მამუკა არეშიძე: "რატომ აიფეთქა თავი აჰმედ ჩატაევმა?!"
დაიჯესტი

მამუკა არეშიძე: "რატომ აიფეთქა თავი აჰმედ ჩატაევმა?!"

მამუკა არეშიძე:  "რატომ აიფეთქა თავი აჰმედ ჩატაევმა?!"
"კვირის პალიტრა"

2017-12-04 11:57:45

"ჩემი აზრით, ჩატაევის საქართველოში ყოფნა აქამდე არსებულ მოცემულობაში ბევრს აღარაფერს ცვლის, რადგან აქამდეც ცხადი იყო, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სერიოზულმა ჯგუფმა შემოაღწია საქართველოში და აქ თითქმის ორი თვის განმავლობაში დაყო. ამ ჯგუფის მომზადების დონე და სერიოზულობა გამოჩნდა იმ წინააღმდეგობაშიც, რაც მათ სამართალდამცავებს გაუწიეს. უმთავრესი უპასუხო კითხვა არის ის, თუ რა მისიით შემოვიდა ეს ხალხი საქართველოში", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რატომ აიფეთქა თავი აჰმედ ჩატაევმა?!" / "ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ქართული მხარის ჩატარებული ოპერაცია, მე ვხედავ, რომ ის იყო დიდი საერთაშორისო სპეცოპერაციის ფრაგმენტი" / "დაკავებული დუდაევი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციისას გადარჩა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან გაამგზავრეს თურქეთში" / "არ არის გამორიცხული, რომ ის, ვინც ჩატაევს ეპატიჟებოდა, სპეცსამსახურებისგან ყოფილიყო დამუშავებული" / "ამ დღეებში კახეთის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, რომელშიც არის სერიოზული ვაჰაბიტური ჯგუფი, ჯამაათს მომხდარის ასეთი ვერსია გააცნეს - რომ ეს სპეცოპერაცია მოაწყო თურქეთმა ქართული სპეცსამსახურების ხელით".

"სხვა ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალებია, მათ შორის ის, თუ როგორ გადმოლახეს საზღვარი, როგორ მოახერხეს იარაღის შეგროვება და შეტანა ამ სახლში, როგორ უთვალთვალებდნენ მათ და ა.შ. მრჩება შთაბეჭდილება, მეტიც - მაქვს ირიბი ინფორმაციები, რომ მათ საქართველოში ჰქონდათ კონტაქტები და სხვადასხვა დროს ვიღაცები მიდიოდნენ მათთან ამ ბინაში. თუ ვიმსჯელებთ, რომ წარმოუდგენელია, იარაღით გადმოელახათ საქართველოს საზღვარი ან ქალაქში ევლოთ ამხელა არსენალით, ჩნდება ვარაუდი, რომ ეს იარაღი მათ ბინაში სხვა ადამიანებმა მიუტანეს. არ არის გამორიცხული, ეს ხალხი იყოს მათი სავარაუდო რეზერვი, რაც ძალიან სახიფათო ტენდენციაზე მიგვანიშნებს. ბოლოს და ბოლოს, ამ ბინის პოვნაში ხომ დაეხმარათ ვიღაც, ბინისა, რომელიც აქამდეც იყო გახვეული უსიამოვნებებში და მის მფლობელებთანაც სერიოზული კითხვები არსებობს... საფუძვლიანი ეჭვია ქვეყანაში რადიკალურ-ექსტრემისტული ისლამის მიმდევრების ქსელი არსებობდეს. მით უფრო, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა - ამ სპეცოპერაციამდე ერთი კვირით ადრე "კავკასიის იმარატთან" დაახლოებულმა ერთ-ერთმა პირმა, კერძოდ, აჰმედ უმაროვმა - დოკუ უმაროვის ძმამ - განაცხადა, რომ მოხდა რეანიმაცია "კავკასიის იმარატის", ორგანიზაციის, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის გამქრალი იყო ასპარეზიდან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"როგორც ვიცი, სპეცოპერაციამდე ორი თვით ადრე, ჩატაევი საქართველოში კონკრეტულ ადამიანებს დაუკავშირდა და ცდილობდა გაერკვია, ღირდა თუ არა აქ შემოსვლა. ზოგიერთი მას არწმუნებდა, რომ აქ ხიფათი არ ელოდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდა, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ის, ვინც ჩატაევს ეპატიჟებოდა, სპეცსამსახურებისგან ყოფილიყო დამუშავებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩატაევი იმ კატეგორიის ადამიანი არ გახლდათ, ვისი იოლად მოტყუებაც შეიძლებოდა. არ არის გამორიცხული, ჩატაევს აქ ჩამოსვლამდე დაცვის რამდენიმე "სარტყელი" შეექმნა. ის ამ სატელეფონო ზარებს დაჰყვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ჰქონდა თავისი მიზანი, ამოცანა და დამატებითი გარანტია. მე ამას ე.წ. შეთქმულების თეორიის დონეზე არ ვამბობ, უბრალოდ, არის ზოგი რამ, რის თაობაზეც მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ხმამაღლა არ ითქმის. მოკლედ, ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ მთავარი - რა მიზნით შეიძლება ჩატაევი აქ შემოსულიყო, არ ჩანს..." - განაგრძობს რესპონდენტი.

