მართლმადიდებლობა 21-ე საუკუნეში - რა წერია საქართველოზე ამერიკული ორგანიზაციის Pew Research Centre - ის ანგარიშში?
დაიჯესტი

მართლმადიდებლობა 21-ე საუკუნეში - რა წერია საქართველოზე ამერიკული ორგანიზაციის Pew Research Centre - ის ანგარიშში?

მართლმადიდებლობა 21-ე საუკუნეში - რა წერია საქართველოზე ამერიკული ორგანიზაციის Pew Research Centre - ის ანგარიშში?
მოამზადა სიმონ კილაძემ "kvirispalitra.ge"

2017-11-30 17:19:52

აშშ-ის კვლევითმა ორგანიზაციამ Pew Research Centrer-მა 25 ნოემბერს გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი სახელწოდებით "მართლმადიდებლობა 21-ე საუკუნეში", რომელშიც გაანალიზებულია ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგიის მდგომარეობა 21-ე საუკუნის მსოფლიოში.

გთავაზობთ ამონარიდებს მასალიდან:

"ბოლო ასწლეულში მსოფლიოში ქრისტიან-მართლმადიდებელთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და დაახლოებით 260 მილიონს მიაღწია. მხოლოდ რუსეთში ამ მაჩვენებელმა 100 მილიონს გადააჭარბა. მართლმადიდებლების ასეთი მკვეთრი ზრდა განპირობებულია საბჭოთა კავშირის დაშლით და კომუნისტური იდეოლოგიის მძაფრი კრიზისით. თუმცა, ამის მიუხედავად, მართლმადიდებელ-ქრისტიანთა წილი მსოფლიოს მთლიან ქრისტიანულ მოსახლეობაში თანდათან მცირდება. მიზეზი ისაა, რომ მატულობს პროტესტანტების, კათოლიკეების და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების აღმსარებელი ადამიანების რაოდენობა. 

ამჟამად მართლმადიდებლად ითვლება მსოფლიოს ქრისტიანთა მხოლოდ 12%, ასი წლის წინათ კი ეს ციფრი თითქმის 20%-ს შეადგენდა. რაც შეეხება მართლმადიდებელთა წილს პლანეტის მთლიან მოსახლეობაში, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4%-ია, მაშინ როცა 1910 წელს 7% იყო. 

21-ე საუკუნეში მართლმადიდებლური კონფესიის ტერიტორიული განაწილებაც ასევე განსხვავდება სხვა ძირითადი ქრისტიანული მიმდინარეობებისაგან. 1910 წელს, ეპოქალური მოვლენების - პირველ მსოფლიო ომამდე და ბოლშევიკური რევოლუციამდე, შემდეგ კი რამდენიმე ევროპული იმპერიის დაშლამდე - ქრისტიანობის სამი მთავარი შტო (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი) ძირითადად ევროპაში იყო კონცენტრირებული. მას შემდეგ კათოლიკეებისა და პროტესტანტების რაოდენობამ ევროპის გარეთ მნიშვნელოვნად იმატა, მართლმადიდებლები კი ევროპაში დარჩნენ. 

ამჟამად მართლმადიდებელი ქრისტიანების ოთხი მეხუთედი (77%) ევროპაში ცხოვრობს. ეს ციფრი მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისაგან, როგორიც ასი წლის წინათ იყო - 1910 წელს ევროპაში მსოფლიოს მართლმადიდებელთა 91% ცხოვრობდა. შევადაროთ კათოლიკეებისა და პროტესტატების მდგომარეობას: დღეს ევროპაში კათოლიკეთა 24% და პროტესტანტების 12% ცხოვრობს, 1910 წელს კი მათი რაოდენობა შესაბამისად 65%-სა და 52%-ს შეადგენდა.

მსოფლიოს ქრისტიანულ მოსახლეობაში მართლმადიდებლების წილის შემცირება დაკავშირებულია ევროპის ნეგატიურ დემოგრაფიულ ტენდენციებთან - შობადობის დაბალ მაჩვენებელთან, მოსახლეობის ასაკობრივ დაბერებასთან - მაშინ, როცა აფრიკაში (საჰარის სამხრეთით), ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აზიაში უფრო ახალგაზრდა ქრისტიანი კათოლიკე და პროტესტანტი მოსახლეობა ცხოვრობს. საერთოდ, ევროპის მოსახლეობის წილი მსოფლიოს მოსახლეობაში ბოლო ხანებში სულ უფრო კლებულობს და თუ ასე გაგრძელდება, უახლოეს ათწლეულში ისედაც "ბებერი ევროპა" კიდევ უფრო "დაბერდება". ბუნებრივია, ეს შობადობაზეც იმოქმედებს.

ამჟამად, აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებს გარეთ, მართლმადიდებელ ქრისტიანთა რაოდენობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება ეთიოპიაშია დაფიქსირებული. ეთიოპიის მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელ ეკლესიას 36-მილიონიანი მრევლი ჰყავს, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელი მოსახლეობის 14%. ეთიოპია - მართლმადიდებლობის აფრიკული ფორპოსტი - ორ ძირითად ტენდენციას გვაჩვენებს: პირველი - ბოლო ასწლეულის განმავლობაში აქაური მართლმადიდებელი მოსახლეობის რაოდენობა უფრო სწრაფად მატულობდა, ვიდრე ევროპაში და მეორე - ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით ეთიოპიელი მართლმადიდებლები უფრო ღრმად რელიგიურები არიან, ვიდრე ევროპელები.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის, როგორც წესი, რელიგიურობის ყველაზე დაბალი დონე ფიქსირდება. 

