კალაძის გუნდი საკრებულოსგან ნდობის მიღებას ელოდება
პოლიტიკა

კალაძის გუნდი საკრებულოსგან ნდობის მიღებას ელოდება

კალაძის გუნდი საკრებულოსგან ნდობის მიღებას ელოდება
თამთა ქარჩავა

2017-11-14 11:30:00

ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომა დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ. უკვე ცნობილია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება. საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. პირველი მოადგილის პოსტს გიორგი ახვლედიანი დაიკავეს. ასევე, მოადგილეები იქნებიან მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე.

რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ამ თანამდებობას ბექა დავითულიანი დაიკავებს, ხოლო მოადგილეები იქნებიან – ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. რაც შეეხება კომისიებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი თვლის, რომ საკრებულოში საჭიროა რეორგანიზაცია, რასაც სტრუქტურული ცვლილებები მოჰყვება. ადამიანის უფლებების დაცვის კომისია გაერთიანდება იურიდიულ საკითხთა კომისიასთან, ხოლო ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხები და ცალკე კომისიად ჩამოყალიბდება.

საკრებულო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს მერიის განახლებულ შემადგენლობაზე. ვიცე–მერისა და მერის მოადგილეების შემდეგ, მერია 13 სამსახურის ხელმძღვანელსა და 10 გამგებელს წარადგენს. მას შემდეგ რაც საკრებულოს დედაქალაქის მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, თბილისის მერიის სამსახურები და გამგეობა განახლებული ხელმძღვანელობით შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას.

უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა თბილისის ახალი მერი, კახა კალაძე, რომელიც მერიაში 08:30 საათზე მივიდა. მოქმედ მერს ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა და გიდობაც გაუწია. ნარმანიამ კალაძეს მერიის შენობა დაათვალიერებინება, თანამშრომლები გააცნო, სამუშაო კაბინეტის კარიც გაუღო და წარმატებიც უსურვა

„დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და გადაიბარა თბილისის მერია. მინდა წარმატებები ვუსურვო და ასევე ვუსურვებ, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა გააკეთოს, რაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი.

ეს 3 წელი და 3 თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით. ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით დაძლეულია. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახლად არჩეული მერი აცხადებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერია. ამავადროულად, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. ამის მიუხედავად, კახი კალაძე დარწმუნებულია, რომ გუნდთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად შეძლებს იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ქალაქშია.

მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ მისი მოადგილეები წარადგინა. კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება, მათ შორის ვიცე–მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც კალაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.გარდა ამისა, მერის მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი იქნება, რომელიც ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა.

კალაძის მოადგილედ რჩება გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას დავით ნარმანიას დროსაც იკავებდა და შესაბამისად, პოსტს ინარჩუნებს. რაც შეეხება მეხუთე მოადგილეს, ეს ილია ელოშვილი იქნება, რომელსაც კალაძე უახლოეს მომავალში დაასახელებს.

„ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი, არამედ ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი. მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზით და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყველა ქუჩა და ყველა ადამიანისთვის კომფორტული და სასურველი იყოს ამ ქალაქში ცხოვრება. საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა კახი კალაძემ.

მერის ახლმა მოადგილეება საკუთარი გეგმები და ხედვებიც დასახეს. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიაში სტრუქტურული ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება. მისი თქმით, იგეგმება ასევე მერიის ბიუჯეტის გადახედვაც.

„ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვები, რომელსაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, აქედან გამომდინარე, ვალდებულები ვართ, 2018 წლის ხარჯები აუცილებლად მოვარგოთ იმ დაპირებებს და პროგრამებს, რომელსაც მოსახლეობამ ხმა მისცა.

არ გამოვყოფ ერთს, დავასახელებ რამდენიმეს, რადგან ერთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველა მნიშვნელოვანია, ეს არის: სოციალური საკითხები, სატრანსპორტო, საგზაო პროექტები, საცობების თემა, გარემოს დაცვა, მშენებლობის თემა და ურბანული პოლიტიკის სწორი განვითარება. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში უნდა გავიაროთ დამტკიცების პროცედურა საკრებულოსთან ერთად“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ქალაქში არსებობს რამდენიმე სახის პრობლემა, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს. როგორც ბენდელიანი აცხადების, ასეთ პრობლემებს მიეკუთვნება საცობები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ინფრასტრუქტურა.

„როგორც სამარშრუტო ტაქსებზე, ასევე ნებისმიერ სხვა პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს ხელშეკრულებების გადახედვა. გადახედვის და გაცნობის შემდეგ გვეცოდინება კონკრეტული მიმართულებები, რა შეიცვლება. თუმცა, ყველა მოქმედება იქნება მოსახლეობაზე და თბილისის კეთილდღეობაზე მორგებული“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 40 – „ქართულ ოცნებას“, 5 – „ნაციონალურ მოძრაობას“, 3 – „ევროპულ საქართველოს“, ხოლო 2 „პატრიოტთა ალიანს“ ეყოლება.

ამ დრომდე უცნობია ვინ უხელმძღვანელებს „ნაციონალური მოძრაობას“ საკრებულოში, რაც პარტიაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ნიკა მელია საკრებულოში შესვლაზე უარს აცხადებს. უკვე ცნობილია, რომ თბილისის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქციას გოკა გაბაშვილი უხელმძღვანელებს.

„საკრებულოში შევდივართ სამი წევრით. ვაპირებთ შევქმნათ ფრაქცია, რომელსაც უხელმძღვანელებს გოკა გაბაშვილი. ვაპირებთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დავაყენოთ საკრებულოს სხდომებზე. ყველაზე მთავარი ინიციატივა გვექნება ის, რომ გაუქმდეს ბიუროკრატიული ხარჯი, პრემია–დანამატები და აღნიშნული თანხა მოხმარდეს თბილისში პენსიის ზრდას“, – აცხადებს თბილისის საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ჟღენტი.

ნანახია - 810

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80