"აქვე ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაც: რამდენად საინტერესო გახდა საერთაშორისო ტერორიზმისთვის საქართველო და რაში მდგომარეობს ეს ინტერესი? შესაძლოა, ეს არის ზურგის ფორმირება "კავკასიის იმარატისთვის", ან მომავალში კავკასიაში იატაკქვეშა ისლამური რადიკალიზმის გააქტიურებისთვის ბაზის შექმნა. ყველაფერი კარგად უნდა გაირკვეს და ქვეყანამ მიიღოს შესაბამისის ზომები. თუ საქართველოში ჩატაევის ჩამოსვლის მიზანი იყო, აქ მოეწყო ტერორისტული თავდასხმა, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, როგორიც იყო გასულ კვირას გამართული "აბრეშუმის გზის ფორუმი", ან განეხორციელებინა შეტევები აქაურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, ესეც ამომწურავადაა გასარკვევი...", - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - "ბევრი დღეს შექმნილ ვითარებას ლაფანყურის სპეცოპერაციას ადარებს..." - პასუხობს:

"გარკვეულ პარალელებს მეც ვხედავ. ჯერ ერთი ის, რომ ერთი და იგივე პირები მონაწილეობდნენ ორივე შემთხვევაში - ჩატაევი და დაკავებული დუდაევი. დაკავებული დუდაევი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციისას გადარჩა და ქართულმა სპეცსამსახურებმა ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან გაამგზავრეს თურქეთში. მეორე პარალელი არის ის, რომ ისეთივე გაურკვეველი ვითარებაა, საქმის რეალური მდგომარეობა არ ვიცით და იძულებული ვართ, ვიმარჩიელოთ... სხვა პარალელებიც შეიძლება გავავლოთ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკისგან თავს შევიკავებ...

