რუსეთში ანტისომხური ისტერია დაიწყო
დაიჯესტი

რუსეთში ანტისომხური ისტერია დაიწყო

რუსეთში ანტისომხური ისტერია დაიწყო
"რეზონანსი"

2017-12-04 12:01:10

"რუსულ მედიაში ბოლო დღეებში დიდი ანტისომხური კამპანია მიმდინარეობს, რის გამოც რუსეთში სომხური სათვისტომო იძულებული გახდა, სპეციალური განცხადება გაევრცელებინა და რუსეთის ხელისუფლებისთვის ეთხოვა, სატელევიზიო ეთერიდან ჩამოაშორონ "მოსყიდული ჟურნალისტები", "ფსევდო პოლიტიკოსები" და "მარგინალი ექსპერტები", რომლებიც "ორ მოძმე - რუს და სომეხ ხალხსა და ქვეყანას შორის განხეთქილებას აღვივებენ". რუსული მედიისა და ექსპერტების ნაწილი სომხეთს მოღალატედ ნათლავს. მიზეზი 24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებაა, რითაც ერევანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ გაჩაღდა ანტისომხური ისტერია რუსეთის ყველაზე ნაციონალისტურად განწყობილ ნაწილში. დაიწყო საუბარი, რომ სომხეთის კურსი ისეთივე ხდება, როგორსაც ატარებენ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რაც ერევნის პოლიტიკური ვექტორის ცვლილება და მოკავშირე რუსეთისა და ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების ღალატია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთში ანტისომხური ისტერია დაიწყო.

"ამ კამპანიის გამო სომეხთა კავშირმა რუსეთში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ატეხილი ანტისომხური ისტერიის მიზანია, დაიძაბოს სომხურ-რუსული ურთიერთობა და ამ ორ მოკავშირე ქვეყანას შორის განხეთქილება მოხდეს. განცხადებაში წერია, რომ "ამ შეთანხმებას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც ევროკავშირთან უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ მოაწერეს ხელი. ეს შეთანხმება ხელმოწერილია იმ გარანტიით, რომ სომხეთი ინარჩუნებს მოკავშირეებთან ყველა ვალდებულებას, არ ითვალისწინებს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში სომხეთის შესვლას და არ უქმნის რაიმე საფრთხეს ევრაზიული კავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ მოლაპარაკების დროს სომხეთის მხარემ მოკავშირეები საქმის კურსში ჩააყენა მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე და არ ყოფილა რაიმე შედავება რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან", - წერია მიმართვაში, სადაც ხაზგასმულია - "ეს დასტურდება იმითაც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სტრუქტურების მხრიდან განცხადებები არ გაკეთებულა", - აღნიშნავს გამოცემა.

"რუსეთის სომეხთა სათვისტომო აცხადებს, რომ ამ უაღრესად უპასუხისმგებლო ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მოქმედებამ გამოიწვია საერთო აღშფოთება როგორც სომხეთში, ისე რუსეთში არსებულ მრავალმილიონიან სომხურ სათვისტომოში და ესაა ორ ქვეყანას შორის პრობლემებისა და რუსული საზოგადოების თვალში სომხების უარყოფითი იმიჯის შექნის მცდელობა. სათვისტომო აღნიშნავს, რომ სომხეთი ერთ-ერთი ქვეყანაა ევრაზიული კავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელიც თანმიმდევრულად უჭერს მხარს რუსეთს როგორც ყირიმში, ასევე საგარეო პოლიტიკის მთელ რიგ სხვა ძალიან მგრძნობიარე საკითხებში და ამიტომაც სომეხთა კავშირი "ძალაუფლების მქონე სტრუქტურებს" მიმართავს, რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გამავრცელებლებმა საინფორმაციო ტრიბუნა არ მიიღონ - "მედიამ შეწყვიტოს ამ ჟურნალისტების, ფსევდოპოლიტიკოსებისა და მარგინალი ექსპერტების გამოსვლები, რომელთა პოზიციაც რუსული საზოგადოების აზრის გამომხატველი არ არის, რადგან მათი დატოვება დამღუპველია, პირველ რიგში, თავად ამ მედიისთვის, საიდანაც ხდება უვიცობისა და გამიზნული დეზინფორმაციის ტირაჟირება, რითაც ჩვენს ორ მოძმე ხალხსა და ქვეყანას შორის უთანხმოებას თესავს", - ნათქვამია მიმართვაში. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, რუსეთში ანტისომხური ისტერია რუსების გარკვეულ სეგმენტში ატყდა, იმ ნაწილში, რომელიც რადიკალურად ნაციონალისტურია", - განაგრძობს გამოცემა.

"სომხეთის პრეზიდენტი არანაირ ნაბიჯს არ გადადგამდა ისეთს, რომელიც კრემლისთვის სიურპრიზი იქნებოდა. ანტისომხური ისტერია ატყდა პროიმპერიულ, "დერჟავნიკული" იდეოლოგიის მატარებელ სეგმენტში და, აი, "რეგნუმში" რომ ამას დაწერდნენ და, მაგალითად, დუგინი იყვირებდა, ეს პროგნოზირებადი იყო. რუსეთის უკიდურესად მემარჯვენე ნაწილი, ნაციონალისტური ნაწილი, რომელსაც უნდა, რომ ერთი წუთითაც კი არ გაიხედოს არავინ დასავლეთისკენ, აღშფოთდა, თუმცა სომხეთი არსად წამსვლელი არ არის და ეს მოსკოვში კარგად იციან", - ამბობს ცინცაძე. მისი თქმით, კრემლში ერევნის სურვილი, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიიღონ, არ აწუხებთ, რადგან მთელი სომხეთი "ჯიბეში აქვთ", - დასძენს გამოცემა.

"კრემლი ან ეგუება სომხეთის სურვილს, ვიზალიბერალიზაცია მიიღოს, რომელიც, ჯერ არავინ იცის, შესრულდება თუ არა, ან კრემლის თანხმობით გადაიდგა ეს პატარა ნაბიჯი. კრემლში ერევნის სურვილი არ აწუხებთ, რადგან, უხეშად რომ ვთქვათ, სომხეთი რუსეთის ხელშია. რუსეთის ხელშია ისეთი გარანტია, როგორიცაა სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა. ლამისაა 100 000-იანი არმია ჰყავთ, ჯერ 60 ათასი იყო და ჩუმ-ჩუმად კიდევ იზრდება. რუსეთის გავლენისგან სომხეთი რომ ვერ გამოვა, ეს რუსეთმაც იცის. უხეშად რომ ვთქვათ, რუსეთს სომხეთის მთელი ეკონომიკა ჯიბეში აქვს ჩადებული. მხოლოდ პატარა სუპერმარკეტებია სომხეთის მმართველობის ქვეშ. ერთი დიდი სამრეწველო ობიექტიც არ არის სომხების ხელში, ყველა რუსებისაა. სომხური ეროვნული სიამაყე, კონიაკის ქარხანაც კი რუსეთის საკუთრებად იქცა და წარმოუდგენელია ახლა ლაპარაკი რაიმე ცვლილებაზე. თუკი რამე ორგანიზაცია დააარსა პუტინმა, სომხეთი ყველას წევრი გახდა. სამხრეთ კავკასიაში არაფერი შეიცვლებ, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

ნანახია - 639

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80