარლამენტის მიერ არჩევა. კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან განხილვისას პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ მსჯელობას არაჯანსაღი შეფასებები მოჰყვა.

„სამწუხაროდ, ზედმეტად პოლიტიზებული იყო პროცესი. ამას ხელს უწყობდნენ ოპოზიციური პარტიები, ხელს უწყობდნენ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი, სხვა პოლიტიკური სუბიექტები და ამ პირობებში დაზარალდა იურისპრუდენცია - როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პოლიტიკა ხშირად აზარალებს იურისპრუდენციას. აქაც, ეს კონკრეტული პროცედურაც არის კონკრეტული პოლიტიკური პროცესის მსხვერპლი. ახლა ეს დოკუმენტი პოლიტიკური კონტექსტისგან შედარებით დამოუკიდებლად განიხილება და აქედან გამომდინარე, უფრო ცივ გონებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ პროცედურასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, უნდა დანიშნოს პლებისციტი, სადაც მოსახლეობა ამ შეკითხვას მკაფიო პასუხს გასცემს.

„ცოტა კომიკური სახე მიიღო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრებმა, ხან ხმოსნებზეა საუბარი, ხან პარლამენტის მიერ არჩევაზე, ხან პირდაპირი წესით არჩევაზე. ბოლო-ბოლო არ არის საჭირო ამდენი წვალება. უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სურთ და რით ვერ დაასრულეს მათ პრეზიდენტ მარგველაშვილთან, მათი აზრით, მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა?!“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტს ამომრჩეველი 2018 წელის შემოდგომაზე 6 წლის ვადით აირჩევს. ეს იქნება რიგით მეხუთე და ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩეველი პირდაპირი წესით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს – „საარჩევნო კოლეგია“ აირჩევს.

მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციით განისაზღვრება მისი ადგილი და როლი სახელმწიფო მექანიზმში, მისი ფუნქციური დანიშნულება. ამ ფუნქციიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი სტატუსი მეტად მაღალია, რასაც განაპირობებს მის ხელში სახელმწიფოს მეთაურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებათა თავმოყრა.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება მოქმედი პრეზიდენტი. მარგველაშვილი მომავალ გეგმებზე ჯერჯერობით არ საუბრობს და ამბობს, რომ განაცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. არსებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ დღეს ყველაზე მეტი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, რაც ადასტურებს, რომ ოპოზიციის კანდიდატს დიდი შანსი არ ექნება. მით უმეტეს, თუ კანდიდატების სიმრავლე და სიჭრელე იქნება, ოპოზიციის შანსი განსაკუთრებით მცირდება. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის შანსებს, ზარდიაშვილი ამბობს, რომ გააჩნია რამდენად კონსოლიდირდება ოპოზიცია და ვისი წარმომადგენელი იქნება როგორც კანდიდატი მარგველაშვილი.

„თუ მოხერხდა ისე, რომ ოპოზიციის ლიბერალურმა ფრთამ  (ეს შეიძლება იყვნენ „რესპუბლიკელები“, „შენების მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ამ ლიბერალურ კოალიციას დაემატა „ევროპული საქართველო“, რაც ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლებელია), მაშინ მარგველაშვილის შანსები გაიზრდება. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ რაღაც გარკვეულ შედეგებს აჩვენებს. ეჭვი მეპარება, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატამდე მივიდეს. არსებულ ვითარებაში ეს ძალიან რთული წარმოსადგენი იქნება.

აქ არ გამორიცხოთ ისიც, რომ შესაძლებელია, საერთოდ დამოუკიდებელი კანდიდატებიც შემოვიდნენ თამაშში. როგორც ადგილობრივ არჩევნებში იყო ალეკო ელისაშვილის შემთხვევა, ასევე შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებშიც მსგავსი სურპრიზები ვნახოთ. არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყაროს კენჭი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ქართულ სინამდვილეში დამოუკიდებელი კანდიდატის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებას მიაღწია ელისაშვილმა. მისი თქმით, გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ იქნები, ამომრჩევლის უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებ. როგორც ძაბირაძე აცხადებს, ამ შემთხვევაში გააჩნია ვინ არის ფიგურა და ვინ აცხადებს ამ დამოუკიდებლობაზე პრეტენზიას.

„არა მგონია, რომ მარგველაშვილი იყოს ასეთი კანდიდატი. მან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა და ამ ხნის განმავლობაში, რაც პრეზიდენტის სავარძელს იკავებს, პოლიტიკურად არათნმიმდევრული იყო. ნაკლებად მუშაობდა იმაზე, რომ მისი კანდიდატურა სერიოზულად განხილვადი ყოფილიყო და მხარდაჭერა ჰქონოდა საზოგადოებაში. როდესაც ვინმე ელისაშვილის ამ ნაბიჯს უყურებს, მაშინ ისიც უნდა გაანალიზოს ელექტორატის რა ნაწილმა დაუჭირა მხარი ელისაშვილს და რატომ დაუჭირა. ეს პირდაპირ არ გადაეცმა სხვა კანდიდატს. ამ შემთხვევაში ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ მარგველაშვილს გამარჯვების შანსი აქვს. მოსახლეობაში მისდამი მხარდაჭერა არის საკმაოდ დაბალი. თუ მას უნდა პრეზიდენტობა და პოლიტიკაში დარჩენა, უნდა მოირგოს რომელიმე იმიჯი. არ შეიძლება იქით-აქეთ თამაში, მით უფრო პოლიტიკაში. მისი რეიტინგი არ იძლევა საშუალებას, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს სახელისუფლებო კანდიდატს“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება მმართველი გუნდი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს. თუმცა გუნდში აცხადებენ, რომ კანდიდატის დასახელება ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მოხდება და ზუსტად იციან, რომ რიგით მეხუთე პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, გაწონასწორებული, ავტორიტეტული და საზოგადოებისთვის მისაღები.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით კრიტერიუმებს ნაკლებად ანიჭებს ყურადღებას ოპოზიცია. უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ეყოლება როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციას. პრეზიდენტობისთვის ემზადება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, რომლის განცხადებით, მას პრეზიდენტობის სურვილი კი არა საქმის კეთების სურვილი აქვს, რომელსაც, მისი თქმით, მასზე უკეთესად ვერავინ ვერ გააკეთებს.