"ორიოდე სიტყვით მინდა, შევეხო ჩატაევის ფიგურას და რამდენიმე ამბავი გავიხსენო... ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ, რომ ის "ხალიფატისთვის" მნიშვნელოვანი პირი იყო. კი, ნამდვილად ასეა, თუმცა მის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არასდროს ყოფილა... საინტერესოა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ევროპაში მყოფმა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრა მოითხოვეს, რადგან ჰქონდათ კითხვები და მიიჩნევდნენ, რომ ჩატაევი ლაფანყურის ოპერაციისას არასწორად მოიქცა. ჩატაევი ამ შეხვედრაზე არ მივიდა. მას მერე მის მიმართ სულ იყო ეჭვიანი თუ არა, ორჭოფული დამოკიდებულება მაინც... ამის მიუხედავად, ჩატაევმა მაღალ რანგს მიაღწია "ისლამური ხალიფატის" რიგებში. ის იყო საბრძოლო დანაყოფის, "იარმუკის" ხელმძღვანელი, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობის გამო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას ვერ იღებდა. სამაგიეროდ, ძალიან აქტიური იყო იდეოლოგიურ ფრონტზე - ის იყო "ისლამურ ხალიფატში" კავკასიის მიმართ იდეოლოგიური ტერორის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი; პასუხისმგებელი სოციალურ ქსელებზე; შესაბამის ლიტერატურასა და ემისრების - ე.წ. მოლაპარაკე თავების - მომზადებაზე, რომლებიც ჩადიოდნენ კონკრეტულ რეგიონში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე იდეოლოგიურ გავლენას ახდენდნენ", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"შურისძიების საფრთხეს ვერ ვხედავ. ტერორისტული ორგანიზაციების ლოგიკა ასეთია: ისინი მოქმედებენ მიზანშეწონილობიდან და არა ემოციებიდან გამომდინარე. თუ დასჭირდათ, ტერაქტს მოაწყობენ. შესაძლოა, ეს შურისძიების საფარველითაც შეფუთონ, თუმცა სინამდვილეში სხვა მოტივი ექნებათ. როდესაც ხარ ისეთი ორგანიზაციის წევრი, როგორიც "ხალიფატია", იქ შენი სურვილით დავალების შესრულებაზე უარს ვერ იტყვი. ერთადერთი თარხან ბათირაშვილი იყო, ალბათ, რომელიც დავალებაზე უარსაც იტყოდა და პროცესსაც გააჩერებდა, მაგრამ არა - ჩატაევი. მისი რანგი არ იყო ამისთვის საკმარისი... მაქვს ეჭვი, რომ ჩატაევს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომელიც ვერ შეასრულა და ამიტომაც აიფეთქა თავი. რა იყო მისი მისია - სწორედ ეს უნდა დადგინდეს უპირველესად. ერთი რამ უნდა ითქვას: ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ქართული მხარის ჩატარებული ოპერაცია, მე ვხედავ, რომ ის იყო დიდი საერთაშორისო სპეცოპერაციის ფრაგმენტი. მართალია, აქ მას ქართველები ატარებდნენ, მაგრამ სხვაგანაც ხდებოდა რაღაც ანალოგიური", - დაასკვნის რესპონდენტი.

"... ჩემი ინფორმაციით, ქობულეთის გარდა, სპეცსამსახურმა დიდძალი იარაღი ნახეს ბათუმშიც. ამიტომაც გაასმაგებული სიფრთხილე მართებს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც. ყველა ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. აუცილებელია, გაირკვეს ჩატაევის ჯგუფის შემოსვლის გზა და ყველამ, ვინც პასუხისმგებელი იყო საზღვრის დაცვაზე, პასუხი აგოს! ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ საქართველო არ არის პოლიტიკური ისლამის სამიზნე, თუმცა სატრანზიტოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას აუცილებლად ეცდებიან. შეიძლება საქართველო გარკვეულ ბაზადაც მოიაზრებოდეს. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი "ისლამური ხალიფატისა" და სხვა ასეთი რადიკალური ჯგუფების მუშაობის შედეგად, ფაქტობრივად, იდეოლოგიურად დაკარგული გვყავს. მათ ჯერ ავტომატები არ უჭირავთ, მაგრამ ხვალ რას გააკეთებენ, არავინ იცის..." - თვლის არეშიზე.

"მომხდარის ძალიან საინტერესო შეფასებები მესმის იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რადიკალური ისლამის იდეოლოგიას წარმოადგენენ საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით სახელმწიფოს მიმართ ლოიალურად იქცევიან. ერთ მაგალითს მოგიყვებით: ამ დღეებში კახეთის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში, რომელშიც არის სერიოზული ვაჰაბიტური ჯგუფი, ჯამაათს მომხდარის ასეთი ვერსია გააცნეს - რომ ეს სპეცოპერაცია მოაწყო თურქეთმა ქართული სპეცსამსახურების ხელით, რადგან ეს ჯგუფი, რომელიც აქ იყო შემოსული, თურმე მომავალი წლის გაზაფხულზე თურქეთში გეგმავდა ტერაქტს და რომ თითქოს გარკვეულ ძალებთან ერთად ამისთვის აქ ემზადებოდნენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ შეკრებაზე ჩატაევი მოღალატედ გამოაცხადეს, რადგან მუსლიმანურ თურქეთზე გეგმავდა თავდასხმასო... ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიური სვლა იოლად დამჯერი მოსახლეობის ცნობიერებაში ამ აზრის ჩასანერგად და იქაურების ნააზრევი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, მოვიდა შესაბამისი მესიჯი შესაბამისი ცენტრიდან...", - დასძენს ექსპერტი.

ნანახია - 809

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80