სავარაუდოდ, ასეთ სიტუაციას საბჭოთა პერიოდში განხორციელებული რეპრესიები განაპირობებს. რუსეთში, მაგალითად, მოზრდილი მართლმადიდედბელი მოსახლეობის მხოლოდ 6% ამბობს, რომ ეკლესიაში კვირაში ერთხელ მაინც დადის, 15% აცხადებს, რომ რელიგია "მნიშვნელოვანია მათთვის" და 18% - ყოველდღიურად ლოცულობს. რაც შეეხება სხვა ექს-საბჭოთა რესპუბლიკებს, იქაც მართლმადიდებლობის დონეც დიდი არ არის. არადა, მსოფლიოს მართლმადიდებლების ყველაზ მეტი რაოდენობა სწორედ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ცხოვრობს.

იგივე ეთიოპიაში კი პირიქით - დიდი ერთგულებით ეკიდებიან და იცავენ ყველა მართლმადიდებლურ რელიგიურ წესს და ამ მხრივ სხვა ქრისტიანებს (კათოლიკეებს და პროტესტანტებს) არ ჩამოაუვარდებიან. ეთიოპიელი მართლმადიდებლების 75% ეკლესიაში კვირაში ერთხელ და უფრო ხშირადაც დადის, ხოლო მათი ორი მესამედი (65%) ყოველდღიურად ლოცულობს.

მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანების უმეტესობას სჯერა, რომ ღმერთი არსებობს, თუმცა ამაში ბევრი მაინცდამაინც დარწმუნებული არ არის. საერთოდ, ღმერთის არსებობა უფრო მეტად სჯერათ ეთიოპიაში (89%), სომხეთში (79%), საქართველოში (72%) და მოლდოვაში (56%). რაც შეეხება რუსეთს, იქ ეს მაჩვენებელი 25%-ია, სხვა ქვეყნებში კი უფრო დაბალი. 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლებს უმრავლესობა ყურადღებას უთმობს ბუნების დაცვას და მის შენარჩუნებას მომავალი თაობებისათვის, ეკონომიკური ზრდის შემცირების ხარჯზეც კი. საერთოდ, გარემო დაცვა ევროპაში სხვა რელიგიების პრიორიტეტიც არის.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლურ ქვეყნებში (ბულგარეთში, საბერძნეთში, საქართველოში, რუმინეთში, სერბეთში, უკრაინაში) თავიანთი ეროვნული პატრიარქები ჰყავთ, რომლებსაც მოსახლეობა უდიდეს რელიგიურ მოღვაწეებად მიიჩნევენ. ყველგან, საბერძნეთის გარდა, მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნულ პატრიარქს უდიდეს ავტორიტეტად თვლის.

ქალების ყოფნას საეკლესიო იერარქიაში მართლმადიდებელი ეკლესიები მხარს არ უჭერენ და ამით მათი პოზიცია კათოლიკური ეკლესიის პოზიციას ემთხვევა. ამ აკრძალვას მხარს უჭერს მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობა ბევრ ქვეყანაში, თუმცა მათი რაოდენობა განსაკუთრებით დიდია ეთიოპიაში (89%) და საქართველოში (77%).

მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, ისევე როგორც კათოლიკურისათვის, ერთსქესიანთა ქორწინება მიუღებელია. ამ აკრძალვას მხარს უჭერს ათი გამოკითხულიდან ექვსი მართლმადიდებელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ხოლო საქართველოში - 93%, სომხეთში - 91%, ლატვიელი მართლმადიდებლების 84%, რუსეთში - 80%.

აბორტების საკითხში მართლმადიდებელ ქრისტიანებში კონსენსუსი არ არის. ზოგიერთ ქვეყანაში, ვთქვათ, ბულგარეთში და ესტონეთში, მართლმადიდებლების უმრავლესობა აბორტის მომხრეა, საქართველოსა და მოლდოვაში კი მართლმადიდებლების უმრავლესობას საპირისპირო პოზიცია აქვთ.

რუსეთში გამოკითხულთა 58%-ს მიაჩნია, რომ აბორტის პროცედურა უკანონობად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, დღევანდელ რუსეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში აბორტი კანონიერ პროცედურას წარმოადგენს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აბორტისადმი დამოკიდებულება (ისევე როგორც ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ) ბევრად კონსერვატიულია, ვიდრე ევეროპაში. 

ეთიოპიაში მართლმადიდებლების 95% აცხადებს, რომ "ჰომოსექსუალური ქცევა ამორალურია". აბორტებს გმობს 83%. დაგმობილ ქმედებათა სიაში აღმოჩნდა პროსტიტუაცია (გმობს 93%), განქორწინება (გმობს 70%) და ალკოჰოლის მოხმარება (გმობს 55%).  (წყარო

 

ნანახია - 385

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80