„ალბათ, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება ასეთი კონსულტაციებიც გაიმართოს. ჩემთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ ვიყო დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ქვეყანა გამოვა იმ ჭაობიდან და ჩიხიდან, რომელშიც ახლა არის“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

უკვე მერამდენად ცდის ბედს პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი. მშრომელთა ლიდერი აცხადებს, რომ ის მზადაა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

„მე 25 წელია, მზად ვარ ვიბრძოლო პრეზიდენტობისთვის. ამისთვისაც ვიბრძვი, მაგრამ მებრძოლს სჭირდება კარგი თანამებრძოლები, ამ შემთხვევაში, ამომრჩევლის სახით. მე არ ვიცი ახლა რამდენად, ამომრჩეველი მიაფურთხებს 15 ლარს და ხმას მისცემს საკუთარი სინდისის კარნახით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ქართული ოპოზიცია ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც არსებითად ერთ–ერთ დამაბრკოლებელ ძალად იქცა. ის, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს კვალიფიციური და ეფექტიანი ოპონენტი, ეს რა თქმა უნდა, არის ოპოზოციის ბრალი. მათივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი აქვს საკრიტიკებელი, ოპოზიცია რატომღაც მიმართავს პოპულიზმს, დემაგოგიას და აშკარად არაკვალიფიციურ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას. ამდენად, რას გადაწყვიტავს ოპოზიცია, ერთად იქნებიან, თუ ცალ–ცალკე წარსგებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

დავით ზარდიაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია მოახერხებს და საერთო კანდიდატზე შეთანხმდება, ასეთ შემთხვევაში შანსი შედარებით გაიზრდება, მაგრამ ანალიტიკოსი  დარწმუნებულია, რომ შეთანხმება ვერ შედგება. ზარდიაშვილი ამბობს, რომ ცალკე კანდიდატი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალები, შეეცდებიან წონადი კანდიდატები ჰყავდეთ.

„შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძე, ორივე კანდიდატი ცალ–ცალკე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ოპოზიციის კანდიდატები ხმებს გაიყოფენ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ უნდა გაუჭირდეს პირველივე ტურში გახდეს პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი. კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს უნდა იყო უფრო ზეპარტიული პრეზიდენტი.

მეორე მხარეც აქვს საკითხს, რა ფუნქციები ექნება პრეზიდენტს. რომც დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს ვერ შეცვლის, იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს მმართველობითი ფუნქციები არ აქვს. ის აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, არავითარი აღმასრულებელი პრეროგატივები მას არ ექნება და ბუნებრივია, მთავრობაზეც მისი ზეგავლენა ძალიან უმნიშვნელო იქნება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძის დაკვირვებით, ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი კუთხიდან იყურება და გვერდზე არ იხედება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში კატასტროფულად წააგო, ზუსტად იგივე შეცდომებს იმეორებს, რასაც ადგილი ჰქონდა ადგილობრივ არჩევნებში.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მიზანი აქვს ოპოზოციას. თუ მიზანია მხოლოდ მონაწილეობის მიღება და მეტი არაფერი, ეს ერთი მხარეა, მაგრამ, თუ მიზანია მოსახლეობაში შექმნან გარემო, რომ „ქართული ოცნებისადმი“ მხარაჭერა შესუსტდა, მაშინ უნდა ეძებონ დამოუკიდებელი კანდიდატი. არც ერთ ოპოზიციურ არსებულ პარტიას და ლიდერს, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივ არჩევნებში, არანაირი შანსი არ აქვს ცალ–ცალკე რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ. ეს გამორიცხულია.

მე მიკვირს, რატომ ერთვებიან ამ წაგებულ ომში 2018 წელს, რადგან ეს უკვე მოქმედებს 2020 წელზე.

თუ ვინმეს უნდა 2020 წელს წარმატებას მიაღწიოს, სწორედ ამაზე უნდა იფიქროს და არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ვთვლი, რომ ძალიან მარტივია ამის გათვლა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ისევე როგორც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, არჩევნებში წარმატების არანიარი შანსი არ აქვს და ბოლო-ბოლო, უნდა მიხვდნენ ამას. თუ უნდათ რამე წარმატებას მიაღწიონ, მათ იმიჯი უნდა შეიცვალონ. საფასური აქვთ გადასახდელი ამომრჩევლის წინაშე - ეს საფასური გახლავთ ის, რომ ახლა უარი თქვან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე

ნანახია - 1133

Maverick

2017-12-05 01:28:04

საერთოდ, როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა პრეზიდენტი, ან მთავრობა, ან პარლამენტი?

ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი, რადგან ქვეყანას გრანტიჭამია არასამთავროები, ბრიუსელი, ვენეცია, NDI, აირაი, უცხოეთის საელჩოები, ბანკები და ა.შ. მართავენ; არც არჩევნებია საჭირო, წYLის ნაყვაა, "ხმოსნები" და მყვირალები მრავლად არიან, ხალხს მაინც არავინ უსმენს და ტყუილ უბრალოდ იხარჯება ბიუჯეტის თანხები....

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80